თამთა ჩაჩანიძე
20.11.2022

ბოლო ერთი კვირაა უკრაინაში ფრონტზე მნიშვნელოვანი ძვრები არ შეინიშნება. ამინდის მკვეთრი გაუარესების გამო, ორივე მხარე პასიური ტიპის საბრძოლო მოქმედებებზე გადავიდა. თუმცა, ისევ მასიურად იბომბება უკრაინის ენერგოობიექტები და ოფიციალური ცნობით, მათი ნახევარი მწყობრიდან გამოვიდა. მოსკოვში არც მალავენ, რომ ამ დარტყმების მიზანია უკრაინის დათანხმება მოლაპარაკებაზე. პარალელურად კი თავად რუსეთში ფარულად გრძელდება რეზერვისტების მობილიზაცია.

ოფიციალური რუსული მედია ამაზე დუმს, თუმცა, სხვადასხვა რუსული „ტელეგრამ" არხები წერენ, რომ ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის ოფიციალურად დასრულების შემდეგაც, ქვეყნის მასშტაბით რეზერვისტებს მაინც მისდით გაწვევის ოფიციალური შეტყობინებები.

გარდა ამისა, არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზამთრის განმავლობაში რუსეთში იგეგმება კიდევ ერთი „ნაწილობრივი" მობილიზაციის, ან სულაც საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებაც. სხვადასხვა წყაროების ცნობით, ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ინსტრუქციები უკვე მიიღეს საბიუჯეტო ორგანიზაციებმა. გარდა ამისა, ხშირია, ასე ვთქვათ, წინასწარი გაწვევის შემთხვევები - როდესაც მოქალაქეებს მისდით გაწვევის მოწმობა, სადაც მითითებულია, რომ კომისარიატში უნდა გამოცხადდნენ იანვარში ან თებერვალში.

რუსმა ანალიტიკოსებმა ყურადღბა მიაქციეს კიდევ ერთ გარემოებას - გასულ კვირას მოსკოვში უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც, თებერვლის შემდეგ პირველად, პირადად დაესწრო პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რაც ამ სხდომის განსაკუთრებულობაზე მიუთითებს. მთავარი განსახილველი საკითხი კი სამოქალაქო თავდაცვა იყო.

პარალელურად რუსები მაქსიმალურად ცდილობენ მოლაპარაკების საკითხის დაძვრას მკვდარი წერტილიდან. ანალიტიკოსთა შეფასებით, კრემლს გათვლა იმაზე აქვს, რომ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მაქსიმალურად დაზიანება უშქოდ, უწყლოდ, ბუნებრივი აირისა და გათბობის გარეშე დარჩენილ უკრაინის მოსახლეობაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ უკმაყოფილებას გაზრდის და ეს ოფიციალურ კიევს მოლაპარაკების დაწყებისკენ უბიძგებს.

ამის შესახებ პრაქტიკულად დაუფარავად განაცხადა პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, სარაკეტო დარტყმები ენერგოობიექტებზე „უკრაინის მიერ მოლაპარაკებაზე უარის თქმის შედეგია".

თუმცა, კიევში მოლაპარაკებას კატეგიულად არ თანხმდებიან.

ყოველივე ამის ფონზე საკმაოდ ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გადამდგარმა გენერალ-მაიორმა ვლადიმირ გავრილოვმა განაცხადა, რომ დეკემბრის ბოლომდე უკრაინა ყირიმის დაიკავებს და ომი მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება. თუმცაღა უკრინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს და სამხედრო ანალიტიკოსთა დიდ ნაწილს ამაში ეჭვი ეპარება.

ოპტიმისტური პროგნოზი

გენერალი გავრილოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული თავდასხმის შესაძლებლობა დაბალია. თუმცა აქვე აცხადებს, რომ ეს არ არის საფრთხე, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეაჩერებს, რომ ყველა ოკუპირებული ტერიტორია გაათავისუფლონ.

საწინააღმდეგოს ფიქრობს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი. მისი თქმით, 2023 წლის გაზაფხულზე ომის დასრულების პროგნოზები „ოცნებასავით ჟღერს". მისი თქმით, მილიონობით უკრაინელი ოცნებობს, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. თუმცა, დასძენს, რომ „უფრო რეალისტი იქნება".

ერმაკის თქმით, უკრაინამ წარმატებას მიაღწია ხერსონისა და ხარკოვის მიმართულებით, მაგრამ ომი გრძელდება და მისი დასრულების ზუსტ თარიღს ვერ დაასახელებს, მაგრამ დასძენს, რომ მიუხედავად პესიმისტური პროგნოზებისა, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის პერიოდში ვრცელდებოდა, უკრაინის გამარჯვება პარტნიორების დახმარებით „აუცილებლად მოხდება", მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა კი ახლა უკრაინის გარდაუვალ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

უკრაინელი სამხედრო ექსპერტი ალექსანდრ კოვალენკოს პროგნოიზით კი შესაძლოა ამ წლის ბოლოსთვის უკრაინელებმა ლუგანსკის რაიონში გარკვეულ წარმატებას მიაღწიონ და პოზიტიური ამბები გავიგოთ, ხოლო მომავალი წლის დასაწყისში ეს შესაძლოა ხერსონიდან, ან ზაპოროჟიედან იყოს. თუმცა, ექსპერტის აზრით, გავრილოვის პროგნოზი, „ძალიან ოპტიმისტურია".

გენერალი ვახტანგ კაპანაძეს „რეზონანსთან" უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ოპტიმისტურ პროგნოზზე ეჭვი ეპარება და აცხადებს, რომ ომის დასრულება „ასე ადვილად არ გამოვა".

„ღმერთმა ქნას, რომ ასე მოხდეს - წლის ბოლომდე ყირიმი აიღონ და გაზაფხულისთვის ომი დასრულდეს - თუმცა ცოტა ეჭვი მეპარება. წლის ბოლომდე დაახლოებით ერთი თვეა დარჩენილი. ხერსონის აღებას რამდენ ხანს მოუნდნენ? სვატოვოს უკვე რამდენია თვეა უტევენ? გადავითვალოთ ერთი რაიონის აღებას რამდენი თვე სჭირდება და პასუხიც გამოვა. ასე ადვილად არ გამოდის.

„ბევრი მომისმენია, რომ ყირიმი სექტემბერში უნდა აეღოთ, მერე ოქტომბერშიო, ნოემბერშიო. დნეპრიდან ყირიმამდე კიდევ ასი კილომეტრია დარჩენილი და ღმერთმა ქნას, რომ დროის ამ მონაკვეთში ეს მანძილი გაიარონ და პუტინმაც კაპიტულაცია გამოაცხადოს. თუმცა, სამწუხაროდ, ეჭვი მეპარება. ეს ჩემი მოსაზრებაა, თუმცა შეძლება მათ უკეთ იციან.

„როდისთვის შეიძლება ომი დასრულდეს, ამაზე ვერ ვისაუბრებ, ცოტა საფრთხილო საკითხია და შესაძლოა ერთ დღეშიც დამთავრდეს, თუ პუტინი გადატრიალდა და მოკვდა. მაგრამ მნიშვნელოვან გარდატეხას გაზაფხულზე ველოდები", - განაცხადა კაპანაძემ.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტაგ მაისაია კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ორივე მხარემ ამ ომზე დიდი ფსონი დადო და ასე მალე არ დასრულდება.

„სცენარი, რაზეც უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე საუბრობს, დამოკიდებულია იმაზე, თუ რუსეთში პროცესები როგორ განვითარდება. რუსეთში ახლა ძალიან რთული შიდა პოლიტიკური პროცესები მიდის და როგორც ჩანს, მან ეს ფაქტორიც გაითვალისწინა.

„მე ერმაკის მოსაზრებას გავიზიარებდი და საკმაოდ ფრთხილ პროგნოზს გავაკეთებდი, რადგან ახლა ზამთარი მოდის, კლიმატი მოულოდნელად გაუარესდა, ორივე მხარის მიერ საბრძოლო მოქმედებებეი ნელდება და გაზაფხულისკენ გაატიურდება. ყველაფერს დრო, რესურსები და შესაძლებლობები გვიჩვენებს, მაგრამ ომის დასრულებას, ჩემი აზრით, კიდევ ორი წელი მოუნდება, ეს სამწუხარო რეალობა და ფაქტია.

„მხარეებმა საკმაოდ დიდი ფსონი დადეს. რუსეთის ავტორიტარული რეჟიმი არ მგონია რამეს შეეგუოს და სანამ რესურსი ექნებათ, დროს გაწელავენ. უკრაინის დაბომბვები ახლაც მიდის. პოლონეთის თავდასხმა მაინც შეგნებულად გაკეთებული მგონია, რაც იმის ინდიკაციას იძლევა, რომ რუსეთის ინტერესებში არ შედის ომის მალე დასრულება", - განაცხადა მაისაიამ.

რა მიმართულებით აქტიურობენ მხარეები ფრონტზე

„კრემენნაია-სვატოვოს მიმართულებით უკრაინელები ჯერჯერობით წარმატების გარეშე უტევენ, ხოლო რუსები - ასევე წარუმატებლად ბახმუტი-სოლედარის მიმართულებით. რუსები ბახმუტის მისადგომებთან მისული არიან, თუმცა მძიმე ბრძოლებია.

„ხერსონის მიმართულებით ჯერჯერობით აქტიურობა არაა, მხოლოდ საარტილერიო დარტყმები ხორციელდება. ჩემი აზრით, ორივე მხარეს რეზერვების მოზიდვა-გადაჯუფება, გეგმების გადახედვა და გზაფხულისთვის მომზადება სჭირდება. ალბათ ორივე მხარე ზამთარს ამისთვის გამოიყენებს", - განაცხადა გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

ვახტანგ მასიასიას თქმით კი, მხარეები უკვე პასიური ტიპის საბრძოლო მოქმედებებზე გადადიან.

„უკვე პოზიციური ბრძოლები მიდის. ამინდი მოულოდნელად გაუარესდა, თოვლი მოვიდა და ამას საბრძოლო მოქმედებების დინამიკაზე გარკვეულწილად გავლენა უკვე აქვს. შესაბამისად, მხარეები უკვე პასიური ტიპის საბრძოლო მოქმედებებზე გადავლენ. შესაძლოა საბრძოლო მოქმედებების ეპიზოდური ტიპის გაღვივება მოხდეს, მაგრამ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში უკვე საკმაოდ მძიმე კლიმატური პირობებია.

„როგორც ჩანს, ლუგანსკში უკრაინელები პლაცდარმს ამზადებენ. ბახმუტში რუსები ცდილობენ უკრაინული დაცვის ხაზი გაარღვიონ, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოსდით. ზამთარში ალბათ ასე გაგრძელდება და აქტიურობა ალბათ უფრო აპრილი-მაისისკენ დაიწყება. მანამდე მხარეები მოემზადებიან", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×