ელზა პაპოშვილი
29.11.2022

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ მიერ მომზადებული დასკვნა უკვე მზადაა და ადვოკატები უახლოეს დღეებში მიმართავენ შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს. თავად სააკაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკას ემიჯნება. ამ ფონზე ლევან ხაბეიშვილის მიერ 3 დეკემბერს დანიშნული აქცია სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თავად ენმ-ის ლიდერთა ნაწილს გაუმართლებლად მიაჩნია. რამდენად შესაძლებელია მმართველ პარტიასა და სააკაშვილს შორის მის მომავალზე გარკვეული მოლაპარაკება მიდიოდეს?

ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ საუბრისას არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი კომუნიკაცია სააკაშვილსა და ხელისუფლებას შორის მიმდინარეობდეს. ვაჭრობის თემა კი მიხეილ სააკაშვილის  პოლიტიკიდან დისტანცირება იყოს. ამ ეჭვს კი სააკაშვილის მიერ ლევან ხაბეიშვილისთვის შემოთვლილი განცხადებაა, სადაც ის ამბობს, რომ მისთვის ახლა რაიმე სახის პოლიტიკური აქტიურობა შესაძლოა დამაზიანებელი იყოს. ანალიტიკოსები დასავლეთის ბოლო დროს აქტიურობასაც აღნიშნავენ და ფიქრობენ, რომ ყველაფერი ერთმანეთს დროში საეჭვოდ ემთხვევა. 

სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ცნობით, მან ექსპრეზიდენტს მისი სამედიცინო დასკვნა გააცნო და სააკაშვილის სურვილია, რომ ეს არ გასაჯაროვდეს.

„მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დიაგნოზი გავაცანი და მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ უნდა გასაჯაროვდეს. დიაგნოზი ჯდება იმ ჩამონათვალში, რომელიც ითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანების მიხედვით სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებას. ვნახოთ, სასამართლოს გათავისუფლებას მოვთხოვთ თუ გადავადებას, შევიკრიბებით იურისტები და გადავწყვეტთ“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ამასთან, ადვოკატს თქმით, სასჯელის გადავადების საკითხს სასამართლო წყვეტს და არა პოლიტიკოსები.

„შეკვეთილი მაქვს რამდენიმე ცალი მოსამართლის მანტია, ყველა ვინც გააკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც მათ კომპეტენციაში არ შედის, საჩუქრად გავუგზავნი მოსამართლის მანტიას. ჩაიცვან სახლში და იარონ მოსამართლის მანტიით. მათი გადასაწყვეტი არ არის სააკაშვილს სასჯელი გადაუვადდება თუ არა, ამას სასამართლო წყვეტს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ხელისუფლების რეაქცია

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრისას, სამშაბათს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა უტარდება, თუმცა სახელმწიფო სთავაზობს მას ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას მის მკურნალობაში ჩაერთოს. 

„უნდა შევახსენოთ ყველას, რომ მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში და მსგავსი ტიპის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია. კანონის წინაშე თანასწორობა, ეს არის ერთ-ერთი მთავარი კონსტიტუციური ღირებულება, რომელიც თანაბრად ვრცელდება ამ ქვეყანაში მყოფ ნებისმიერ პირზე და კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული. 

„ასევე კარგად არის ცნობილი, რომ ცენტრი „ემპათია“ ატარებს დამოუკიდებელ ექსპერტიზას, რომელშიც ჩართულები იყვნენ უცხოელი ექსპერტები და სახელმწიფომ თითოეულ მათგანს მისცა შესაბამისი ნებართვები დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემდგომ. 

„გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო თითოეული ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება, ახლაც გამოვთქვამთ მზადყოფნას და მსჯავრდებულ სააკაშვილს ვთავაზობთ ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას ჩაერთოს მის მკურნალობაში“, - აცხადებს რატი ბრეგაძე. 

მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდგომ სამინისტრომ მყისიერი რეაგირება მოხდინდა, მაგრამ სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი თავად ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა.

მინისტრის განცხადებებს ურთიერთგამომრიცხავს უწოდებს სააკაშვილის ადვოკატი.

„თუ ადეკვატური მკურნალობა უტარდება, მაშინ რატომ გვთავაზობს იუსტიციის მინისტრი უცხოელი ექიმის ჩამოყვანას? ერთ განცხადებაში ორი ერთმანეთის გამომრიცხავი პოზიცია არის. თუ კვალიფიციური დახმარება უტარდება და ყველაფერი კარგად აქვს, მაშინ, რატომ უნდა ჩამოვიყვანოთ უცხოელი ექიმი? თუ კარგი მკურნალობა უტარდება, რატომ მძიმდება პაციენტის მდგომარეობა ყოველდღიურად?“ - აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

გაურკვევლობა „ნაციონალურ მოძრაობაში“  

„ნაციონლურ მოძრაობაში“ კი სააკაშვილის  ჯამრთელობის ირგვლივ თავმჯდომარეობის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის ირგვლივ დაანონსებულ აქტიურობასთან დაკავშირებით აზრთასხვადასხვაობაა. თავად მიხეილ სააკაშვილმა ხაბეიშვილს ეკა ხერხეულიძის პირით შემოუთვალა, რომ ახლა ნებისმიერი სახის პოლიტიკური აქტიურობა, მასვე დააზიანებს. არადა ლევან ხაბეიშვილმა 3 დეკემბერს "ქართული ოცნების" ოფისთან აქცია დაანონსა.    

„მე ჩემს თანამებრძოლებთან და მხარდამჭერებთან ერთად შაბათს, 3 დეკემბერს 15:00 საათზე, "ქართული ოცნების" ოფისთან, იქ, სადაც მიიღება რეალური გადაწყვეტილებები, მოვითხოვთ მთავარ რამეს, არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ გვაქვს, გვაქვს ერთი მოთხოვნა მხოლოდ, სააკაშვილის გადაყვანა, ჯანმრთელობა და სიცოცხლის უზრუნველყოფა," - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

ჩემი პოზიციაა, რომ ახლა, როცა სასამართლოში ექსპერტიზის დასკვნა და შუამდგომლობა უნდა შევიდეს, რაღაცნაირი აქტიურობა დამაზიანებელი არ იყოს, რადგან მიხეილ სააკაშვილის გაცხადებული პოზიცია ვიცით, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ლევან ხაბეიშვილის მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის საკითხი დადგება, მივა.

"მე ჩემი პოზიცია ამაზე ვუთხარი ყველას, ვისაც ჩემს ძალიან ახლო მეგობრად ვთვლი. ახლა, როცა სასამართლოში ექსპერტიზის დასკვნა და შუამდგომლობა უნდა შევიდეს, მიმაჩნია, რომ რაღაცნაირი აქტიურობა დამაზიანებელი არ ყოფილიყო, რადგან მისი პოზიცია ვიცით გაცხადებული. ახლა მთელი ფოკუსი უნდა იყოს იმაზე, როდის შევიდეს სასამართლოში შუამდგომლობა, თორემ, სადაც იქნება სააკაშვილის უფლებებზე საუბარი, მეც მივალ და ყველა მივა, ჩვენ ყველას გვევალება, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება დავასრულოთ,"- განაცხადა დეკანოიძემ. 

ვაჭობს თუ არა ხელისუფლება სააკაშვილთან 

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული მიხეილ სააკაშვილისა და ხელისუფლებას შორის რაღაცა გარიგების პროცესი მიმდინარეობდეს. ანჯაფარიძე არ გამორიცხავს სააკაშვილი რაღაცის სანაცვოდ მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვებას ან შეწყალებას ითხოვდეს. თუმცა ხელისუფლება რამდენად დასთანხმდება ანალიტიკოსისთვის ცოტა გაუგებარია. ის არ გამორიცხავს, რომ როცა სააკაშვილი უცხოეთში გავა, ცოტა მოკეთდება, მან პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩარევა ისევ დაიწყოს.

„სააკაშვილს სიტყვა არაერთხელ დაურღვევია. ამიტომ რაზე შეიძლება მასთან ხელისუფლება ქვეყნიდან გაყვანის ან შეწყალების საფასურად გარიგდეს, ჩემთვის ცოტა გაუგებარია. ამ ეჭვებს ისიც აძლიერებს, რომ ბოლო დროს ამერიკელები და ევროპელები სააკაშვილის ირგვლივ ძალიან გააქტიურდნენ. ზოგი მათგანი საზღვარგარეთ გაშვებას ითხოვს, ზოგიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალებას სთხოვს. ადრე ასეთი აქტიურობა არ იყო. 

„ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ დასავლეთმა და ამერიკამ დაინახა ოპოზიციის რიგებში აქამდე სააკაშვილის მსგავსი ქარიზმატული და საერთაშორისო წონის ლიდერი ვერ გამოიკვეთა. ამიტომ ჯერ კიდევ ცდილობენ სააკაშვილისგან ბოლო შესაძლებლობები გამოწურონ. არ გამოვრიცხავ დასავლეთს მისი პოლიტიკური რეამინაციის იმედი კიდევ ჰქონდეს. საზღვარგარეთ წაიყვანენ, დაასვენებენ, მოაფერიანებენ და  პოლიტიკურ საქმეებში ისევ ჩაერთვება. ოღონდ იმაზე უფრო  ჭკიანურად იზამს ამას, ვიდრე ეს ერთი წლის წინ გააკეთა. 

„მოკლედ, ორივე ვარაუდს არსებობის უფლება აქვს. ან სააკაშვილი ხელისუფლებასთან გარიგებას ცდილობს, ან დასავლეთი ცდილობს, რომ სააკაშვილი ქვეყნიდან გაიყვანოს. რომელი უფრო რეალურია, ეს ცოტა ხანში გამოჩნდება“, - ამბობს ანჯაფარიძე „რეზონანსთან“.

სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ქულების დაგროვების საშუალება

რაც შეეხება იმას, იყენებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატები მიხეილ სააკაშვილის თემას წინასაარჩევნო კამპანიისთვის, ანჯაფარიძე ამბობს, რომ ენმ-ის დღის წესრიგში სააკაშვილის  საკითხი ასე მძაფრად არ იდგა. თუმცა დასავლეთში გაკეთებული ოფიციალური განცხადებებისა და მიღებული რეზოლუციების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

„სააკაშვილის საკითხმა ისევ წინა პლანზე წამოიწია. ამიტომ ყველა ცდილობს ისევ მის გარშემო იმოქმედოს. მისივე პარტიაში ფიქრობენ, რომ სააკაშვილის ჯამრთელობა პოლიტიკური ქულების ჩასაწერად მშვენიერი საშუალებაა. ამიტომაც ლევან ხაბეიშვილიც შანს ხელიდან არ უშვებს და ცდილობს ყველას აჩვენოს, რომ სააკაშვილის ჯამრთელობა აღელვებს და ამისთვის მოქმედებს. 

„ენმ-ის ამომრჩეველი მხოლოდ სააკაშვილის ფანებისგან არ შედგება. ამიტომ მთელი პარტიის ძალისხმევა მხოლოდ მის გათავისუფლებაზე რომ იყოს ორიენტირებული, ეს ამომრჩეველს ვერ მოიზიდავს. ამ შემთხვევაში მელია მართალი იყო, როცა ამბობდა - მთელი პარტიის დღის წესრიგი მხოლოდ ამაზე ვერ იქნება აწყობილიო“, - ამბობს ანჯაფარიძე „რეზონანსთან“.  

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი კი ფიქრობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი პოლიტიკური ქულების დაწერის და გამოყენების საშულებად როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე მისივე პარტიისთვის იქცა. როგორც ზურაბიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, საუბარი სააკაშვილის უდანაშაულობაზე სრული აბსურდია და ამიტომაც მისი ჯამრთელობის  საკითხი პოლიტიკურ კონტექსტში არ უნდა იყოს განხილული. ზურაბიშვილის აზრით, ამას თავად სააკაშილიც აცნობიერებს და ამიტომაც ლევან ხაბეიშვილს შემოუთვალა, რომ მისი ჯამრთელობა პოლიტიკური სპეკლაციების საგანი არ უნდა იყოს. 

„სააკაშვილი უკვე ერთი წელია ციხეში ზის და კარგად დაინახა, რომ მსგავსი აცქიები არაფერს შველის. ის მიხვდა, რომ ორივე მხარე - ხელისუფლებაც და „ნაციონალური მოძრაობაც“ მისი ჯამრთელობით სპეკულირებენ. ამიტომ ცდილობს, რომ პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირებული იყოს. რატომ ხელისუფლება არ ცდილობს შექმნას დამოუკიდებელი ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც კონკრეტულ დასკვნას დადებს? იმიტომ, რომ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ეს გაურკვევლობა სჭირდება.

„არ ვიცი, შესაძლოა  ვაჭრობენ კიდევაც სააკაშვილთან, მაგრამ ასეთ კონსპირაციებში შესვლა არ მინდა, რადგან ზუსტად არავინ იცის რა შეიძლება ხდებოდეს. სასამართლოზე ისრების გადატანა გასაგებია, რადგან მოსამართლემ მსგავსი გადაწყვეტილება რომ მიიღოს, მასაც კონკრეტული საექსპერტო დასკვნა სჭირდება. ამიტომ მივიჩნევ, რომ სააკაშვილის ჯამრთელობის საკითხი არ უნდა იყოს პოლიტიკური სპეკულაციების თემა. ამიტომაც ცდილობს ის, რომ პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირებული იყოს“, - ამბობს ზურაბიშვილი „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×