ბაჩანა ტყემალაძე
17.03.2023

რუსეთის უშიშროების სამსახურის, „ეფესბეს" ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის დირექტორატმა 2021 წელს შეადგინა 10-წლიანი გეგმა, რომელსაც - „რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული მიზნები მოლდოვის რესპუბლიკაში" - დაარქვეს. იგი ასახავს მოლდოვის დესტაბილიზაციის დეტალურ ვარიანტებს, მათ შორის პრორუსული ჯგუფების მხარდაჭერას, ეკლესიის გამოყენებას და ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით მანიპულირებას, წერს „სიენეენი".

„რეზონანსთან" საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა ექსმინისტრი ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშბილი არ გამორიცხავს, რომ მსგავსი გეგმა საქართველოზეც შეიძლება არსებობდეს.

„სიენენის" დოკუმენტის მიხედვით, მოლდოვაში რუსულ გაზზე დამოკიდებულება კიდევ უფრო უნდა გაზრდილიყო, მთავრობის გავლენა პრორუსულ სეპარატისტებზე დნესტრისპირეთში აუცილებლად უნდა შემცირებულიყო, რის შედეგადაც ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთი ფესვებს კიდევ უფრო ღრმად გაიდგამდა.

ხუთგვერდიანი დოკუმენტი დაყოფილია ბევრ მოკლე თავებად და შორეულ თუ ახლო მიზნებად. უახლოეს მიზნებს შორისაა ისეთი მოლდოვის პოლიტიკური ძალების მხარდაჭრა, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ფედერაციასთან ახლო ურთიერთობებს. ასევე უახლოებს მიზნებში შედის ისეთი ძალების მხარდაჭერა, რომლებიც ნაკლებ ინიციატივებს გამოიჩენენ დნესტრისპირეთში რუსული სამხედროების ლიკვიდაციის მიმართ.

შედარებით შორ მიზნად ითვლება მოლდოვას რესპუბლიკასა და ნატოს შორის თანამშრომლობის გაწყვეტა, ხოლო გრძელვადიან მიზანს წარმოადგენს მოლდოვის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტაში სტაბილური პრორუსული ჯგუფების შექმნა, ხოლო ამის შემდეგ ქვეყანაში ნატოს მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

გაჟონილი დოკუმენტების შესახებ, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მათ არაფერი იციან მსგავსი გეგმის შესახებ და ეს მორიგი გაყალბებაა.

„ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს ისინი რა გეგმაზე საუბრობენ, ეს მორიგი სიყალბეა. რუსეთი ყოველთვის იყო და რჩება ღია კეთილმეზობლურ სახელმწიფოდ, რომელიც მუდამ მზადაა, რომ ქვეყნებთან დაამყაროს ორმხრივი მომგებიანი ურთიერთობები.

ძალიან ვწუხვართ, რომ მოლდოვის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მოსკოვის მიმართ სრულიად უსაფუძვლო და ყალბ ბრალდებებს აყენებს", - განაცხადა პესკოვმა.

აღსნაიშნავია, რომ გასულ თვეში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გააუქმა 2012 წლის ბრძანება მოლდოვის სუვერენიტეტის შესახებ და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი რუსეთის ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფისთვის გადადგა.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ბოლო კვირებში მოლდოვის ხელისუფლებამ რამდენიმე სავარაუდო პრორუსი აქტივისტი დააკავა. ასევე ხელისუფლებამ დაიჭირა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ოპერატორი, რომელიც ქვეყანაში შესვლას ცდილობდა. ხოლო დედაქალაქ კიშინიოვში პრორუსულმა პარტიამ რამდენიმე საპროტესტო აქციაც გამართა.

გასულ პარასკევს, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მოლდოვაში მყოფი ბევრი ცნობილი სახე პირდაპირ კავშირშია რუსულ დაზვერვასთან.

„მოლდოვაში მცხოვრები ბევრი რუსი მსახიობები კავშირშია რუსულ დაზვერვასთნ და ისინი ცდილობენ, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია პრორუსული საპროტესტო აქციებით მოაწყონ, რაც შემდგომ იქნება მოლდოვის მთავრობის წინააღმდეგ აჯანყების გააქტიურების საფუძველი იქნება", - განაცხადეს თეთრ სახლში.

ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე გავლენის აღდგენა და მათი პროდასავლური ორიენტაციის შეცვლა, ამიტომ სრულიად შესაძლებელია მსგავსი გეგმების არსებობა.

„რთული საკითხია, თუ როგორ შეიძლებოდა ჩავარდნოდათ ჟურნალისტებს ხელთ მსგავსი დონის საიდუმლო დოკუმენტი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რუსეთში არსებულ მდგომარეობას, ეს სრულიად შესაძლებელია და მართლაც არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი გეგმა არსებობდეს მოლდოვაზეც, საქართველოზეც და ყველა პოსტ საბჭოურ, ან რუსეთის მეზობელ ქვეყანაზე.

ზოგადად არც აქვს მნიშვნელობა, ეს გეგმა დოკუმენტის სახითაა მოცემული, სადაც პუნქტებადაა ყველაფერი ჩამოყალიბებული, თუ რამე სხვა ფორმით, მთავარია რომ არსებობს რუსეთში მსგავსი განწყობები, რომელსაც დასავლეთმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება", - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×