ნაზი ბერიძე
08.02.2023

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გასწია, რასაც ისტორიული მნიშვნელობა მიანიჭა, თუმცა რამდენად საკმარისი იქნება იმ ფონზე, როცა 12-პუნქტიანი რეკომენდაციების პირველი და მთავარი პუნქტი - დეპოლარიზაცია - კი არ მცირდება, ღრმავდება, უცნობია. „ჩვენ სხვაგან გვაქვს პრობლემა," აცხადებს ამაზე პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

„საერთო ჯამში, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს პარლამენტმა 82 კანონი მიიღო," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით 2022 წელი ისტორიული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში, „მომზადდა ცხრატომიანი მაღალი ხარისხის ნაშრომი, რომელიც 3600 გვერდს მოიცავდა."

როგორც პაპუაშვილი ამბობს, შესრულდა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ძირითადი საკითხები, როგორც დეპოლარიზაციის, ანტიკორუფციული ბიუროს გაძლიერების, თავისუფალი მედია გარემოს შექმნის, გენდერული თანასწორობის, სასამართლო გადაწყვეტილებისა და ასევე კანონმდებლობის ჰარმონიაზიაში.

როგორც ამაზე ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, „ქართული ოცნება" ცდილობს, ამ რიცხვების მანიპულირებით თქვას, რომ ჩვენ ყველაზე წინ ვართ.

„ჩვენ მოგვცეს 12-პუნქტიანი გეგმა და გვითხრეს რომ ამ 12 პუნქტის შესრულებაზეა დამოკიდებული, მოგვცემენ თუ არა კანდიდატის სტატუსს. არა აქვს მნიშვნელობა, 82 კანონი თუ მივიღეთ და 78 არა. ჩვენ სხვაგან გვაქვს პრობლემა, რა თქმა უნდა, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, მაგრამ ჩვენ პრობლემა გვაქვს დემოკრატიაში, პრობლემა გვაქვს დეპოლარიზაციაში, პრობლემა გვაქვს სამართლიან სასამართლოში," - აღნიშნავს ძაბირაძე.

რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც ეხება საქართველოს მიერ წარდგენილ წევრობის განაცხადს და აფასებს, რამდენად შეუძლია ქვეყანას კანონმდებლობის დონეზე ვალდებულებების შესრულება. მეტწილად შეფასება ზომიერად პოზიტიურია, და საქართველოს ამა თუ იმ სფეროში აქვს მომზადების გარკვეული, ან შედარებით კარგი დონე.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×