თამთა ჩაჩანიძე
26.05.2022

მსოფლიოს რიგ ქვეყნებს კორონავირუსი ისევ უტევს, სპეციალისტთა ნაწილი საქართველოში კიდევ ერთ მოსალოდნელ ტალღაზე ალაპარაკდა. ჯერჯერობით ვითარება სტაბილურია, თუმცა, ინფექციონისტები არ გამორიცხავენ, რომ თუ ევროპაში ეპიდსიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა, 2-3 კვირაში აქაც იგივე სურათი მივიღოთ, თუმცა, დასძენენ, რომ ამჯერად ქვეყანა უფრო მეტადაა შემზადებული, ვიდრე წინა შემთხვევებში, რაც ტალღის შედარებით მსუბუქად გადატანაში შეუწყობს ხელს.

მედიცინის ექსპერტი გიორგი ფხაკაძის ინფორმაციით, ევროპაში კოვიდის ახალი ტალღა უკვე დაიწყო.

„ამერიკაში და ჩრდილოეთ კორეაში ერთი კვირის უკან დაიწყო, სამხრეთ აფრიკაში უკვე 2 კვირაა, კოვიდის ახალი ტალღაა, ჩინეთში კი, კოვიდის ახალი ტალღა უკვე 3 კვირაა, დაწყებულია. კონკრეტულად, მარტო საფრანგეთში დღეს 88 ადამიანი გარდაიცვალა და 32 000 დაინფიცირდა.

„ეს მორიგი კოვიდის ტალღა, მსოფლიოში, სავარაუდოდ, იქნება 3-4 თვე (მაისი-აგვისტო) სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დროს. რა უნდა ვქნათ?! ის, რაც ვიცით, რომ ნამდვილად მუშაობს: სამედიცინო პირბადე, ვაქცინის მე-2 ბუსტერი (მე-4 დოზა „ფაიზერი" ან „მოდერნა")

დისტანცია, საღი აზრი და არავითარი პანიკა.

განსაკუთრებით, საყურადღებოა 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები და ქრონიკული პაციენტები (გულის დაავადებების, დიაბეტის, დაბალი იმუნიტეტის მქონე პაციენტები და ასე შემდეგ). დღეს ნებისმიერი ქვეყნის კარანტინზე ჩაკეტვა დანაშაულია, ვინაიდან ვიცით, რომ მარტო ჩაკეტვა არაეფექტურია ეფექტური არის კომლექსური მიდგომა: ვაქცინაცია + პირბადე + ტესტირება + იზოლაცია + წერტილოვანი კარანტინი, ასევე ხელების დაბანა და დახურული სივრცეების განიავება.

„ნურავის ნურაფერს აბრალებთ - ვაქცინები ქვეყანაში ხელმისაწვდომია. სამედიცინო პირბადეები (ფხაკაძის პირბადეები) აფთიაქებში ხელმისაწვდომია (ხელმისაწვდომ ფასებში). დანარჩენი კი თქვენი თვითშეგნების საკითხია. მიხედეთ საკუთარ თავს ისიამოვნეთ და დატკბით ცხოვრებით," - წერს გიორგი ფხაკაძე.

საქართველოში კოვიდ სტატისტიკა ყოველკვირეულად ქვეყნდება, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 16 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით საქართველოში კოვიდინფიცირების 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 605 ადამიანი, 5 პაციენტი კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 113 058 ტესტი ტესტი (103 058 ანტიგენ ტესტი, 10 568 პჯრ ტესტი. მათივე ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ის 0.52%-ს შეადგენს)

შედარებისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 9 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით საქართველოში კოვიდინფიცირების 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 697 ადამიანი, 1 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ამავე პერიოდში სულ ჩატარდა 97 625 ტესტი ტესტი (86 222 ანტიგენ ტესტი, 11 403 პჯრ ტესტი. მათივე ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ის 0.62%-ს შეადგენდა.

როგორც ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეონანსთან" აცხადებს, საქართველოში ეპიდსიტუაცია ჯერჯერობით სტაბილურია, არც ჰოსპიტალურ სექტპორზე დატვირთვა გაზრდილა.

„ქართულ რეალობაში ჯერჯერობით ეპიდსიტუაციის მკვეთრი გაუარესება არ აღინიშნება, ჰოსპიტალურ სექტორზე დატვითვა პრაქტიკულად არ შეცვლილა. ამბულატორიულ შემთხვევებს რაც შეეხება, ყოველდღიური დინამიკა სამწუხაროდ არ გვაქვს, თუმცა, თუ წინა კვირებს შევადარებთ, რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი გაუარესება არაა.

„ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით ეპიდსიტუაციის გაუარესებაზე საუბარია არაა. ზოგადად ახალ ტალღას რაც შეეხება, ადრეულ გაზაფხულზეც კი ითქვა, რომ შესაძლებელია ზაფხულში „ომიკრონითვე" გამოწვეული ახალი ტალღა და სხვადასხვა ქვეყნებში ეპიდსიტუაციის მეტ-ნაკლებად გაუარესება სხვადასხვა პერიოდი იყოს.

„ეპიდსიტუაციის შესაძლო გაუარესებისთვის წესით ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, თუმცა, ძალიან ბევრი საშუალებაა იმისა, რომ თუნდაც გაუარესებული ეპიდსიტუაცია წინა პერიოდებთან შედარებით უფრო მსუბუქად გადავლახოთ, პირველ რიგში ამისთვის არის ვაქცინა და ამიტომაც მოვუწოდებთ ადამიანებს, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებს, რომ ვაცქინაცია ჩაიტარონ, რათა დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან თავები დაიცვან.

„ასევე ანტივირუსული პრეპარატი „პაქსლოვიდი" არსებობს, რომელიც ქვეყანაშია და მისი გამოყენება ბინაზე მყოფ პაციენტებშიც საკმაოდ აპრობირებულია. ამის გამოცდილება უკვე ოჯახის ექიმებს აქვთ, ამიტომ ესეც დაგვეხმარება, რომ სწორი მკურნალობის დაწყება დროულად მოხდეს და მძიმე პაციენტების რაოდენობა არ გაიზარდოს.

„ჩემი აზრით ეპიდსიტუაცია რომც გაუარესდეს, თუ ვაქცინაციის პროცესს უფრო აქტიურად წარვმართავთ და ჯანდაცვის პირველადი რგოლი გამართულად იმუშავებს, ეს ჩვენს ქვეყანაზე დიდ დარტყმას არ გამოიწვევს, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა რგოლმა და ფაქტორმა გამართულად უნდა იმუშავოს იმისთვის, რომ ნაკლები დისკომფორტის შემქნელი იყოს." - განაცხადა გოგინავამ

მისივე თქმით, პრაქტიკიდან გამომდინარე, ევროპაში ეპიდსიტუაციის გაუარესება 2-3 კვირით გვისწრებს ხოლმე, ამიტომაც, თუ სიტუაცია გაუარესდა აქაც საყურადღებო უნდა იყოს.

„ევროპაში და მათ შორის საქართველოშიც ძირითადად „ომიკრონის" ქვეშტამები ცირკულირებს. როგორც წესი ევროპაში ეპიდსიტუაციის გაუარესება 2-3 კვირით გვისწრებს ხოლმე, თუ ვნახავთ, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ეპიდსიტუაცია უარესდება, ეს ჩვენთვის ნიშანი უნდა იყოს, რომ ზედამხედველობა მეტად გავამკაცროთ და ეპიდისტუაციის შედარებით გაუარესებისთვის მოვემზადოთ, თუმცა, პანიკის გარეშე და იმ რეკომენდაციისა და რეგულაციების დაცვით, რაც ამ ეტაპზე ქვეყანაში არსებობს," - განაცხადა გოგინავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×