თეონა ვეშაგური
08.11.2022

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ სვენ მიქსერის ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო. ანგარიშში საუბარი აღარ არის ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე, თუმცა მიხეილ სააკასვილისა და ნიკა გვარამიას საკითხი კვლავ აქტიური რჩება. ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ დასავლელ პარტნიორებს არ სურთ იყვნენ კატეგორიულები, რადგან თუ ასე მოხდება, საქართველო საერთოდ ჩაიხსნება ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობებიდან.

7 ნოემბერს გასაჯაროვდა, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიში. ტექსტში რამდენიმე ცვლილება იყო შესული. კერძოდ, ევროპარლამენტარებმა ანა ფოტიგამ, იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ და ასიტა კანკომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოამზადეს შესწორება, სადაც გამოხატული იყო შეშფოთება არსებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომ „რუსი ხალხი და ორგანიზაციები, სავარაუდოდ, იყენებენ საქართველოს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლისთვის".

ამავე ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ კიდევ ერთ ცვლილებაში აღნიშნული იყო, რომ აუცილებელია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა.ამასთან, ევროპარლამენტარები ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ აღნიშნული ანგარიში შესწორებით მიიღო.

ახალ ვარიანტში „გამოთქმულია წუხილი, რომ ღრმა პოლარიზაცია კვლავ რჩება საქართველოს პოლიტიკური გარემოს განმსაზღვრელ მახასიათებლად; შესწორებები შეიცავს მოწოდებას ყველა დაინტერესებული პოლიტიკური მხარისადმი, თავი შეიკავონ ყოველგვარი გამყოფი და აგრესიული რიტორიკისაგან, გააერთიანონ თავიანთი ძალები, რათა საფრთხე არ შეუქმნან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მთავარ მიზანს ამბიციური დემოკრატიული, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელების გზით; ხაზს უსვამს ნდობის ჩამოყალიბებისა და გაზრდის აუცილებლობას ყველა პოლიტიკურ და ინსტიტუციურ მოთამაშეს შორის, ასევე მათ და ქართველ ხალხს შორის; ევროკავშირის შუამავლობით 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენენ გზას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებისა და პოლარიზაციის შემცირებისკენ საქართველოში და, შესაბამისად, აისახება ევროკავშირი-საქართველოს ასოციაციის დღის წესრიგში".

შესწორებებში ასევე გამოთქმულია წუხილი 19 აპრილის შეთანხმებიდან მმართველი პარტიის „ქართული ოცნების" გასვლაზე და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, შეასრულონ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები;

ამასთან, აღნიშნულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პარტია „ლელო საქართველოსთვის" ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გასამართლების შესახებ და სასამართლოს განაჩენის გამოყენება ჯაფარიძისთვის საპარლამენტო მანდატის ჩამორთმევის მიზნით, არის პოლიტიზებული მართლმსაჯულების საქმის აშკარა დემონსტრირება; ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური ლიდერების შემდგომი გასამართლება შეეწინააღმდეგება პოლარიზაციის შემცირების დეკლარირებულ განზრახვებს.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის საკითხს, ახალ შესწორებებში საუბარია: „ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას, როგორც კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომლის გადაწყვეტა აუცილებელია საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე; რეკომენდაციას იძლევა, რომ მოგვარდეს კერძო ინტერესების, განსაკუთრებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების სისტემური გზით".

შესწორებების ახალ ვერსიაში საუბარია, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უფლება, გაიაროს სათანადო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარული ნიშნით და როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და განიხილოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები მედიის მუშაკებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია საშუალებების მფლობელების ან ახლო ოჯახის წევრების წინააღმდეგ;"

ახალ შესწორებაში კვლავ საუბარია, რომ „გადაიხედოს ნიკა გვარამიას საქმე და გამოთქმულია მოლოდინი, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური და ევროკავშირის წარმომადგენლობა ადგილზე გააგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებთან დაკავშირებული ყველა სასამართლო პროცესის მონიტორინგს".

ცნობისთვის, რეზულუციის მიღებამდე „ოცნებაში" აცხადებდნენ, რომ რეზოლუციის პირველადი ტექსტი დაბალანსებულია და ასახავს საქართველოს პროგრესს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით, თუმცა კონკრეტული „ოდიოზური ევროპარლამენტარები" ცდილობენ „აბსოლუტურად არარელევანტური და სიმართლეს აცდენილი ცვლილებების შეტანას".

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აღნიშნული რეზულუცია საკმაოდ კომპრომისულია გამომდინარე იქედან, რომ ევროპელ პარტნიორებს არ სურთ საქართველო საბოლოოდ ჩახსნან ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივიდან, მაგრამ ახლა „ოცნებამაც" უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები.

„ზოგადად, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ეცდებიან მაქსიმუმს, რომ არ იყვნენ კატეგორიულები და მიყვნენ დიპლომატიურ გზას. თუ მათი მხრიდან რადიკალური ზომები იქნება მიღებული, ეს ნიშნავს, რომ საქართველო საერთოდ უნდა ჩაეხსნას ევროპაში ინტეგრაციის პროცესს. ამიტომ ყველანაირად ცდილობენ შეინარჩუნონ კრიტიკული ტონი, მაგრამ არ იყვნენ რადიკალურები.

„ცდილობენ არ დაწვან ყველა ხიდი, რაც ჩვენ გვაერთიანებს. ამიტომ მოიხსნა ივანიშვილის დასანქცირების საკითხი, თუმცა მაინც დარჩა გვარამიასა და სააკაშვილის თემა, მაგრამ ისიც არა ზედმეტად კატეგორიული ტონით.

„რაც შეეხება იმას, თუ რითი უნდა უპასუხოს ხელისუფლებამ, ცხადია ამ მოთხოვნების შესრულებით, რაც რეზულუციაში დარჩა. მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც მგონია, რომ ერთადერთი, რაზეც „ოცნება" შეიძლება წავიდეს, ნიკა გვარამიას პრეზიდენტის მიერ შეწყალების საკითხია. ისინი სააკაშვილს მაინც არ გაათავისუფლებენ იქამდე, სანამ თავად არ ჩათვლიან, რომ შესაძლოა მისი მდგომარეობა ფატალურ შედეგამდე მივიდეს", - განაცხადა ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×