ბაჩანა ტყემალაძე
06.02.2023

თურქეთში 7.8 მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, შეიძლება ეს რიცხვი 10 000-მდე გაიზარდოს. მიწისძვრა 6 თებერვალს გამთენიისას მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ გაზიანთეფთან, სირიის საზღვართან ახლოს, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში იყო. განადგურებული შენობების ნანგრევებიდან ხალხის ამოსაყვანად სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.

თვითმხილველები იუწყებიან, რომ მიწისძვრის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგაც კი ნგრევა ისევ გრძელდება - რამდენიმე დაზიანებული შენობა პირდაპირ მაშველების თვალწინ ჩამოიქცა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს თქმით, ყველაზე მეტად 10 ქალაქი დაზიანდა - გაზიანთეფი, ჰატაი, ისმანიე, ადიამანი, მალატაია, ადანა, სანლიურფა, დიარბაქირი და კილისი.

თურქეთის გარდა, 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა სირიაშიც, სადაც დაღუპულია სულ მცირე 500 ადმიანი. ორივე ქვეყანაში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა, ყველაზე ძლიერად კი ბათუმში.

საცხოვრებელ სახლებთან ერთად, განადგურდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი თურქეთში, გაზიანთეპის ციხე.

„ცენტრალური შაჰინბეის რაიონში მიწისძვრამ ისტორიული გაზიანთეპის ციხე გაანადგურა, ნამსხვრევები გზაზეა მიმოფანტული. ჩამოინგრა ციხის გვერდით მდებარე საყრდენი კედელიც", - იუწყება თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო, „ანადოლუ".

ასევე მიწისძვრის შედეგად დაზიანდა ისტორიული შირვანის მეჩეთის გუმბათი და აღმოსავლეთ კედელი, რომელიც ციხის გვერდით მდებარეობს და როგორც ამბობენ, მე-17 საუკუნეშია აგებული, მაგრამ ძველი წყაროების მიხედვით, ციხე პირველად რომაულ პერიოდში აშენდა, როგორც საგუშაგო კოში ძვ.წ II-IV და დროთა განმავლობაში გაფართოვდა, მაგრამ მისი დღევანდელი სახე ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე 1-ის დროს უკავშირდება.

სირიის ამერიკული სამედიცინო საზოგადოების თქმით, ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოები გადატვირთულია, პალატების სიმწირის გამო დაშავებულებს დერეფნებშიც მკურნალობენ.

სამაშველო ოპერაციების მიმდინარეობას თოვლი და ყინვაც აფერხებს. გაზიანთეპში ტემპერატურის დაკლებას -6 გრადუს ცელსიუსამდე ელოდებიან.

დამანგრეველი სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად თურქეთი დახმარებას ითხოვს, რის შესახებაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

აშშ-ის, ინდოეთის, პაკისტანისა და უკრაინის ლიდერებმა თურქეთს მიუსამძიმრეს და მომხდარი ტრაგედიის გამო შეშფოთება გამოთქვეს.

თეთრი სახლის ერთ-ერთმა მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ მომხდარით „ღრმად შეშფოთებულია".

„მე დავუკავშირდი თურქეთის ოფიციალურ პირებს, რათქ მეთქვა, რომ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი და ყველა საჭირო დახმარება გავუწიოთ მათ", - თქვა ჯეიკ სალივანმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტვიტერზე" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თურქთს დახმარება შესთავაზა.

„ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით ამ რთულ სიტუაციაში და მზად ვართ მათ საჭირო დახმარება გავუწიოთ კატასტროფის შედეგების დასაძლევად", - განაცხადა ზელენსკიმ.

ინდოეთის პრემიერ მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ ის შეწუხებულია მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების და განადგურებული ინფრასტრუქტურის გამო.

„ინდოეთი სოლიდარობას უცხადებს თურქ ხალხს და მზად არის შესთავაზოს ნებისმიერი სახის დახმარება ამ ტრაგედიის დასაძლვეად", - განაცხადა ნარენდრა მოდიმ.

თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრას ასევე გამოეხმაურა ისრაელის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი.

„ისრაელის სახელმწიფო ყოველთვის მზადაა ყველანაირად დაეხმაროს თურქეთს. ჩვენი გული თურქ ხალხთანაა ამ მწუხარებით სავსე მომენტში", - განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდები თურქეთში სამძებრო-სამაშველო ჯგუფს აგზავნის.

„ამ გუნდში შედიან პოლიციელები და სამხედრო პერსონალი, პირველადი სამედიცინო დახმარების თანამშრომლები და მეხანძრეები", - თქვა ნიდერლანდების ვიცე-პრემიერმა, ვოპკე ჰოექსტრამ.

თურქეთსა და სირიას დახმარება შესთავაზა გერმანიამაც. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბაერბოკის თქმით, ისინი ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარი ტრაგედიის გამო და მზად არიან ქვეყნებს ყველა საჭირო რესურსით დაეხმარონ.

მსოფლიოს ქვეყნებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, მთავრობას და თურქ ხალხს გამანადგურებული მიწისძვრის შედეგად დაღუპულთ გამო თანაგრძნობა გამოუცხადა.

„უდიდესი თანაგრძნობა მსურს გამოვხატო თურქი ხალხის მიმაღთ, თურქეთის რესპუბლიკის, მთავრობისა და პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანისადმი თურქეთში გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და მზად ვართ აღმოვუჩინოთ მათ ნებისმიერი საჭირო დახმარება", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით კი, მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურიც ჩაერთვება და საქართველოდან თურქეთში მაშველები გაემგზავრებიან შესაბამის ტექნიკასთან ერთად.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×