ელზა პაპოშვილი
17.03.2023

ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებით, უნდა მიიღოს თუ არა ქვეყანამ „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას არ ძალუძს ამ რეკომენდაციების შესრულება, ამიტომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემდეგ, ის უნდა გადადგეს. 

ნაწილი კი ფიქრობს, რომ ახლა ქვეყანას ორი გამოწვევა აქვს, როგორ გაუშვას  ხელისუფლებიდან „ოცნება“ ისე, რომ უკან „ნაციონალები“ არ დაბრუნდნენ და როგორ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.  ხელისუფლება ამბობს, რომ პარლამენტი ამ რეკომენდაციების შესრულების საქმეში თითქმის ბოლოშია გასული.   

„საქართველოს პარლამენტი 12 რეკომენდაციის შესრულების საქმეში თითქმის ბოლოშია გასული. ჩვენ მომავალ კვირას მივიღებთ ადამიანის უფლებათა სტრატეგიას და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციას. ამით მე-8 და მე-9 საკითხები დიდწილად უკვე შესრულდება. დარჩება ორი ძირითადი საკითხი - სასამართლო რეფორმისა და დეოლიგარქიზაციის, სადაც ჩვენ ახლა უკვე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე დაყრდნობით და ასევე მომავალ კვირას გვექნება ეუთო/ოდირის რეკომენდაციები, ამ საკითხებს ბოლომდე მივიყვანთ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის გამარტებით, არსებობს ორი საკითხი, რომელთა გადაწყვეტაც ოპოზიციის გარეშე რთულია.

„ერთია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა. იმედია, ის გამოცდილება, რომელიც შევიძინეთ ომბუდსმენის არჩევისას, აქაც პარტიებს განაწყობს კონსტრუქციული თანამშომლობისკენ. მეორეა დეპოლარიზაცია, რაც სინამდვილეში არაა პრობლემა, პრობლემა რადიკალიზაციაა, რასაც ეს დღეები ვაკვირდებოდით. სიმართლე გითხრათ, აქ უკვე ამოწურული მაქვს ყოველგვარი იმედი, რომ ოპოზიციის რადიკალიზაციით დაკავებული ნაწილი, რომელიც, გაიაზრებს პასუხისმგებლობას და ამ რეკომენდაციის შესასრულებლად რაიმეს გააკეთებს,“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.  

„ქართული ოცნება“ აუცილებლად უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა მოვიდეს - ვის აქვს გარანტია, რომ ფრთებს არ გაშლიან, იმ კასტილიან კაცს არ გამოაგორებენ ან მეგის ქარდავას არ გამოიყვანენ და ხერხემალში არ გადაგვტეხენ?“ - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ის პარტიებს, რომელთაც ანალოგიური პოზიცია აქვთ, თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, რადგან „ოცნების“ გაშვება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, ხოლო ენმ-ის ხელისუფლებაში დაბრუნება „10 ნაბიჯით უკან წასვლა“.

„ორი დიდი ეროვნული ამოცანა გვაქვს შესასრულებელი - ერთი ის, რომ როგორღაც მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, მეორე კი ის, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად  წავიდეს ხელისუფლებიდან, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოვიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ოპოზიციონერ ლიდერთან ცუდი ურთიერთობა მაქვს, მზად ვარ, ჩემი ამბიციები და დამოკიდებულება გადავწიო და ვინც ასევე ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ უნდა გავუშვათ არჩევნების გზით და „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოვუშვათ (თუ „ქართული ოცნება“ გავუშვით, ეს იქნება ნაბიჯი წინ, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იქნება 10 ნაბიჯი უკან) მოვუწოდებ, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.   

ჩემს კოლეგებზე დიდი ხანია ხელი მაქვს ჩაქნეული, რომ პოლიტიკურ პროცესს დაძრავენ, ამიტომ ქართველი ხალხის ნაბიჯებს ველოდები, როდის დასვამენ ე.წ. ლაფატკაზე ჩემს კოლეგებს და გააბრძანებენ ამ შენობიდან,- ამის შესახებ „გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, შესრულდება თუ 12 რეკომენდაცია, ეს დამოკიდებულია იმაზე, შეიცვალა თუ არა რაიმე „ქართულ ოცნებაში“, რომელსაც რუსული კანონის მიღება არ გაუვიდა.

„ვნახეთ, რა შეასრულა „ქართულმა ოცნებამ“, როგორ შეასრულა და ისიც ვნახეთ, რა არ ჩაითვალა შესრულებულად. ამიტომ დავაკვირდებით, რას გააკეთებენ ჩვენი კოლეგები. სამუშაო ჯგუფებში უკვე ვიყავით ჩართული, ამიტომ დავაკვირდეთ იმ ხალხს, ვინც არ ყოფილა ჩართული, რას გააკეთებენ. შესრულდება თუ არა 12 პუნქტი, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამე შეიცვალა თუ არა „ოცნებაში.“ ვიცით, შეიცვალა ის, რომ არ გაუვიდათ რუსული კანონის მიღება. ახლა შეეცდებიან, გადადგან ამერიკული ნაბიჯები თუ ახალ-ახალ რუსულ კანონებს შემოგვაშველებენ, ამას დრო გვაჩვენებს. მე ჩემს კოლეგებზე დიდი ხანია ხელი მაქვს ჩაქნეული, რომ პოლიტიკურ პროცესს დაძრავენ, ამიტომ ქართველი ხალხის ნაბიჯებს ველოდები, როდის დასვამენ ე.წ. ლაფატკაზე ჩემს კოლეგებს და გააბრძანებენ ამ შენობიდან, რომ ახალი ე.წ. „ზამენა“ შემოვიდეს და უფრო ხარისხიანად შევძლოთ თანამშრომლობა”, - განაცხადა ხვიჩიამ.  

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან“  ამბობს, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი ორად არის გაყოფილი იმასთან დაკავშირებით შესაძლებელია თუ არა „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. ამბობს, რომ უმრავლესობა და მათ შორის თავად ფიქრობს, რომ როგორც კი საზოგადოებას ხელისუფლების ცვლილებას შესთავაზებენ, ხალხი მაშინვე პოლიტიკისგან დისტანცირებას იწყებს. თან ხელისუფლება ღიზიანდება და თავდაცვით რეჟიმში გადადის, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს.  

„ხელისუფლებას ასეთი მიდგომა აქვს, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს და ყველაფერს დათმობს. ახლაც იგივე მოხდა, 7-8 მარტს ქუჩაში გამოსული ხალხის შიშით, ხელისუფლება დათმობაზე წავიდა. როგორც კი მას კუთხეში დააყენებენ და მის გადადგომას მოითხოვენ, ის გააფთრებული ხდება. მოსახლეობას ესევე ალტერნატივად „ნაციონალებს“ უყენებენ, ამით შეშინებული ხალხი კი ისევ წყნარდება. საზოგადოებას ცუდი „ოცნება“ სასტიკ და სისხლიან „ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევნია. ამას კარგად აფორმებს ხელისუფლებაც. როგორც კი საზოგადოებას სთავაზობენ, რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს და ამას ბოკერია, მერაბიშვილი, კეზერაშვილი ამბობს, მორჩა, ისტორია სრულდება, ხალხს არაფრის გაგონება აღარ უნდა.   

მოსახლეობის 90% თვლის, რომ ეს უგვანო ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევნიათ. ამიტომ, როცა ხედავ ხალხის ენერგია შესაძლოა ქვეყნის სასარგებლოდ გამოვიყენოთ, ის მხოლოდ იმიტომ ჩააქრო, რომ ხელისუფლებაზე გაწუწკებული ხარ, არ არის სწორი. ანუ ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილით „ოცნების“ საფრთხობელას როლს ასრულებ და შენი მეშვეობით ის ხალხს აშინებს. ამიტომ საჭიროა მივყეთ დინებას და დიახაც, ამ „ოცნებისგან“ 12 პუნქტის შესრულება მოვითხოვოთ და მან კანდიდატის სტატუსის შესრულება შეძლოს. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს ქვეყანა სტატუს ვის პირობებში მიიღებს. მთავარია ეს შანსი გამოვიყენოთ და ვინ მოახერხებს ამას, უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს“, - აცხადებს ზაქარეიშვილი.     

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×