თამთა ჩაჩანიძე
17.11.2022

ფრონტის ხაზზე უკრაინელების წარმატებული იერიშებისა და პოლონეთის ინციდენტის გამოძიების ფონზე, აშშ-ს მიერ ორგანიზებული უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მეშვიდე შეხვედრა გაიმართა, სადაც იმ დახმარებაზე იყო საუბარი, რომელსაც მონაწილე ქვეყნები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ახლა გადასცემენ. როგორც ქვეყნების უმაღლესი სამხედრო პირები და სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, დამატებითი დახმარება „ფრონტზე დიდ ცვლილებებამდე მიგვიყვანს".

ონლაინ შეხვედრაზე აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის გადაცემულმა „ნასამსის" ტიპის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებმა ორი დღის წინ განხორციელებული მასირებული სარაკეტო შეტევისას 100%-იანი ეფექტურობა აჩვენა. ამასთან ოსტინმა ის სამხადერო დახმარება ჩამოთვალა, რომელსაც მონაწილე ქვეყნები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცემენ და განაცხადა, რომ საკონტაქტო ჯგუფის მიზანია უკრაინამ ბრძოლის ველზე ინიციატივა შეინარჩუნოს.

ოსტინის თქმით, შვედეთმა საჰაერო თავდაცვის სფეროში 287 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა. ესპანეთმა პირობა დადო, რომ უკრაინას ორ დამატებით „ჰოკის" სისტემას და მათთვის რაკეტებს გადასცემს. კანადა 500-მილიონიან სამხედრო დახმარების პაკეტის ინიციატივით გამოვიდა და დაადასტურა, რომ რჩება უკრაინის ჯარისთვის ზამთრის ტანსაცმლისა და აღჭურვილობის მთავარ დონორად.

ამასთან ოსტინმა აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინის არტილერიის შესაძლებლობების გაძლიერებაში და ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებისთვის რაკეტების მიწოდებაში წვლილს ზრდის. მისი თქმით, საბერძნეთმა 155 მმ ჭურვების პარტიების გადაცემა დააანონსა, ხოლო პოლონეთმა განაცხადა, რომ უკრაინას არტილერიისთვის, ტანკებისთვისა და ახლო რადიუსის მოქმედების მქონე საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის დამატებითი საბრძოლო მასალას გადასცემს.

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა აღნიშნა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის წვლილი უკრაინის სამხედრო პერსონალის მომზადებაში და თქვა, რომ „ეს წვლილი დიდ ცვლილებებამდე მიგვიყვანს". მან ხარკოვისა და ხერსონის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციების წარმატებებიც აღნიშნა.

„ჩვენ გვესმის ამ საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის როლი, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხარდაჭერის კოორდინაცია, რომელიც უკრაინას სჭირდება. გვესმის, რომ შვიდმა ქვეყანამ ან უკვე გადასცა დაპირებული აღჭურვილობა, ან დაჰპირდა დონორობას და ახლა მიწოდების პროცესშია. ამ დროს აშშ, ნიდერლანდები და ჩეხეთი ერთად მუშაობენ, რათა უკრაინელებს მიაწოდონ თანამედროვე ტანკები, ასევე განიხილება თავდაცვის შემდეგი პაკეტი აშშ-ში", - განაცხადა ამერიკის თავდაცვის მდივანმა.

ამასთან, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინისთვის დასახმარებლად დამატებით 37,7 მილიარდი სთხოვა. ამ თანხიდან 21 მილიარდი უშუალოდ შეიარაღების შეძენას მოხმარდება, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაეცემა.

როგორც საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, 15 ნოემბრიდან ევროკავშირმა უკრაინის სამხედრო დახმარების მისია აამოქმედა და მას ბრიტანეთიც შეუერთდა. მისიის მიზანია, ხელი შეუწყოს უკრაინის ჯარის შესაძლებლობების გაძლიერებას სამხედრო ოპერაციების ეფექტურად წარმართვის მიზნით. მისია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მათ შორის ტერიტორიული თავდაცვის ძალებს, ინდივიდუალურ, ჯგუფურ და სპეციალიზებულ წვრთნას გაუწევს. ამასთან ერთად, ევროკავშირის მისია კოორდინაციას გაუწევს წევრი ქვეყნების აქტივობებს უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნებში.

„ბაიდენმა კონგრესს თხოვნით უკვე მიმართა, უკრაინას დამატებით 37.7 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყონ, ალბათ პოლონეთის ამბები „რესპუბლიკელი" სკეპტიკოსებისთვისაც მოულოდნელი იყო, ახლა სრული კონსენსუსი იქნება და კიევს შეიარაღებას გადასცემენ, რომ უკრაინელები საგრძნობლად წინ წავიდნენ. ყველა შემთხვევაში დასავლეთი უკრაინას ისეთ დახმარებას მიაწვდის, რომ ფრონტზე შეეტყობა", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან.

როგორც „ჯიპას" პროფესორი გიორგი კობერიძე წერს, სავარაუდოდ პოლონეთის ამბებზე დასავლეთის მხრიდან განცხადებების გამწვავება აღარ იქნება, თუმცა უკრაინის სამხედრო დახმარების თვალსაზრისით მდგომარეობა გაუმჯობესდება.

„რუსეთისათვის დასავლეთის რეაქცია და შემდგომ საქმით დამდგარი შედეგი მნიშვნელოვანი ინდიკატორი იქნება მოქმედების თავისუფლებასთან დაკავშირებით. სავარაუდოა, რომ დასავლეთის მხრიდან განცხადებების დონეზე გამწვავება აღარ მოხდება მაგრამ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების თვალსაზრისით მდგომარეობა გაუმჯობესდება. ამ ფონზე, შვედეთის ახალი მემარჯვენე მთავრობის მხრიდან 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი მიეწოდება უკრაინას", - წერს კობერიძე „ფეისბუქზე".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×