ელზა პაპოშვილი
22.01.2023

საგარეჯოში დატრიალებული სისხლიანი ტრაგედიის შემდეგ გამოძიება ახლა მოტივის დადგენას ცდილობს, თუ რატომ გახდა 48 წლის დამსახურებული ყოფილი სამხედრო  ნოდარ ათუაშვილი მკვლელი. რა იყო მიზეზი, რის გამოც მან 2 საათის განმავლობაში მეზობლების დახოცვა და დაჭრა არ შეწყვიტა. როგორც კახეთის რაიონული პოლიციის  დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის იმაზე, ჰქონდა თუ არა ყოფილ სამხედროს მოკლულ მეზობლებთან დაპირისპირება.    

ადგილობრივები უკვე ალაპარაკდნენ, რომ ერთ-ერთ მოკლულ ახალგაზრდას ნოდარ ათუაშვილთან მკვლელობამდე კონფლიქტი მოუვიდა. ახლა გამოძიება კითხავს ყველას, ვინც კი მას იცნობდა. იკითხებიან თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები. თუმცა ჯერჯერობით კვლავ უცნობი რჩება რა გახდა მისი უწყებიდან გათავისუფლების  მიზეზი. 

გამოძიება მუშაობს ასევე იმაზეც, საიდან და როგორ მოხვდა ამ რაოდენობის იარაღი ყოფილ სამხედროსთან. გარდა ამისა, თუკი ავღანეთისა და ერაყის მისიებში ნამყოფ სამხედროს, რომელიც ასევე 2008 წლის ომის მონაწილეა, პოსტრავმული აშლილობა ჰქონდა, შეამჩნიეს თუ არა ეს თავდაცვის სამინისტროში და აღმოუჩინეს თუ არა შესაბამისი დახმარება.

რა ფსიქოლოგიურ შემოწმებას გადიან ჯარისკაცები

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსიის ყოფილი მოადგილე და ავღანეთში პირველი ქართული  კონტიგენტის მეთაური ლაშა ბერიძე  საგარეჯოში მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორებაზე ამბობს, რომ  საქმის ირგვლივ ბევრი კითხვები ჩნდება. პირველ რიგში ის „რეზონანსთან“ წუხილს გამოთქვამს იმაზე, რომ ქვეყნის წინაშე ასეთი  დამსახურებების მქონე ადამიანმა  უმძიმესი  დანაშაული  ჩაიდინა. როგორც ბერიძე აცხადებს, გამორიცხულია, თუ მას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, ვინმეს ჯარში აეყვანა, ან მსგავს მისიებში მისი წაყვანა გადაეწყვიტა. თუმცა არ გამორიცხავს, რომ მას პოსტრავმული აშლილობა თავდაცვის სამინისტროდან წამოსვლის შემდეგ დაეწყო.

„ძალიან რთულია როცა არ იცი რა მოხდა იმაზე კონკრეტულად ისაუბრო, მაგრამ ფაქტია, რომ საგარეჯოში ყოფილი ჯარისკაცის ამ მძიმე ქმედებას წინ რაღაც კონფლიქტი უძღოდა. ამაზე როგორც აღმოჩნდა ადგილობრივები უკვე საუბობენ. მსგავსი დანაშაული ჰაერზე არ ხდება და ამას გამოძიება დაადგენს. 

„რაც შეეხება მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და აპელირებას იმაზე, რომ რადგან ის ავღანეთის და ერაყის მისიებში მონაწილეობდა, ეს შესაძლოა მისი მდგომარეობის მიზეზი ყოფილიყო, ასე არ ვფიქრობ. 15 წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ეს მისია ათასობით სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. ასეთი მძიმე შემთხვევა სამხედროსთან დაკავშირებით საქართველოს არ ჰქონია და მე ამ ორ თემას - ანუ მისიებში მონაწილეობას და მკვლელობას - ერთმანეთთან ვერ ვაკავშირებ.   

როდესაც სამხედრო ასეთ მისიაში მიდის, ისინი ძალიან სრულყოფილ სამხედრო მომზადებას და სამედიცინო შემოწმებას გადის მისიის დაწყებისას და მისი დასრულების შემდეგაც. რა თქმა უნდა, სამედიცინო შემოწმებაში ფსიქოლოგიური შემოწმებაც შედის და გარწმუნებთ, ქართველი ფსიქოლოგები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროში მუშაობენ, კვალიფიკაციით და პროფესიონალიზმით არავის ჩანორჩებიან. მთელი რგოლია ჯარში, ვისთან ერთადაც ის ჯარს გადიოდა, მითუმეტეს ირკვევა, რომ არ იყო პატარა დამსახურების ადამიანი. ამიტომ ასეთი სახის მძიმე პოსტრავმული მდგომარეობა თუ ჰქონდა, გამორიცხულია სამინისტროში არ შეემჩნიათ. 

„თავდაცვის სამინისტრომ ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ გამოცდილება სხვა  ქვეყნებისგან გაგვეზიარებინა. ამიტომ ეს ადამიანი მუდმივად შემოწმების და დაკვირვების ქვეშ იქნებოდა და ამის უგულვეყოფა არ მოხდებოდა“, -ამბობს პოლკოვნიკი ბერიძე „რეზონანსთან“. 

გაუჩნდა თუ არა ყოფილ ჯარისკაცს ფსიქოლოგიური პრობლემები ჯარის დატოვების შემდეგ   

მისივე თქმით, მსგავს მისიებში ქართველი ჯარისკაცები უფრო გამოირჩევიან ძლიერი ფსიქიკით, ვიდრე ამერიკელი ან სხვა ევროპელი ჯარისკაცი. ასეთი პოსტრავმული აშლილობა ამერიკულ ჯარში სტატისტიკურად ძალიან დიდია. ბერიძე ამბობს, რომ არაერთი ქართველი მებრძოლი დაიჭრა და დაშავდა მისიებში და ზოგი სიკვდილს სასწაულად გადაურჩა, მაგრამ მათ მსგავსი პრობლემები არ გასჩენიათ. 

„შესაძლოა ეს გარედან არ ჩანს, მაგრამ თავდაცვის სამინისტროს კარგად ორგანიზებული სამედიცინო სამსახური ჰყავს. ყველაფერი შეიძლება სამინისტროს და მის მესვეურებს დავაბრალოთ, მაგრამ შიგნიდან რაც ვიცი და რაც საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია ვისაუბრო, ამ კონტექსტში ვერ მოვედავებით. მისიებზე განსაკუთრებით ამერიკელებთან ერთად ვახორციელებდით ჯარის გაწვრთნას, მომზადებას და მათ გამოცილებას სწორედ ამ ტრავმებთან დაკავშირებით ვიზიარებდით. 

„ჯარისკაცებს კარგ და ჯანსაღ რეაბილიტაციას ვუტარებდით. მათ ჰქონდათ მისიამდე წასვლის წინ დასვენება, ასევე მისიიდან დაბრუნების შემდეგ არსებობს პროგრამები, რომლითაც მათ ვეხმარებოდით და  ისევ ვასვენებდით. 

„ამას მთელი სისტემა ემსახურებოდა, ამიტომ გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანის მდგომარეობა ვერავის შეემჩნია. აქ საქმე ვფიქრობ უკვე მისი ჯარიდან წამოსვლის შემდეგ დაწყებულ პრობლემებს ეხება. სამინისტროს ყველა ბერკეტი გააჩნია იმისთვის, რომ ასეთი პრობლემა აღმოაჩინოს. 

„გაცილებით დიდი სტერსია, როდესაც ამ დონის სამხედრო თავდაცვის სამინისტროს ტოვებს, სამოქალაქო ცხოვრებში გადადის და არ იცის რა გააკეთოს. მას ყველაფერი ნულიდან აქვს დასაწყები. ადამიანი უშემოსავლოდ დარჩა, ამ ხნის განმავლობაში ქვეყანას ემსახურა და ფიქრობს რატომ აღმოჩნდა ამ სიტუაციაში. ეს ფონი უფრო მძიმე ფსიქილოგიურ სტრესს იწვევს. მე მაინც მგონია, რომ მას პრობლემები სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ დაეწყო“, - ამბობს ბერიძე „რეზონანსთან“.  

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ მაიორი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ეს არის შემზარავი ფაქტი და რაიმე კონკრეტიკაზე  საუბარი რთულია, რადგან ბევრი დეტალის ცოდნაა საჭირო. მისივე თქმით, ეს პიროვნება 2008 წლის ომის  მონაწილეა, ამიტორმ მძიმეა ასეთი დამსხაურების  მქონე ადამიანზე, როგორც დამნაშავეზე საუბარი. 

„რა თქმა უნდა, მსგავსი  მისიების და მითუმეტეს ომში მონაწილეობის შედეგად  პოსტტრავმული აშლილობა ჩნდება. ეს ყველაზე ცნობილი დასალეთისთვის არის და იქ მსგავსი პორბლემა ძალიან ხშირია. განსაკუთრებით ასეთი დაავადება დაჭრის შემდეგ ვითადება. ჩვენ არ ვიცით იყო თუ არა ის ომში ან მისიის დროს დაჭრილი. თუმცა სამინისტროში ამის გამოპარვა შეუძლებელია. 

„2013 წლიდან არსებობდა ფსიქოლოგიური დახმარების ჯგუფი და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიდის. მაშინდელი ჯანდაცვის მისნისტრის დავით სერგეენკოს დახმარებით თავდაცვის სამინისტროს წეროვანის ცენტრი გადმოეცა. ის დაჭრილთა რეაბილიტაციის ცენტრად გადაკეთდა. ქართველი ჯარისკაცები რეაბილიტაციას ოჯახთან ერთად გადიოდნენ. 

„მერე, 2014 წელს, უკრაინელი ჯარისკაცები ოჯახებთან ერთადაც კი ჩამოდიოდნენ. ასე რომ, ჩვენს თავდაცვის სამინისტროში ეს სამსახური არსებობს და ამის უგულველყოფა, თუ მას პრობლემები ჰქონდა, არ მოხდებოდა. 

„ფაქტი ერთია, რომ სამხედრო მოსამსახურეს დახმარება არა მხოლოდ მაშინ სჭირდება, როცა ის ფორმით არის, არამედ ამის შემდეგაც. პიროვნებას, რომელიც ელემენტარულად ჯარიდან მიდის, სოციალური ადაპტირება და ახალ გარემოში დახმარება სჭირდება. მთელი ცხოვრება ოჯახს რომ ხარ მოწყვეტილი, გარკვეულ სტრესულ ვითარებაში ცოხვრობ და ამის შემდეგ ყველაფრის გარეშე გარეთ რჩები, ამას დახმარება სჭირდება. 

„სამწუხაროდ, საქართველოში არ არის მიღებული, რომ მსგავს პრობლემაზე ექიმს მიმართონ. ამ მხრივ ბევრი რამ არის გამოსასწორებელი. ძალიან ბევრი მოწმე ამბობს, რომ მას ოჯახში უსიამოვნება ჰქონდა და გაუშველებიათ კიდეც. ერთი კითხვა მაქვს ამ ადამიანებთან - თქვე კაი ხალხო, რატომ ერთხელ მაინც პოლიციაში არ დარეკეთ და ამის შესახებ არავის უთხარით? იქნებ ეს ტრაგედია თავიდან აგვეცილებინა და მართლა ამ საცოდავ ადამიანს  დახმარება სჭირდებოდა“, - ამბობს გენერალი „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×