ელზა პაპოშვილი
09.08.2022

სამშაბათს უკრაინაში მნიშვნელოვანი რამ მოხდა - ომის განმავლობაში პირველად უკრაინელებმა ყირიმის ნახევარკუნძულზე მიიტანეს სარაკეტო იერიში. სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ უკრაინულ არმიას უკვე აქვს შორსმსროლელი ზუსტი შეიარაღება, რაც, სავარაუდოდ, ომის მსვლელობაზე მოახდენს გავლენას. ამის პარალელურად ბრიტანეთის დაზვერვამ ანგარიში გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა ფრონტის ხაზი ბოლო ერთ თვეში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ვლადიმირ პუტინთან მის შესაძლო შეხვედრაზე გააკეთა განცხადება.

ბოლო ერთ თვეში რუსეთის არმიის შეტევის  ტემპი უკრაინაზე რადიკალურად შესუსტდა და ოკუპანტები წინ წაწევას ვეღარ ახერხებენ. ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით,  რუსებმა გარკვეული წინსვლა მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით  მოიპოვეს. თუმცა მასშტაბი აქაც დიდი არ არის, რადგან  ერთ თვეში  მხოლოდ 10 კილომეტრით წაიწიეს. სხვა ადგილებში ან საერთოდ ვერ წაიწიეს წინ, ან მაქსიმუმ 3 კილომეტრით. ბრიტანელები ამბობენ,  რომ ამის მიზეზია ბრძოლისუნარიანი შენაერთების დეფიციტია. 

ამის პარალელურად კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ნოემბერში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე უკრაინისა და რუსთის პრეზიდენტების, ვოლოდიმერ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შედგეს. ამის შესახებ ზელენსკიმ სამშაბათს თავად განაცხადა. 

როგორ განვითარდება მოვლენები როგორც დიპლომატიური მიმართულებით, ისე უშუალოდ ფრონტზე?

 

„რეზონანსთან“ საუბრისას ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინაში 4 ფრონტის ხაზი არსებობს. აქედან 3-ში რუსები თავდაცვით პოზიციებში გადავიდნენ და აქტიურობას მხოლოდ დონბასის მიმართულებით აგრძელებენ. მიუხედავად ამისა, მათი წარმატება უმნიშვნელოა. 

რაც შეეხება ზელენსკი-პუტინის შესაძლო შეხვედრას, მათი შეფასებით, ბევრი რამ და მათ შორის ასეთი შეხვედრის გამართვა-არგამართვაც ნოემბერში ფრონტის ხაზზე შექმნილ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

შეტევა ყირიმზე

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ქალაქ საკისთან მდებარე ნოფოფედოროვკის სამხედრო აეროდრომზე სამშაბათს ორი მძლავრი აფეთქებები მოხდა. რუსული მხარის ინფორმაციით, ეს აეროდრომის საწყობზე საბრძოლო მასალის აფეთქება იყო. კიევში კი აცხადებენ, რომ ეს მათ მიიტანეს სარაკეტო იერიში რუსულ ბაზაზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ თავის ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ რუსული სამხედრო აეროდრომი და იქვე მდებარე დიდი საწყობი სრულად განადგურებულია.

უკრაინის შს მინისტრის ყოფილი მრჩეველი ვიკტორ ანდრუსივი კი აცხადებს: „ალბათ ყველანი მიხვდით - ჩვენ უკვე გვაქვს 200-300 კმ-ის სიშორის რაკეტები და ვიყენებთ კიდეც“.

აფეთქებებმა ადგილობრივ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები, თუ როგორ გარბიან დამსვენებლები ნოვოფედოროვკას პლაჟებიდან, ფონზე კი აფეთქების კვალი და კვამლი ჩანს.

დე ფაქტო ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში ყოფნას ურჩევს. ტურისტებმა მასობრივად დაიწყეს ნოვოფედოროვკის დატოვება. დასახლებას ასევე ტოვებს ადგილობრივების ნაწილიც, რის გამოც გზებზე საცობები შეიქმნა.

უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ ყირიმში აფეთქებები ოკუპანტების იმ საჰაერო ბაზაზე მოხდა, საიდანაც თვითმფრინავები ზაპოროჟიეს, ნიკოლაივისა და ხერსონის რეგიონების დასაბომბად მიფრინავდნენ ხოლმე.

რატომ ვეღარ ახერხებენ რუსები წინსვლას 

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ბრიტანული დაზვერვის მიერ მიერ რუსული ჯარის გადაადგილებისა და ბრძოლისუნარიანობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა, რადგანაც ბოლო ერთი თვეა რუსები შეტევებზე ნაკლებად გადადიან. ისინი ახლა ძირითადად თავდაცვით პოზიციაში იმყოფებიან. თუ ადრე  უკრაინული არმიის  გამოფიტვის და განადგურების სტრატეგიას იყენებდნენ და ყველა ფრონტის ხაზის მიმართულებით მასირებელ შეტევას ახორციელეებდდნენ, ახლა ისინი დაკავებული ტერიტორიების დაცვაზე არიან გადასულები.  

„მკითხველისთვის უფრო  გასაგებია რომ იყოს, ზუსტად ავხსნი ფრონტის ხაზის რაოდენობას და იქ მიმდინარე სიტუაციას. უკრაინის ფრონტზე 4 საბრძოლო მოქმედების თეატრია. პირველი არის ხარკოვის მიმართულება, მეორე უშაულოდ დონბასის რაიონი, მესამე ზაპოროჟიეს მიმართულება, ხოლო მეთხე ხერსონისა და ნიკოლაევის რაიონები. ზღვაზე სიმშვიდეა, რადგანაც აქ სტამბოლის შეთანხმებაა ამოქმედებული და იქ არც რუსები და არც უკრაინელები საბრძოლო მოქმედებებს არ ახორციელებენ. 

„ამ 4 საბრძოლო მოქმედების თეატრიდან რუსები იძულებულები არიან 3-ში თავდაცვაში გადავიდნენ. აქ ცდილობენ, რომ უკრაინელების აქტიური შეტევითი ოპერაციის დაწყების საშუალება არ მისცენ. 

„რუსები შემტევ საბრძოლო მოქმედებებს მხოლოდ ერთგან ახორციელებენ, ეს არის დონბასის საბრძოლო მოქმედებების თეატრი. დანარჩენში უბრალოდ იმ ადგილას არიან გაჩერებული, სადამდე დაკავებაც შეძლეს. ამიტომ არის რუსების საბრძოლო მოქმედებების ტემპი დაცემული. 

„რა თქმა უნდა, ჯარი ძალიან არის გადაღლილი და მას მუდმივი შევსება უნდა. ამით უკრაინელებმა უნდა ისრგებლონ და შეტევით ბრძოლებზე გადავიდნენ. მერე არავინ იცის რა მოხდება. პუტინი ამ დანაკლისის შევსებას სექტემბრისთვის  უკვე დაიწყებს და მოვლენები როგორ განვითარდება, ამის პროგნოზი რთულია“, - ამბობს მაისაია „რეზონანსთან“.  

მისივე თქმით, ეს იძლევა შანსს, რომ ფრონტის ხაზის ამ სამ ადგილას უკრაინელებმა შეტევით ბრძოლები დაიწყონ, სანამ რუსები ამ დეფიციტს შეავსებენ. 

„რუსები დიდხანს თავდაცვით რეჟიმში არ იქნებიან. დაიწყებენ გადაჯგუფებას და არსებული დანაკლისის შევსებას. რუსეთს ამის რესრურსი ნამდვილად აქვს და ეს არ გაუჭირდება. რუსეთის სამხედრო სტრატეგიაში ასეთი სიტუაციები გათვალისწინებულია და ეს დიდი ხნით არ გაგრძელდება. ეს არ არის ოპერატიული პაუზა, მაგრამ უკრაინელები ახლა რუსებზე აქტიურები არიან და ახალი იარაღი მათ აძლევთ იმის საშუალებას, რომ რუსები თავდაცვით პოზიციაში გადაიყვანოს“, - ამბობს მაისაია „რეზონანსთან“.

შეხვდებიან თუ არა პუტინი და ზელენსკი „დიდი ოცეულის“ სამიტზე    

„დიდი ოცეულის“ სამიტი ინდონეზიაში 15-16 ნოემბერს გაიმართება. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სხვადასხვა საერთაშრისო ფორუმებში იგი მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ერთვება, რადგანაც მიიჩნევს, რომ ომის დროს უმაღლესმა მთავარსარდალმა ქვეყნის ტერიტორია არ უნდა დატოვოს. თუმცა, თუ „ოცეულის“ სამიტს პუტინი დაესწრება, იგი ამ წესს გადაუხვევს და პირადად ჩავა ინდონეზიაში.

რაც შეეხება ვლადიმირ პუტინს, მან უკვე მიღებული აქვს ოფიციალური მოწვევა ინდონეზიიდან და დაადასტურა, რომ აუცილებლად დაესწრება სამიტს, თუ ნოემბრისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამაკმაყოფილებელი იქნება.

ზელენსკის განცხადებას სამშაბათსვე გამოეხმაურა რუსეთის პრეზმდივანი დმიტრი პესკოვი და განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით ზელენსკი-პუტინის შეხვედრის გასამართად არანაირი წინაპირობები არ არსებობს

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ წინასწარ საუბარი რაიმე კონკრეტულ შეთანხმებაზე, ან შედგება თუ არა რეალურად ეს შეხვედრა, საკმაოდ რთულია. ყველაფერი მაინც ფრონტის ხაზზე განვითარებულ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული.  

„ნოემბრამდე დრო ძალიან დიდია და იქამდე ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს. ამიტომ ახლა ზელენსკის თანხმობა არ ნიშნავს იმას, რომ მერეც თანახმა იქნება. ზელენსკიმ ამას წინათ გააკეთა განცხადება, რომ თუკი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოლქებში რეფერენდუმი ჩატარდება, მაშინ მოლაპარაკებას არანაირი აზრი არ აქვს. ეს რეფერენდუმები რუსებმა სექტემბერში დანიშნეს. თუ ეს მოხდა, მაშინ ზელენსკიმ თავისი პირობა უნდა შეასრულოს და არ უნდა შეხვდეს.

„სამშაბათის ამ განცხადებით არ არის  გამორიცხული ზელენსკი პუტინს აძლევდეს შანს, რომ მოდი რეფერენდუმზე საუბარს თავი დაანებე და რაღაცაზე მოვილაპარაკოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ნოემბერი უბრალოდ უკვე ისეთი დროა, რომ რაღაცეები უნდა გამოიკვეთოს. წესით უკრაინის არმიის მხრიდან რუსების წინააღმდეგ რაღაც სერიოზული კონტრშეტევები უნდა განხორციელდეს. შედეგი იქნება თუ არა, რაღაც ახალი რეალობა მაინც გაჩნდება. ამიტომ ზელენსკიც და პუტინიც, ორივე მაინც ფრონტის  ხაზზე განვითარებული მოვლენების მიხედვით იმოქმედებენ“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.  

მისივე თქმით, რუსეთს ახლა დღევანდელი ვითარების შენარჩუნება და დროის გაწლევა აწყობს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პუტინმა გარკვეულ წარმატებას უკვე  მიაღწია - მარიუპოლი აიღო, აზოვის ზღვა მთლიანად ჩაკეტა და ძალიან ნელა წინ მიიწევს. მართალია, ზოგან უკან იხევს, მაგრამ ეს სტრატეგიული დახევაა.

„პუტინს დროის გაყვანა უნდა. ამას აკეთებს არა უკრაინელების დასაღლელად, არამედ ევროპელების ნებისყოფაზე თამაშობს. უკრაინელები რომ ბრძოლისთვის მზად არიან, ეს უკვე კარგად ჩანს. დაღლა ევროპას ეტყობა და პუტინი სწორედ ამაზე მუშაობს. იმედია მას ეს აღარ  გამოუვა. თუმცა მას ამის იმედი აქვს. 

„დრო რაც უფრო მეტად გაიწლება, შესაძლოა ევროპაში მოსახლეობის  უკმაყოფილება გაიზარდოს. პუტინს უნდა, რომ ამ ზამთარს ევროპა კრიზისში ამყოფოს, გაზით დააშანტაჟოს და ევროპაში უკრაინელების  მიმართ დამოკიდებულება შეცვალოს - ხალხში გაჩნდეს უკმაყოფილება, რომ მათ გამო რატომ უნდა გავიყინო და ეს კომფორტი რატომ უნდა დავთმო.

„მან იცის ევროპელების დამოკიდებულება კომფორტისადმი და ამით მანიპულირებას ამ ზამთარს უფრო  კარგად დაიწყებს. ამიტომ ის თავის დროს დაელოდება და მერე იტყვის, რომ ზელენსკი მასთან მოსალაპარაკებლად არ ჯდება. მოლაპარაკების მაგიდასთან კი უკვე დაკავებული ტერიტორიების გაფორმებას დაიწყებს. ან საქართველოს მსგავსი სიტუაცია იქნება. 

„ახლა ყველაფერი უკრაინელებზეა დამოკიდებული, მიწოდებულ იარაღს როგორ და რა ფორმით გამოიყენებენ. ყველაფერი მაინც ფრონტის ხაზზე  განვითარებულ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×