თამთა ჩაჩანიძე
16.11.2022

პოლონეთის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ რაკეტა სავარაუდოდ, რუსული წარმოების იყო, თუმცა, ჯერჯერობით არ აქვთ მყარი მტკიცებულებები, თუ ვინ ისროლა. აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსაც ნაკლებადსავარაუდოდ მიაჩნია, რომ რაკეტა რუსეთიდან ყოფილიყო გასროლილი. თუმცაღა როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, არაა გამორიცხული, რომ ეს კრემლის მიერ კარგად შეფუთული პროვპოკაცია იყოს, რადგან პუტინს უნდა, რომ ომის წაგება დაერქვას არა უკრაინასთან, არამედ ნატოსთან. ამასთან ამბობს, რომ დასავლეთი მესამე მსოფლიო ომს არ დაუშვებს, თუმცა პასუხი მწვავე იქნება.

15 ნოემბერს პოლონეთში, უკრაინასთან საზღვრიდან დაახლოებით შვიდ კილომეტრში მდებარე სოფელ პშევოდუვში რაკეტა აფეთქდა. დაიღუპა 2 ადამიანი. მალევე, მედიით გავრცელდა სხვადასხვა ვერსიები.

როგორც მაისაია ამბობს, ინფორმაციები, რომ თითქოს ეს უკრაინის შეცდომა იყო, მტკნარი სიცრუეა.

„მომხდარი ტრაგედიის გამო, პოლონელ ხალხს ვუსამძიუმრებ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ. პოლონეთში ჩემს კოლეგებს ველაპარაკე და დამიდასტურეს, თან ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს რუსული რაკეტები იყო. ვარშავაში რუსეთის ელჩიც იყო გამოძახებული. ის ინსინუაციები, რასაც რუსული სააგენტოები წერენ, რომ თითქოს უკრაინული ჰაერსაწინააღდეგო თავდაცვითი სისტემებიდან ჩამოვარდა, მტკნარი სიცრუეა.

„სურათები მეც ვნახე, რუსული ბალისტიკურ საჰაერო ფრთოსან რაკეტას ძალიან წააგავს, ესაა „ჰა-101", თუმცაღა არაა გამორიცხული, რომ რუსებმა ექსპერიმენტარული „ჰა-555" გამოიყენეს, ასეთი ბალისტიკური რაკეტების გადაადგილება მხოლოდ რუსული ბირთვული სტრატეგიული ტრიადის შეიარაღების კომპონენტებს შეუძლია, ანუ სტრატეგიულ ბომბდამშენებს.

„ჩემი მოსაზრებაა, რომ ეს მაინც შეგნებულად გაკეთებული დარტყმა-პროვოკაციაა. სამშაბათს უკრაინის ტელევიზიაში ვთქვი კიდევაც, რომ ბელარუსში შექმნილი რუსულ-ბელარუსული დაჯგფება, პოლონეთის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული და არა უკრაინის. და ისიც არაა გამორიცხული, რომ ეს ბელარუსიდან ყოფილიყო ნასროლი, თუმცა ესაა შესაძლო ვარიანტი და საბოლოო შედეგს გამოძიება დაადგენს.

„ჩემი აზრით, ესაა სტრატეგიული ბომბდამშენიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტა და ის შესაძლოა რუსეთის სივრციდანაც მოქმედებდა", - განაცხადა მაისაიამ.

კითხვაზე თუ რუსეთის ბრეალეულობა დადასტურდა, რითი უპასუხებს ნატო მაისაიამ განაცხადა:

„ნატომ ახლა მეოთხე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება და პროცედურა აამოქმედა, ამაზე ოთხშაბათს საკმაოდ სერიოზული დებატები და კონსულტაციებია დაგეგმილი და მერე ვნახოთ, საქმე იმაზე იქნება აამოქმედებს თუ არა მეხუთე მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებას.

„ალბათ უფრო ის ნაბიჯები იქნება, რომ პოლონეთისა და ლიეტუვას მიმართულებით რაკეტსაწინააღმდეგო და თავდაცვითი ეშელონიზირებულ სისტემებს განათავსებს, რომლის მეშვეობითაც ასეთი ტიპის სამხედრო პროვოკაციული ქმედებებს აღკვეთავს. არა მგონია, რომ მომხდარი მესამე მსოლიო ომის მიზეზი გახდეს, თუმცა მგონია, რომ ნატო სერიოზულად უპასუხებს.

„ბაიდენის ადმინისტრაციამ უკვე მიმართა კონგრესს თხოვნით, უკრაინისთვის დამატებით 37.7 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფის თაობაზე. „რესპუბლიკელი" სკეპტიკოსები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ უკრაინისთვის დახმარება შეემცირებინათ, მათთვისაც პოლონეთის ამბავი ცივი შხაპი იქნებოდა. ალბათ უკრაინასთან დაკავშირებით ახლა სრული კონსენსუსი იქნება და შეიარღებას გადასცემენ, რომ ამ ამბების მერე უკრაინელები საგრძნობლად წინ წავიდნენ. ყველა შემთხვევაში მგონია, რომ დასავლეთი უკრაინას ისეთ დახმარებას მიაწვდის, რომ ფრონტზე შეეტყობა.

„საყურადღებოა ერთი დეტალი, რომ პოლონეთის ამბები აშშ-სა და რუსეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელების ანკარის შეხვედრას დაემთხვა. შემდეგ ბერნსი კიევში ჩავიდა, ნარიშკინი კი თეირანში გაფრინდა და დიდი ეჭვი მაქვს, რომ რუსეთი და ამერიკა ვერ შეთანხმდა და რუსეთმა გადაწყვიტა, რომ ნატოელების მიმართ „სიგნალი" გაეშვა.

„ჩემი აზრით, ამ ინციდენტზე რუსების მხრიდან კარგადაა ნაფიქრი, რომ მათ არ დაბრალებოდათ, ეს კარგად შეფუთული პროვოკცია და ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ვარიანტია ნატოს წინააღმდეგ, თან ისეა შეფუთული, რომ რამე რომ იყოს, ვერ შეედავები. ამიტომ ნატომ რაც შეიძლება გააკეთოს ესაა, რომ მეხუთე მუხლი აამოქმედოს და პოლონეთსა და ლიეტუვაში ჰაერსაწინაარმდეგო და რაკეტსაწინაარმდეგო თავდაცვის უკვე ეშელონიზირებული სისტემები განათავსოს.

„არა მგონია, რომ დასავლეთმა მესამე მსოფლიო ომი დაუშვას, მაგრამ რუსები მუსკულებს ძალიან საშიშად ათამაშებენ, ჩემი აზრით, პუტინს არ უნდა, რომ უკრაინასთან წააგოს და ცდილობს ნატო წამოიკიდოს, რათა ომში წაგება დაერქვას ნატოსთან და არა კიევთან. თან პუტინის გარემოცვაში ახალი ქორები ჰყავს და აქეზებენ. ყველაზე სიანტერესო ისაა, რომ „ვაგნერის" კერძო სამხედრო დაჯგუფებას პუტინმა საბრძოლო ავიაცია გადასცა, ეს დაუშვებელია", - განაცხადა მაისაიამ.

აღსანიშნავია, რომ მომხდარის შემდეგ დასავლეთისგან რეაქცია მყისიერი იყო, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი აკვირდება ვითარებას და მოკავშირეები მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებენ. ინფორმაციას უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უწყების ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების მოხვედრის შესახებ ცნობები "მიზანმიმართული პროვოკაციაა" ვითარების ესკალაციის მიზნით.

ბალიში, "დიდი ოცეულის" სამიტზე მყოფი ნატო-სა და "დიდი შვიდეულის" ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და პოლონეთს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.ქვეყნები ადასტურებენ ურყევ მხარდაჭერას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე.

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე აფეთქება ერთჯერადი ინციდენტი იყო და არ არსებობს მინიშნებები, რომ ეს კვლავ განმეორდება.მისი თქმით, სავარაუდოდ, ეს იყო რუსული წარმოების რაკეტა, მაგრამ ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, ვინ გაუშვა რაკეტა.

როგორც პოლონეთის პრეზიდენტი აცხადებს, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დაჰპირდა, რომ შემთხვევის გამოსაძიებლად ამერიკელ ექსპერტებს გააგზავნიან. მისი თქმით, მოკავშირეები მხარს უჭერენ პოლონეთს ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის ყველა დებულების დაცვით.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ის სერიოზულად აღიქვამს რუსეთის უარყოფას პოლონეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობაზე. თურქეთის პირველი პირის თქმით, ეს სავარაუდოდ, ტექნიკური შეცდომის შედეგი იყო.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს პოლონეთში მომხდარი აფეთქების შესახებ ტელეფონით ესაუბრა, მისი თქმით, საუბრისას აღნიშნა, რომ პოლონეთში მომხდარზე რეაგირება უნდა იყოს მკაცრი და პრინციპული.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და ორი ადამიანი იმსხვერპლა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთიდან გასროლილი ყოფილიყო.

ბაიდენმა, პოლონეთში მომხდარი აფეთქების გამო, ოთხშაბათს დილით „დიდი შვიდეულის" ლიდერების საგანგებო შეხვედრა მოიწვია. შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, გაერთიანებული სამეფოს პრეიერ-მინისტრი, რიში სუნაკი, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, კანადის პრეზიდენტი, ჯასტინ ტრუდო და იაპონიის პრემიერი, ფუმიო კიშიდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, ესპანეთის პრეზიდენტი, პედრო სანჩესი, იტალიის პრემიერი, ჯორჯია მელონი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×