ელზა პაპოშვილი
23.01.2023

უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება, რუსეთის განსაკუთრებული ყურადღება კი ბოლო რამდენიმე დღეა სუმის ოლქზე გადავიდა. ღამით, ტერიტორიაზე რუსულმა არმიამ 8 ნაღმმტყორცნი ჭურვი ისროლა. დნიპროპეტროვსკის ოლქში მარგანეცის დასახლება დაიბომბა, დაზიანებულია სამრეწველო საწარმო.

სკოლა დაზიანდა ხერსონის ოლქში დაბომბვისას. სარაკეტო იერიში მიიტანა რუსულმა ჯარმა ზაპოროჟიეშიც. ზიანი მიადგა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. დაიბომბა ასევე საზღვრის სიახლოვეს მდებარე სოფელი ხარკოვის ოლქში - არის მსხვერპლი.

მაღალი რჩება საჰაერო სარაკეტო თავდასხმის საფრთხე რუსული ძალებისგან სამოქალაქო ობიექტებზე მთელი უკრაინის მასშტაბით. ოკუპანტების ძირითად აქცენტს ბახმუტის მიმართულებით აკეთებენ. წარუმატებელი იყო შეტევები ზაპოროჟიეს, ავდეევკასა და ლიმანის მიმართლებით, ხოლო კუპიანსკის, ნოვო-პავლივკასა და ხერსონის მიმართულებით დაცვას რუსები აკონტროლებენ.  

თუმცა, უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის თავდასხმები 11 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინელებმა რუსული ძალების თავდასხმები მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის სტელმახივკასა და ნოვოსელოვსკოესთან, ასევე, დონეცკის ოლქის ვიემკის, რაზდოლოვკას, ბელგოროვკას, პრასკოვიევკას, ბახმუტის, სტუპოჩკას, ნოვობახმუტოვკას, პერვომაისკისა და მარინკას დასახლებებზე.

ამასთან, უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში უკრაინულმა ჯარებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის სამი საწყობი და ოკუპანტების დრონი ჩამოაგდეaს.

„უკრაინის ავიაციამ სამი დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის კონცენტრაციის ადგილებს, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა კი რუსების თავმოყრის 4 ზონას დაარტყეს“, - აცხადებენ გენშტაბში.   

უკრაინაში, ბოლო დღეების განმავლობაში უმძიმესი ბრძოლები სამ სექტორში მიმდინარეობდა. ჩრდილო-აღმოსავლეთით, კრემინასთან ახლოს, უკრაინას, სავარაუდოდ, მცირე მიღწევები ჰქონდა და წარმატებით დაიცვა თავი რუსული კონტრშეტევისგან, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე შეფასებით, რუსეთისა და ვაგნერის მარიონეტული ძალები გაერთიანდნენ ქალაქ სოლედარში მას შემდეგ, რაც კვირის დასაწყისში ქალაქი აიღეს.

„სამხრეთით, ზაპოროჟიეს ოლქში, ორივე მხარეს მნიშვნელოვანი ძალები აქვს კონცენტრირებული, რომლებიც ერთმანეთს საარტილერიო დარტყმებს აყენებენ და შეტაკებებს ახორციელებენ, მაგრამ, თავს არიდებენ ფართომასშტაბიანი შეტევის მცდელობებს“, - აცხადებენ უწყებაში.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ზოგადად, „კონფლიქტი ჩიხურ მდგომარეობაშია. თუმცა, ბახმუტთან რუსეთის ლოკალური წინსვლის რეალური შესაძლებლობა არსებობს“.  

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის მიიჩნევს, რომ უკრაინას შეუძლია მოიგოს ომი რუსეთის ფედერაციასთან წელს, იმ პირობით, თუ უკრაინელები ერთიანობას შეინარჩუნებენ.

"გამარჯვება შესაძლებელია 2023 წელს, თუ უკრაინელები ერთიანობას და სიძლიერეს შეინარჩუნებენ. ის, თუ რამდენად სწრაფად დასრულდება ომი, დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: ძალა უკრაინის შიგნით და ძალა გარედან - პარტნიორების დახმარება. არ უნდა დავუშვათ პროცესების შენელება, როგორც გარეთ, ასევე შიგნით, რადგან ეს ომს გააჭიანურებს“,- განაცხადა ზელენსკიმ ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას.

მისი მტკიცებით, უკრაინა ყველა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიას დაიბრუნებს.

„არაფერს დავივიწყებთ, არაფერს ვაპატიებთ, აუცილებლად დავიბრუნებთ ყველაფერს. ჩვენ გავაკეთებთ ამ ყველაფერს, როგორც ძლიერი ცივილიზებული სახელმწიფო. ევროკავშირის მომავალი წევრი ქვეყანა. მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც ჩვენი ნატოელი პარტნიორები თავიანთ წრეში იხილავენ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინის მიერ ინიცირებული მშვიდობის ფორმულა ომის სამართლიანად დასრულებას ითვალისწინებს.

„მშვიდობის ფორმულა არის ძლიერი დიპლომატიური იარაღი. მისი ყველა პუნქტი არის სამართლიანი ნებისმიერი სახელმწიფოს მიმართ, პატივს სცემს გაერო-ს წესდებას, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკი ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებს გაერთიანებული სამეფოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან ერთად შეხვდა.  

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ბახმუტს და სოლედარს ის სტრატეგიულად მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მნიშვნელობას არ მისცემდა. მისი აზრით, ეს არის მხოლოდ ტაქტკური და ლოკალური ბრძოლები, რომელსაც რუსების მხრიდან საკრალური მნიშვნელობა აქვს მიცემული.  

„თუკი ომის პირველ თვეებში დრო უკრაინის სასარგებლოდ მუშაობდა, ახლა დგება პერიოდი, რომ დრო რუსეთზე მუშაობს. რუსები ცდილობენ ომი დროში გაწელონ და არმიის რეფორმა მოასწრონ. კრემლის სურვილია, რომ მილიონნახევრიანი არმია ჩამოაყალიბოს და დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნება შეძლონ. უკრაინელებს ახლა დახმარება სჭირდებათ არამხოლოდ სისტემური, არამედ იარაღის რაოდენობრივადაც. ის რაოდენობა , რომელიც მას ჯავშანტექნიკის და ტანკების სახით მიაწოდეს, აბსოლუტურად არასაკმარისია.   

„მათ დიდი დაჯგუფების შექმნა სჭირდებათ, რომელიც 60-ათასიანი იქნება, რომელიც შეძლებს ის გადამწყვეტი კონტრდარტყმა განახორციელოს, რაც მათ საშუალებას მისცემს უკრაინის ტერიტორიები ოკუპანტებისგან გაწმინდოს. 

„ზუსტად ამ პირობებისთვის ცდილობენ რუსები რომ  უკარინელები ლოკალურ ბრძოლებში ჩაითრიონ. ბახმუტი და სოლედარი  უკრაინელებისთვის დონბასის დაცვის  პირველი ხაზია.  მას არავითარი გადამწყვეტი ძალა არა აქვს. უკრაინელებიც ცდილობენ მაქსიამლურად რუსებს დანაკარგი მიყენონ, რასაც ასევე რუსები ცდილობენ. 

„შედეგად კი პირველი მსოფლიო ომის მაგალითს ვიღებთ, სადაც ფრანგებმა და გერმანელებმა ასეთი სტილით ბრძოლაში 400 ათასი ადამიანი დაკარგეს. ასე რომ, უკრაინელებმა რაღაცის ცვლილებაზე ფიქრი უნდა დაიწყონ. რა თქმა უნდა, უკრანელებს თავისი გეგმები გააჩნიათ და დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაცაზე ჩამოყალიბდებიან. დიდხანს ეს ომი ამ ფორმატით ვერ გაგრძელდება“,-ამბობს კაპანაძე.      

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×