ელზა პაპოშვილი
17.11.2022

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილმა საკუთარი კანდიდატურა დააყენა, ორ ბანაკად გაყოფილ პარტიაში დაძაბულობის ხარისხმა იმატა. ნაწილი ხაბეიშვილს უჭერს მხარს, ნაწილი კი ნიკა მელიას. უთანხმოების კიდევ ერთი მიზეზი ხაბეიშვილის ინიციატივა გახდა - საუბარია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის შტაბის შექმნაზე. შტაბის ხელმძღვანელობა ხაბეიშვილმა ჩალაძეს შესთავაზა, რის შემდეგაც გიორგი ჩალაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

თავმჯდომარის პოსტისთვის ბრძოლაში ლევან ხაბეიშვილი რამდენიმედღიაანი ფიქრის შემდეგ  ჩაერთო. ის  რიგით მეოთხე კანდიდატია, რომელიც თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს. თუმცა მას შემდეგ, რაც ჩალაძემ კანდიდატურა მოხსნა, მხოლოდ სამნი დარჩნენ. ნიკა მელია, გიორგი მუმლაძე და ლევან ხაბეიშვილი. თუმცა ყველასთვის ნათელია, რომ თუ შიდა არჩევნები ამ კონფიგურაციით ჩატარდა, ბრძოლა ხაბეიშვილსა და მელიას შორის გაიმართება.

ხაბეიშვილს უკვე ჰყავს მომხრეები - ისინი, ვინც ყოფილი ძალოვნების, მერაბიშვილი- კეზერაშვილის გუნდის წევრებად სახელდებიან. მასთან ერთად ბრიფინგზე იდგნენ პეტრე ცისკარიშვილი, დავით კირკიტაძე, გიორგი ბოტკოველი და დიმიტრი შაშკინი. მათ ხაბეიშვილის მხარდაჭერა ბრიფინგზე ერთად დგომით ღიად დაადასტურეს. პარტიის მეორე ნაწილმა, კონკრეტულად კი მელიას გუნდის წევრებმა, ხაბეიშვილის გადაწყვეტილების შესახებ პრესკონფერენციიდან შეიტყვეს.

თავად მელია კი  უკვე რამდენიმე დღეა ბრიუსელში შეხვედრებს მართავს და საკუთარ პოზიციებს პარტიაში მიმდინარე პროცესებზე სწორედ იქიდან აჟღერებს. მოქმედმა თავმჯდომარემ გუნდში არსებული განხეთქილების შეფასებისას გუშინ ისიც თქვა, რომ თანაპარტიელებმა ზურგში დანა ჩაარტყეს, რაშიც სავარაუდოდ მელიამ სწორედ კეზერაშვილის მხარდამჭერთა ფრთა იგულისხმა. 

როგორც აღმოჩნდა, ხაბეიშვილის მხარდამჭერია ლევან ბეჟაშვილიც, რომელიც ამტკიცებს, რომ ხაბეიშვილს პარტიის შიგნით ბევრი მხარდამჭერები ჰყავს. 

„ლევან ხაბეიშვილს პარტიის შიგნით საკმაოდ დიდი ჯგუფი უჭერს მხარს. ამიტომ ვფიქრობ, რომ მას შეუძლია პარტიაში მოიტანოს ახალი ენერგია და ახალი მუხტი. ის საერთო გუნდთან ერთად შეძლებს თანამედროვე გამოწვევებს უპასუხოს,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი. 

„ნაციონალური მოძრაობის” საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძსთვის კი მიუღებელია კულისებიდან პროცესის წარმართვა. ის ყურადღეაბას ღიაობაზე ამახვილებს. „მე არ მომწონს, როდესაც კულისებიდან ხდება რაღაც პროცესების წარმართვა, თუკი ვსაუბრობთ დემოკრატიაზე და საჯაროობაზე, ეს იმას ნიშნავს რომ ყველაფერი მაქსიმალურად ღიად უნდა იყოს,“ - ამბობს ბაჩო დოლიძე.  

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილი  არც გუნდის შიგნითაა ავტორიტეტი, არც ხელისუფლებისთვის და არც სხვა ოპოზიციური ძალებისთვის. ის არ არის იმ კალიბრის პოლიტიკოსი, რომელმაც ამხელა პარტია უნდა მართოს. 

„ეს ახალგაზრდა არის ჩვეულებრივი ქუჩის ხულიგანი, რომელსაც პარტიაში ზუსტად ასეთივე ფიგურების მხარდაჭერა აქვს. არცერთი მათგანი, ვინც ბრიფინგზე მის  გვერდით იდგა, პოლიტიკოსი არ არის და არ სარგებლობს საზოგადოების თვალში ნდობით და ავტორიტეტით, ამიტომ გაუგებარია, კეზერაშვილის პოლიტიკური გემოვნება რას ემყარება. მისი გემოვნება თუ ხაბეიშვილზე დაიყვანება, მაშინ მეეჭვება, რომ მან პარტიის ხელში ჩაგდება მოახერხოს. ხაბეიშვილი ავტორიტეტი არავისთვის არ არის. მისი ფიგურა სიცილს და ქილიკს იწვევს, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციასა და ელექტორატშიც კი. მისი პიროვნება თავად პარტიის შიგნით, სერიოზულ დამოკიდებულებას არ აჩენს. კეზერაშვილთან რომ აჩენს სერიოზულ დამოკიდებულებას, ეს უკვე ალბათ კეზერაშვილის პრობლემაა. ხაბეიშვილი ძალიან იმპულსური ადამიანია, რომელსაც არც პოლიტიკური ხედვა აქვს, არც გამოცდილება და არც ინტელექტი. ამ ახალგაზრდას პიროვნულად არაფერს ვერჩი, მაგრამ ვსაუბრობ იმას, რომ ამხელა პარტიის მართვა ასეთი ქუჩის აქტივისტის მხრიდან არასერიოზულია. არც მელიაა გადასარევი, მაგრამ ხაბეიშვილის ფონზე მისი რადიკალიზმი აღარ ჩანს.  

რაც შეეხება პარტიის შიგნით განწყობას ვანო მერაბიშვილის და დავით კეზერაშვილის მიმართ, ვფიქრობ, რომ არცთუ დადებითია. მათ წარსულის საკმაოდ მძიმე ტვირთი აწევთ და პარტიის ბევრი წევრი ფიქრობს, რომ პოლიტიკაში მათი დაბრუნება პარტიას დააზარალებს. ამიტომ აყენებენ წინ ისეთ კანდიდატურას ხაბეიშვილის სახით, რომელიც არ არის პოლიტიკურად მათნაირი გასვრილი. თუმცა ყველამ ხომ კარგად იცის, მის უკან ვინც დგას. ასევე არსებობენ პარტიის მხარდამჭერებში ადამიანები, რომლებისთვისაც კეზერაშვილის და მერაბიშვილის ფიგურები კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომაც არსებობს საფრთხე, რომ ენმ-მ ამომრჩეველი კიდევ უფრო  დაკარგოს. შესაბამისად მაინც ვფიქრობ, რომ მელიას გამარჯვების მეტი შანსი ექნება“, -ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.      

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×