თამთა ჩაჩანიძე
24.01.2023

ბოლო დღეებში ფრონტზე რუსეთი განსაკუთრებით გააქტიურდა. განსაკუთრებული დაწოლა დონეცკის მიმართულებაზეა, რადგან, როგორც სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, კლეშეევკის აღების შემდეგ ბახმუტის ალყაში მოქცევის საფრთხე გაიზარდა. ამასთან, რუსები იმასაც წერენ, რომ ენერგოდარის მიმართულებით შეტევაზე გადავიდნენ და უკრაინელების დაცვის ხაზი გაარღვიეს, თუმცა ანალიტიკოსები ამას აბსურდს უწოდებენ.

უკრაინის ხელმძღვანელი პირები ბელარუსიდან შეჭრის საფრთხესაც არ გამორიცხავენ. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოს მტკიცებით, უკრაინელებმა მას თავდაუსხმელობის პაქტის დადება სთხოვეს. ბელარუსის პრეზიდენტი პირდაპირ არ ამბობს რა მოყვა ამ თხოვნას, თუმცა მიანიშნებს, რომ მისი პასუხი უარყოფითი იყო - მისი თქმით, ბელარუსი ოპოზიციონერები და სხვა პირები სწორედ უკრაინას აფარებენ თავს ბელარუსში არეულობების მოსაწყობად გადიან მომზადებას.

ამის პარალელურად ბოლო დღეებში კიევის გარშემო დაჩქარებულ ტემპებში მიდის თავდაცვითი ზღუდეებისა და საცეცხლე წერტილების მშენებლობა და მოწობა, რაც, სავარაუდოდ, პირდაპი უკავშრდება ბელარუსის მხრიდან უკრაინის დედაქალაქზე ახალ სახმელეთო შეტევას. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი სამშაბათს განაცხადა, რომ ასეთი შეტევის შესაძლებლობა მართლაც არსებობს, თუმცა ის წარუმატებელი იქნება.

ამის მიუხედავად, ანალიტიკოსები ლუკაშენკოს განცხადებას „წითელ ფეიკ ნიუსს" უწოდებენ. მათი შეფასებით, ეს განცხადება ემსახურება იმას, რომ უკრაინა მუდმივ მზადებაში იყოს, რომ ბელარუსიდან რუსეთი ხელახლა არ დაესხას თავს.

ბოლო ცნობები ფრონტიდან

უკრაინელმა სამხედროებმა 24 იანვრის განმავლობაში მოწინააღმდეგის თავდასხმები ბახმუტთან და დონბასის კიდევ 10 სხვა დასახლებასთან მოიგერიეს - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უწყების ცნობით, რუსული ძალები ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში წინსვლას ცდილობდნენ.

„უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის ჩერვონოპოპოვკასა და დონეცკის ოლქის ბელოგოროვკას, რაზდოლოვკას, სოლის, კრასნაია გორას, ბახმუტის, კლეშჩიევკას, ნოვობახმუტოვკას, კრასნოგოროვკას, ვოდიანოესა და მარინკას დასახლებებთან მოიგერიეს", - აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბახმუტის ალყაში მოქცევის საფრთხე გაიზარდა და რუსები ასევე ზაპოროჟიეშიც გააქტიურდნენ.

„ბახმუტი-სოლედარის მიმართულებაზე შეტევებია. სამხრეთით კლეშეევკას აღების შემდეგ ბახმუტის ალყაში მოქცევის საფრთხე გაიზარდა. რუსები გარკვეულწილად ზაპოიროჟიეშიც გააქტიურდნენ, უგლიადარის მიმართულებაზე ბრძოლით დაზვერვას ახორციელებენ. ისინი რა თქმა უნდა ეცდებიან, რომ ამ მიმართულებაზე თავიანთი თავდაცვისთვის ცოტა უფრო მეტი სიღრმე შექმნან, რადგან ეშინიათ და სამხედრო ლოგიკითაც ასეა, რომ უკრაინელებმა შეტევა აზოვის ზღვის მიმართულებით შეიძლება განახორციელონ.

„შეტევებზე ურთიერთგამომრიცხავი ცნობებია, მაგრამ ზოგადად რუსების მხრიდან ლოკალური მასშტაბის შტევებია. ამჟამად, სამწუხაროდ, ტაქტიკური და ოპერატიული ინიციატივა რუსეთის მხარესაა, თუმცა სტრატეგიული ინიციატივა ჯერ კიდევ უკრაინელების მხარეს რჩება. ჩემი აზრით, ორივე მხარე გაზაფხულისთვის ემზადება", -განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბახმუტს ჯერჯერობით უკრაინელები აკონტროლებენ, ენერგოდარში კი რუსებს არანაირი თავდაცვის ხაზი არ გაურღვევიათ.

„პოზიციური ბრძოლები მიდის და ფრონტის რაღაც მონაკვეთზებე რუსებს უპირატესობა აქვთ, გარკვეულ ადგილებში კი - უკრაიონელებს. ლუგანსკისა და ხერსონის მონაკვეთებზე უკრაინას ძალიან კარგი პოზიციები აქვს, ხოლო ზაპოროჟიესა და დონეცკში რუსები აქტიურობენ. ბახმუტს ჯერჯერობით უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ, ბრძოლები მიდის და ვნახოთ რა და როგორ იქნება.

„ენერგოდარში, როგორც ვიცი, პოზიციური ბრძოლებია და უკრაინას დიდი სირთულე არ აქვს. რუსებს არანაირი თავდაცვის ხაზი არ გაურღვევიათ, უბრალოდ ნახევარი კილომეტრით წაიწიეს წინ და ეს ისეთი დიდი სენსაცია არაა. ჯერჯერობით სიტუაცია ასეთია, რომ გარდამტეხი მომენტის წინ პოზიციური ბრძოლები მიდის, ანუ ფრონტზე სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილურია", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

სთავაზობდა თუ არა უკრაინა ბელარუსს თავდაუსხმელობის პაქტის დადებას

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, უკრაინა მინსკს თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმებას სთავაზობდა. მისი თქმით, კიევიდან ურთიერთსაწინააღმდეგო სიგნალები მიდის:

„ერთი მხრივ, უკრაინელები გვთხოვენ, რომ არც ერთ შემთხვევაში არ ვიბრძოლოთ მათ წინააღმდეგ, რომ ჩვენი ჯარები იქ არ გადავიდნენ და მეორეს მხრივ, დასავლეთის ქვეყნები უკრაინის ტერიტორიაზე ბოევიკებისა და ექსტრემისტების წვრთნას და შეიარაღებას აგრძელებენ, ამიტომ იძულებულები ვართ მკაცრი რეაგირება მოვახდონოთ", - განაცხადა ლუკაშენკომ.

მტკიცებით, ის რომ არა, 2020 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ ახლა ბელარუსში იმაზე უარესი ვითარება იქნებოდა, ვიდრე ახლა უკრაინაშია.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით კი, ბელარუსიდან რუსი სამხედროების შეტევის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ეს წარუმატებელი იქნება.ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა ბელარუსის განცხადებაზე უკრაინასთან „თავდაუსხმელობის პაქტის" ხელმოწერის შესახებაც.

„რასაც უკრაინა გთავაზობთ, თქვენ გესმით. ჩვენ ბელარუსზე თავდასხმას არ ვაპირებთ და არც არასოდეს ვაპირებდით. ეს არის მთავარი სიგნალი ბელარუსი ხალხისადმი", - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბელარუსმა არ დაკარგოს დამოუკიდებლობა და არ ჩაერთოს ამ „აბსოლუტურად სამარცხვინო ომში".

„რაც შეეხება ამ მიმართულებას... მე ვხედავ, რომ ბელარუსის მოსახლეობის უმრავლესობას, დარწმუნებული ვარ, რომ დამოუკიდებელი ბელარუსის სამხედროების უმრავლესობას არ სურს თავდასხმა და ძალით, იარაღით უკრაინული საზოგადოების წინააღმდეგ წასვლა", - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც გენერალი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, ლუკაშენკოსა და რუსეთის მიზანია, რომ უკრაინა დაწყნარებული არ იყოს.

„ლუკაშენკო თავად არაფერს წყვეტს და უარს თავად რომ არ ეტყოდა, ეს ფაქტია. მათი მიზანია, რომ უკრაინა დაწყნარებული არ იყოს და გარკვეული კონტინგენტი ბელარუსის საზღვართან ჰყავდეს და მეორე, რუსეთმა შეძლოს და ბელარუსის ტერიტორია თავის თავდასხმებისთვის გამოიყენოს, რასაც ახლაც აკეთებს, განსაკუთრებით სარაკეტო და საავიაციო დარტყმებისთვის.

„რუსეთი ბელარუსიდან უახლოეს მომავალში უკრაინის მისამართით სახმელეთო შეჭრას ვერ განახორციელებს, რადგან რუსეთმა ჯერ 100-120 ათასიანი დაჯგუფება უნდა შექმნას, რომ ბელარუსიდან რაღაც ქმედითი რაღაც გააკეთოს. თუმცა ვთვლი, რომ რუსეთი პერსპექტივაში ამ მიმართულებას აუცილებლად გამოიყენებს", - განაცახდა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" ამბობს:

„მემგონი ლუკაშენკოს ხელისუფლება უკრაინის წინააღმდეგ ე.წ. წითელი ფეიკ ნიუსების კამპანიას ახორციელებს. ეს ისეთი ცრუ ინფორმაციაა, რომელიც საფრთხის ელემენტს შეიცავს. ლუკაშენკო ყველას ყველაფერს აბრალებს - ლიეტუვასაც, პოლონეთსაც, ამერიკასაც. ეჭვი მეპარება, რომ უკრაინას პაქტის დადება შეეთავაზებინა. ამ ეტაპზე არ არსებობს იმის შანსი, რომ ბელარუსი და რუსეთი ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინას თავს დაესხას".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×