თამთა ჩაჩანიძე
08.03.2023

„ოცნებამ" პირველი მოსმენით მიღბული „ხალხის ძალის" ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისას გადაუგზავნა და მათი განცხადებით, მოქმედებას მას შემდეგ გააგრძელებენ, რაც დასკვნა დაიდება. აღნიშნულ საკითხზე ანალიტიკოსთა აზრი ორად იყოფა, თუმცა, თანხმდებიან იმაში, რომ „მმართველი გუნდი მოწადინებულია, რომ ეს კანონპროექტი მიიღოს".

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ „ოცნებას" დასჭირდა, ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, კანონპროექტს გაიტანენ. თან თუ ორი პროექტი გაიგზავნება და კომისიიდან დასკვნაში იქნება ნათქვამი, რომ ერთ-ერთი შედარებით უფრო რბილია და მეორე მკაცრი, „ოცნება" ამას „ბოროტად გამოიყენებს" და „შედარებით რბილ კანონპროექტს მიიღებს".

ამასთან, ანალიტიკოსთა ნაწილს მიაჩნია, რომ ამ კანონოპროექტებზე ვნებათაღელვა „ზედმეტადაა ატეხილი" და რომ მის შინაარსზე ძირითადად „მავნებლურ ტყუილებს ავრცელებენ", რადგან „ხალის ძალისა" და „ოცნების" მიზანი „საზოგადოების უკეთ ინფორმირებულობაა".

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების შესახებ განაცხადა, რომ ვენეციის კომისიას გადაეგზავნა და დასკვნას მინიმუმ სამი თვე დასჭირდება.

„ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გავაგზავნეთ, რაც თავიდანვე დაპირებული იყო. ეს დამთავრებული ამბავია, ჩვენ ვენეციის კომისიისგან დასკვნას ველოდებით.

„ვენეციის კომისიაში გაგზავნა ნიშნავს ევროპული ინსტიტუტების სრულ პატივისცემას. ჩვენ დაველოდებით ვენეციის კომისიიდან დასკვნას და ამის შესაბამისად, ბუნებრივია, მოქმედებას გავაგრძელებთ.

„რაც შეეხება ევროპული ინსტიტუტების პატივისცემას, კანდიდატის სტატუსის მოფრთხილებას, ეს ყველაფერი გამოხატულია სწორედ იმით, რომ დოკუმენტი უკვე ვენეციის კომისიაში გაიგზავნა, მინიმუმ სამი თვე დასჭირდება იქიდან დასკვნის მიღებას და ამის შემდეგ პროცესი გაგრძელდება", - განაცხადა კობახიძემ.

როგორც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, „ოცნებას" სამი თვის განმავლობაში, სანამ დასკვნა დაიდება, საზოგადოებაში ტემპერატურის დაწევა უნდა, მათ ინტერესებში კი ე.წ. აგენტებზე კანონპროექტის ბოლომდე გატანაა.

„ოცნებას" ახლა ტემპერატურის დაცემა უნდა. ამ საქმეს ისე ისტერიულად და სწრაფად აკეთებენ, რომ მათ ინტერესებშია, რომ ეს კანონპროექტი გავიდეს. ეს ორი ვითომ ე.წ. ქართული და ე.წ. ამერიკული კანონპროექტი, მკაფიოდ და ცალსახად რუსულია და არაფერი ამერიკული იქ არაა.

„ამერიკელები მტრებს ცალსახად განსაზღვრავენ, მაგალითად ჩინეთი, რუსეთი - სია არსებობსდა იქიდან წამოსული ფულის მონიტორინგი და გამჭვირვალობის შესწავლა ხდება. ესენი მტერს არ განსაზღვრავენ. მტერი უშიშროების კონცეფციაში ჰყავთ განსაზღვრული - რუსეთი წერია, მაგრამ ჩვენთან ეკონომიური საქმიანობა რუსეთთან უფრო მეტია, ვიდრე ევროპასა და ამერიკასთან, რომლებიც ჩვენი მეობრები არიან.

„აშკარად ეს პროექტები დასავლეთის ფულისკენაა მიმართული, ამიტომაა რუსული. დასავლეთს ესენიც რუსეთივით ებრძვიან და მტრულ მხარეს არ განსაზღვრავენ, არადა უსაფრთხიოების კონცეფციაში უწერიათ. ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშკრულება გვაქვს და ვაჭრობის საგანგებო პირობები, ანუ ევროპელები და ამერიკელები მეგობრები არიან და იქიდან წამოსული ფული მეგობრულია, მათ ამის გაკონტროლ;ება უნდათ.

„საზოგადოებას აბნევენ, მაგრამ კონცეფცია არაა ამერიკული, რომელიც აშშ-ში მტერს უზღუდავს ფულის დახარჯვას და არა მოყვარეს. ამ სიაში ბრიტანეთი და ევროკავშირი ვერ მოხვდება.

„მონია, რომ ივნისის ბოლომდე, ივლისამდე ვენეციის კომისიის დასკვნა არ იქნება, „ოცნება" ამ თვეების განმავლობაში შეამოწმებს, თუ ტემპერატურა დაეცა, ისინი ამას ზაფულში მიიღებენ, როცა სიცხე და საზოგადოების დიდი ნაწილი ქალაქიდან გასული იქნება. თანაც ამას პრეზიდენტის ვეტო დაემატება და ამასაც ზაფხულში გადალახავენ. ჩემი აზრით, „ოცნება" თვლის, რომ ეს თემა შემოდგომამდე უნდა მოაგვაროს.

„მგონია, რომ მათ ინტერესებში ამ კანონპროექტის გატანაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ისტერიულები არ იქნებოდნენ და არ იჩქარებდნენ. კობახიძემ ძალიან მკაფიოდ თქვა ეს რატომ სჭირდებათ, იმიტომ, რომ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ არ გააყალბოს პარალელური ხმების დათვლაო, თქვა, მას ეს წამოსცდა", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, თუ ორი კანოპნპროექტიდან ერთ-ერთი მაინც გავიდა, „ოცნება" 2024 წლის არჩევნებისთვის გამოიყენებს.

„ღმერთმა დაგვიფაროს და თუ ამ კანონპროექტებიდან ერთ-ერთი გავიდა, მაშინ ვნახავთ, რომ არჩევნებზე არ იქნებიან ის დამკვირვებლები, რომლებიც ამდენ ხანს იყვნენ და მარტო მათი მარიონეტული არასამთავრობოები ეყოლებათ, ისინი არჩევნებისთვის ემზადებიან. ხვდებიან, რომ რუსეთის უკრაინაში მარცხმა და პოლიტიკიდან ჩაჩოჩებას შესაძლოა მათ გამარჯვებას შეუშალოს ხელი. ამიტომაც 2024 წელს ისინი სერიოზული გაყალბებისთვის ემზადებიან, თანაც პროპორციული სისტემა მოდის.

„ეს არჩევნები უმნიშვნელოვანესია და საზოგადოებამ უნდა გაისიგრძეგანოს, რომ არასამთავრობოებს და სამოქმალაქო სექტორს გამჭვირვალება არ სჭირდებოდათ, რადგან ეს დიდი ხანია არის. ამაში არაფერი ახალი არაა, მათ ხმაური სჭირდებოდათ სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციისთვის და იმიტომ შემოგდეს ეს თემა, რომ მათ შუბლზე „აგენტი" მიაწებონ და არჩევნებზე არ მიუშვან.

„თუ „ოცნებას" დასჭირდა ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად კანონპროექტს გაიტანენ. ორი პროექტი გაუშვეს, ე.წ. ქართული და ე.წ. ამერიკული. თუ ვენეციის კომისიიდან წამოვიდა, რომ ერთ-ერთი შედარებით უფრო რბილია და მეორე მკაცრი, იტყვიან, აი რა კეთილშობილები ვართ მკაცრზე უარს ვამბობთ და შედარებით რბილს მიიღებენ.

„ვენეციის კომისია არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი სტრუქტურაა და სამრთლებრივი შეფასება უნდა მისცეს, შესაბამისად უნდა დაასაბუთოს. იურისტებს სხვანაირად საუბარი არ შეუძლიათ, ეს მათი სისუსტეცაა და სიძლიერეც, ესენი კი ამას ბოროტად გამოიყენებენ, იტყვიან, რომ ვენეციას ეს მოეწონა და ამას დავტოვებთო.

„რუსეთშიც ასე იყო, ეს კანონი ჯერ ძალიან რბილი იყო და არავის არაფერს ერჩოდნენ, არჩევნები, რომ მოვიდა, მერე ყველას თავი წააცალეს. აქ „აგენტებს" ყველას ააწებებენ, „აირაის","ენდიაის", ყველას. ეს იმიტომ ხდება, რომ დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაცია მოხდეს.

„ახლა მთავარი მომენტია - საზოგადოებას შეეშინდება და სახლში დარჩება თუ რეგულარულად გამოვა, აქციაზე ბევრი ადამიანი მოიწამლა და ყურადღებით უნდა იყვნენ, მაგრამ თუ ეს ხელისუფლებას შეარჩინა, მაშინ უფრო მეტად გათავხედდებიან. აშკარად ჩანს, რომ უკვე ავტორიტარიზმზე გადავიდნენ, მათ დასაკარგი არაფერი აღარ აქვთ და შემდეგი ნაბიჯი უფრო მკაცრი იქნება, ეს უნდა გავითვალისწიინოთ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

საწინააღმდეგოს ფიქრობს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, იგი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ კანონპროექტებზე აჟიოტაჟი „ზედმეტადაა ატეხილი", თუმცა, „მმართველი გუნდი მოწადინებულია, რომ ეს კანონპროექტი მიიღოს".

„პარლამენტში „ხალხის ძალის" ორი პროექტია რეგისტრირებული, პირველი, რომელიც ე.წ. მსუბუქ ქართულ ვარიანტად მიიჩნევა და მას ამერიკულზე დაფუძნებულს უწოდებენ, პირველი მოსმენითაა მიღებული და ჯერ ის გადაიგზავნება. მეორე, რომელსაც განრიგით 9 მარტს პირველი მოსმენით კენჭისყრა უწერია, ეს ქართულად ნათარგმნი სუფთა ამერიკული ვარიანტია, ისიც გაიგზავნება. შესაძლოა ერთად.

„ვენეციის კომისიის სამართლებრივ რეკომენდაციებს მხოლოდ რეკომენდაციის სახე აქვს და არა ვალდებულება, ესეც ფაქტია. ზუსტად ამ სამართლებრივი და არა პოლიტიკური არგუმენტების საფუძველზე, „ქართული ოცნება" 2-3 თვეში გაითვალისწინებს იმას, რასაც კომისია დაწერს, რომლის საბოლოო დასკვნის შედეგი ახლა ნამდვილად უცნობია.

„ამ კანონოპროექტებზე ვნებათაღელვა ზედმეტადაა ატეხილი, 11 მუხლიან კანონპროექტის შინაარსზე ძირითადად მავნებლურ ტყუილებს ავრცელებენ. „ხალხის ძალისა" და „ოცნების" მიზანი საზოგადოების უკეთ ინფორმირებულობაა, რაც მანამდე უნდა გაკეთებულიყო. ეს აუცილებელია.

„ბოროტი დეზინფორმაცია მოკლე გზავნილებით, როგორიცაა „რუსული კანონი", „რუსეთუმე ხელისუფლება" და ა.შ. ძალიან მალე ვრცელდება, ვიდრე კონკრეტული სიღრმისეული განმარტებები. საზოგადოებასთან მუშაობა შინაარსობრივად შეუძლებელია, რათა ბოროტი დეზინფორმაცდიული მანქანის ხრიკები გადატყდეს.

„საქართველოში ვნებათაღელვა რაღაცის გამო იწყება ხოლმე, შემდეგ გაირკვევა, რომ ის რაღაცა ისეთი მონსტრული არაა, როგორც დეზინფორმაციით იყო წარმოდგენილი და იმედს, ვიტოვებ, რომ ოპოზიციის მხრიდან კონსტრუქციული პოლიტიკოსები ამ კანონპროექტის შემდგომ განხილვაში ჩაერთვებიან, როცა ის ვენეციიდან დაბრუნდება.

„მმართველი გუნდი მოწადინებულია, რომ ეს კანონპროექტი მიიღოს, მაგრამ იმის გამო, რომ ევროპულ ინსტიტუტებს პატივს სცემს, რაშიც რადიკალების გარდა ეჭვი არავის ეპარება, ეს რეკომენდატორ ვენეციის კომისიას ეგზავნება. ქართული სახელმწიფო ვალდებულია, რომ მხოლოდ და მხოლოდ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები აღასრულოს.

„სხვა დანარჩენი რეზოლუციები იქნება თუ რეკომენდაციები, რჩევის ფუნქციას ასრულებენ. ცხადია, რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, რადგან ნამდვილ ევროპულ ინსტიტუტებსა და ღირებულებებს პატივს სცემს", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×