თამთა ჩაჩანიძე
02.10.2022

იმ ფონზე, როდესაც ენმ „თვალსა და ხელს შუა დნება" „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სხვა ოპოზიციურ პარტიებს დაასწრო „ნაცმოძრაობის" მხარდაჭერებზე ე.წ. ნადირობის დაწყება და მისი რადიკალური განცხადებებიც ამით შეიძლება აიხსნას - ამის შესახებ „რეზონანსს" ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა ვაშაძის ბოლოდროინდელი გააქტიურების კომენტირებისას.

საყვარელიძის თქმით, ენმ-ს მხარდამჭერების გადაბირბის მცდელობაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ ვაშაძე ხშირად ახსენებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

„ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელს" დაფიქსირებული გვაქვს პოზიცია, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და გადაყვანილ იქნას როგორც მინიმუმ სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ. მეორე, მე მინდა მოვუწოდო, თუ თვითონ არ იბრძოლა თავისი ორგანიზმის სისუსტესთან, მერწმუნეთ, რომ დღეს ხელისუფლებაში არსებული პრორუსები ძალიან ბედნიერი იქნებიან, თუ მძიმედ დასრულდება ეს ყველაფერი.

„ბრძოლის ხაზი გადის საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე და მე ვფიქრობ, რომ ამ ერთი წლისთავზე ღიად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე მძიმე ალბათ არის ის, რომ პროევროპელი სააკაშვილი ციხეშია, პრორუსი ოლიგარქი თავისი რეჟიმით ბატონ-პატრონია ამ ქვეყანაში. ამ უსამართლობასაც ძალიან მალე დავასრულებთ!" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ შესაძლოა ამ სტრატეგიამ უმნიშვნელოდ გაზარდოს ვაშაძის მხარდამჭერების რიცხვი, მაგრამ იმდენი ვერ გახდება, რამდენიც სააკაშვილს ჰყავს და ეს აქტიურება დააზარალებს როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს.

„ყველა პოლიტიკოსი მხარდამჭერებზე ნადირობს და მათ შორის ვაშაძეც. ალბათ დაინახა, რომ სააკაშვილის მომხრეები ძალიან რადიკალურები არიან და თითონაც ბოლო ხანებში ეს რადიკალურიბა თავის ხელწერად გაიხადა. არაა გამორიცხული, რომ ეს ვერსია ვაშაძის გააქტიურების მიზეზი იყოს.

„შესაძლოა ამან შედეგიც გამოიღოს და ვაშაძის მხარდამჭერების რიცხვი გაიზარდოს, მაგრამ, ბოლო კვლევას თუ გავითვალისწინებთ, სადაც ენმ-ს 8% აქვს, ვაშაძეს ამ ბაზიდან დიდი ხეირი არ ექნება. მით უმეტეს, რომ მისი მხარდამჭერების რიცხვი იმდენი ვერასოდეს იქნება, რამდენიც სააკაშვილის მხარდამჭერია. ის ამ სტრატეგიით ენმ-ს რაღაც ხმებს წაართმევს, მაგრამ ეს ხმები არ ეყოფა და ამგვარი ხერხი არც თავად გამოადგება და არც „ნაცმოძრაობისთვის" იქნება სასურველი. თუ ვაშაძეს ეს განზრახვა აქვს, მაშინ არასწორი სტრატრგიაა ჩადებული. ჩემი აზრით, ასეთი განზრახვით მოემედებს, მაგრამ ორივესთვის წამგებიანი იქნება.

„თავად ენმ კი ვხედავთ, რომ თვალსა და ხელს შუა დნება. ეს გადნობა შემთხვევითი არაა, რადგან პარტიის ერთადერთი პოლიტიკური ჭრილი იყო, რომ „ოცნება" გადავაგდოთო. ამას მერე სლოგანები „რუსეთის მტერია" და „ევროპისაკენ" დაემატა. რუსეთი რომ მტერია, ეს ყველამ იცის. არავინ ამბობს რუსეთი მოკეთეა და ევროპისკენ არ გვინდაო. რჩება „რევოლუციით გადავაგდოთ „ოცნება".

„ქართული ოცნება" ბევრს არ მოსწონს, მაგრამ როცა ენმ რევოლუციას თავის თავზე იღებს, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება" გადააგდონ და „ნაცმოძრაობა" საჭესთან მიუშვან. ხალხს კი ენმ საჭესთან არ უნდა.

„ენმ-მ აქამდე ხელოვნური სუნთქვით გაძლო, რაშიც იგულისხმება ფინანსები, რომელიც პარტიას მისდის, ასევე ის დასავლელი ფიგურები, რომლებიც დღემდე მხარს უჭერენ და მასმედია, რომლის დიდ ნაწილს ისევ ენმ აკონტროლებს. ამ ფაქტორებით არსებობენ და არა იმით, რომ მოსახლეობას ეს პარტია უღირს", - განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ სხვა, ასევე წვრილმა ოპოზიციურმა პარტიებმაც დაიწყონ ენმ-ს მხარდამჭერებზე ე.წ. ნადირობა, საყვარელიძემ განაცხადა, რომ ეს სტრატეგია ვაშაძემ ყველას დაასწრო და სხვას ვეღარ გამოუვა.

„ამას ენერგიაც უნდა და დასწრებაც. ამ ქალაქში ყველაფერი დასწრებაზეაო და ეს ხაზი ვაშაძემ სხვებზე უფრო სწრაფად და ენერგიულად დაიწყო. ამიტომ, ვინც ახლა იგივეს გაიმეორებს, უკვე ვაშაძის გამეორება გამოვა და ამა თუ იმ პარტიისთვის არცთუ ისე დიდი კომპლიმენტი იქნება. მათ თავიანთი გზები და საშუალებები აქვთ საპოვნელი", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×