თამთა ჩაჩანიძე
30.06.2022

უკრაინის აღმოსავლეთით ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია, ოკუპანტების ინტენსიური დაბომბვების ქვეშაა ქალაქი ლისიჩანსკი. სარაკეტო იერიშები განხორციელდა, ოჩაკოვზე, ასევე ხარკოვისა და დონბასის ოლქების ქალაქებზე. როგორც ჩანს, ოკუპანტი საომარი მოქმედებების შენელებას და მით უმეტეს დასრულებას არც ფიქრობს, რადგან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბოლო განცხადებით, დონბასის „გათავისუფლებისთვის სპეციალური სამხედრო ოპერაცია გეგმის მიხედვით მიდის და მისი დასრულების ვადებზე საუბარი არასწორია".

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშში აღნიშნულა, რომ ოკუპანტები ხარკოვის მიმართულებით ადრე დაკავებული პოზიციების დაცვას ისევ აგრძელებენ.

„უკრაინელმა დამცველებმა დემენტიევკას დასახლების ტერიტორიაზე მტრის თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს. ოკუპანტები უკუიქცნენ. ავიადარტყმები განხორციელდა პრუდიანკასა და ვერხნი სალტივის მახლობლად. დონეცკის მიმართულებით მტერი არტილერიის მხარდაჭერით ცდილობს ქალაქ ლისიჩანსკის დაბლოკვასა და საავტომობილო გზის ლისიჩანსკი-ბახმუტის მონაკვეთზე კონტროლი მოპოვებას. რუსულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ლისიჩანსკის, ვერხნიოკამიანკას და სივერსკის დასახლებების ტერიტორიებზე. განახორციელეს ავიაიერიში ვოვჩოიარივკას მახლობლად. მტერი ახორციელებს შეტევას ვერხნიოკამიანკას მახლობლად და თავდასხმებს ლისჩანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე, საომარი მოქმედებები გრძელდება.

„უკრაინელმა ჯარისკაცებმა შეაჩერეს შეტევა და მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს ოკუპანტებს კლინოვისა და ნოვოლუჰანსკეს დასახლებების ტერიტორიაზე, ასევე მოიგერიეს თავდასხმა ვუჰლეჰირსკაიას თბოსადგურის მიმართულებით. ორივე შემთხვევაში მტერმა უკან დაიხია.

„ავდიივკაში, კურახივკაში, ნოვოპავლივკასა და ზაპოროჟიეში მტერმა დაბომბა ვოდიანე, ავდიივკა, მარინკა, ვუჰლედარი, პოლტავკა, ნოვოუკრაინკის, ნოვოსილკასა და ორიხოვის რაიონები. განხორციელდა საჰაერო დარტყმები ჩვენს პოზიციებზე ავდიივკასა და შჩერბაკის მახლობლად. სცადა შტურმი პავლივკას რაიონში, მაგრამ უშედეგოდ და უკან დაიხია,"- აცხადებენ გენშტაბში.

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორ სერგეი გაიდაის ინფორმაციით, უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი ლისიჩანსკი მუდმივი დაბომბვების ქვეშაა.

„ბრძოლა მუდმივად მიმდინარეობს. რუსები მუდმივად ახორციელებენ შეტევას, დათმობა არ არის. აბსოლუტურად ყველაფერი იბომბება", - განაცხადა გაიდაიმ.

სუმის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი ჟივიცკი აცხადებს, რომ ოკუპანტებმა სუმის ოლქს ცეცხლი ნაღმტყორცნებიდან, თვითმავლი საარტილერიო დანადგარიდან და ვერტმფრენებიდან გაუხსნეს, ველიკოფისარევსკაიას თემში რუსებმა ცეცხლი ნაღმტყორცნებიდან გახსნეს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან, ვერტმფრენიდან 10 რაკეტა ისროლეს. მოგვიანებით კი თემის ტერიტორიის მიმართულებით კიდევ 4 რაკეტა გაისროლეს.

„დაბომბვის შედეგად დაზიანდა მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლი და სამოქალაქო შენობა. ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავდა", - განაცხადა ჟივიცკიმ.

უკრაინის დამცველები აგრძელებენ ოპერაციას შავ ზღვაში, კუნძულ „ზმეინზე", სადაც მათ მოახერხეს დარტყმის განხორციელება კიდევ ერთ „პანცირის" სარაკეტო სისტემაზე, - ამის შესახებ უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი" იუწყება.

„გარდა ამისა, ჩვენმა სამხედროებმა გაანადგურეს 40 ოკუპანტი და ბევრი რუსული ტექნიკა სამხრეთში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„შავ ზღვაში, კუნძულ „ზმეინზე" ოპერაცია გრძელდება. უკვე დადასტურებულია კიდევ ერთი სარაკეტო კომპლექსის „პანცირ - ც1" მარცხის შესახებ", - აცხადებენ ოპერატიული სარდლობაში.

მათივე თქმით, გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ წარმატებით შეასრულა 7 საჰაერო დარტყმა საბრძოლო თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით სამეთაურო-სამეთვალყურეო პუნქტების, მოწინააღმდეგის აღჭურვილობის და საბრძოლო მასალების ორი საცავის წინააღმდეგ.

უკრაინის შეიარაღებული ძალები სევეროდონეცკიდან უკან დახევის შემდეგ, გამაგრდნენ და თავდაცვითი ხაზი ლისიჩენსკთან უჭირავთ. რუსულმა ჯარმა კი მიატოვა მდინარე სევერსკი დონეცკის გადაკვეთის მცდელობა და შემოვლითი გზით წავიდა. მტერი პოპასნაიას მიმართულებიდან უკრაინის პოზიციების ალყაში მოქცევას ცდილობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ძირითადი ბრძოლები ახლა კონცენტრირებულია ლისიჩენსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ირგვლივ, რომელიც ქალაქის ცენტრიდან 10 კილომეტრში მდებარეობს.რუსი სამხედროები არ ტოვებენ უკრაინის თავდაცვის ძალების ალყაში მოქცევის მცდელობას და ცდილობენ რაიმე წარმატების მოპოვებას მაინც იზიუმის მიმართულებაზე.

„სავარაუდოა, რომ უკრაინული ძალების შესაძლებლობა გააგრძელონ და გაწელონ საბრძოლო მოქმედებები და შემდეგ სათანადოდ დახიოს უკან ჯარი იქამდე სანამ ალყაში მოექცევა, ძველებურად იქნება საკვანძო ფაქტორი კამპანიის შედეგის თვალსაზრისით",- აცხადებს ბრიტანული დაზვერვა.

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ევრილ ჰეინესმა კი განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინის უმეტესი ნაწილის ხელში ჩაგდება კვლავ სურს, თუმცა ნაკლებსავარაუდოა, რომ მოსკოვი ამ მიზანს მალე მიაღწევს, რაც ნიშნავს, რომ ომი შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს.

„ჩვენ აღვიქვამთ შეუთანხმებლობას პუტინის უახლოეს სამხედრო მიზნებსა და სამხედრო შესაძლებლობებს შორის, ერთგვარ შეუსაბამობას მის ამბიციებსა და იმას შორის, რისი მიღწევის შესაძლებლობაც სამხედროებს აქვთ", - აღნიშნა ევრილ ჰეინესმა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" საბოლოო მიზანი დონბასის რეგიონის გათავისუფლებაა და სპეცოპერაციის დასრულების ვადებზე საუბარი არასწორია.

„საბოლოო მიზანი - ეს არის დონბასის გათავისუფლება, ამ ხალხის დაცვა და ისეთი პირობების შექმნა, რომელიც თავად რუსეთის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. სულ ეს არის. სამუშაო მიდის მშვიდად, რიტმულად. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

„არ არის საჭირო ვადებზე საუბარი და მე არასოდეს ვლაპარაკობ ამაზე, რადგან ეს არის ცხოვრება, ეს არის რეალური რამ. გარკვეულ ვადებში მოქცევა არასწორია", - თქვა პუტინმა.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 1 მილიარდი ფუნტის სამხედრო დახმარებას გაუწევს, თანხა მოხმარდება უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, უპილოტო საჰაერო ხომალდებს, ახალ ელექტრონულ სამხედრო აღჭურვილობასა და ათასობით ერთეულ ტექნიკას უკრაინელი ჯარისკაცებისთვის.

„ბრიტანული იარაღი, აღჭურვილობა და მომზადება გარდაქმნის უკრაინის თავდაცვას ამ თავდასხმის წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის სრულ მხარდაჭერას, რათა უზრუნველვყოთ, რომ პუტინმა უკრაინაში მარცხი განიცადოს", - განაცხადა ჯონსონმა.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინას, რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად, მეტი იარაღი სჭირდება. მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს რუსეთის აგრესიის შეჩერება შეუძლია, უკრაინის არმია კი სტაბილურად გადადის დასავლურ იარაღსა და მისი გამოყენების ახალ ტაქტიკაზე.

„უკრაინის არმია სტაბილურად გადადის დასავლურ იარაღსა და მისი გამოყენების ახალ ტაქტიკაზე, რუსეთის არმია ქვის ხანაში იძირება, მაგრამ რაოდენობრივად მაინც ჩვენზე მეტნი არიან. ჩვენ მეტი იარაღი გვჭირდება! მადრიდში, ნატოს სამიტის მიმდინარეობისას, მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა გრძელდება. ნატო-ს შეუძლია და უნდა იმოქმედოს ამ აგრესიის შესაჩერებლად!" - წერს რეზნიკოვი „ტვიტერზე".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×