თამთა ჩაჩანიძე
11.11.2022

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა, უკრაინელ სამხედროებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ რუსეთი ამ ქალაქში სისხლიანი პროვოკაციების მოწყობას აპირებს. რუსმა სამხედროებმა ყველაფერი დანაღმეს სადაც კი ხელი მიუწვდებოდათ და რისი დანაღმვაც შეეძლოთ, ასევე ვრცელდება არაოფიციალური ცნობები რუსების მიერ ანტონოვსკის ხიდის აფეთქების შესახებ. თუმცა უკრაინელი სამხედროები წინ ფრთხილად მაინც მიიწევენ და ტერიტორიებს იბრუნებენ.

როგორც უკრაინელმა სარდალმა განაცხადა, რუსეთი სავარაუდოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების ხაფანგში და ალყაში მოქცევას შეეცდება, მაგრამ ეს არ გამოუვათ.

„მაგრამ რუსები წარმატებას ვერ მიაღწევენ, ჩვენი დაზვერვა მათზე უკეთ მუშაობს. ჩვენ ვიცით მათი გეგმების შესახებ და იმის შესახებ, თუ რა რუსული ჯარები არიან ჩვენს წინაშე. ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ გამარჯვებამდე", - განაცხადა უკრაინელმა სამხედრო პირმა.

უკრაინული მედია არ გამორიცხავს, რომ რუსებისგან საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, მათი შეფასებით, რუსულ ჯარებს თავისუფლად შეეძლოთ შენობებში ასაფეთქებელი ნივთიერებები დაემონტაჟებინათ, ასევე სხვა ტერიტორიებიც დაენაღმათ და როგორც კი უკრაინელი სამხედროები წინ წავლენ, ისინი მდინარე დნეპრის მარცხენა, აღმოსავლეთ სანაპიროზე შეასძლოა რუსული არტილერიის სამიზნე გახდნენ.

„რუსეთის ფედერაციას სურს ხერსონი „სიკვდილის ქალაქად" აქციოს. რუსი სამხედროები ნაღმავენ ყველაფერს, რის დანაღმვაც შეუძლიათ: ბინებს, კანალიზაციას. მარცხენა სანაპიროზე მდებარე არტილერია ქალაქის ნანგრევებად გადაქცევას გეგმავს. ასე გამოიყურება „რუსული სამყარო": მოვიდა, გაძარცვა, იზეიმა, მოკლა „მოწმეები", დატოვა ნანგრევები და წავიდა" , - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რუსებს მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდებათ ქალაქ ხერსონიდან ჯარების გასაყვანად.მისი თქმით, რუსეთს ხერსონის ოლქში 40 000 ჯარისკაცი ჰყავს და უკან დახევის მიუხედავად ჯერ კიდევ ჰყავს ძალები ქალაქში, ქალაქის ირგვლივ და მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროზე.

"არც ისე ადვილია ხერსონიდან ამ ჯარების ერთ ან ორ დღეში გაყვანა. ამას მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდება", - განაცხადა რეზნიკოვმა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ქმედებების პროგნოზირება რთულია.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრის შეფასებით, ზამთარი ბრძოლის ველზე ოპერაციებს შეანელებს, რაც ორივე მხარეს გადაჯგუფების შანსს მისცემს.

"ზამთარი შეანელებს ბრძოლის ველზე აქტივობას ყველა მხარისთვის. ეს ყველა მხარისთვის სასარგებლოა. ამ დროს მაქსიმალური შედეგით გამოვიყენებთ ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის, გადაჯგუფებისთვის, განახლებისთვის და როტაციისთვის და კარგად მოვამზადებთ მათ", - აღნიშნა რეზნიკოვმა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ დროისთვის 41 დასახლებაა განთავისუფლებული. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინის დამცველებს, რომლებმაც რეგიონის დეპკუპაციაში შეიტანეს წვლილი, მისი თქმით ფრონტის ხაზსა და დიპლომატიურ ველზე ბრძოლა გრძელდება.

"კარგი ახალი ამბები გვაქვს სამხრეთიდან. თავდაცვის ოპერაციის ფარგლებში უკვე ათეულობით უკრაინული დროშა დაბრუნდა თავის კუთვნილ ადგილს, გათავისუფლებულია 41 დასახლება. მადლობა ყველა გმირს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს წინსვლას.

დღეს ყველა ბედნიერები ვართ, ვიხილოთ, თუ როგორ ხვდებიან ოკუპირებულ სოფლებსა და ქალაქებში დარჩენილები ჩვენს მეომრებს. ყველაფერი ის, რაც ახლა ხდება, მიღწეულია რამდენიმეთვიანი ხისტი ბრძოლით. მიღწეულია სიმამაცით, ტკივილით და დანაკარგით. მტერი კი არ მიდის, მათ უკრაინელები დევნიან დიდი ძალისხმევის ფასად. ბოლომდე უნდა გავიაროთ გზა ბრძოლის ველსა და დიპლომატიაში იმისათვის, რომ მთელ ჩვენს მიწაზე უკრაინის დროშები აღიმართოს და არა მტრის სამფერიანი დროშები,"-აცხადებს ზელენსკი.

ანტონოვსკის ხიდი, რომელიც მდინარე დნეპრის სანაპიროებს აკავშირებს სავარაუდდ რუსებმა ააფეთქეს, აფეთქების ვიდეო რუსმა პროპაგანდისტებმა გაავრცელეს. უკრაინელი ჟურნალისტი ხერსონიდან კონსტანტინ რიჟენკო „ტელეგრამზე" ფოტოსურათს აქვეყნებს და წერს, რომ ხიდის აფეთქების სიმძლავრიდან გამონმდინარე, ეს რუსების გაკეთებულს ჰგავს, რადგან მისი თქმით, არტილერია ამას ვერ იზამდა და ის სავარაუდოდ დამინული იყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×