ელზა პაპოშვილი
21.11.2022

რუსეთის სამიზნე უკრაინაში კვლავ ენერგოობიექტებია. გარდა ამის, რუსული ავიაცია ინტენსიურად სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს. ბოლო 24 საათში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე რამდენიმე ოლქში მოიგერიეს.      

დონეცკის რეგიონში სასტიკი ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება. უკრაინელი სამხედროების თქმით, საომარი მოქმედებები ჯერ არ შემსუბუქებულა. გასულ 24 საათში დონეცკის რეგიონში ასამდე რუსული თავდასხმა მოიგერიეს. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, რუსეთი თავდაცვას აძლიერებს. მათ შორის დონეცკის ოლქში. 

ოკუპირებულ მარიუპოლში რუსული პერსონალისა და სამხედროების ჩასვლის შესახებ ქალაქის მერის მრჩეველი აცხადებს. მისი თქმით, რუსული ძალები მარიუპოლში 15 000-მდე სამხედროს ანაწილებენ. ექსპერტების შეფასებით, ახლად მობილიზებული სამხედროები მარიუპოლის გავლით, დიდი ალბათობით, დონეცკის ოლქის დასავლეთ ფრონტზე განლაგდებიან.

დონეცკის ოლქის გარდა, რუსეთი თავდაცვითი ძალების გაძლიერებას იწყებს ლუგანსკის ოლქშიც. ომის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ ქალაქ ლუჰანსკში სამხედროების რაოდენობა გაზარდა - სამხედროები ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით, 30 კილომეტრში მიტოვებულ სახლებში სახლდებიან. ოკუპანტებს ლუგანსკის ოლქის ყველაზე დიდი ნაწილი აქვს დაკავებული. თუმცა უკრაინელები აქაც აქტიურ კონტრშეტევაზე არიან გადასულები. ამჟამად ლუგანსკის რეგიონში 12 დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია.

რუსული ძალები ოკუპირებულ ლუგანსკის, დონეცკისა და აღმოსავლეთ ზაპოროჟიეს ოლქებში პოზიციების გაძლიერებას ხერსონის ოლქიდან გამოყვანილი და მობილიზებული სამხედროების დახმარებით ცდილობენ - ამას ომის კვლევის ინსტიტუტი ამბობს. 

მართალია ხერსონში უკრაინა ძლიერდება, თუმცა, ვითარება, რომელიც მათ რუსებისგან გათავისუფლებულ ქალაქში დახვდათ, მძიმეა. დანაღმულია ტერიტორია. გამნაღმველები მუდმივ რეჟიმში ცდილობენ დანაღმული ადგილების პოვნას და ასაფეთქებლების განეიტრალებას.  

რუსეთი კვლავ აქტიურად იყენებს ირანულ დრონებს, თუმცა მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალა, 9-თვიანი საომარი მოქმედებების შემდეგ დეფიციტშია. "ვაშინგტონ პოსტის" ინფორმაციით, მოსკოვი თეირანს რუსეთში ირანული დრონების წარმოებაზე შეუთანხმდა.

ამის პარალელურად კი, სამხედრო დახმარებით ძლიერდება უკრაინა. დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 სპეციალური საზენიტო ქვემეხითა და სარადარო სადგურით უზრუნველყოფს,-ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უკრაინას საზენიტო-სარაკეტო სისტემები გადასცა საფრანგეთმაც.   

ღირსეულები უნდა ვიყოთ, არ უნდა დავნებდეთ, იმიტომ რომ უკრაინელებს არ სჩვევიათ დანებება, იმიტომ რომ ღირსება აქვთ და ამის გამო - თავისუფლება! - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც უკრაინელებს ღირსებისა და თავისუფლების დღე მიულოცა.

„შეიძლება ჩვენს ქუჩებში ბნელა. შეიძლება ჩვენს სახლებში ცივა. ბევრი ცვლილებაა, მაგრამ მათ ვერ შეცვალეს ყველაზე მთავარი. ღირსეულები უნდა ვიყოთ, არ უნდა დავნებდეთ. იმიტომ რომ უკრაინელებს არ სჩვევიათ დანებება, იმიტომ რომ ღირსება და ამიტომ თავისუფლება - აქვთ! ეს უცვლელი რჩება. ყველაფერს გადავლახავთ, გავუძლებთ, გადავრჩებით, გავიმარჯვებთ!“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ღირსებისა და თავისუფლების დღეს უკრაინელები „დამოუკიდებლობის მაიდანზე“ შეიკრიბებიან. „იქ, სადაც ყოველთვის იყო დაცული ღირსება და თავისუფლება. იქ, სადაც აღვნიშნავთ უკრაინის გამარჯვების დღეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.  

ნუ გვთავაზობთ სინდისთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან კომპრომისს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ პანევროპული კავშირის კონგრესის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ჩვენ გამარჯვება გვჭირდება და არა ფრე. თუ რუსეთს ახლა პაუზის აღების საშუალებას მივცემთ, პუტინი შუა ევროპაში გაყინულ კონფლიქტს გააჩენს, ნელი მოქმედების უზარმაზარ ნაღმს, რომელიც მზად იქნება ნებისმიერ მომენტში აფეთქდეს. ევროპისთვის სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა ასეთი მიზნის დასახვა. ვაფრთხილებ უკრაინის პარტნიორებს: ნუ გვთავაზობთ სინდისთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან კომპრომისს, ვინაიდან ეს თქვენი კომპრომისებიც იქნება საკუთარ უსაფრთხოებასთან”, - განაცხადა კულებამ.

მისივე სიტყვებით, მსოფლიოში არც ერთი სახელმწიფო არ მიისწრაფის მშვიდობისკენ ისე, როგორც უკრაინა, მაგრამ “ასეთი ომები ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებით უნდა სრულდებოდეს”.  

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ რუსებმა ხერსონში მდებარე 49-ე არმიის შენაერთები ახლა ყირიმის დაცვაზე გადაიყვანეს. ეს არის ყველაზე ბრძოლისუნარიანი შენაერთები, რომლებიც ასევე 2008 წლის საქართველოს ომში იღებდნენ მონაწილეობას. 

აძლიერებენ დონეცკის ფრონტს, რათა უკრაინელების „მანერგეიმის დაცის ხაზი“ გაარღვიონ და ავდიევკას მიმართულების გარღვევით დონეცკის მთელი ოლქი დაიკავონ. აქედან კი ღრმა და ფლანგურ შემოვლას გააკეთებენ, როგორც სამხრეთიდან,  ასევე ჩრდილოეთიდან. ამით კი ხერსონის უკრაინულ დაჯგუფებაზე დარტყმა შეძლონ და ალყის მსგავსი ტომრები გააკეთონ. 

„რუსებმა ხერსონიდან ჯარი იმიტომ გაიყვანეს და დნეპროს მარცხენა სანაპიროზე გადაიყვანეს, რომ ეს იყო ტატქიკური მანევრი. სხვაგვარად ალყაში თავად რუსები ექცეოდნენ და ბრძოლა და ჯარის მომარაგება გაჭირდებოდა. 

„ახლა კი რუსები ცდილობენ ალყის მეშვეობით, რომლის შეკვრასაც ხერსონის  გარშემო აპირებენ, ამით კი ნიკოლაევ-ოდესის მიმართულებით გზა გაეხსნებათ. რა თქმა უნდა, უკრაინელები თუ მისცემენ ამის საშუალებას. ყოველ შემთხვევაში, მათი სტრატეგიული ჩანაფიქრი ეს არის. ამიტომ არის ყველაზე ბრძოლისუნარიანი ძალა გადასროლილი ამ მიმართულებაზე, რომლითაც ხერსონის გარშემო დამრტყმელ მუშტს ქმნიან. 

„რუსები ასევე ცდილობენ, რომ ლუგანსკის ოლქის დებლოკირება მოახდინონ, რომელსაც ახლა უკრაინული ჯარები აკონტროლებენ და ფლაგმანსაც აფართოვებენ“,-ამბობს ვახტანგ  მაისაია „რეზონანსთან“. 

რაც შეეხება იმას, თუკი უკრაინელები დნიპროს მარცხენა სანაპიროს დაკავებას და იქ პლაცდარმის შექმნას მოახერხებენ, რა სახის ტატიკურ უპირატესობაში აღმოჩნდებიან რუსებთან - მაისაია ამბობს, რომ უკრაინელებმა, ფაქტია, დნიპროს მარცხენა სანაპიროს დაკავება დაიწყეს და ეს ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. 

თუმცა, ზამთარი დგება და ორივე მხარეს საბრძოლო მოქმედებების ინტესივობის შეჩერება მოუწევთ. ამიტომ არ არის გამორიცხული საბრძოლო ხაზის და ფრონტის  რეკოსერვიზაცია მოხდეს. ამიტომ ორივე მხარე ზამთრის დადგომამდე ცდილობს, რომ რაც შეიძლება მაქსიმუმი უპირატესობის მოპოვება შეძლონ. 

„არ მგონია, რომ ეს ომი მალე დასრულდეს, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მიუხედავად იმისა რომ გარკვეული დემორალიზების ნიშნები აქვს, მაინც პოტენციალი გააჩნია და საკმაოდ სერიოზული მოწინააღმდეგეა. ამიტომ რუსები შემტევ ოპერაციებს მხოლოდ დონეცკის მიმართულებით ახორციელებენ. 

„აქედან გამომდინარე, უკრაინელები ეცდებიან, რომ ზამთრის მოახლოვებამდე რაც შეიძლება მეტი ტერიტორიები გაათავისუფლონ. თუ უკრაინელები დნიპროს მარცხენა სანაპიროს გამაგრებას შეძლებენ, შანსი ეძლევათ, რომ მარიუპოლის  მიმართულებითაც კი წინ წაიწიონ და დაიბრუნონ. ამით კი აზოვის ზღვისკენ გასვლა შეძლებენ. აზოვის ზღვის გასვლით უკრაინა გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ უპირატესობას იბრუნებს. ეს კი ომის გარდატეხის წინაპირობა იქნება, რათა უკრაინელები შეძლებენ აღადგინონ ის სტატუსკვო, რაც 24 თებერვლამდე ჰქონდათ“,-ამბობს მაისაია „რეზონანსთან“.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×