ბაჩანა ტყემალაძე
21.01.2023

რამშტეინში გამართულმა სამიტმა, უკრაინისთვის შედეგი ვერ გამოიღო. დასავლელი მოკავშირეები ვერ შეთანხმდნენ უკრაინისთვის „ლეოპარდ-2" ტანკების გადაცემაზე. ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ომის მსვლელობაზე რუსების სასარგებლოდ აისახება.

კიევი გერმანიისგან სასწრაფოდ ითხოვს „ლეოპარდ-2"-ის ტიპის ტანკებს, მაგრამ რამშტეინში გამართულ სამიტზე, უკრაინამ ბერლინის დარწმუნება ვერ მოახერხა. გერმანიის გადაწყვეტილებაზე გავლენა ვერც ბერლინში გამართულმა მიტინგებმა ვერ მოიქონია, სადაც მოქალაქეები თავის მთავრობას ტანკების გადაცემისკენ მოუწოდებდნენ.

სამიტის დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რამშტეინის შეხვედრა მაინც გააძლიერებს უკრაინის თავდაცვისუნარიანობას.

„დიახ, ჩვენ მოგვიწევს იმისთვის ბრძოლა, რომ თანამედროვე ტანკები მოგვაწოდონ. ყოველდღიურად უფრო ცხადი ხდება, რომ ტანკების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ალტერნატივა არ აქვს," - თქვა ზელენსკიმ.

გერმანიის სოციალურ-დემოკრატიული პარტიის წევრი, კანცლერი ოლაფ შოლცი სკეპტიკურად უყურებს გერმანიის სამხედრო ჩართულობას რუსეთ-უკრაინის ომში და ამბობს, რომ გერმანია მხოლოდ მოკავშირეებთან შეთანხმებით იმოქმედებს.

„არსებობს კარგი მიზეზები იმისათვის, რომ უკრაინას ტანკები მივაწოდოთ და არსებობს ამის საწინააღმდეგო მიზეზებიც. ორივე მხარე ფრთხილად უნდა იყოს აწონილი", - განაცხადა კანცლერმა.

სამიტს ესწრებოდა აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინა „ლეოპარდების" გარეშეც კარგადაა აღჭურვილი. აშშ-მა სამიტის დაწყებემადე ისაუბრა 2.5 მილიარდი დოლარის ახალ სამხედრო დახმარების პაკეტზეც, მათ შორის ჯავშანტრანსპორტიორსა და „ბრედლის" საბრძოლო მანქანაზე.

„უკრაინა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ერთ პლატფორმაზე," - თქვა ოსტინმა რამშტეინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

გერმანიის ამ გადაწყვეტილებას თეთრი სახლიდანაც ეხმაურებიან. ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ თქვა, რომ „ლეოპარდი" შესანიშნავი თანამედროვე ტექნიკაა და თუ გერმანიას მისი უკრაინისთვის გადაცემა შეუძლია, აშშ მათ მხარს დაუჭერს".

აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები უკრაინას ურჩევენ, რომ რუსული ძალების წინააღმდეგ ძირითადი შეტევა მანამ შეაჩეროს, სანამ აშშ-ის შეიარაღების მიწოდება და სამხედრო პერსონალის შესაბამისი გადამზადება არ მოხდება.

გერმანიის სამთავრობო წყაროებმა ასევე განაცხადეს, რომ გერმანია „ლეოპარდების" უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე მაშინ გადავა, თუ აშშ დათანხმდება „აბრამსის" ტანკების უკრაინისთვის გაგზავნას. ამის საპასუხოდ, აშშ ამტკიცებს, რომ „აბრამსი" უკრაინული ჯარებისთვის მხოლოდ „თავის ტკივილთან" ასოცირდება, რადგან აღნიშნული მოდელისთვის საჭირო საწვავი და ტექნიკური მოვლა სხვა აღჭურვილობებისგან განსხვავდება.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც უკრაინას დამატებით ტანკებსა და სამხედრო აღჭურვილობას აწვდიან, კონფლიქტის კურსზე გავლენას ვერ იქონიებენ და მეტიც, ისინი უკრაინელი ხალხისთვის ახალ პრობლემენს შექმნიან.

უკრაინის დასავლელი მოკავშირეების ამ გადაწყვეტილებაზე „რეზონანსთან" საუბარში ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ უკრაინის მდგომარეობა კრიტიკულია და მათთვის მძიმე ჯავშანტექნიკის, მით უმეტეს, „ლეოპარდის" და „აბრამსის" ტიპის ტანკების გადაცემა სასიცოცხლოს მნიშვნელოვანია.

„ჰოლანდიელები უკრაინელებს ავიაგამანადგურებლებს, „მ-16"-ებს შეპირდნენ, მაგრამ ეს რამდენად გამოასწორებს უკრაინის ამჟამინდელ მდგომარეობას, სადავო საკითხია. გერმანია და ამერიკა რაღაც დოზით იმიტომაც იკავებენ თავს ტანკების გადაცემისგან, რომ არ უნდათ მათი თანამედროვე აღჭურვილობა რუსეთმა ჩაიგდოს ხელში, რაც უკვე არაერთხელ მომხდარა და ამერიკული/გერმანული ტექნიკა რუსეთის ხელში დამეთანხმებით, რომ კარგს არაფერს მოიტანს.

„გაზაფხულის სტრატეგიული შეტევებისთვის უკრაინას არ აქვს საკმარისი რესურსები. მათ 12 „ლეოპარდის" და 12 „აბრამსის" ტიპის ტანკი უნდა გადაცემოდათ, რაც ორი სატანკო ბატალიონია, მათ გარეშე კი სიტუაციის მიმდინარეობაზე რუსეთის სასარგებლოდ აისახება", - განაცხადა ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×