თამთა ჩაჩანიძე
24.01.2023

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა „დროა", „გირჩი - მეტი თავისუფლება" და „სტრატეგია აღმაშენებელი", საზოგადოების სხვადასხვა სფეროს ცნობილმა სახეებმა, 24 თებერვალს, საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი და უკრაინის სოლიდარობის აქცია დააანონსეს. ოპოზიცია აქაც ორად გაიყო, ნაწილი მხარდაჭერას უცხადებს, ნაწილი კი ამბობს, რომ აქციები საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებათ.

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ამომრჩევლის მობილიზაციისთვის ოპოზიციის ყველა სახის აქტივობა მისაღებია, თუმცა მოლოდინი არ აქვს, რომ აქცია ხალხმრავალი იქნება.

როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, მიზანი „ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დაწყებაა", რაც „საქართველოს დეოკუპაციით დასრულდება". ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ სახელი ყველასთვის დამაჯერებელი არაა და „სჯობს უფრო მოკრძალებული სახელი დაირქვან", რათა შესაძლოა საზოგადოების ნაწილის გაბრაზებაც კი გამოიწვიოს.

აქციას არ უერთდება „ევროპული საქართველო". პარტიის თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ 24 თებერვალს თბილისში უკრაინელი დევნილების აქციაა და იქ მისვლას აპირებს. მისი თქმით, „ევროპული საქართველო" აღნიშნულ სამ პარტიასთან ერთად არც ერთი აქციის ორგანიზატორი არ არის.

ახალი მოძრაობის აქციაზე არც „გირჩი" აპირებს წასვლას. პარტიის ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „პროცესი თვითგამორკვევიდან უნდა დაიწყოს და პოლიტიკოსებმა საკუთარ თავს დაუსვან კითხვა, რატომ სურთ ხალხის ქუჩაში გამოსვლა". ფიქრობს, რომ აქციები პარტიებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებათ.

„რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე კი საპროტესტო აქციაზე მისვლას აპირებს, მისი თქმით, მნიშვნელოვანია რა გზავნილები ექნებათ აქციის ორგანიზატორებს, რადგან ისეთი მოლოდინების შექმნა არ შეიძლება, რომელიც ვერ შესრულდება და „საზოგადოებაში ფრუსტრაციას გამოიწვევს".

როგორც კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, დღეს საზოგადოება ასეთი შკრებების მიმართ პასიურია. ზაქარეიშვილს ეეჭვება, რომ აქციაზე ბევრი ხალხი მივიდეს, თუმცა დასძენს, რომ ღონისძიება საინტერესოა.

„საინტერესო ღონისძიებაა. რაც უფრო მეტი პოლიტიკური ძალა მოახერხებს, რომ მომავალი არჩევნებისთვის ამომრჩევლის მობილიზაცია მოახდინოს, კარგი იქნება. თავისთავად კარგი ინიციატივაა, მაგრამ, მეორეს მხრივ, ასეთი ინიციატივების დროს კარგად ჩანს ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას საზოგადოება რამდენად ენდობა. ეს ამავე დროს საჩვენებელი პლატფორმაცაა, პოლიტიკური ძალა საზოგადოებაში რამდენად პოპულარულია.

„ასეთ ღონისძიებებს ვინც არ უნდა აკეთებდეს, მივესალმები. ეს ხელს უწყობს მობილიზაციას, დღის წესრიგში არჩევნების თემას, არსებული რეალობისა და მმართველი ძალის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას, რაც თავისთავად კარგია. ასეთი აქციების ჩატარება ამ ძალებისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ნახონ მათი აქტივისტების გარდა, მოსახლეობის სხვა სეგმენტს რამდენად მოიზიდავენ.

„ეს აქცია როგორც არ უნდა დასრულდეს, საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, უფრო დადებითი მოვლენა იქნება, ვიდრე უარყოფითი. მემგონი ახლა საზოგადოება ძალიან პასიურია, არავისი არ სჯერა და უფრო მოლოდინი მაქვს, რომ ბევრი ხალხი არ მივა", - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

მისივე თქმით, თავად სახელწოდება „ახალი ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა" არადამაჯერებელია.

„საქართველოს ისტორიაში ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას თავისი ადგილი აქვს. მის სათავეში თავის დროზე ზვიად გამსახურდია იყო და ჯერ კიდევ, საბჭოთა კავშირის დროს მთლიანად ანტიკომუნისტური მოძრაობა მოიცვა. ის განმანთავისუფლებელი იყო საბჭოთა კავშირისგან. ახლა, რომ „ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა" ჰქვია, საიდან და ვისგან თავისუფლდებიან? რა თქმა უნდა მყისიერი პასუხია ივანიშვილი, მაგრამ მისი სახით „ქართული ოცნება" ქართველების მიერაა არჩეული, კომუნისტური რეჟიმი კი არჩეული არ იყო. შიგნით ბევრ ისეთ ნიუანსებს მოიცავს, რომ ასეთი სახელი სპეკულატიურია, სჯობს უფრო მოკრძალებული სახელი დაირქვან.

„განმათავისუფლებელი" ყველასთვის დამაჯერებელი არაა. „ოცნება" ქათული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის არჩევანია. როცა ენმ-ზე ვსაუბრობთ, რომ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და არ შეიძლბა მას ასე ელაპარაკოო, „ოცნებას" ამომრჩეველი კიდევ უფრო მეტი ჰყავს. შესაბამისად, როცა ამბობ შენგან ვთავისუფლდებიო, ეს „ქართული ოცნების" ამომრჩევლის დისტანცირებას იწვევს და ეს ჩვენი მოსახლეობაა.

„უნდა დააზუსტონ ვისგან თავისუფლდებიან. როგორც კი იტყვიან, რომ ივანიშვილისგან, ეს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელი იქნება.

„ამ სახელის გამო, პარტიები ელექტორატს არ დაკარგავენ, მაგრამ დამატებითაც არ შესძენს, ეს სახელი იმდენად მნიშვნელოვანი, არსებითი და გარკვეულწილად პრეტენზიულიც კია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი იტყვის - „თქვენ ვინ ხართ, ამ სახელს რომ ირქვამთო?!" და მასთან არავინ არ მივა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×