თამთა ჩაჩანიძე
10.11.2022

24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში უკვე მესამე მწარე მარცხი იგემა, თუმცა ხერსონის შემთხვევა ყველაზე მძიმე და გამანადგურებელია, რადგანაც ამჯერად რუსეთი იძულებული გახდა მოწინააღმდეგისათვის „რუსული ქალაქი" დაეთმო. რუსული პროპაგანდა ამის გასამართლებლად სხვადასხვა ფორმულებს ამუშავებს. ანალიტიკოსები ხერსონიდან გასვლის სამხედრო ოპერაციას პუტინის პოლიტიკურ სუიციდს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მისი კარიერა პრაქტიკულად დასრულებულია.

ამჟამად რუსების მთავარი მიზანია რაც შეიძლება მეტი ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა გადაიყვანონ დნეპრის მეორე ნაპირზე. ამისათვის კი საჭიროა ქალაქის დაცლას ორგანიზებული სახე მისცენ და არა პანიკური უკან დახევის. სწორედ ამიტომ რუსულმა სარდლობამ ფრონტის ამ მონაკვეთზე ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილები გადაისროლა.

უკრაინული ძალები კი ნელა და ფრთხილად მიწევენ წინ და ათავისუფლებენ დასახლებულ პუნქტებს. პერიოდულად მათ ადგილზე ხვდებად რუსების მიერ მიტოვებული ტექნიკა.

ამ სიფრთხილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ რუსები ნაღმავენ ყველაფერს და შეძლებისდაგვარად ანადგურებენ კომუნიკაციებს. მარტო 10 ნოემბერს მათ ხერსონის ოლქში 6 ხიდი ააფეთქეს.

ამის პარალელურად რუსებმა უკვე დაიწყეს ყირიმის მიმართულების გამაგრება, სადაც ძველს სანგრებსა და თავდაცვით ნაგებობეს აახლებენ და ახლებსაც ქმნიან. სამხედრო სპეციალისტებიც არ გამორიცხავენ, რომ ხერსონის დაკავების შემდეგ უკრაინის არმიის შეტევის მთავარი მიმართულება სწორედ ყირიმი იქნება.

ანალიტიკოსები კი იმაზე მსჯელობენ, თუ რატომ მიიღო რუსულმა სარდლობამ ასეთი გადაწყვეტილება მაინცდამაინც ახლა, როდესაც ხერსონის შესაძლო დატოვებაზე მინიშნებებს მოსკოვში უკვე ოქტომბრის შუა პერიოდიდან აკეთებდნენ. არსებობს ვარაუდი, რომ მოსკოვის ამ გადაწყვეტილების მიღებას რამდენიმე მიზეზით აჭიანურებდა - ელოდებოდა 8 ნოემბერს აშშ-ში დაგეგმილ შუალედურ აღჩევნებს და იმედოვნებდა, რომ ამ არჩევნებში მისთვის სასურველი შედეგები უკრაინას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებდა.

რატომ ჩააბარეს რუსებმა უკრაინელებს ხერსონი 9 ნოემბერს

ხერსონზე საუბრები რამდენიმე კვირაა მიდის - როგორც 18 ოქტომბერს უკრაინაში მოქმედი რუსული სამხედრო ნაწილების გაერთიანებული დაჯგუფების ახალდანიშნულმა მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა თქვა, მოსალოდნელი იყო, რომ ხერსონზე „ძალიან რთული გადაწყვეტილება მიეღოთ".

ეს „რთული გადაწყვეტილება" კი სუროვიკინმა და თავდაცვის მინისტრმა სერგე შოიგუმ 9 ნოემბერს გამოაცხადეს. მანამდე, 8 ნოემბერს, აშშ-ში შალედური არჩევნები გაიმართა და ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, ეს ორი მოვლენა შესაძლოა ერთმანეთთან კავშრში იყოს.

რუსები, სავარაუდოდ, ამ არჩევნებსაც ელოდნენ და იმედოვნებდნენ, რომ რესპუბლიკელები კონგრესშიც და სენატშიც დამაჯერებელ უმრავლესობას მოიპოვებდნენ. როგორც მანამდე მედია წერდა, რესპუბლიკელებს შორის უთანხმოებაა იმაზე, თუ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარება. „ტრადიციული რესპუბლიკელები" მიიჩნევენ, რომ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს. ხოლო ისინი, ვინც დონალდ ტრამპის მოკავშირეებად მიიჩნევიან, ფიქრობენ, რომ ეს თანხები აშშ-ის ეკონომიკის მხარდასაჭერად უნდა იყოს მიმართული.

რუსეთის აზრით კი, რესპუბლიკელების დამაჯერებელი გამარჯვება შუალედურ არჩევნებში იქნებოდა სიგნალი კიევისთვის, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარება შემცირდება და ეს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთთან მოლაპარაკებისკენ უბიძგებდა. აღსანიშნავია, რომ არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც აცხადებდა, რომ რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინას აშშ-საგან სამხედრო დამხარება შეუმცირდებოდა.

ამის პარალელურად ბოლო დღეებში როგორც ოფიციალურ, ისე არაოფიციალურ დონეზე, დასავლეთში საკმაოდ გახშირდა საუბარი უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების აუცილებლობაზე. იგივე პრეზიდენტმა ბაიედენმა უკრაინას მოუწოდა მოლაპარაკების მიმართ „მეტი ღიაობა გამოეჩინა". მოსკოვში კი აცხადებდნენ და დღესაც აცხადებენ, რომ მზად არიან მოლაპარაკებისთვის წინასწარი პირობების გარეშე.

დასავლურ მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ რუსების მიერ ხერსონის დათმობა ერთგვარი გარიგების ნაწილი იყო და ამის სანაცვლოდ უკრაინა მოლაპარაკებას დათანხმდებოდა. ამასთან, ვრცელდებოდა არაოფიციალური ცნობები, რომ რუსული მხარე ყველა შესაძლო არხებით დიდი მონდომებით ითხოვდა მოლაპარაკებას.

წინასწარ სახელდებოდა ასეთი მოლაპარაკების სავარაუდო დრო და ადგილიც - „დიდი ოცეულის" სამიტი 15-16 ნოემბერს ინდონეზიაში. ოქტომბერში როგორც მოსკოვში, ისე კიევში დაადასტურეს, რომ ვლადიმირ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი სამიტზე პირადად გეგმავდნენ ჩასვლას.

თუმცა, რუსების გათვლა არ გამართლდა - უკრაინელების პოზიცია მოლაპარაკებასთან დაკავშრებით მტკიცე და შეუვალი აღმოჩნდა. კიევში მოლაპარაკების რამდენიმე წინაპირობა დაასახელეს - რუსული ძალების გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რუსეთის მიერ გაეროს წესდების პატივისცემა, უკრაინისათვის მიენებული ზარალის სრულად ანაზღაურება, ყველა სამხედრო დამნაშავის დასჯა და მყარი გარანტიები, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება.

აშშ-ის შუალედურმა არჩევნებმაც არ გაამართლა მოსკოვის იმედები. წინასწარი შედეგების მიხედვით, სენატში ჯერჯერობით არცერთი პარტია არ ფლობს უმრავლესობას. კონგრესში კი რესპუბლიკელები უმრავლესობის მოპოვებასთან ახლოს არიან, მაგრამ მათი უპირატესობა არც ისე შტამბეჭდავია, როგორსაც ეგზიტპოლების მიხედვით ელოდნენ.

ამ ყველაფრის ფონზე, 9 ნოემბრის საღამოს რუსულმა სარდლობა ოფიაიცლურად გამოაცხადა ქალაქ ხერსონის დატოვებისა და რუსული ძალების მდინარე დნეპრის მეორე მხარეს გადაყვანის შესახებ.

ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი და ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთის გადაწყვეტილებას აშშ-ის შალედურ აარჩევნებს ვერ უკავშირებს.

„რუსეთის გადაწყვეტილებას რაიმე თარიღს ვერ ვაკავშირებ. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ რესპუბლიკელების გამარჯვება უკრაინის მიმართ ამერიკის დახმარების შესუსტებას არავითარ შემთხვევაში არ გამოიწვევს. აშშ-ის მიერ აღებული პოლიტიკური კურსი მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაციის კურსი არაა. პირიქით, მახსოვს რესპუბლიკელები უკრაინისთვის ნაკლებ დახმარებას როგორ აპროტესტებდნენ და ითხოვდნენ, რომ უფრო მეტი დახმარება მიეღო. ერთ-ორი ცალკეული პოლიტიკოსის გამონათქვამი ერთიან პოზიცია არ უნდა ჩავთვალოთ.

„ხერსონის დატოვებას რამდენიმე მიზეზი აქვს, ეს უცებ და სპონტანურად არ მომხდარა, რუსეთი ამისთვის ემზადებოიდა. ყირიმის ხიდის აფეთქების მერე მას სერიოზული პრობლემები ექმნება და წარმატებები, რასაც უკრაინის არმია ბოლო პერიოდში აღწევს, ეს ყველაფერი იმას მოასწავებდა, რომ ადრე თუ გვიან ამ ნაბიჯის გადადგამდა.

„რუსეთს მომარაგებაში სერიოზული პრობლემები შეექმნა, არმია სრულიად უუნარო გახდა, პლიუს უკრაინის მხრიდან სხვადასხვა ტიპის წერტილოვანი დარტყმები, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ის კონკრეტული ღონისძიებები იყო, რომელიც კონკრეტული ადგილობრივი ხელმძღვანელი პირების მიმართ გატარდა.

„რუსებმა კიდევ ერთი სამარცხვინო წაგებას არჩიეს და გადაწყვიტეს ამისთვის ტაქტიკური გადაჯგუფების სახე მიცათ. საუბრებია, შესაძლოა ეს ხაფანგის ნიშნებს ატარებდეს, დნეპრის იქით კი გადავიდნენ, მაგრამ შესაძლებელია, უცებ აღმოჩნდეს, რომ ტერიტორია დანაღმულია, ამიტომ საკმაოდ დიდი სიფრთხილეა საჭირო. მაგრამ საბოლოო ჯამში უკრაინას უპირატესობა აქვს, ის წინ მიიწევს და რუსეთს უკანდახევა უწევს",- განაცხადა ფხალაძემ.

სამხდრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან აცხადებს, რომ ხერსონიდან რუსეთის გასვლა უკავშირდება მხოლოდ რუსეთის უუნარობას.

„ეს უბრალოდ დაემთხვა, არავითარ თარიღს არ უკავშირდება. უკრაინელებმა ორი სერიოზული დაჯგუფება შექმნეს, რვა ბრიგადა იყო გაერთანებული, ხერსონს ამ ორი საარმიო ჯგუფით შეუტიეს. შედეგად რუსული ნაწილების მომარაგება გაჭირდა, ანტონოვის ხიდი მწყობრიდან გამოიყვანეს, დინებამ იმატა და წყალზე გადასვლა გართულდა და რუსები იძუილებულები გახდნენ", - განაცხადა მაისაიამ.

რუსების რეაქცია და მოსალოდნელი შედეგები ქვეყნის შიგნით

ხერსონის დატოვების გადაწყვეტილება თავად რუსულ საზოგადოებაში სერიოზული ვნებათაღელვისა და უკმაყოფილების მიზეზი გახდა. უკვე 9 ნოემბრის საღამოს კრემლთან „რუსული არმიის დისკრედიტაციის" ბრალდებით დააკავეს ასაკოვანი მამაკაცი, რომელმაც რუსეთის ხელისუფლოება რუსი ხალხის ღალატში დაადანაშაულა.

რუსი სამხედრო კორესპონდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი პრაქტიკულად დაუფარავად აკრიტიკებს ხელისუფლებას და ისტორიულ პარალელებს ავლებს. მაგალითად, წერენ, რომ მე-2 მსოფლიო ომის დროს სტალინგრადის შენარჩუნების შანსი გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე დღეს ხერსონის შენარჩუნების. მეორე ნაწილი კი ხელისუფლების გადაწყვეტილებას ამართლებს და სხვა პარალელებს - მაგალითად, იხსენებენ 1812 წელს რუსების მიერ ნაპოლეონისათვის მოსკოვის დათმობას, ან იმპერატორ პერტე პირველის ტაქტიკურ უკან დახევას ჩრდილოეთის ომში შვედების წინააღმდეგ.

ზოგიერთი რუსული „ტელეგრამ" არხი კი ირონიულად წერს, რომ ხერსონის დატოვების გადაწყვეტილებამ რუს პროპაგანდისტებში დაბნეულობა გამოიწვია. ერთის მხრივ, თუკი ისინი ხერსონის მოწინააღმდეგისათვის ჩაბარებას გაამართლებენ, შეიძლება გასამართლდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის გამართლების ბრალდებით, რადგანაც ხერსონის მოსკოვმა ოფიციალურად გამოაცხადა რუსეთის ტერიტორიად. ხოლო თუკი ამ გადაწყვეტილებას დაგმობენ და გააკრიტიკებენ, მაშინ შესაძლოა რუსული არმიის დისკრედიტაციის ბრალდებით გაასამართლონ.

აღსანიშნავია, სამთავრობო ტელეარხები ამ თემას პრაქტიკულად არ აშუქებენ, ან მხოლოდ გაკვრით აბობენ, რომ ხერსონის მიმართულებაზე „ჯარების გადაჯგუფება" ხდება. რუსული სარდლობა კი ქალაქის დატოვებას „მანევრს" უწოდებს.

სხვადასხვა თოქ შოუებსა და „ტელეგრამ" არხებზე კი კრემლის პროპაგანდა მხოლოდ იმ ხაზს ატარებს, რომ რუსეთი სარდლობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ამით „ათასობით რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე გადაარჩინა".

რუსული სარდლობის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭრეს ე.წ. წერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა და მოგვიანებითჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა.

„სუროვიკინმა გააკეთა რთული, მაგრამ სწორი არჩევანი უაზრო მსხვერპლსა და ხმამაღალ განცხადებებს შორის და ჯარისკაცების ფასდაუდებელი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით", - განაცხადა კადიროვმა.

კითხვაზე, რაში შეიძლება გადაიზარდოს ხერსონის მარცხთან დაკავშირებით რუსეთის მოსახლეობის იმედგაცრუება, ჯიპას ასოცირებულმა პროფესორმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა ეს კონკრეტულ თანამდებობის პირებს შეეხოს და არა სისტემას.

„დღევანდელ მოცემულობაში რუსეთში დემოკრატიული რევოლუციისა და საზოგადოების გამოგხიზლების არ მჯერა. რაც შეიძლება მოხდეს, ოღონდ არა მგონია, რომ ეს დღეს-ხვალ იქნება, ესაა ცვლილებები თვითონ შიგნით, ელიტაში, სადაც უკვე დაპირისპირება არსებობს და შეიძლება ეს კიდევ უფრო გამწვავდეს და რაღაცაში გადაიზარდოს, რამაც შესაძლოა კონკრეტული პიროვნებების ცვლილება გამოიწვიოს. მაგრამ ეს ამ სისტემის ცვლილებას არ ნიშნავს", - განაცხადა ფხალაძემ „რეზონანსთან".

ფრონტზე არსებული ვითარება

რუსების მიერ ხერსონის დაცლა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეს გაგრძელდება. ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინული არმია ნელა და ფრთხილად მიიწევს ხერსონისკენ და და 10 ნოემბრის საღამოს მდგომარეობით, 40-მდე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. გზადაგზა კი მათ რუსების მიერ მიტოვებული სამხედრო ტექნიკა ხვდებათ.

რუსულმა სარდლობამ კი ორგანიზებული უკან დახევის უზრუნველსაყოფად ფრონტის ამ მონაკვეთზე ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილები გადაისროლა. რუსული წყაროების ცნობით, აქ კონცენტრირებულია რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების პრაქტიკულად სრული შემადგენლობა - საჰაერო-სადესანტო ძალების ოთხივე დივიზია და ოთხივე ბრიგადა, ასევე 22-ე საარმიო კორპუსისა და 49-ე არმიის ნაწილები. ამ დაჯგუფების განადგურების შემთხვევაში რუსები პრაქტიკულად ვეღარ შეძლებენ მომავალში აქტიური საბრძოლო მოქმედებების წარმოებას.

ამის პარალელურად, რუსებმა ყირიმის გამაგრება დაიწყეს. თავიდან თხრიან ძველ სანგრებს, ახლებსაც ამატებენ და ამ მიმართულებით უკრაინელების შეტევისათვის ემზადებიან. ამის შესახებ „ტვიტერზე" OSINT-ის (ღია წყაროს დაზვრვა) სპეციალისტი ბენჯამინ პიტეტი წერს და თანამგზავრულ ფოტოებსაც აქვეყნებს.

პიტეტის ფოტოების მიხედვით, ახალი საფორტიფიკაციო ნაგებობები საკონტროლო-გამშვებბ პუნქტ ჯანკოის მიმდებარედ გაჩნდა. ასევე ახალი სანგრებია ქალაქ არმიანსკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქალაქ გენიჩესკის სიახლოვეს, ხერსონის ოლქშიც.

ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ დნეპრის მეორე მხარეს გადასვლითა და უკრაიმულ არმიასთან ხერსონისათვის გენერალურ ბრძლოაზე უარის თქმით რუსული სარდლობა მოწინააღმდეგის გამოფიტვის ტაქტიკაზე გადადის. ეს გულისხმობს შორს მსროლელი შეიარაღების მასიურ გამოყენებასა და უშუალოდ ბრძოლის ველზე დაპირისპირებისაგან შეძლებისდაგვარად თავის შეკავებას.

გარდა ამისა, ზოგიერთი რუსლი ანალიტიკოსი იმასაც წერს, რომ 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით დასრულდა 2022 წლის სამხედრო კამპანია და დაიწყო მადება 2023 წლის ზამთრის კამპანიისათვის.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ მომდევნო 2-3 კვირა ხერსონისთვის საფრთხილო იქნება, რადგან ჯერ ტერიტორია უნდა გაიწმინდოს და რაიმე სახის სამხედრო მოწმედებები არასწორი იქნება.

„ხერსონის დაკავება გარკვეულ დროს მოითხოვს. ბრძანებაც გაცემულია და რუსები ქალაქიდან გადიან, მაგრამ შესაძლოა ტაქტიკური სატყუარა გააკეთონ, მარცხენა სანაპიროზე შესაძლოა მასირებულად სარაკეტო დარყმები განახორციელონ და უკრაინელებმა გარკვეული ზარალი განიცადონ.

„რუსებმა ტერიტორიები დანაღმეს, ასევე კომუნიკაციები გაანადგურეს და ამის გადალახვა ერთი ხელის მოსმით არ იქნება. როგორც ჩანს, რუსები კახოვკის ჰეს-ის დათმობას არ აპირებენ. არაა გამორიცხული, რომ უკრაინელებს რამდენიმე მახე დაუგონ. ამის თავიდან აცილებისთვის დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან რუსებმა შესაძლოა სიტუაცია სათავისოდ გამოიყენონ.

„ოპერატიული კუთხით სიტუაცია არცთუ იოლია. სანამ დნეპრის მარცხენა სანაპიროზე საარტილერიო და სარაკეტო წერტილების დამუშავება და რუსების მახეების განადგურება არ მოხდება, ხერსონში შესვლა და იქიდან შეტევა შეცდომა იქნებოდა. ასე შეიძლება რუსებმა სასაკლაო მოაწყონ. სანამ ამას გაწმენდენ, შეიძლება, რომ დნეპრს შემოუარონ, მარცხენა სანაპიროს ჩრდილოეთის მიმართულებიდან ფლაგური შემოვლა განავითარონ და მარცხენა სანაპიროზე რუსულ შენაერთებს ზურგიდან დაარტყან.

„საბრძოლო მოქმედებები ძირითადად დონეცკის მიდამოებში მიდის, სადაც უკრაინული „მანეჰეიმის ხაზია". ეს კი რუსებმა ვერ გადალახეს. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ლუგანსკის მიმართულებით აქვს კარგი პოზიციები. სვატოვოს მიდამოებში შესაძლოა პლაცდარმი გააფართოვონ და ტერიტორიების გათავისუფლება დაიწყონ, სანამ ხერსონს გაწმენდენ. ამ მიმართულებით 2-3 კვირა ძალიან ფრთხილი იქნება", - განაცხადა მაისაიამ.

პოლიტიკური შედეგი

პუტინისთვის ხერსონის დატოვება 24 თებერვლიდან დღემდე მესამე დიდი მარცხია, პირველი ე.წ. ბლიცკრიგის ჩავარდნა და კიევის მისადგომებიდან რუსული ძალების უკან დახევა და გაქცევა იყო. მეორე ხარკოვის მიმართულება, სადაც რუსებს ფრონტი მთლიანად ჩამოეშალათ ოქლის დაცლა მოუწიათ, მესამე კი ხერსონის დაცლა, რომელიც პუტინისთვის პრაქტიკულად სტრატეგიული კატარსტროფაა, რადგან რამდენიმე კვირის წინ მან რეფერენდუმი ჩაატარა ეს ოლქი ქალაქთან ერთად „რუსეთის ტერიტორიად" გამოაცხადა.

„ეს სამხედრო ოპერაცია პუტინისთვის პოლიტიკური სუიციდი იყო. პუტინის კარიერა რომ დასრულებულია, ამაში ეჭვი არ მეპარება, უბრალოდ დროის საკითხია. რუსეთში პოლიტიკური კარიერის დასასრული პენსიაზე გაშვებას არასოდეს ნიშნავდა, ამას გაცილებით უფრო მძიმე შედეგები მოჰყვება.

„ახლა მთავარი საკითხია რუსეთის მომავალი რა იქნება. ეს იმაზეა დამოკიდებული, რუსეთის პოლიტიკიური კლასი გონს რამდენად სწრაფად მოეგება. როგორც დღეს რუსეთი არსებობს, ესაა ანაქრონიზმი 21-ე საუკუნეში. დეკოლონიზაციის ის პროცესი, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო, ყველა სხვა იმპერიასთან მიმართებით დამთავრდა, რუსეთთან მიმართებაში არ დამთავრებულა და წინ დეზინტეგრაციის ერთი ახალი ტალღა ელოდება. რამდენად მძიმე იქნება ეს ტალღა, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რუსეთის პოლიტიკური კლასი რამდენად ადეკვატიური იქნება იმ პროცესების მიმართ, რაც დღეს მიდის. რაც უფრო ხისტი იქნება, მისთვის შედეგები უფრო მძიმე იქნება", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×