ელზა პაპოშვილი
18.11.2022

რამდენიმესაათიანი მწვავე გამოსვლა და დაპირისპირება საქართველოს პარლამენტში, სადაც ინტერპელაციის წესით ოპოზიციის მიერ დაბარებულ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ოპოზიცია რამდენიმე მნიშვნელოვანი თემის ირგვლივ პასუხების გაცემას სთხოვდა. კითხები ძირითადად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და დეოლიგარქიზაციის თემას ეხებოდა. 

„ბრიუსელში რომ ჩახვედით და დახურულ შეხვედრაზე გითხრეს, დაანებეთ თავი ომზე საუბარს და ნუ გვადანაშაულებთ სიცრუეში, პირდაპირ რომ გითხრეს სიტყვა „shut up“ -მოკეტეთ, რატომ აგრძელებთ იგივე რიტორიკას? ამ პირობებში გინდათ მიიღოთ კანდიდატის სტატუსი?“ - ამ კითხვით „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პრემიერს მიმართა.  

დეპუტატმა ასევე სხდომაზე ისაუბრა არსებულ პრობლემებზე, მათ შორის ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების გასვლაზე, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამ კონტექსტში ვაშაძემ ღარიბაშვილს მიმართა კითხვით, დაინტერესებულა თუ არა, რამდენია ჯარისკაცის ხელფასი. 

„თქვენ ხართ ხელისუფლებაში, სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ, მათ შორის, სტატუსთან დაკავშირებითაც. უნდა გითხრათ, რომ ქართველი ხალხი არ აპირებს არც მონობას შეეგუოს, არც ბერას სათამაშოებს. წინ ძალიან დიდი პოლიტიკური წარღვნა გელოდებათ, ბატონო ირაკლი. ამასაც ვერ გაიგებთ რა ენაზე ვსაუბრობ, ჩემი აზრით, თქვენ ანტუნის ენაზე უნდა გითხრათ - „მაგრად დაგერხათ“, - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.  

„ამბობთ, საქართველოში თურმე არ არსებობს ოლიგარქიული მმართველობა. ბატონო ირაკლი, ვინ დაგნიშნათ თანამდებობაზე ან ვინ გაგათავისუფლებთ ამ თანამდებობიდან? არ თქვათ ახლა, პარტია იმართება წესდებით და მე პოლიტსაბჭომ დამნიშნაო. თქვენ დაგნიშნათ ქალბატონმა ტიკარაძემ, ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა, დღეს ქუთაისის უნივერსიტეტის პრორექტორმა, რომელიც თქვენი პოლიტსაბჭოს წევრია? დარწმუნებული ვარ, პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ზეპირადაც არ იცით“, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრს.  

მისი თქმით, მმართველი პარტიის რეპრესიული პოლიტიკური დევნის მსხვერპლია ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ასევე ნიკა გვარამია, რომელიც იმ დროს დაიჭირეს, როცა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხი დგებოდა. 

რაც შეეხება პრემიერის პასუხებს, ის ტრიბუნასთან ორჯერმ მივიდა, სადაც ჯერ დეპუტატების კითხვებს უპასუხა, შემდეგ კი ფრაქციის თავმჯდომარეებს. 

„10 წელიწადში ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ახლა უკვე ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით, დაჩქარდა ჩვენს მიერ ისედაც გაცხადებული პროცესი და შევიტანეთ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი და ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა“, -განაცხადა ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ენმ-ის სისტემა დაამსხვრია „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მმართველმა გუნდმა ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე მეტი გააკეთა დამოუკიდებლობის აღდგენის მერე. სტატუსი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, რომელზეც ოპოზიცია არ საუბრობს და რომელთა ბრალია ჩვენი ქვეყნის 20 %-ის ოკუპაცია. 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ოპოზიციამ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, უგუნური პოლიტიკით ვერ დაიცვა საქართველო, რამაც განაპირობა ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია და რუსეთის მხრიდან ამ ტერიტორიების ე.წ. აღიარება. 

 „რაც მათთვის არის უცხო, ის ჩვენთვის ორგანულია. ჩვენ საქმით ვამტკიცებთ, რომ ვემსახურებით ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. დამთავრდა დრო, როდესაც ჩვენ უნდა შევასრულოთ ქვეყნისთვის საზიანო დირექტივები, ყველას მოვუსმენთ, მაგრამ რაც ჩვენს ქვეყანს სჭირდება, იმას გავაკეთებთ“, -  განაცხადა პრემიერმა. 

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო უპრეცედენტო ხანგრძლივი მშვიდობის და სტაბილურობის დამყარება ქვეყანაში.

„ჩვენ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, მეგობრებს დიდ პატივს ვცემთ და კიდევ ერთხელ მიდა გავიმეორო, მიუღებელია ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ისევე როგორც მიუღებელია და მე არასოდეს მომისმენია რადიკალური ოპოზიციის წევრების შეფასება იმასთან დაკავშირებით, როცა მაგალითად სხვა სახელმწიფოების ყოფილი თუ მოქმედი წევრები თავს ესხმიან ჩვენი ხელისუფლების, ქვეყნის წარმომადგენლებს, მოქმედ თუ ყოფილ წევრებს. ეს რა თქმა უნდა მიუღებელია, მაგრამ აქ სად არის ეროვნული ინტერესები, სად ჩანს, რომ ეს ადამიანები იცავენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, პირიქით ისენი ემსახურებიან მტრულად განწყობილი ადამიანების ჯგუფების ინტერესებს. „ომის პარტია“ შემთხვევით არ ვუწოდეთ რადიკალურ ოპოზიციას, მათი მთავარი ამოცანა იყო და არის ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა, მზად იყვნენ და არიან მოაწერონ ხელი ქვეყნის პოლიგონად გადაქცევას - ეს კარგად ვიცით და გარკვეული მტკიცებულებები წარმოგიდგინეთ. ჩვენ შევძელით მართლაც უპრეცედენტო ხანგრძლივი მშვიდობის და სტაბილურობის დამყარება ქვეყანაში, რაც არის საწინდარი იმ კეთილდღეობის, რაც მოიტანა „ოცნების“ მმართველობამ. სად ვიყავით, აღარ გავიმეორებ, ყველას კარგად გახსოვთ, პირველ რიგში ჩვენს მოქალაქეებს,“- აღნიშნა პრემიერმა.  

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ სამწუხარო რეალობაა, როცა ქართულ პოლიტიკაში არ არსებობენ კონსტრუქციული პოლიტიკური აქტორები. გიორგი ვაშაძე, ლევან ხაბეიშვილი და სხვა მათნაირი რადიკალური ფიგურები მოსახლეობის თვალში არანაირი პოლიტიკური წონის მატარებლები არ არინ. თუმცა ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ როცა პრემიერი პარლამენტში გამოდის, ოპოზიცია, პათეტიკური გამოსვლებისა და ემოციებზე დაყრდნობილი განცხადებების გარდა, მას საქმიან ოპონირებას ვერ უწევს. 

„ძალიან დასანანია, როცა ოპოზიციის ამომრჩეველი ელოდება, რომ პარლამენტში მათ მიერვე  დაბარებულ პრემიერს სათანადო ოპონირებას გაუწევენ და ამის მაგივრად მხოლოდ სუსტ და პოპულიზმზე დარყდნობილ განცხადებებს ისმენენ. ეს ცუდია ასევე ხელისუფლებისთვისაც, რადგან მას არ ჰყავს კონსტრუქციული და საქმეზე ორიენტირებული ოპოზიცია. როცა ჯანსაღი კონკურენციაა, იქ „ქართული ოცნება“ ფორმაშია. თუმცა, როცა ვაშაძეები და ხაბეიშვილები უწევენ ოპონირებას, სირცხვილია. 

ამ დროს ხელისუფლება ყველაზე დიდ კომფორტში იმყოფება. იმიტომ, რომ ვინ და ადეიშვილის მოადგილე ვერ ისაუბრებს სამართლიანობაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და ადამიანის უფლებებზე. ლევან ხაბეიშვილი კი წარმოადგენს იმ პარტიას, რომელის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ქართველ ხალხს ქუჩაში ხოცავდა, აწამებდა და არეკეტებდა. სირცხვილია, როცა ეს ადამიანები მშვიდობაზე საუბრობენ და ვინმეს რუსეთის აგენტურაში ბრალს სდებენ. ადამიანები, რომლებიც რუსული ფულით თავად ფინანსდებიან, სხვას ამას არ უნდა აბრალებდნენ. ხაბეიშვილისთვის ადრე დავით კეზერაშვილი ოლიგარქი, ქურდი და მძარცველი იყო, ახლა კი მისი მამა-მარჩენალი გახდა. ასეთი ოპოზიციის ლიდერები ხელისუფლებას კონკურენციას ვერ გაუწევენ და საქმიან დისკუსიაში ვერ გაჰყვებიან. ამიტომაც ეს დისკუსიაც მხოლოდ პათეტიკასა და პოპულიზმზე იყო დაფუძნებული, რასაც „ოცნების“ მხრიდან ადეკვატური პასუხებიც მოჰყვა“, - ამბობს აბაშიძე „რეზონანსთან“.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×