ბაჩანა ტყემალაძე
24.01.2023

მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა - ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ავრცელებს და ექსპრეზიდენტის დაუყოვნებლივ რეანიმაციაში გადაყვანას ითხოვს. კლინიკა „ვივა მედში" ინფიცირების ფაქტს ადასტურებენ. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმება მასობრივ პროტესტს არ გამოიწვევს, თუმცა ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება, სავარაუდოდ, საზღვარგარეთ მის გაშვებას დათანხმდება.

კლინიკა „ვივა მედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, კოვიდინფიცირებული მიხეილ სააკაშვილი არ საჭიროებს კრიტიკულ დეპდარტამენტში გადაყვანას. ის უარყოფს ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა სამშაბათს გონება დაკარგა.

„რეზონანსთან" საუბარში ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ თუ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდება, ხელისუფლება მის საზღვრაგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ღმერთმა დაიფაროს, რომ რაღაც დაემართოს, მაგრამ თუ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდება, ხელისუფლება მას საზღვარგარეთ აუცილებლად გაუშვებს. მმართველ პარტიას ყოფილი პრეზიდენტის ციხეში სიკვდილი არ აწყობს.

ფატალური შედეგიც რომ დადგეს, დღესდღეობით არ მგონია ისეთი აქციები დაიწყოს, რომ საქმე სერიოზულ პოლიტიკურ პროცესებამდე მივიდეს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ფატალური დასასრული ხელისუფლებას აწყობს. თუ რამე ცუდი მოხდება, ამას სამომავლოდ „ქართული ოცნების" წინააღმდეგ აუცილებლად გამოიყენებენ და, ჩემი აზრით, მმართველი პარტიის წევრები ამას კარგად იაზრებენ", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×