ია აბულაშვილი
17.03.2023

„მომწიფდა დრო, ასპარეზზე გამოჩნდეს ახალი პოლიტიკური ძალა, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე," - ამბობს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მისი აზრით, უნდა დავლოდოთ, რა გზავნილებით დაბრუნდება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც აშშ-სა და ევროპაში შეხვედრებს მართავს.

„რეზონანსი": როგორ შეაფასებდით იმ რეალობას, რომელშიც ქვეყანა 7-8-9 მარტის მოვლენების შემდეგ აღმოჩნდა? ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ყველა საშინაო და საგარეო პირობა აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ „ქართული ოცნების" 10-წლიანი არაეფექტიანი პრორუსული მთავრობა" მთავრდება.

იგორ კვესელავა: ადრეც ვამბობდი, რომ გაზაფხულზე მწვავე პროცესები დაიწყებოდა, მაგრამ ასეთ სახეს თუ მიიღებდა, არ ველოდი. ეს იყო სტუდენტური მოძრაობა, რომელსაც არ ჰყავდა დირიჟორი, რაც იყო სწორი. ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა, არ გაატარა პრევენციული ღონისძიებები. მას უნდა სცოდნოდა, რა მოჰყვებოდა ამ კანონის მიღებას. „ოცნების" პარტიის თავმჯდომარის განცხადებებმა ცეცხლზე ნავთი დაასხა და ხელი შეუწყო ამ პროცესის გაღვივებას. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ირაკლი კობახიძე თავის თავზე იღებს ყველაფერს, მასთან უნდა შეთანხმდეს ყველა ნიუანსი. მეცოდება ქვეყნის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი - მიაღწევს წარმატებას ევროპაში, ჩამოვა და ყველაფერი წყალში გადაიყრება. ბიძინამ თუ დაიძინა, შეიძლება 2012 წლიდან ნაშენები ქვეყანა უცბად თავზე დაენგრეს. ვერ გავიგე, რა უნდა „ოცნების" ხელისუფლებას, ყველას რომ უპირისპირდებიან, უნდათ, მამაზეციერი იყოს მაგათი პატრონი? მამაზეციერს მაგათთვის არ სცალია.

„რ": „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ვანო მერაბიშვილი უახლოეს მომავალში მოვლენების რევოლუციური გზით განვითარებას არ გამორიცხავს. შეძლებს კი ოპოზიცია პროცესის მართვას და რა გზას აირჩევს „ქართული ოცნება"?

ი.კ: დღეს ქვეყანაში არსებობს სამი ძალა, რომლებიც ცალ-ცალკე მოქმედებენ. პრეზიდენტი, რომელსაც მხარს უჭერენ დასავლეთი და აშშ, ხელისუფლება, რომელიც დასუსტებულია და ოპოზიცია, რომელიც თვალში შეჰყურებს დასავლეთს. სწორედ დასავლეთმა ითამაშა მნიშვნელოვანი და სერიოზული როლი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევაში. დაველოდოთ, რა ამბებს ჩამოიტანს პრეზიდენტი, რა გზავნილებს, რომელიც შეხვედრებს მართავს ამერიკისა და ევროპის სახელმწიფო მოღვაწეებთან.

„რ": ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს არ გამორიცხავს, თქვენ როგორ ხედავთ ვადამდელი არჩევნების ჩატარების პერსპექტივას?

ი.კ: არ არის გამორიცხული, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ეს იყო მხოლოდ საპროტესტო აქცია თბილისში, ამას თუ დაემატება რეგიონები, მაშინ რას გააკეთებს ხელისუფლება, უარს იტყვის? ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა აჩვენა, რომ უნდა ჩამყალიბდეს ახალი პოლიტიკური ძალა, მაგალითად, ირაკლი ალასანია, გიორგი გახარია, ვიქტორ ყიფიანი. შეკრავენ თუ არა ეს ძალები ერთმანეთთან კავშირს, ამას მომავალი გვიჩვენებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×