თამთა ჩაჩანიძე
20.05.2022

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთნ დაკავშირებით გადაწყვეტილების მოლოდინშია. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ განცხადება გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, სადაც ის გზავნილები გაჟღერდა, რომელიც გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის იმაზე თუ პასუხი როგორი შეიძლება იყოს. ანალიტიკოსთა შფასებით, ევროპის ქვეყნები ცდილობენ, რომ რაღაც დიფერენცირება მოახდინონ, უარიც რომ არ თქვან და თან გამოსავალი მოძებნონ. „ევროკავშირის მხრიდან მზაობა არის, მაგრამ საბოლოოდ რას მივიღებთ, სავარაუდოდ ერთ კვირაში გაირკვევა," - აცხადებს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აღნიშნულ ვიზიტთან და ევროკომისიის დასკვნასთან დაკავშირებით „ტვიტერზე" წერს. მისი თქმით, შევსებული კითხვარის მიღებიდან მალევე, ევროკომისიამ ევროკავშირში წარდგენილ საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით დასკვნის მომზადება დაიწყო.

ვფიქრობ, დადგა დრო, ვიმოქმედოთ გაფართოებისა და ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობების სფეროში, ვიმოქმედოთ ახლა, - ამის შესახებ კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროპის ეკონომიკისა და სოციალური კომიტეტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გაფართოება - დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივისწრაფვით გავხადოთ ეს პროცესი უფრო ეფექტიანი და ცოცხალი. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს ეს პროცესი არის თამაში ნულოვანი ჯამით. ეს ქმნის იმედგაცრუებას ორივე მხარეს, რაც ყოველთვის ცუდი კომპონენტია მაშინ, როდესაც გინდა, ნდობას იმსახურებდე", - აღნიშნავს მიშელი.

მისი თქმით, 19 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპელი ლიდერები თესალონიკში ბალკანეთის ხარჯზე ევროკავშირის გაფართოების შესახებ შეთანხმდნენ, „თუმცა პროცესი ამ დრომდე ჭიანურდება ზოგჯერ საპატიო და ზოგჯერ, ცუდი მიზეზით". „ახლა კი ჩვენ რამდენიმე კვირაა, მაგიდაზე უკრაინიდან განაცხადი გვიდევს", - აღნიშნა მიშელმა.

„ახლა დროა, შევქმნათ ახალი იმპულსი რეფორმების წახალისებისა და ევროპული ინტეგრაციის წინსვლისთვის. ვფიქრობ, ეს პროცესი უნდა იყოს დაჩქარებული, ეტაპობრივი და შეუქცევადი. ჩვენ უნდა შეგვეძლოს, შევთავაზოთ კონკრეტული სოციო-ეკონომიკური უპირატესობები ჩვენს პარტნიორებს გაწევრიანების მოლაპარაკებებისას, მოლაპარაკებების ბოლომდე ლოდინის გარეშე.

გამოსავალი, ჩემი აზრით, შეიძლება იყოს, პროგრესული და თანდათანობითი ინტეგრაცია გაწევრიანების პროცესში. მეტი მეტისთვის. მაგალითად, როდესაც ქვეყანა აკმაყოფილებს სტანდარტებს მოცემულ სექტორში. მას შეიძლება მოუწოდოთ აქტიური მონაწილეობისკენ, ხმის უფლებით მინისტრთა საბჭოს მუშაობაში, დღის წესრიგისა და მასში გაწერილი თემების შესაბამისად", - აცხადებს შარლ მიშელი.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აღნიშნავს, განსახილველი ქვეყანა ასევე შეძლებს ეტაპობრივად ინტეგრირებას ევროკავშირის ყოველდღიურ საქმიანობაში. როდესაც ქვეყანა მიაღწევს კონკრეტულ მაჩვენებლებს, ის შეძლებს მიიღოს სარგებელი პროგრამებთან ევროპულ დაფინანსებასთან წვდომით, რაც სთავაზობს, კონკრეტულ, ხილულ, ხელშესახებ უპირატესობებს მის მოქალაქეებს. ამასთან, მიშელი აღნიშნავს, რომ „თუ ქვეყანა უკან დაიხევს კანონის უზენაესობის ან ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, შესაძლოა, გაწვეული იყოს ზოგიერთი ბენეფიტი, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით".

„რა იქნება მთავარი სარგებელი ამ ახალი გაფართოების პროცესის? ის მიმართული იქნება სტრუქტურული რეფორმების წახალისებასა და დაჩქარებაზე, რაც აუცილებელია ამ ქვეყნების ევროკავშირთან კავშირების გაუმჯობესებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ შორსმხედველი ორმხრივ დავებთან, რაც ხშირად გამოწვეულია საკითხებით, რომლებიც ეხება უმცირესობათა დაცვას. ეს უნდა იყოს განსაკუთრებული და უშუალო ყურადღების საგანი, რათა ავიღოთ პასუხისმგებლობა მათ გადასაჭრელად", - აცხადებს მიშელი.

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსეთის ინტერვენციის მიუხედავად, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინის განაცხადის განხილვა ვერ მოხდება დაჩქარებულად, რასაც კიევმა „მეორეხარისხოვანი" განცხადება უწოდა.

„ევროკავშირამდე მისაღწევად არ არსებობს მოკლე გზები", - განაცხადა ოლაფ შოლცმა 19 მაისს, გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატაში, ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლის დროს და დასძინა, რომ ამ თვალსაზრისით უკრაინისთვის გამონაკლისის გაკეთება უსამართლობა იქნებოდა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმართ, რომლებიც ასევე ესწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებას.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ არიან ევროკავშირის წევრი ის სახელმწიფოები, რომლებიც ძალიან ფრთხილობენ და ქვეყნების კანდიდატის სტატუსზე სხვადასხვა გეგმებს ახმოვანებენ, მათ შორის რამდენიმე შესაძლო ვერსიაა.

„მიშელის განცხადებიდან ირკვევა ის, რომ როგორც მოსალოდნელი იყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გარკვეულწილად ხმები გაყოფილია. არიან ქვეყნები, რომლებიც ძალიან ფრთხილობენ, რადგან ამ ქვეყნებს, რომ კანდიდატის სტატუსი მისცენ, მათი აზრით ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის იგივე ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებთანაც ინტეგრაციის პროცესი ძალიან გაიწელა. ეს უკვე უკმაყოფილებას ქმნის.

„ასევე არ უნდათ, ის, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, რომლებიც ამ მოთხოვნებს ბევრი პარამეტრით არ აკმაყოფილებენ, კიდევ დამატებით პრობლემა შეექმნათ, თუმცა ამავე დროს, უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე, ამ ქვეყნებს რომ საერთოდ რომ არაფერი არ მისცენ, ესეც გამოსავალი არაა.

„ამიტომ უფრო სექტორალურ ინტეგრაციაზე ფიქრობენ. რამდენიმე სცენარი არსებობს, ერთი ვარიანტია, რომ ამ ქვეყნებს კანდიდფატის სტატუსი პირობითობის პრინციპით მისცენ, მაგალითად თქვან, რომ კანდიდატის სტატუსს მოგცემთ, მაგრამ გარკვეული რეფორმები შესასრულებელი გექნებათო, კონკრეტული ქვეყნის პრობლეებიდან გამომდინარე. მგონია, რომ ეს ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება, მაგრამ დღევანდელი რეალობიდან გამომინარე ნაკლებად შესაძლებლია.

„მეორე უფრო რეალისტური ვარიანტი ისაა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში პრობლემებია უკრაინასთან მიმართებაში და ზოგადად დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით, მისცენ პირობითობა, მაგალითად, კანონის უზენაესობისა და სხვა პრობლემები, რაც მიშელის შეთანხმებაში იყო ჩამოთვლილი, ესენი შევასრულოთ და ამის შემდეგ შეიძლება ლაპარაკი კანდიდატის სტატუსზე. ეს უფრო რეალისტური ვარიანტია.

„არის კიდევ ის ვარიანტი, რომ უკრაინას სხვა რაღაცა სტატუსი მისცენ და მოლდოვას და საქართველოს სხვა, მაგრამ ეს ნაკლებად რეალური მგონია, რადგან ამ სამ ქვეყანას ალბათ ერთად განიხილავენ," - განაცხადა მან.

კაკაჩიამ საფრანგეთის პრეზიდენტის იმ გეგმაზეც ისაუბრა, რომელშიც ემანუელ მაკრონის ამბობს, რომ შეიქმნას ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც საერთო ღირებულებებს იზიარებენ.

„ასევე გასათვალისწინებელია მაკრონის გეგმა,რომელიც ამ ყველაფერს საერთოდ რევს, და სხვა რისკებს წარმოშობს, რადგან საბოლოოდ შეიძლება ისე აღმოჩნდეს, რომ ორეტაპიანი გეგმის ერთი კარი გავაღოთ და მეორე დახურული დაგვხვდეს. ევროკავშირის მხრიდან მზაობა არის, მაგრამ საბოლოოდ რას მივიღებთ, სავარაუდოდ ერთ კვირაში გაირკვევა.

„მაკრონის ორსიჩქარიანი გეგმა ითვალისწინებს იმას, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან დანარჩენი ქვეყნები მასთან ასოცირებული ევროპის ნაწილი იყოს. მაგიდაზე დასხდებიან, მაგრამ ეს ქვეყნები გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ, უბრალოდ სხვადასხვა საკითხებში სექტორალურად ჩართულები იქნებიან. ეს გეგმა რამდენად გაიმარჯვებს, არ ვიცი, საბჭოს თავმჯდომარე საფრანგეთი აღარაა და უკვე ჩეხეთმა გადაიბარა. ვიცი, რომ გერმანელებმა ამ იდეას მხარი არ დაუჭირეს.

„ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ევროპის ქვეყნები უკვე ცდილობენ, რაღაც დიფერენცირება მოახდინონ, უარიც რომ არ თქვან და თან გამოსავალი მოძებნონ. ყოველ შემთხვევაში ამ თემაზე კითხვები უფრო ბევრია, ვირე პასუხები. საქართველოდან ნებისმიერი ვიზიტი რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ამას შიდა პოლიტიკური დაპირისპირება არ უნდა ახლდეს, რაც კითხვებს აჩენს. მაგალიად ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით საკითხი ამ ყველაფერს უკვე აფუჭებს. თორემ რა თქმა უნდა მისასალმებელია ის, რომ არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ სამოქალაქო საზოგადოებაც უნდა დადიოდეს. საქართველოს იმიჯიც ბოლო პერიოდში სახარბიელო არაა, ბევრი კითხვა არსებობს, როგორც ბრიუსელში, ასევე ვაშინგტონში განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით," - განაცხადა კაკაჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×