„მანამდე მოკავშირეები მოსკოვში ჩადიოდნენ და ახლა სომხეთს თვითონ უნდა ესტუმროს, რომ თავის „ერთგულება“ დაუმტკიცოს“
თამთა ჩაჩანიძე
21.11.2022

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერევანში ჩადის, სადაც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაა დაგეგმილი. ანალიტიკოსთა შეფასებით, უკრაინაში ომისა და დასავლური სანქციების ფონზე, სიტუაცია შეიცვალა, რუსეთი ახლა მოკავშირეებს ეძებს და ქვეყნებს ახლა უკვე თავად სტუმრობს.

ამასთან, როგორც შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რუსეთი შეშფოთებულია იმით, რომ სომხეთში ანტირუსული განწყობები იზრდება. ამასთან, მიიჩნევს, რომ პუტინის ვიზიტი ყარაბაღის ამჟამად არსებულ ვითარებაზე გავლენას არ მოახდენს.

როგორც სომხური მედია წერს, 23 ნოემბერს ერევანში კუხო-ს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უხელმძღვანელებს. განხილული იქნება საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების აქტუალური საკითხები და საპარლამენტთაშორისო სფეროში კუხო-ს საქმიანობის ძირითადი შედეგები.

წყაროს თანახმად, „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება კუხო-ს კრიზისებზე რეაგირების სისტემის სრულყოფა და სომხეთისთვის დახმარების გაწევის ერთობლივი ღონისძიებების განხილვა. იგეგმება კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს დეკლარაციის მიღება. როტაციის გამო, განიხილავს კუხო-ს გენერალური მდივნის საკითხს".

„დიახ, რა თქმა უნდა, იგეგმება შეხვედრა", - განუცხადა კრემლის პრეს სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, იგეგმება თუ არა პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში. პესკოვის განმარტებით, შეხვედრა ოთხშაბათს ერევანშია დაგეგმილი.

ამასთან, გავრცელებული ცნობებით, ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მე-18 სამიტის ფარგლებში, რომელიც ტუნისში, ჯერბაში იმართება, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ევროსაბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. საუბარი შეეხო სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, ასევე საფრანგეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ოქტომბერში პრაღაში გამართული ოთხმხრივი შეხვედრის შედეგებს. ხაზი გაესვა პრაღის განცხადებით მიღწეული შეთანხმებების შესრულების მნიშვნელობას და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ მიმართული ნაბიჯების განხორციელებას.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანული აგრესიის შედეგების აღმოფხვრის, სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიიდან აზერბაიჯანული შენაერთების დაუყოვნებლივი გაყვანის აუცილებლობას. ნიკოლ ფაშინიანმა და შარლ მიშელმა ასევე მოსაზრებები გაცვალეს სომხეთსა და ევროკავშირს შორის შემდგომი თანამშრომლობის განვითარების შესახებ.

როგორც შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანასთან" აცხადებს, პუტინი შეშფოთებულია იმით, რომ სომხეთში ანტირუსული განწყობები იზრდება - რეგიონში მისი გავლენები მცირდება და ახლა თავის გამოცოცხლებას ცდილობს.

„რუსეთი გარკვეულწილად შეშფოთებულია იმით, რომ სომხეთში ანტირუსული განწყობები იზრდება, რადგან სომხეთს იმის იმედი ჰქონდა, რუსეთი ყარაბაღის კონფლიქტში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში მას დაიცავდა, თუმცა, ეს არ გააკეთა. პირიქით, აზერბაიჯანს უკვე 5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების იარაღი მიაწოდა.

„ამ სამიტზე ალბათ რუსეთს იმის დაფიქსირება სურს, რომ ის სომხეთის გვერდზეა და რომ ყველაფრის მიუხედავად ისაა თითქოსდა მისი სიმედო პარტნიორია. პუტინი ყველანაირად ცდილობს, რომ სომხეთმა პროევროპული ორიენტაცია არანაირად არ დაიკავოს. ვიცით, რომ ამის შესაძლებლობა არის, რადგან სომხეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წევრია.

„სხვათა შორის, თავის დროზე ჯერ კიდევ სერჟ სარქისიანის მმართველობის პერიოდში სომხეთი ხელშეკრულებისთვის ხელი მოეწერას აპირებდა. იმ დროს პუტინი სარქისიანს სპეციალურად შეხვდა და გადააფიქრებინა. ისევე, როგორც უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტს იანუკოვიჩს გადააფიქრებინა, რომ ევროკავშირთან ხელშეკრულებაზე ხელი არ მოეწერა", - განაცხადა ჩიტაძემ.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ პუტინის ვიზიტმა ყარაბაღში ამჟამად არსებულ ვითარებაზე გავლენა მოახდინოს, ჩიტაძემ განაცხადა, რომ ვერაფერს ვერ შეცვლის.

„არ მგონია, რადგან რეალობა ცოტა სხვაგვარადაა. აზერბაიჯანმა თურქეთის მხარდაჭერით ყარაბაღში პოზიციები მკვეთრად გაიმყარა და არა მგონია, რომ ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს, რუსეთის სასარგებლოდ.

„რუსეთს სამხრეთ კავკასიაში თურქეთის გააქტიურება არ აწყობს. ანკარამ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები არ შემოიღო, მაგრამ, ერთმანეთის გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგებად რჩებიან. ეს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიას, არამედ თუნდაც სირიაში, ლიბიაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. ან თუნდაც იმას, რომ თურქეთი ნატოს წევრია, ამასთან ცდილობს, რომ დამოუკიდებელი რეგიონული მოთამაშე იყოს. ამას უკრაინის საკითხი ემატება, ანკარა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

„რუსეთი მოკავშირეებს ეძებს. ეს უკავშირდება, როგორც დიდ, ისე პატარა ქვეყნებს. მანამდე მოკავშირეები მოსკოვში ჩადიოდნენ და ახლა ერევანს თვითონ უნდა ესტუმროს, მართალია, სოჭში ალიევთან და ფაშინიანთან შეხვედრის ორგანიზება მოახერხა, მაგრამ ახლა სომხეთში ჩადის, რომ მოსახლეობას თავისი „ერთგულება" დაუმტკიცოს.

„თან იმით სარგებლობს, რომ მართალია სომხური საზოგადოება რუსეთით იმედგაცრუებულია, მაგრამ მეორეს მხრივ რუსეთი აცნობიერებს, რომ სომხეთი ეკონომიკურად მნიშვნელოვანწილად მასზეა დამოკიდებული",- განაცხადა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×