ელზა პაპოშვილი
07.02.2023

სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შესაძლოა შეწყალების საკითხი  კვლავ დადგა დღის წესრიგში. სასამართლოს 6 თებერვლის გადაწყვეტილების შემდეგ სააკაშვილის ოჯახის წევრებისა და მისი მხარდამჭერების პირველი რეაქცია სწორედ ეს იყო - მათ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ძველი განცხადებები შეახსენეს და ექსპრეზიდენტის შეწყალებისკენ მოუწოდეს. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ თუკი ზურაბიშვილმა ასეთი გადაწყვეტილება მართლაც მიიღო, ამას „უმძიმესი რეაქცია“ მოჰყვება.

ბოლო თვეების განვალობაში პრეზიდენტ ზურაბიშვილს ენმ-ის მხარდამჭერები პერიოდულად სთხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას. ამასთან დაკავშრებით მის რეზიდენციასთან აქციებიც იმართებოდა. თავად პრეზიდენტი კი ამ საკითხის კომენტირებისას აქცენტი სასამართლოზე გადაჰქონდა და აცხადებდა, რომ ჯერ დაელოდებოდა, თუ რას გადაწყვეტდა სასამართლო კანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით სააკაშვილისათვის სასჯელის გაუქმებასთან ან გადავადებასთან დაკავშირებით.

ამასთან, პრეზიდენტი მიანიშნებდა, რომ მას გამართლებულად მიაჩნია სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვება.

გასული წლის დეკემბერში პრეზიდენტის რეზიდენციასთან განვითარებული მოვლენების შემდეგ, როცა სალომე ზურაბიშვილთან სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალებული ოჯახები მივიდნენ და პასუხს სთხოვდნენ აპირებდა თუ არა სააკაშვილის შეწყალებას, მისი პასუხი ორაზროვანი იყო. თავად აქციის მონაწილეთა და პრეზიდენტის შეხვედრა და საუბარიც სკანდალური გამოდგა, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ ის სააკაშვილის შეწყალებას აპირებს. 

თუმცა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მოგვიანებით „ბი-ბი-სისთან“  საუბარში თქვა, რომ ჯერ დაელოდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილისათვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საკითხზე. ასევე დაამატა, რომ მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა მხოლოდ ერთ საქმეზე აქვს მისჯილი და ორ სხვა საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელლდება. შესაბამსიად, მან სააკაშვილი რომც შეიწყალოს, ის ციხეს იმ დღესვე ვერ დატოვებს და კვლავ პატიმრობაში დარჩება მიმდინარე საქმეების დასრულებამდე. მიუხედავად ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან სააკაშვილის შეწყალებაზე მოწოდებები ისევ გაისმა.  

რამდენიმე დღის წინ კი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხს პრეზიდენტი ზურაბიშვილი „ბლუმბერგთან“ ინტერვიუს დროს შეეხო. როგორც „ბლუმბერგი წერს, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც აქვს უფლებამოსილება შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, კომენტარს არ აკეთებს თავის გეგმებზე, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ ფიქრობს, რომ „ინდივიდუალური შემთხვევა ჩვენს ევროპულ მომავალს განსაზღვრავს“.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც შესაძლოა ამ საკითხთან იყოს კავშირში. სამშაბათს საქართველოს მთავრობამ საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით სარჩელები უკან გამოიტანა. საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, მთავრობამ სარჩელების უკან გაწვევის შესახებ მათ 11 იანვარს მიმართა.

საქმე ეხებოდა პრეზიდენტის უარს, ხელი მოეწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შერჩეული რამდენიმე პირის ელჩად დანიშვნის გადაწყვეტილებაზე, რადგან არსებულ ვითარებაში მიზანშეწონილად არ მიაჩნდა შესაბამის თანამდებობებზე მითითებული კანდიდატურების დანიშვნა.

მთავრობამ ჩათვალა, რომ პრეზიდენტი ამით პირდაპირ შეიჭრა საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში, განახორციელოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და მისი ქმედების კონსტიტუციურობის გასარკვევად საკონსტიტუციო სასამართლოში 2022 წლის 10 ივნისს სარჩელი შეიტანა.   

როგორი იქნება ხელისუფლების რეაქცია  

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ამას საზოგადოებისგან „უმძიმესი რეაქცია ექნება“.

„მისი გადასაწყვეტია, სამართლებრივად ეს ასეა. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას ექნება უმძიმესი რეაქცია ასეთ აქტზე. 

„მეც მექნებოდა და მექნება ძალიან მძიმე რეაქცია ასეთ რამეზე, რადგან თეორიულად ასეთი რამ რომ მოხდეს, ეს იქნებოდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ეს იქნებოდა ჩემი რეაქცია და მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას ასეთ თეორიულ შემთხვევაზე ექნება ძალიან მძიმე რეაქცია“, - თქვა კობახიძემ.  

აპირებს თუ არა ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებას

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფიქრობს, რომ მას შემდეგ რაც სალომე ზურაბიშვილმა ნახა ხალხის განწყობა და რეაქცია სააკაშვილის შესააძლოა შეწყალებაზე, მან ეს გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს. როგორც აბაშიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, სასამართლოს 6 თებერვლის გადაწყვეტილების შემდეგ, სავარაუდოდ, ზურაბიშვილზე ოპოზიციისა და დასავლეთის ზოგიერთი პოლიტიკური წრეებიდან ზეწოლა გაძლიერდება, მაგრამ ის კარგად აცნობიერებს, რომ სააკაშვილის შეწყალებით ქვეყანაში პოლარიზაციას კიდევ უფრო  გააღერმავებს.    

„ორბელიანის სასახლეში ხალხის ძალინ დიდი ჯგუფი მივიდა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდეს, რომ ეს ნაბიჯი არ გადადგას. თუმცა, მან სააკაშვილის შეწყალებაზე ორაზროვანი განცხადება გააკეთა. შემდეგ უკვე პრესკონფერენციაზე უფრო ბუნდოვანი განცხადებები გააკეთა. 

„ცხადია, სასამართლო განხილვა უკვე დასრულდა და მოსამართლის გადაწყვეტილებაც ცნობილია. რა თქმა უნდა, ზურაბიშვილზე ზეწოლა კიდევ უფორ გაძლიერდება. ეს იქნება როგორც დასავლეთიდან, ასევე ქვეყნის შიგნიდან. ამიტომ დიდი  მნიშვნელობა ექნება, ამ ზეწოლას როგორ გაუძლებს. 

„თუმცა, მგონია, ზურაბიშვილმა კარგად იცის, მისი ეს გადაწყვეტილება საზოგადოების დიდ ნაწილში რა რეაქციას გამოიწვევს. მას თუ სურს, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის მაჩვენებელმა კიდევ უფრო ზემოთ არ აიწიოს, სააკაშვილი და გვარამია არ უნდა შეიწყალოს. ორივემ სასჯელი ისე უნდა მოიხადონ, როგორც სხვებმა“, - განაცხადა აბაშიძემ „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, „ნაციონალების“ მიერ დაწყებული საპარალამენტო ბოიკოტი და ხელოვნურად კრიზისის შემქნის მცდელობა ზურაბიშვილზე ზეწოლის ერთ-ერთ ფორმა შეიძლება იყოს. თუმცა აბაშიძე ამბობს, რომ ენმ 2020 წლის არჩევნების შემდეგ მუდმივად ამ რეჟიმშია და რეალურად პარლამენტში არც არაფერს აკეთებს. შესაბამისად, აბაშიძის აზრით, ენმ-ის მოქმედებებმა წესით პრეზიდენტ ზურაბიშვილზე გავლენა ვერ უნდა მოახდინოს, რადგან მან კარგად იცის, რომ სააკაშვილი არ კვდება და მისი გათავისუფლების შემთხვევაში ქვეყანაში პროცესები კიდევ უფრო  რადიკალური გახდება.  

„ხაბეიშვილის, ჩალაძის და სანიკიძის ე.წ. რევოლუცია კომედიურ ჟანრში გადის. ხაბეიშვილმა, რომელსაც მხარდაჭერა საკუთარ თანაპარტიელებშიც კი არ აქვს, ზურაბიშვილი აიძულოს, რომ სააკააშვილი შეიწყალოს... ამ კაცს არანაირი შესაძლებლობა არ აქვს, რომ გინდ პარტიულად და გინდ ქუჩის აქციებით რამე მოახერხოს. 

„ბუნებრივია, დასავლეთიდან წერილები, განცხადებები და მოწოდებები იქნება. თუმცა, თუ საქართველოს პრეზიდენტ სალმე ზურაბიშვილს სურს, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა და დემოკრატია იყოს, მისთვის გარედან ჩარევა და კარნახი კატეგორიულად მიუღებელი უნდა იყოს. ამიტომ არ ველი, რომ ის ამ ნაბიჯის გადადგამს“, - აცხადებს აბაშიძე „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×