თამთა ჩაჩანიძე
10.08.2022

ქვეყანაში „ომიკრონ" შტამი კვლავ აქტიურად ვრცელდება, მონაცემები ყოველკვირეულად ახლდება - გაანგარიშებით გამოდის, რომ დღეში საშუალოდ 1800-ზე მეტი შემთხვევა ვლინდება, პარალელურად ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი მიდის. რისკ ჯგუფებზე დაშვებულია მეორე „ბუსტერ" დოზაც. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, რადგან შემთხვევები კვლავ ვლინდება და თან საკმაოდ ბევრი, პანდემიის დასასრული ჯერ კიდევ შორსაა, მათივე თქმით, ეს ჯაჭვი არ დასრულდება, სანამ ვირუსს გავრცელების შანსი ექნება.

საქართველოშიკოვიდ-19-ზე ამ კვირის მონაცემებით, 12 729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.გარდაიცვალა 8 პაციენტი. 11 199 ადამიანი გამოჯანმრთელდა.ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 67 482 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია - 16.82%.

შედარებისთვის, წინა კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 11 802 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 233 პირი, გარდაიცვალა 10 პაციენტი.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში სულ 2 913 546 აცრა ჩატარდა, სრულად ვაქცინირებულია 1 273 576 ადამიანი.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანასთან" აცხადებს, რომ კორონავირუსული პანდემია მაშინ დასრულდება, როცა ინფიცირების შემთხვევები აღარ იქნება, შემთხვევები კი აღარ გამოვლინდება მაშინ, თუ ადამიანები აიცრებიან და ვირუსს გავრცელების საშუალება არ ექნება.

„პანდემია დასრულებულად მაშინ გამოცხადდება, როცა შემთხვევები აღარ იქნება და დინამიკაში არ მოიმატებს. კვირაში 12-13 ათასი შემთხვევა საკმაოდ საფიქრალია, მაგრამ ნუ გვავიწყდება, რომ დაავადება ახლა ისეთი მძიმე ფორმით არ მიმდინარეობს, როგორიც „დელტა" და სხვა შტამების დროს იყო.

„ამ სიტუაციაში ესეც შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპია, რომელიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ არსებობს და იმის გამო, რომ ვიურუსმა მუტაცია განიცადა, ზაფხულის პერიოდში ცხოველმყოფელობის შენარჩუნება შეძლო.

„ადამიანები პირბადეებს ისე ინტენსიურად აღარ იყენებენ, შეკრებები ჩვეულებრივად იმართება და გამოდის, რომ ყველამ უნდა მოიხადოს, ვისაც მოხდილი არ აქვს. ამის პარალელურად, ძალიან ბევრი ადამიანი აცრილი არაა, ამიტომ ის ხალხი, ვინც თავის დროზე არ აიცრა და არ გადაიტანა, ახლა იმ „დივიდენდებს" იღებს, რომელიც დააგროვა.

„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვდუნდეთ და ამ ამბავზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ, რადგან არაა გამორიცხიული, რომ ვირუსმა ხვალ რაღაც მუტაცია განიცადოს და კიდევ ახალი პრობლემა შექმნას.

„დავუშვათ ერთი თვე შემთხვევები არ იყო და მატება ამის შემდეგ დაიწყო, ეს ისევ იმ პანდემიის გაგრძელება იქნება. ამ ვირუსულ ინფექციას გეომეტრიული პროგრესიით გავრცელება ახასიათებს, ამიტომ ერთი ადამიანიც საკმარისია, რომ პანდემია კვლავ განახლდეს. შესაბამისად, რამდენი შემთხვევაც არ უნდა იყოს, მაინც სიფრთხილე გვმართებს.

„კორონავირუსი" აბსოლუტურად სხვანაირი ვირუსია და სხვანაირი გადამდებლობა აქვს, მართალია „ომიკრონის" შემთხვევაში ისეთი ძლიერი აღარაა, მაგრამ ადვილად გადამცემლობის უნარი აქვს" - განაცხადა ხმალაძემ.

კითხვაზე, ასეთ შემთხვევაში პანდემიას დასასრული რამდენად უწერია, ექსპერტმა გვითხრა: „ძალიან მინდა, რომ პანდემიას დასასრული ეწეროს, მაგრამ ცეცხლი მაშინ ქრება,როცა შეშა, ან ჟანგბადი აღარ აქვს. ჯერჯერობით ამ „ხანძარს"(პანდემიას) „შეშაც" აქვს და „ჟანგბადიც", ანუ ის ხალხი, რომელიც აცრილები არ არიან და რეკომენდაციებს არ იცავენ", - განაცხადა ხმალაძემ.

ექსპერტმა მეორე „ბუსტერ" დოზის ასაკობრივ შეღუდვის მიზეზებზეც ისაუბრა.

„აცრა მკურნალობა არაა, ეს ორგანიზმში უცხო ცილის შეყვანაა, რომელიც აუცილებლობითაა გამოწვეული. თუ დაავადება ძლიერ უარყოფით პრობლემებს, მძიმე გართულებებს და გარდაცვალებას არ იწვევს, მეორე „ბუსტერ"დოზის გაკეთებას მაინც უნდა ვერიდოთ. ზოგი ალერგიულია და ასაკობრივ ამბავს მაინც სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. პატარა ასაკი, ამ დაავადებას შედარებით ადვილად იტანს და გინდა თუ არა მეორე ბუსტერ დოზა გაიკეთეო, ასე კატეგორიულები არ უნდა ვიყოთ,"- განაცხადა ხმალაძემ.

„რეზონანსმა" დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს პაატა იმნაძეს კითხვით მიმართა, შესაძლებელია თუ არა, რომ კორონავირუსის ვაქცინის მეორე ბუსტერ დოზაზე ასაკობრივი შეზღუდვა მოიხსნას და როდის, რაზედაც იმნაძემ გვიპასუხა, რომ: „ვისაც ექიმი დაუნიშნავს, ყველა ასაკში ხელმისაწვდომია დღესაც".

მანამდე, ივლისის დასაწყისში დაავადებათა კონტროლ;ის ცენტრის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მეორე „ბუსტერ" დოზასთან და ზოგადად ვაქცინაციასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„როგორც ჩანს, შემთხვევათა მატება იქნება. შეჩერების ერთი გზა არსებობს - ეს არის იმუნური ფენის ზრდა, ანუ ვაქცინაციის მაღალი იმუნური ფენა იყოს ქვეყანაში, ასე შევხვდეთ შემოდგომას და გავაუმჯობესოთ ვაქცინაციის მაჩვენებელი.

„ბ4 და ბ5 შტამზე კარგად მოქმედებს „ბუსტერი", იქნება პირველი თუ მეორე ბუსტერი. მოგეხსენება, რამდენიმე დღეა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, მეორე „ბუსტერი" 50 წლის ზემოთ არის დაშვებული, ხაზი მინდა გავუსვა, რომ 50 წლის ზემოთ - რადგან კოვიდის დროს გართულებები სწორედ ამ ასაკზე მოდის, ვთხოვ, ვისაც აქვს ერთი „ბუსტერი" გაკეთებული გაიკეთონ მეორე, ხოლო ვინც არ არის აცრილი, მიბრძანდნენ და აიცრან.

„ჩვენ მშვიდად ვიქნებით შემოდგომაზე და მეტად დაცული ვიქნებით, ნაკლები გართულება გვექნება და ნაკლები მსხვერპლი",- განაცხადა გამყრელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×