ელზა პაპოშვილი
20.01.2023

რუსეთთან ფრენების შესაძლო აღდგენას ოფიციალური თბილისიდან არაერთგვაროვანი განცხადებები მოჰყვა. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აზრი ორად გაიყო და სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რატომ შეიძლება  კრემლმა ამის გადაწყვეტილება მიიღოს. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის ამ ინიციატივას არ მიესალმება. ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ რუსეთს ჩვენი ხელისუფლების დასაჩუქრება უკრაინის ომთან დაკავშირებული პოზიციის გამო ამ ფორმით სურს.   

18 იანვარს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ „უკრაინის საკითხზე საქართველოს დამოუკიდებელი პოზიციის გათვალისწინებით“, საქართველოსთან საჭიროა არა მხოლოდ ავიამიმოსვლის, არამედ სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაც. მისი თქმით, საქართველოში რუსეთის საკონსულო სამსახურისა და საელჩოს არსებობა ხელს შეუწყობს „კონტაქტებისა და საქართველოში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის დახმარების გაწევის შესაძლებლობების გაფართოებას”.  

არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა.

„არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას! იმ დროს, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, სიტყვით თუ საქმით, მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის თავდადებულ ბრძოლას, ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის, მთავრობის და მმართველი პარტიის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია.

ვერ გავიზიარებ არგუმენტს, რომელსაც იშველიებენ ამ პოზიციის გასამყარებლად, ანუ ვითომც ეს რუსეთში მცხოვრები ქართველების პრობლემების შემსუბუქებას ემსახურებოდეს. თუნდაც იმიტომ, რომ თვეების განმავლობაში, ჩემი ყველა მცდელობის მიუხედავად, ვერ მივაღწიე შედეგს მოქალაქეობის მინიჭების კრიტერიუმების გამარტივებასთან დაკავშირებით - საკითხზე, რომელიც ყველაზე მეტად აღელვებს უცხოეთში და მათ შორის, რუსეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. ამ დროს, თუ რაიმე გვახსოვს რუსეთის უკვე მოძველებული ხრიკებისა, უნდა გვესმოდეს, რომ კრემლი ასეთი თემებს მაშინ "გამოაგდებს", როცა იმედი აქვს, რომ რაიმე ბზარს გააჩენს ჩვენსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის. ამის დაშვება დაუშვებელია!

ამის მაგივრად, როგორც არაერთხელ უკვე მოვუწოდე მთავრობას, აუცილებელია, სერიოზულად იყოს შესწავლილი რუსეთის მოქალაქეების შემოდინების საკითხი, ყველა თავისი - სოციალური და პოლიტიკური პარამეტრით, რათა საზოგადოებას გაუჩნდეს განცდა, რომ მისი ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოება გათვალისწინებული და დაცულია. გვჭირდება რეგულაციები - სამუშაო უფლებების, ბიზნესის რეგისტრაციის, საკუთრების შეძენის, თუ რუსულენოვანი სკოლების გახსნის საკითხთან მიმართებაში.

ასევე, ფრენების აღდგენის მაგივრად, მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, კატეგორიულად პასუხობდეს ქვეყნის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს - საქართველოს გზით სანქციების გვერდის ავლის შესახებ! ეს ყოველივე მოითხოვს სერიოზულ სახელმწიფოებრივ მიდგომას და ბრალდებების უარყოფას, რომელიც იქნება კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული!" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.    

რუსეთი ასაჩუქრებს საქართველოს უკრაინაზე მისი პოზიციისთვის და ივანიშვილის დეპუტატების განცხადების კვალდაკვალ, რომ ევროკავშირი და ნატო პანაცეა არ არის, სთავაზობს ყველა სახის თანამშრომლობის აღდგენას, დიპლომატიური ურთიერთობის ჩათვლით,“ - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ღალატი.

„რუსეთი ასაჩუქრებს საქართველოს უკრაინაზე მისი პოზიციისთვის და ივანიშვილის დეპუტატების განცხადების კვალდაკვალ, რომ ევროკავშირი და ნატო პანაცეა არ არის, სთავაზობს ყველა სახის თანამშრომლობის აღდგენას, დიპლომატიური ურთიერთობის ჩათვლით. ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ღალატი“,- წერს გახარია. 

სერგეი ლავროვი ყოველთვის იმ პერიოდში გამოჩნდება ხოლმე, როცა „ნაცმოძრაობაში“ ან შიგნით არის არეულობა, ან მისი ქმედებები სკანდალურია და საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული - 2012 წლის შემდეგ არ ყოფილა შემთხვევა, რომ „ნაცმოძრაობას“ რაიმე უჭირდა და რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნებმა შესაბამისი განცხადება არ გააკეთეს, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გია ვოლსკი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებულ პოზიტიურ შეფასებას.

ვოლსკის თქმით, როგორიც არ უნდა იყოს სერგეი ლავროვის განცხადება, საქართველო იმ პოლიტიკას ატარებს, რაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებს შეესაბამება.

მისივე შეფასებით, ამ თემაზე ოპოზიციის განცხადებები „ხავსთან ჭიდილია, რათა იმ მღვრიე დინებიდან ამოვიდნენ, რომელიც საკუთარ თავს თავად შეუქმნეს“.

„აბსოლუტურად დაუსაბუთებელია ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველო რუსეთის სასარგებლოდ რაღაც ეკონომიკურ საქმიანობაშია ჩართული. რუსეთის განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში გარკვეული დესტაბილიზაციის და რყევის სიტუაცია მუდმივად იყოს. ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და აკეთებს განცხადებებს. მთავარია ის, რა ინტერესი გააჩნია საქართველოს. საქართველოს ინტერესია, არ დაუშვას დესტაბილიზაცია, მეორე ფრონტის გახსნა და საქართველოს ჩართვა საომარ მოქმედებებში. ასევე უზრუნველყოს განვითარება მიუხედავად მსოფლიოში არსებული ტურბულენტური სიტუაციის. „ნაცმოძრაობის" ინტერესია, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია იყოს. უნდათ, რომ ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ და ის გააკეთონ, რაც ჩაფიქრებული აქვთ და რაზეც ღიად ლაპარაკობენ.

რუსეთისთვის საქართველოში დესტაბილიზაციის არსებობა საინტერესო და მნიშვნელოვანია იმდენად, რომ აქ არ მოხდეს საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გამოყენების სრული რეაბილიტაცია. სიტუაციის შერყევის მიზანი „ნაციონალური მოძრაობისთვის" და რუსეთისთვის ერთია, შინაარსია - სხვადასხვა“, - განაცხადა ღია ვოლსკიმ.

რაც შეეხება ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხს, ვოლსკის თქმით, „რუსეთი დაპირისპირებულია დასავლეთთან, ჩვენ ჩვენი პოლიტიკით დასავლეთის ნაწილი ვართ და ფრენების საკითხს პროპაგანდისტულ ველზე გარკვეული უხერხულებები ახლავს“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×