თამთა ჩაჩანიძე
15.11.2022

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთის მიერ უკრაინისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ რეზოლუციის პროექტი მიიღო, რეპარაციების გადახდის მოწოდებით გამოვიდა და რეკომენდაცია გასცა, რომ „ზარალის საერთაშორისო რეესტრი" შეიქმნას, სადაც აღწერენ და დაითვლიან, თუ რა ზიანი მიაყენა რუსეთმა უკრაინას. რამდენად შესაძლებელია, რომ სწორედ ამ მექანიზმის გამოყენებით მოხდეს დასავლეთის ბანკებში გაყინული რუსული აქტივების უკრაინისათვის გადაცემა?

როგორც „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი" კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან აცხადებს, თუ რუსეთისთვის თანხების ჩამოჭრა და უკრაინისთვის გადაცემა გაეროს მხარდაჭერით იქნება, რა თქმა უნდა სამართლებრივი მექანიზმი მოძებნილი იქნება და ბანკებს ამ თანხების ჩამოჭრა უფრო გაუადვილდებათ. თუმცაღა, მისი თქმით, ერთი პრობლემაა, რომ გეროს უშიშროების საბჭოში რუსეთს ვეტოს უფლება აქვს.

შეგახსენებთ, რომ რეპარაცია არის საერთაშორისო სამართლის საუბიექტის მატერიალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც სამართლის დამრღვევს მხოლოდ მატერიალური ზარალის ფულადი ან გარკვეული საქონლის ანაზღაურება მოეთხოვება.

გაეროს და ევროკავშირის პოზიცია

რეზოლუციის ინიციატორები უკრაინა, კანადა, დიდერლანდები და გვატემალა იყვნენ, 193-წევრიან ორგანიზაციაში, კენჭისყრისას რეზოლუციას მხარი 94-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 14-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, რომელთა შორის იყვნენ რუსეთი, ჩინეთი, ბელარუსი, ბაჰამის კუნძულები, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ერიტრეა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ზიმბაბვე, ეთიოპია, მალი, ნიკარაგუა, სირია და ირანი. 73-მა კი თავი შეიკავა.

რეზოლუცია გაეროს გენერალური ასამბლეის წევრებს რეკომენდაციას აძლევს კიევთან თანამშრომლობით „ზარალის საერთაშორისო რეესტრი შექმნან, რომელიც იქნება დოკუმენტირებული მტკიცებულება მოთხოვნილი ზიანის, ზარალისა და დაზიანებების შესახებ, რომელიც დადგა რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების შედეგად უკრაინაში ან მის წინააღმდეგ, ასევე მონაცემთა შეგროვების ხელშეწყობისა და კოორდინაციის მიზნით".

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურესულა ფონ დერ ლაიენმა დასავლეთს უკრაინის აღდგენისთვის „მარშალის გეგმის" შემუშავება შესთავაზეს. მსოფლიო ბანკმა კი ომის შედეგად ოქტომბრის მდგომარეობით მიყენებული ზარალი 350 მილიარდ ევროდ შეაფასა.

მანამდე, რეპარაციების საკითხზე პერიოდულად კეთდებოდა ხოლმე განცხადებები, თუმცა ნოემბრის დასაწყისში ევროკავშირმა დაიწყო იურიდიული საფუძვლების შერჩევა იმისათვის, რომ გაყინული რუსული აქტივები უკრაინას გადაეცეს. სამართლის ექპერტებმა ევროკავშირისგან მიიღეს მითითება, რომ შეისწავლონ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლო ვარიანტები. საუბარია ზემოთ აღნიშნულ რუსეთის ცენტრალური ბანკის დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის ოდენობის რეზერვებზე, რომლებიც გაყინული იქნა ევროკავშირის, აშშ-სა და სხვა მოკავშირეების მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

შესაძლებელია თუ არა რუსეთისთვის რეპარაციის დაკისრება გაეროს ეგიდით მოხდეს

როგორც თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, დასავლეთს რუსული თანხების ჩამოჭრისა და უკრაინისთვის გადაცემისთვის იურიდიული საფუძველი უნდა ჰქონდეს და მნიშვნელოვანი, რომ ეს გაეროს ეგიდით ხდება, რადგან ბანკების მფლობელებისთვის რთულია, რომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ეს თანხები რუსეთს ჩამოაჭრას, ეს მათ იმიჯს რეპუტაციას შეულახავს.

„პირველი და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საერთაშორისო პოლიტიკაში, ზოგადად, რეპარაციების თემას ერიდებიან, რადგან ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალიან ცუდად დამთავრდა, გერმანიის ამბები რომ გავიხსენოთ. თუმცაღა ახლა რუსეთის შემთხვევაში მემგონი გარდაუვალია იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინას იმხელა ზარალი მიაყენა, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური, ჰუმანიტარულზე და ადამიანურზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ მისი კომპენსირება არცერთ ორგანიზაციას და არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია.

„ამიტომაც რუსეთს, რომელსაც მდიდარი რესურსები აქვს, ეს ვალდებულება შეიძლება დაეკისროს. თანხები, დასავლეთში გაყინული რუსული აქტივების ჩამოჭრაც შესაძლებელია, უბრალოდ ამას სამართლებრივი ბაზა სჭირდება. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ეს გაეროს ეგიდით მოხდება.

„არსებობს წინააღმდეგობები, რადგან ეს თანხები ხომ კერძო ბანკებშია, რომლებიც ვალდებული არიან მათი დაცვა უზრუნველყონ და მათთვისაც უხერხულია ასე პირდაპირ ჩამოართვან, მათაც გარკვეული სამართლებრივი საბაბი სჭირდებათ. გაეროს ჩართვა იმიტომ ხდება, რომ ისინი ამას ითხოვდნენ, რათა მათ რეპუტაციას ჩრდილი არ მიადგეს.

„თუ ეს გაეროს მხარდაჭერით განხორციელდა, რა თქმა უნდა, სამართლებრივი მექანიზმი მოძებნილი იქნება და ამ თანხების ჩამოჭრა უფრო გაუადვილდებათ. თუმცაღა, ეს თანხები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით რა ზიანიც რუსეთმა უკრაინას უკვე მიაყენა და ჯერ ომი არცაა დამთავრებული.

„თუმცაღა დანარჩენი თანხებზე საუბარი ალბათ რუსეთის შემდგომ ხელისუფლებასთან იქნება, რადგან დღევანდელი ხელისუფლება ამის გამკეთებელი არ არის. ახლა მოიძებნება თუ არა 300 მილიარდზე მეტი, ეს არ ვიცი, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს და დასავლეთი ზუსტად ამას ცდილობს, რომ ეს ომი რომ დამთავრდება, სამშვიდობო ხელშეკრულებაში ზუსტად ეს მოთხოვნა იდოს, რომლის მიხედვით რუსეთს რეპარაციების გადახდა მოუწევს", - განაცხადა კაკაჩიამ.

კითხვაზე რამდენად შესაძლებელია რეპარაციის დაკისრება გაეროს ეგიდით მოხდეს, სადაც უშიშროების საბჭოში რუსეთს ვეტოს უფლება აქვს, კაკაჩიამ გვითხრა:

„ეს ცოტა დელიკატური საკითხია, რადგან რუსეთს შეუძლია ვეტო დაადოს, მაგრამ ყველამ ვიცით და საერთაშორისო თანამეგობრობა თანხმდება ამ ომში აგრესორი ვინაა. სხვა მექანიზმებიც არსებობს - მსოფლიო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, სადაც შესაძლოა რუსეთს ინტერესები ჰქონდეს და აქედან შეიძლება უფრო მეტი მექანიზმების ამომუშავება.

„რუსეთის იზოლაცია თუ გაგრძელდა, თანამედროვე ტექნოლოგიები და კრედიტები დასჭირდება, ეს გარდაუვალია. ამ ვარიანტში კი დასავლეთს ბერკეტების გამონახვა შეუძლია და იძლებული გახდის, რომ რეპარაციაზე დათანხმდეს. მთავარია დასავლეთმა ერთიანობა არ მოშალოს. შესაძლოა რეპარაციების საკითხი დროში გაიწელოს, მაგრამ მთავარია, რომ უკრაინამ ზიანისთვის, რომელიც მას მიადგა, ეს თანხები თანდათან მიიღოს", - განაცხადა კაკაჩიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×