თამთა ჩაჩანიძე
22.01.2023

ბოლო დღეებში უკრაინის არმიის წინსვლის შენელების ფონზე, რუსულმა ნაწილებმა ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე წარმატებას მიაღწიეს. უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი კი პირდაპირ აცხადებს, რომ 14 იანვრიდან მოყოლებული ფრონტზე სიტუაცია გართულდა. ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი იმსა, რომ უკრაინელები ნელ-ნელა კარგავენ საბრძლო ინიციატივას ფრონტზე?

ქართველ სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, უკრაინელთ ტემპის შენელების რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს, მათ შორის კლიმატური პირობები და დიდი შტევისთვის მზადება. მათივე შეფასებით, უკრაინელები ახლა ბრძოლაში დიდ ძალისხმევას არ დებენ, ამ ეტაპზე მათი მთავარი მიზანია არა კონკრეტული ტერიტორიების დაცვა ან გათავისუფლება, არამედ მოწინააღმდეგისათვის მაქსიმალური ზიანის მიყენება. ამიტომაც არც ისაა გამორიცხული, რომ რუსებმა ბახმუტის დაკავებაც მოახერხონ და უკრაინელებმა იძულებითი ევაკუაცია გამოაცხადონ.

ამასთან აღნიშნავენ, რომ დასავლეთის ის სამხედრო დახმარება, რაც უკვე უკრაინელებმა მიიღეს - ჯავშანტრანსპორტიორები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები თუ სხვა ტექნიკა -ფრონტზე აქამდე არცერთხელ არ გამოჩენილა, რაც ანალიტიკოსთა აზრით იმას ნიშნავს, რომ უკრაინელთა სარდლობა შესაძლოა მასირებულ სტრატეგიულ კონტრშტევას ამზადებდეს და ეს შეიარაღებაც სწორედ მაშინ იქნება გამოყენებული.

ბოლო ცნობები და შეფასებები

ფრონტზე შექმნილ ვითარებას ბრიტანეთის თავდაცვის უწყება ჩიხს უწოდებს. მათი შეფასებით, ბოლო დღეების განმავლობაში მძიმე ბრძოლები სამ სექტორში მიმდინარეობდა. ბრიტანელები მიიჩნევენ, რომ ფრონტზე ზოგადად, „კონფლიქტი ჩიხურ მდგომარეობაშია. თუმცა, ბახმუტთან რუსეთის ლოკალური წინსვლის რეალური შესაძლებლობა არსებობს".

„სამხრეთით, ზაპოროჟიეს ოლქში, ორივე მხარეს მნიშვნელოვანი ძალები ჰყავს კონცენტრირებული, რომლებიც ერთმანეთს საარტილერიო დარტყმებს აყენებენ და შეტაკებებს ახორციელებენ, მაგრამ თავს არიდებენ ფართომასშტაბიანი შეტევის მცდელობებს", - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, ლუგანსკის ოლქში ვითარება დაძაბულია. მისი ინფორმაციით, უკრაინის არმია შეტაკებებს იგერიებს და წინ მიიწევს, თუმცა ტემპი შენელებულია. როგორც გაიდაი ამბობს, ოკუპანტები დასახლებებსა და გზებს ნაღმავენ.

უკრაინის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა კი კვირას გადადგომის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა და ეჭვი გამოთქვა უკრაინის მიერ ომის მოგებასთან დაკავშირებით.

„მე ახლა ოფიციალური პირი აღარ ვარ და შემიძლია ყველაფერი ვთქვა, რაც მსურს. თუ ყველა ფიქრობს, რომ ჩვენ გარანტირებულად მოვიგებთ ომს, ეს ასე არ არის. 14 რიცხვიდან სიტუაცია არ გამოიყურება ასე", - ამის შესახებ კი უკრაინის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მან ასევე პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას შეფასება გაიხსენა.

„თქვენ როგორ ფიქრობთ, დუდას შეფასება იმაზე, რომ „უცნობია, გაუძლებს თუ არა უახლოეს თვეებს უკრაინა", უბრალოდ ისე ითქვა, თუ რაიმე ინფორმაციის საფუძველზე თქვა?", - განაცხადა არესტოვიჩმა.

ამას გარდა, გასულ კვირას გერმანიაში რამშტაინის სამხედრო ბაზაზე შეკრებილი მოკავშრეები ვერ შეთანხმდნენ უკრაინისათვის „ლეოპარდ 2" ტიპის ტანკების გადაცემაზე.

ყველაზე ცხელი წერტილი

როგორც ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, სოლედარისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ მიდის, მაგრამ ბახმუტი ფლანგებიდან რთული დასაცავია და უკრაინას ახლა რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს - ან დიდი რაოდენობით ძალებს შეუშვებენ დაცვის გასაძლიერებლად, ან ქალაქს დატოვებენ.

„სოლედარის გარეუბანში მაღალი ინტენსივობის რძოლა მიდის. უკრაინელებს ორი მიკრო რაიონი უჭირავთ. რუსებმა წინსვლა რამდენჯერაც სცადეს, იმდენჯერ რაკეტა ან ჭურვი მოხდვათ. ასე რომ, ბრძოლა გრძელდება.

„ამ ეტაპზე ნამდვილად ცხადია, რომ რუსებმა მოახერხეს და ბახმუტის სამხრეთით კლიშიივკა აიღეს. სოლედარის ბოლომდე დაკავების შემთხვევაში ისინი შეეცდებიან, რომ ფლანგებიდან - კლიშიივკადან ჩრდილოეთით, ხოლო სოლედარიდან სამხრეთით - შეტევა დაიწყონ, ბახმუტისკენ მიმავალი ორივე გზა გადაკეტონ და ქალაქი ალყაში მოაქციონ, რისი ძალიან მაღალი საფრთხეც არსებობს.

„ბახმუტი კი მაღალ დონეზეა დაცული, მაგრამ ფლანგებიდან დაცვა საკმაოდ რთულია. უკრაინელთა თავდაცვის ხაზი ერთის მრივ ქალაქ ბახმუტში გადის, მეორე - კონსტანტინივკაში. ბახმუტის აღმოსავლეთით ჩასივ-იარი ძალიან მნიშნელოვანი დასახლებული პუნქტია, აქ დამატებითი სარეზერვო ძალებია, რომლებიც ბახმუტში არ შესულან და ამ პოზიციას იცავენ. ამიტომ ახლა ყველაფერი შეილება მოხდეს, მათ შორის ისიც, რომ რუსებმა ბახმუტის დაკავება მოახერხონ.

„ჯერჯერობით სიტუაცია ასე არ ჩანს, მაგრამ უკრაინელებს კრიტიკული გადაწყვეტილების მიღება აუცილებლად მოუწევთ - ან ახლა დიდი რაოდენობით შევლენ და რუსეთის შეტევას შეაჩერებენ, ან არა და ევაკუაციას ვიხილავთ, რადგან ფლანგებიდან ბახმუტის ალყაში მოქცევა ნიშნავს, რომ ქალაქის დაცვა გართულდება და შესაძლებელია ქალაქელებსაც პრობმლემა შეექმნას.

„უკრაინელებისთვის ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს არ მოხდეს, რადგან ქალაქს ელიტარული დანაყოფები იცავენ - „აზოვი", „კრაკენი",- განაცხადა კობერიძემ „რეზონანსთან".

კარგავს თუ არა უკრაინა ინიციატივას

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით სიტუაცია მთლად ისე არაა, რომ უკრაინელები ინიციატივას კარგავენ. მიდი თქმით, უკრაინელთა შეტევის ტემპის შენელების რამდენიმე შესაძლო მიზეზი აქვს.

„ჯერჯერობით სიტუაცია მთლად ისეთი არაა, რომ უკრაინელები ინიციატივას კარგავდნენ, რადგან უკრაინელები შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ. ამ ეტაპზე ორივე მხარე პოზიციურ ბრძოლებს აგრძელებს.

„ტემპის შენელების რამდენიმე მიზეზია, პირველ რიგში კლიმატური პირობები, ასევე უკრაინელებს შეიარაღებული ძალების როტაცია, გადაჯგუფება სჭირდებათ. ზოგიერთი ნაწილი ნატოს ქვეყნებში გადამზადებისთვისაა გაგზავნილი. ასევე ქვეყნის მასშტაბით მობილიზაციის ახალი ტალღა მიდის. ასევე შიარაღებაც იწურება და ახალი პაკეტის მოლოდინშია, რომელიც რამშტაინის ფორმატში შეათანხმეს.

„ვფიქრობ, რომ ტანკების გადაცემა დროებით შეფერხდა და გერმანია მეორე თაობის „ლეოპარდების" გადაცემას დათანხმდება. მგონია, რომ ალბათ მაინც მისცემენ. შეიარაღების ის ნაწილი, რაც ახლა გამოიყო 2.5 მილიარდი დოლარის ფარგლებში და რაზეც ევროპელები შეთანხმდნენ, ამას უკრაინა მალე მიიღებს და ესეც რაღაცნაირად საბრძოლო მოქმედებების განვითარებაზე იმოქმედებს.

„მთავარია უკრაინელებმა ის საკვანძო თავდაცვითი „მანერჰეიმის ხაზი" არ დათმონ და პოზიციები შეინარჩუნონ და ოკუპანტებს არ მისცენ საშუალება, რომ ოპერატიულ სტრატეგიულ სივრცეზე გავიდნენ.

„უკრაინას, საქართველოსგან განსხვავებით, სტრატეგიული სიღრმე გააჩნია და თუ ჰიპოტეტურად ინიციატივა დაკარგა, ესეც ტრაგედია არ იქნება. ეს ნიშნავს, რომ ამ კრიტიკული სივრცეების დაკრგვის მერე სიტუაცია არ მოიშლება და ბრძოლა სხვა ტერიტორიაზე გადავა და გაგრძელდება საბოლოო მიზნამდე. ამ პერიოდში მოწინააღმდეგესაც თავისი რესურსები გამოეფიტება.

„რუსებში ფაქტიურად პანიკაა და უკვე მოსკოვის დაცვაზე ზრუნავენ. თავდაცვის სამინისტროს სახურავზე „პანცირები" განალაგეს და ეს უკვე ბევრ რაღაცაზე მეტყველებს, იმაზე, რომ უკრაინული დრონების თავდასხმებს ელოდებიან და ასევე ფრონტზე შემდგომი დიდი შტევისთვის იკრებენ ძალებს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

რისთვის ინახავენ უკრაინელები მოკავშირეებისგან მიღებულ სამხედრო ტექნიკას

ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინელებს ახალი „სიღრმეში დაცვის" ახალი სტრატეგია აქვთ, რა დროსაც ცდილობენ, რომ მინიმალური დანაკარგით მტერს მაქსიმალური ზიანი მიაყენონ და ამასთან შემდეგი დიდი შეტევისთვის მოემზადონ.

„უკრაინელები აქტიურ პოზიციებზე არიან და ცდილობენ, რომ რუსებს მაქსიმალურად დიდი ზარალი მიაყენონ. აქ იმაზე არაა საუბარი, რომ მაქსიმალურად ყველა ქალაქი შინარჩუნონ, ამას სამხედრო თვალსაზრისით ახლა კრიტიკულად გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი დასახლება იქნება შენარჩუნებული, ეს ოპტიმალურია, მაგრამ ამ ეტაპზე რუსეთისთვის დიდი ზარალის მიყენება უფრო მნიშვნელოვანია.

„ამას ჰქვია სიღრმეში დაცვის სტრატეგია (Defense in depth), რაც რეალურად ამართლებს, რადგან ის ტექნიკა, რაც უკვე უკრაინელებმა მიიღეს (ახლად დაფისირებულ პაკეტებზე საუბარი არ მაქვს) - უზარმაზარი რაოდენობითაა ჯავშანტრანსპორტიორები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები - ფრონტზე არცერთხელ არ გამოჩენილა. ეს ნიშნავს, რომ ისინი შენახულია, ჯარისკაცებიც იწვრთნებიან და ის დახმარება, რაც ახლა მიდის, ძალიან დიდი რაოდენობითაა, რომელიც რა თქმა უნდა მასირებული სტრატეგიული კონტრშტევისთვის იქნება გამოყენებული.

„სრულიად მოსალოდნელი იყო, რომ რუსები გააქტიურდებნოდნენ, მით უფრო, რომ რეზერვები ბვრი ჰყავთ, „ვაგნერმა" რა პატიმრებიც გამოიყვანა ციხეებიდან, ფრონტზე აუცილებლად უნდა გადაეყვანა და მათ ეს ყველაფერი წარმატებითაც მოახერხეს, თუმცა მასებს და ტალღოვან შეტევებს პირველ მსოფლიო ომშიც კი არ ჰქონდა მაღალი ეფექტი.

„ექვსი თვის განმავლობაში რუსებმა ათიათასიანი დასახლება და ოთხასი მოსახლისგან შემდგარი სოფელი აიღეს, მაგრამ ეს ფრონტის ხაზზე დიდ ცვლილებებს არ მიანიშნებს, რადგან შეიძლება რუსებს თითოეული პუნქტის აღება ათიათასობით სამხედროს ფასად დაუჯდათ. ესაა რუსეთის მინორული წარმატება, ამ პერიოდს კი უკრაინა გადასაჯგუფებლად და საწვრთნელად იყენებს. თუკი რუსები საკუთარი ახალწვეულების საწვრთნელად 2 კვირას ხარჯავენ, უკრაინაში წვრთნები მინიმუმ სამ თვეს გრძელდება.

„რუსების გააქტიურება და უკრაინელების პასიურობა აუცილებლად მოხდებოდა. უკრაინელებმა რა შეტევაც განახორციელეს, ეს იყო მნიშვნელოვანი ლოკალური, მაგრამ არა სტრატეგიული გარღვევა, რასაც შეიძლება ჩვენ ველოდოთ. უკრაინელები ახლა აკვირდებიან, ემზადებიან, სწავლობენ, არ ჩქარობენ, დრო არცერთზე არ მუშაობს, მაგრამ რაც უფრო დრო გავა, რუსები უზარმაზარ რესურსებს კარგავენ. ზოგადად მხარეები დროს და რესურსებდ სხვადასხვბანაირად ხარჯავენ, რაც უკრაინას მომზადების საშუიალებას აძლევს.

„არესტოვიჩმა მათ შორის თქვა, რომ უკრაინა ახლა ყოფნა-არყოფნის საკითხს გადის და გადარჩენისთვის იბრძვის. ამაში განსაკუთრებული არაფერია. შესაძლოა არესტოვიჩის გადასახედიდან მისი გადადგომის მერე უკრაინის მთავრობაში ბზარებია, ალბათ ის განაწყენებულია და ეს განცხადებაც ამის გარძელებაა. თუმცა, მას ურაინასთან მიმართებით ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი აქვს, რადგან მან სოციალურ სივრცეში პირველ დღეებში მნიშვნელოვანი დამამშვიდებლის როლი შეასრულა და ბევრი რამ სწორი გააკეთა", -განაცხადა გიორგი კობერიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×