თამთა ჩაჩანიძე
08.11.2022

ერთ კვირაში ინდონეზიაში „დიდი ოცეულის" სამიტია დაგეგმილი და ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, ჩავლენ თუ არა მასზე დასასწრებად უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები. სამიტის მოახლოებასთან ერთად კი დასავლეთში სულ უფრო აქტიურდება საუბრები მოლპარაკების აუცილებლობაზე. ასევე გამოითქვა ვერსია, რომ უკრაინელების მიერ ქალაქ ხერსონის გათავისუფლება შესაძლოა მოლაპარაკების დაწყების საფუძველი გახდეს. ხერსონზე შეტევა კი, ანალიტიკოსების აზრით, უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი.

ბოლო რამდენიმე დღეა დასავლური მედიები დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ დასავლეთი უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკების რეკომენდაციას აძლევს. დასავლეთშიც და ანალიტიკურ წრეებშიც მიაჩნიათ, რომ თუკი უკრაინა ხერსონს აიღებს, მოლაპარაკებებში მისი მდგომარეობა უფრო მომგებიანი იქნება. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლაპარაკებებისთვის უკრაინის პირობები დაასახელა.

რუსული მედია კი წერს, რომ ზლენსკიმ სამიტამდე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ხერსონის გათავისუფლება დაავალა. რამდენად დასაშვებია, მოვლენები ამ სცენარით განვითარდეს, რომ სამიტამდე უკრაინამ ხერსონი აიღოს, რითაც მოლაპარაკებებში უფრო მომგებიან მდგომარეობეში აღმოჩნდება და ამის გამო მოლაპარაკებას დათანხმდეს? რამდენად მოსალოდნელია ამ შემთხვევაში ბალიზე ზელენსკი-პუტინის შეხვედრა?

ანლიტიკოსები ამბობენ, რომ პუტინის მიერ რაიმეს დათმობა საკუთარი რეჟიმის მორყევას ნიშნავს და ამისთვის მზად არაა. უკრაინა კი იმ მდგომარეობაში არაა, რომ რამე დათმოს.

მათივე შეფასებით, უკრაინას მოლაპარაკებებზე უარი ოფიციალურად არასოდეს უთქვამს, თუმცა ზელენსკის განცხადება, რომ ის ვლადიმერ პუტინს არ დაელაპარაკება, პუტინის საქციელიდან გამომდინარეობს, რადგან მის სიტყვას და მის ხელმოწერით შეთანხმებას არანაირი აზრი, ძალა და წონა არ აქვს.

მოვლენების ქრონოლოგია

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის" სამიტი 15-16 ნოემბერსაა დაგეგმილი, ერთი თვის წინ კიევი და მოსკოვი აცხადებდნენ, რომ შეხვედრას პუტინიც და ზელენსკიც ჩავიდოდნენ, თუმცა სამიტის მოახლოებასთან ერთად სიტუაციაც იცვლება.

5 ნოემბერს „ვაშინგტონ პოსტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის ლიდერებს პირად საუბრებში მოუწოდებს, რომ საჯარო განცხადებებში გამოხატონ ღიაობა რუსეთთან მოლაპარაკებების მიმართ. ამასთან, როგორც გამოცემა „ლა რეპუბლიკა" წერს, აშშ და ნატოს ქვეყნები მიიჩნევენ, რომ კიევის მიერ ხერსონის აღების შემთხევაში მოლაპარაკებების დაწყება უფრო მომგებიანი იქნება.

აღსანიშნავია, რომ უკრაინამ ოფიციალურად უარი თქვა უშუალოდ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებაზე მას შემდეგ, რაც მან უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსია გამოაცხადა.

ორშაბათს კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი კვირის ბოლომდე გადაწყვეტს, დაესწრება თუ არა სამიტს. რამდენიმე დღის წინ კი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას „დიდი ოცეულის" შეხვედრაში, თუ მას პუტინი დაესწრება.

ინდონეზიის პრეზიდენტმა და სამიტის მასპინძელმა, ჯოკო ვიდოდომ განაცხადა, რომ თუკი პუტინს შესაძლებლობა მიეცემა სამიტს პირადად დაესწრება, „მაგრამ თუ არა, შესაძლოა, მან ამის გაკეთება ვირტუალურად მოითხოვოს".

ამ თემაზე საუბრის გახშირებისა და ოფიციალური განცხადებების შემდეგ საკუთარი პოზიცია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დააფიქსირა და მოლაპარაკების დაწყების პირობები დაასახელა.

„კიდევ ერთხელ: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, გაერო-ს წესდების პატივისცემა, ომით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება, ყველა სამხედრო დამნაშავის დასჯა და გარანტიები, რომ ეს აღარ განმეორდება - ეს არის სრულიად გასაგები პირობები", - აცხადებს ზელენსკი.

რაც შეეხება ბალიზე მის ჩასვლას, კიევში აცხადებენ, რომ ზელენსკი ამა თუ იმ ფორმით აუცილებლად მიიღებს სამიტში მონაწილეობას, თუმცა შესაძლოა ეს ონლაინ რეჟიმში ჩართვის სახით მოხდეს.

ამის პარალელურად უკრაინელების მხრიდან ხერსონზე შეტევა შენელებულია. სხვადასხვა წყაროების ცნობით, რუსებმა ქალაქი მოსახლეობისგან პრაქტიკულად დაცალეს. 8 ნოემბერს რუსულმა გამოცემამ „ვოენნოე დელომ" დაწერა, რომ ზელენსკიმ „დიდი ოცეულის" სამიტამდე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ხერსონის გათავისუფლება დაავალა. რუსული „ტელეგრამ" არხები კი წერენ, რომ შესაძლოა ხერსონზე ფარტომასშტაბიანი შეტევა უკრაინელებმა ამ კვირაში დაიწყონ.

ამასთან, 4 ნოემბერს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა კიევში განაცხადა, რომ აშშ მზადაა, უკრაინას ხერსონის გათავისუფლებისთვის საჭირო დახმარება მიაწოდოს და რომ ხერსონის გათავისუფლების ოპერაცია მისი დელეგაციის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა და ვიზიტის მიღმაც განიხილება.

როდის რა შემთხვევაში შედგება უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკება

ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი და ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინას მოლაპარაკებებზე უარი არ უთქვამს, თუმცა მოსკოვი მზად არაა რამე დათმოს, თან, პრაქტიკიდან გამომდინარე, პუტინის ნდობა არ შეიძლება.

„უკრაინას მოლაპარაკებებზე უარი ოფიციალურად არასოდეს უთქვამს. ზელენსკის განცხადება, რომ ის ვლადიმერ პუტინს არ დაელაპარაკება, პუტინის საქციელიდან გამომდინარეობს, რადგან ამ ადამიანმა ამდენი ხნის განმავლობაში დაამტკიცა და დაანახა ყველას, რომ მის სიტყვას და მის ხელმოწერით შეთანხმებას არანაირი აზრი, ძალა და წონა არ აქვს. ის ხელშეკრულებებს დებს და იმ წუთშივე არღვევს. სხვათა შორის, ბოლო დროებითი შეთანხმებები რაც მიღწეულ იქნა, მათ შორის მარცვლეულის თემაზე, ის იმწუთშივე დაირღვა.

„ერთია ის, რომ მოლაპარაკებები წარმოებდეს, ოღონდ გარანტირებული უნდა იყოს ის, რომ მხარეები, და ამ შემთხვევაში რუსეთი, პასუხისმებლობით მიუდგება და შეასრულებს იმას, რაზედაც ხელს მოაწერენ. მეორე საკითხია ის, რომ მოლაპარაკების დაწყებისთვის ერთი მხარის სურვილი საკმარისი არაა. დღეს ასეთი სურვილი რუსეთის მხრიან არ ჩანს, ამ პროცესში კი უკრაინას დასათმობი არაფერი არ აქვს, რადგან ის თავის ტერიტორიას იცავს.

„თუ მოლაპარაკების საგანი უკრაინის ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარების გაყვანა იქნება, რომელიც მათ უკანონიდ აქვთ დაკავებული, ამაზე უკრაინა, რა თქმა უნდა, უარს არ იტყვის", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დღეს უკრაინისთვის ნებისმიერი მოლაპარაკება წამგებიანია, ამიტომაც ჯერჯერობით ამაზე არ წავა.

„დღეს უკრაინისთვის ნებისმიერი მოლაპარაკება წამგებიანია იმ თვალსაზრიოსით, რომ რუსეთი ამას მიიღებს უკრაინისა და დასავლეთის უკან დახევად. ამიტომაც ვფიქრობ, რომ თუ ყველაფერი გაათავისუფლა ყირიმის გარდა, მოლაპარაკების წარმოება შესაძლებელია. ნაკლებზე უკრაინული მხარე არ დათანხმდება. თუმცა მესმის დასავლეთი მოლაპარაკებებს რატომ ცდილობს, მათაც თავიანთი პრობლემები აქვთ", - განაცხადა კაკაჩიამ.

რა მოხდება სამიტზე, თუ უკრაინამ მანამდე ხერსონი გაათავისუფლა

როგორც ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" ამბობს, ხერსონის გათავისუფლების მერე უკრაინას მოლაპარაკებებში უპირატესი პოზიცია ექნება, თუმცა, პრაქტიკიდან გამომდინარე, რუსეთის ნდობა არ შეიძლება.

„რაც შეეხება იმას, თუ ხერსონის აღების მერე უკრაინას უკეთესი პოზიცია ექნება მოლაპარაკებებში, დიახ, ექნება, რადგან ესაა ერთადერთი ენა, რომელიც რუსეთს ესმის. პუტინს ძალიან კარგად ესმის, რომ ადრე თუ გვიან მას მოლაპარაკებებზე დაჯდომა მოუწევს, ამიტომ ახლა ცდილობს, რომ მაქსიმალურად რაღაცა წაგლიჯოს, რომ მერე სავაჭრო თემა ჰქონდეს. როცა უკრაინა ხერსონში უპირატესობას მოიპოვებს, ეს პირდაპირ მის უპირატესობაში გადაითარგმნება შესაძლო მოლაპარაკებებში.

„ჯერ არაა გარკვეული „დიდი ოცეულის" სამიტზე თავად ზელენსკი ჩავა თუ არა, თავიდან იყო საუბარი, რომ ჩადის, მერე თქვეს, რომ არა. საქმე ისაა, რომ ასეთი შეხვედრები შემთხვევით არ ხდება. თუ შეხვედრა შედგა, ესე იგი წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარებულია და რაღაც ნიშნები არსებობს, რაც მხარეებს არწმუნებს განწყობის სერიოზულობაში. თუ ასეთი რამ გამოიკვეთა და ამ შემთხვევაში რუსეთიდან უნდა გამოიკვეთოს, მაშინ ასეთი რამ დასაშვებია. სხვა შემთხვევაში შეხვედრა არ შედგება.

„სანამ უკრაინელები ხერსონში არ შევლენ და წესრიგს არ დაამყარებენ, არ მჯერა ის სცენარი, რომ რუსებმა უკრაინელებს უბრძოლველად ჩააბარონ ქალაქი, მანამდე ყოველთვის იქნება საფრთხე იმისა, რომ ეს ყველაფერი მახე აღმოჩნდეს, ძალიან კარგად მახსოვს, რომ გვეუნბეოდნენ, რომ სოხუმიდან გავიდნენ, ჩვენი მძიმე ტექნიკა გამოიყვანეს, ხალხი დაბრუნდა, მაგრამ მერე ის საშინელი დაბომბვა იყო. რუსეთი ზუსტად მაგას ელოდებოდა, რომ ზუსტად ეს ფატალური შედეგი მიგვეღო, მსგავსი გამოცდილება უკრაინასაც აქვს. ეს იმ ტიპის რეჟიმია, რომლის ნდობაც არ შეიძლება და მოლაპარაკებებს ხელს ზუსტად ეს უშლის",- განაცხადა ფხალაძემ „რეზონანსთან".

კორნელი კაკაჩია ნაკლებად დამაჯერებლად მიიჩნევს მოსაზრებას, რომ შესაძლოა რუსებმა უკრაინელებს ხერსონი უბრძოლველად ჩააბარონ და დასავლეთსა და რუსეთს შორის ამაზე რაიმე გარიგებას ჰქონდეს ადგილი.

„ჯერ გაურკვეველია უკრაინა ხერსონის აღებას წლის ბოლომდე რამდენად შეძლებს. ამ ქალაქის აღება მოლაპარაკებებში უკრაინის პოზიციებს კი გააუმჯობესებს. გააჩნია ხერსონის შემდეგ რა სიტუაცია იქნება. თუ რუსეთი მიხვდა, რომ მარცხდება და ამისკენ ნაბიჯები გადადგა, მაშინ მოლაპარაკება შესაძლებელია.

„იმის საფუძველს ვერ ვხედავ, რომ ეს სცენარი განვითარდეს და რუსებმა უბრძოლველად ჩააბარონ ხერსონი, რადგან მობილიზირებულ ძალებს ძირითადად ამ ქალაქში ათავსებენ და ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა გაჰყავთ. ის არ ჩანს, რომ რუსული ჯარები უკან იხევენ და ამ ეტაპზე ამის საფუძველი ნაკლებად გვაქვს, რომ ასეთ გარიგებას ჰქონდეს ადგილი.

„არ მგონია, პუტინი მოლაპარაკებებისთვის მზად არაა. მისთვის ნებისმიერი დათმობა მისი რეჟიმის მორყევას ნიშნავს. ამაზე პუტინი ვერ წავა და აქედან გამომდინარე, ეს სცენარი ნაკლებად მოსალოდელია, მით უმეტეს, რომ იგივე მდგომარებაშია ზელენსკი. ამიტომაც ნაკლებად შესაძლებელია უახლოეს მომავალში და ამ „დიდი ოცეულის" ფორმატის ფარგლებში ეს შეხვედრა მოხდეს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.

„ზელენსკიც შესაძლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში წავიდეს მოლაპარაკებებში, რომ მოლაპარაკებების საგანი, მხოლოდ ყირიმის სტატუსიღა იქნება. ალბათ ამ შემთხვევაში უკრაინის საზოგადოება ზელენსკის უფლებას დართავს, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს, თუმცა შესაძლოა ეს იდეაც ყველა უკრაინელისთვის პოლუპარული არ იყოს.

„უკრაინელები საკუთარ ტერიტორიას ვერაფერში ვერ გაცვლიან, ეს უკრაინელებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იქნება. თუ ზელენსკი ასეთ ნაბიჯს გაადადგამს, შესაძლოა ზელენსკის პრობლემები უკვე ქვეყნის შიგნით შეექმნას", - განაცხადა კაკაჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×