ელზა პაპოშვილი
20.01.2023

საგარეჯოში მომხდარი საზარელი თავდასხმის შესახებ „რეზონანსისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივები გამოცემასთან დეტალურად იხსენებენ უმძიმეს ღამეს და სისხლიანი თავდასხმის დეტალებს ჰყვებიან. კვლავ უცნობია, რატომ დაიწყო მეოზბლების დახოცვა 49 წლის ყოფილმა სამხედრო  ნოდარ ათუაშვილმა. ახლა ყველფერი მის 19 წლის ვაჟზე  ე.წ. ოქროს მოწმეზეა დამოკიდებული, რა ინფორემაციას მიაწვდის გამოძიებას. მას სამართალდამცველები ჯერ კიდევ დედასთან და დასთან ერთად კითხავენ. ბიჭმა  უნდა მოუყვეს  სამართალდამცველებს დეტალები, რა გახდა მოტივი და  რის გამო გახდა ყოფილი სამხედრო უმართავი.

გამოძიება,  სავარაუდოდ, ჯერჯერობით მუშაობს იმ ვერსიაზე, რომ მას პოსტრავმული აშლილობა ჰქონდა, რის შედეგადაც ჩადენილ ქმედებას ვერ ათვიცნობიერებდა.  ათუაშვილმა თვითმკვლელობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დაინახა, რომ ადგილზე უკვე სპეცრაზმი მივიდა. სპეციალური დანიშნულების რაზმის მიუხედვად მან იარაღის დაყრაზე უარი განაცხადა, სახლში შესულ პოლიციას კი ის უკვე საწოლზე გარდაცვლილი დახვდა. თან ჰქონდა ხელყუმბარები და ავტომატური იარაღი. მანამდე კი 5 ადამიანის მოკვლა და 5-ის დაჭრა მოასწრო. მათ შორის ერთ-ერთი სამართალდამცველი ნოდარ ღვიანიაშვილია, რომლიც 18 წლის გოგონას გადაეფარა. 

როგორ ვითარდებოდა  მოვლენები  სისხლიან ღამეს  საგარეჯოში  

ადგილობრივები  ამ დრომდე შოკურ მდგომარეობაში არიან, მათ უჭირთ მძიმე ღამის შედეგებსა და მომხდარის დეტალებზე საუბარი, თუმცა ისინი დეტალების გახსენებას ქრონოლოგიურად ცდილობენ. მათი ინფორმაციით, ნოდარ ათუაშვილმა ცეცხლის გახსნა მეზობლებისთვის  ღამის პირველ საათზე დაიწყო. მათთვის უცნობია რა გახდა მიზეზი რის გამოც მან უმისამართო სროლა დაიწყო. როგორც ისინი ყვებიან, ყოფილ სამხედროს იარაღის არსენალი სახლთან მდებარე ავტოფარეხში ჰქონდა შენახული. სწორედ ავტოფარეხიდან გამოსულმა ათუაშვილმა  მოულოდენლად მაღაზია „იოლის“ მისამართით სროლა დაიწყო. როგორც ადგილობრივები ვარაუდობენ, მისი სამიზნე თავდაპირველად მაღაზია იყო. რა უძღოდა ამ სისხლიან ანგარიშსწორებას წინ არავინ იცის. ამის შემდეგ კი ყოფილი სამხედრო სახლში ადის და კორპუსის ბინის მე-3 სართულის აივნიდან მეზობლების მისამართით სროლას აგრძელებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ის სახლის ორი აივნდიდან, მონაცვლეობით ისვროდა. ავტომატის მჭიდის დაცლის თანავე  კი მას ხელახლა ავსებს და დაჭრილების დასახმარებლად მისულ მეოზბლებს ესვრის.  

„დასახლებულ ტერიტორიაზე ერთმანეთის გვერდით 4 კორპუსია განლაგებული და ყველა ადგილობრივი მცხოვრები ისმენდა და უყურებდა ამ დროის მანძილზე როგორ ვითარდებოდა მოვლენები. მას  საკმაოდ დიდი რაოდენობით ტყვია-წამალი ჰქონდა მომარაგებული იქიდან გამომდინარე, რომ არაერთი მჭიდი დაცალა. ეს ჯოჯოხეთი კი 1 საათი გრძელდებოდა.  კაცი, რომელიც ჩვენს მეზობლად 5 წელი ცხოვრობდა, შედის ავტოფარეხში და იქიდან ავტომატი გამოაქვს. ეზოში გამოსვლისთანავე მაღაზიის მისამართით სროლას იწყებს. 

არავინ იცის რატომ და რა გახდა ამის მიზეზი. მაღაზიაში მყოფი თანამშრომლები და სხვა პირები ამ დროს დაჭრა. მაშინვე  პოლიციის გამოძახება მოხდა. ის ესვროდა  ყველას ვინც კი მაღაზიიდან გამოვიდა ან თავის შესაფარებლად  გარბოდა. ამის შემდეგ ის სახლში შედის და სახლის მესამე სართულიდან სროლას აგრძელებს. ეს ბიჭები, რომლებიც დახოცილები არიან, სავარაუდოდ, ნათლისღებასთან დაკავშირებით საიდანღაც ერთად გამოვიდნენ. ყველა მათგანს დამიზნებით ესროლა. ვინც თავს გაქცევით უშველა ისინი გადარჩნენ. ხოლო მათ დასახმარებლად მისულ მეოზობლებსაც ესროდა. ამის შემდგე ადგილზე  პოლიცია მოვიდა, რომლიც სიტუაციაში გარკვევას ცდილობდა, ამ დროს კი ის დამიზნებით, როგორც ამბობე,  სნაიპერი იყო, ახალგაზრდა ქალის მოკვლას ცდილობდა, თუმცა მას პოლიციელი გადაეფარა, მას  ტყვია  გულში მოხვდა. ამის შემდგე კი ადგილზე უკვე სპეცრაზმი მოვიდა და თავი  მოიკლა“,-უყვება „რეზონანსს“ ადგილობრივი.  

კიდევ ერთი თვითმხილველი ყვება, რომ სამსახურიდან სახლში ახალი მისული იყო, როდესაც  სროლის და ყვირილის ხმა შემოესმა. ფანჯარაში გაიხედა და დაინახა, რომ ხალხი გარბოდა და ყვიროდნენ თავისთვის ეშველათ. ამის შემდგე კი პოლიციელების ხმა გაიგონა, რომლებიც ყვიროდნენ, რომ მათი თანამშრომელი მოკლა. 

„მეძინა, ასე ღამის პირველი საათი, ორი იქნებოდა  დაწყებული, განწრული ყვირილის ხმა და ავტომატის გაუჩერებელი,  ერთმანეთზე მიყოლებული ჯერის ხმა გავიგე. ფანჯარაში გავიხედა და  დავინახე ჩემი მეზობელი ახალგაზრდა ბიჭები გარბოდნენ. ისინი  მაღაზიისკენ გაქცევას  თავის შეფარებას ცდილობდნენ. ვფიქრობ ორი იარაღიდან ისროდა. ამ დროს პოლიციის ხმა გავიგე, რომ მათი თანამშრომელი იყო მოკლული. ამასობაში კი კარზე ბრახუნის ხმაც შემომესმა.  კარი  გავაღე და ჩემი მეზობლის ბიჭი ფეხებში დაჭრილი დამხვდა. მითხრა მიშველე,  ვიღაც გვხოცავსო. 2 საათი დაჭრილი ბავშვი სახლში მეწვა და სისხლად იცლებოდა, გარეთ ვერ გავდიოდით. არაყი დავახსი და ფეხი მაგრად გავუკარი, რომ არ მომკვდომოდა. სროლას უბრალოდ არ წყვეტდა. მერე პოლიკლინიკაში წავიყვანე და ვეხვეწებოდი ექიმებს გადაერჩინათ. ეს იყო საგიჟეთი, რომლის მნახველიც არასდროს ვყოფილვარ“,-ყვება კიდევ ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.   

რას ყვებიან თავდამსხმელის მეზობლები სოფელ მანავიდან   

როგორც ყოფილი სამხედროს ოჯახის და ახლობლების ინფორმაციიდან ირკვევა,  ნოდარ ათუაშვილი 2006 წლიდან 2021 წლამდე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი იყო. ის სავარაუდოდ, 2008 წლის ომში იღებდა მონაწილეობას და ასევე რამდენჯერმე საერთაშორისო მისიაში ავღანეთში იმყოფებოდა.  მან უწყება 2021 წელს დატოვა. ამ დრომდე უცნობია, რა გახდა მისი თავდაცვის სამინისტროდან წამოსვლის მიზეზი. მეზობლები ამბობენ, რომ ის სამსახურიდან გამოუშვეს. მას დამსახურებული მსახურებისთვის მენდლები და ჯილდოები ჰქონდა მიღებული. მეზობლები ამბობენ, რომ ის საკმაოდ ჩაკეტილი და უკონტაქტო პირი იყო, რომელსაც ურთიერთობა მანავში მცოხვრებ ძმასთანაც არ ჰქონდა. მან სოფელ მანავში ბინა 5 წლის წინ გაყიდა და ცოლ-შვილთან ერთად საცხოვრებლად  საგარეჯოში გადავიდა. მეოზობლები ამბობენ, რომ ის ცოლზე სისტემატიურად ძალადობდა და ამის მოსმწრენი თავადაც არიან. ჯერჯერობით უცნობია საიდან ჰქონდა ამ დონის შეიარაღება ათუაშვილს და იყო თუ არა ეს თავდაცვის სამინისტროდან წამოღებული. 

რაც შეეხება ოჯახს, ირკვევა, რომ ქალს შვილთან ერთად ყოფილმა მეუღლემ ცოლს  სახლის დატოვება აიძულა. მეზობლების თქმით, ათუაშვილის მხრიდან ქალი მუდმივად ძალადობის მსხვერპლი იყო. მასზე ძალადობდა როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად და ამის შესახებ მეზობლებმა იცოდნენ. მეტიც, ნოდარ ათუაშვილთან დაკავშირებით საუბრისას მეზობლებმა აღნიშნეს, რომ კაცი თავის შვილზეც ძალადობდა. ეს სწორედ ის შვილია, რომელიც გუშინ შემთხვევის დროს მის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა და მხოლოდ იმიტომ გადარჩა ცოცხალი, რომ მან თავს გაქცევით უშველა. ის მეზობლების გაფრთხილებას ციდდლობდა, რომ გარეთ არ გამოსულიყვნენ. 

„რაც იცხოვრეს ერთად, სულ ცემა-ბეგვაში ჰყავდა... ერთხელ უდაბნოს გზაზეც მიატოვა თურმე ნაცემი გოგო. მერე შემთხვევით რაღაც მანქანა გამოვიდა და იმას გამოყოლია. მეზობლები მისი უსაქციელობის მომსწრენი არა ერთხელ ვყოფილვართ. თუ ვინმე პოლიციას გამოვიძახებდით მოკვლით და იარაღით გვემუქრებოდა.. სხვადასხვა ომებში ნამყოფი  იყო და მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. ძმასთანაც არ ჰქონდა კომუნიკაცია. როგორც ვიცი ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. მერე აქ სოფელში სახლი გაყიდა და ცოლ-შვილთან ერთად საგარეჯოში საცხოვრებლად გადაივდა.   ცოლს ხან გააგდებდა და ხანაც შეურიგდებოდა. მოუვლიდა რაღაცა და ხან ეჭვიანობდა და ხან რას იგონებდა. 2 კვირის წინ  სახლიდან ეს საწყალი გოგო ქალიშვილთან ერთად გაუგდია.  წადი აქედანო, ჩემი ბინააო. ბიჭი 19 წლის არის და მასთან საცხოვრებლად დარჩა. ბავშვზეც ძალადობდა ხოლმე,“ - აცხადებენ მეზობლები „რეზონანსთან“  სოფელ მანავიდან.

კიდევ ერთი მეზობელი ამბობს, რომ სამსახურიდან გამოშვების შემდეგ მას მძიმე ეკონომიური და სოციალური პრობლემები ჰქონდა. არსად მუშაობდა და თავს ხელნაკეთი დანებით ირჩენდა. 

„ბოლოს რომ ვანხე მითხრა სამსახურიდან გამომიშვესო. არ უქვამს რატომ და მეც აღარ ჩავძიებულვარ. ეტყობოდა, რომ ამ ფაქტს ძალიან განიცდიდა. წლებია თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და მართლა სხვა არაფერი იცოდა. საკამოდ კარგი თანამშრომელი იყო. არასდროს სამსახურში პრობელემები არ ჰქონია, პირიქით, მუდმივად მადლობები და დამსახურებული თანამშრომელი იყო. რა მოხდა ჯარში და რა გახდა მისი გამოშვეის მიზეზი არ ვიცით. დანების გაკეთებით და მისი გაყიდვით ვირჩენ თავსო ასე მითხრა ბოლოს რომ ვნახე“, - ამბობს კიდევ ერთი მეზობელი მანავიდან „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×