თეონა ვეშაგური
19.05.2022

ევროკავშირი ხელმძღვანელობს თავისი სტრატეგიული მიზნებით და ეს განსაზღვრავს მისი საბოლოო გადაწყვეტილების შინაარსს - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბოლო დროს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ჩატარებული აქციები ვერ მოახდენს გავლენას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე.

„არ მგონია, რომ რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს ოპოზიციის ქმედებებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღებაზე. დასავლეთი კრიტიკულ განცხადებებს ყოველთვის აკეთებს რეფორმებთან დაკავშირებით, რომელშიც ჩადეს ინვესტიციები და თავიანთი პოზიციების დასაფიქსირებლად, სულაც არ არის საჭირო ენმ-ის განცხადებები. ისინი უბრალოდ „ნაციონალური მოძრაობისა" და სხვა „ჯოჯოების" მიერ ჩაწვეთებულ ინფორმაციებს იყენებენ როგორც მხოლოდ მიღებულ ინფორმაციას და სხვას არაფერს. ევროკავშირი ხელმძღვანელობს თავისი სტრატეგიული მიზნებით და ეს განსაზღვრავს მისი საბოლოო გადაწყვეტილების შინაარსს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ოპოზიციის გეგმას, ყველაფერი გააკეთონ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთვის, ახალი პრიორიტეტი დაემატა, ტელეკომპანია მთავარი არხის დირექტორის ნიკა გვარამიას გათავისუფლების საკითხი. ხუთშაბათს, 19 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლე ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას თქმით, არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე, საერთაშორისო პარტნიორების როლი უფრო ინსტრუმენტალური და მნიშვნელოვანი ხდება.

„ძალიან მარტივი კატეგორიებით მინდა ვისაუბრო ყველაფერთან დაკავშირებით, რაც „ქართულ ოცნებას" ეხება. იმ ყველაფრის ფონზე (რაც ქვეყანაში მიმდინარეობს) ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების როლი კიდევ უფრო ინსტრუმენტალური და გაცილებით მნიშვნელოვანი ხდება," - განაცხადა მელიამ.

ოპოზიციის თქმით, ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხზე, ასევე, ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და მართლმსაჯულებაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი პოლიტიკური მართლმსაჯულებაა, მათ შორის, ნიკა გვარამიას საქმე. ამასთან, განხილვის თემა იქნება უსაფრთხოების გამოწვევები და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. შეხვედრის პარალელურად გაიმართა საპროტესტო აქცია, ჟურნალისტები შეიკრიბნენ, რომლებიც ნიკა გვარამიას დაკავებას აპროტესტებენ, ადგილზე მიიტანეს წერილიც, რომლის გადაცემაც სურდათ დერეკ შოლესთვის.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში მედია თავისუფლება იზღუდება.

ამის პარალელურად, კლინიკა „ვივამედთან" ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. მათი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაა. აქციის მონაწილეებმა მიმართეს ექიმებს, რომ დროულად გაასაჯაროვონ სამედიცინო დასკვნა.

„ერთი კვირაა მიხეილ სააკაშვილი იმყოფება „ვივამედში", თუმცა ჯერ არ ვიცით, რა მდგომარეობაა ჯანმრთელობის მხრივ, ზუსტად რას აპირებენ პაციენტთან მიმართებაში და ჩვენ ძალიან დიდი ხანია უკვე, და არა მარტო ჩვენ, ვითხოვთ მის ტრანსფერს პოლონეთში. პოლონეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობაც ითხოვს ამას, ევროპარლამენტარებიც, იმიტომ, რომ ყველამ კარგად ვიცით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე," - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ფავლენიშვილი.

 

 

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×