თამთა ჩაჩანიძე
19.05.2022

რვა თვე გავიდა და მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად არავინ და არცერთმა დასავლურმა ინსტიტუტმა არ აღიარა, ეს გზავნილი მხოლოდ სააკაშვილის ლობისტებისგანაა, რომ თითქოს პოლიტპატიმარია, იგივე იქნება ნიკა გვარამიაზეც - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ განაცხადა „მთავარი არხის" დამფუძნებლის და გენდირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებასა და ამის გამო შექმნილ ვითარებაზე საუბრისას. აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ოპოზიციამ იმ სტრატეგიას მიმართა, რასაც ათ წელზე მეტია მიმართავს ხოლმე.

„ათ წელზე მეტია „ნაცმოძრაობას" და მის სატელიტებს ფუჭი სტრატეგია აქვთ, რითაც იმის წარმოჩენას ცდილობენ, თითქოს „ქართული ოცნება" პრორუსული პარტიაა და პროდასავლური ძალა მათი სიტყვით მხოლოდ თვითონ არიან, რაც საქმით ნამდვილად არ ჩანს. შევხედოთ საქართველომ ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ ამ ხელისუფლების პირობებში რა ნაბიჯები გადადგა. ენმ და მისი სატელიტები წარმოაჩენენ ცალკეულ ევროპარლამენტარებს, ცალკეულ ამერიკელ ანალიტიკოსებს, რომ თითქოს მხოლოდ ესენი არიან დასავლეთი და სხვა არავინ. ამ დროს კი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურებიდან გვესმის, რომ საქართველო სტრატეგიული პარტნიორია და სტრატეგიულ პარტნიორზე არანაირი სანქციები არ წესდება და განვითრაბის გზაზე მხოლოდ დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება. ესაა რეალური ოფიციალური ხაზი როგორც ვაშინგტონიდან, ასევე ბრიუსელიდან. ცალკეული ადაიანები, რომლებიც ამ სიყალბეს წარმოადგენენ, თითქოს მხოლოდ მათი მეგობრები და ლობისტებია პროდასავლური ძალა, რეალობას ნამდვილად არ შეესაბამება," - განაცხადა მან.

აბაშიძე შეეხო პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტისას გადადებულ შეხვედრას ნატოს გენერალური მდივან იენს სტოლტენბერგთან. საბოლოოდ სტოლტენბერგმა ღარიბაშვილს საკუთარ საცხოვრებელ რეზიდენციაში უმასპინძლა.

„ჩვენ ვნახეთ რამდენიმესაათიანი ძალიან სამარცხვინო ვითარება, როცა სააკაშვილის ვასალი ჟურნალისტები და ვასალი ექსპერტები სიხარულს არ მალავდნენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა გადაედო. ამას თავისი ობიექტური მიზეზი ჰქონდა - ბატონი სტოლტენბერგი პოსტკოვიდურ სიტუაციაშია და ბუნებრივია, შეუძლოდ გახდა. ისევე, როგორც სამი დღით ადრე გახდა შეუძლოდ და ბერლინის მინისტერიალში მონაწილეობა ვიდეოზარით განახორციელა.

„რეალობა ესაა, თუმცა ენმ-ს და მის ტელემედიას მანიპულაციები სიამოვნებს და გადაუმოწმებელ ინფორმაციიის გავრცელებით არიან დაკავებულები. თუმცა რამდენიმე საათის მერე, საზოგადოება რეალობას იგებს-ხოლმე. მუდმივი ნეგატივი და ამ საზოგადოების მუდმივი დაზაფვრა, მათსავე რეიტინგებზე აისახება. ნიკა გვარამიას დასაცავად მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი გამოვიდა და ამას თავისი მიზეზი აქვს. გვარამიამ წლების განმავლობაში საქართველოს საზოგადოების არაერთ სეგმენტს მიაყენა შურაცხყოფა, შედეგიც სახეზეა - მისი მხარდამჭერები ქუჩაში არ არიან. გვარამიამ აგინა საპატრიარქოს, სპორტსმენებს, კულტურის მოღვაწეებს, მეღვინეებს და ა.შ. ამას საზოგადოება ნამდვილად არ აპატიებს.

„ნებისმიერ ქვეყანაში სადაც ოპოზიციური ტელეარხის ხელმძღვანელს იჭერენ, ბუნებრივია ელჩებმა გარკვეული წუხილი უნდა გამოთქვან თუ რაშია საქმე, მაგრამ დიპლომატები მართლმსაჯულებაში ვერანაირად ვერ ჩაერევიან. კანონის უზენაესობას ზუსტადაც დასავლეთიდან ვსწავლობთ და ამიტომ, რაც გვარამიაზე გააკეთეს, სტანდარტული განცხადებებია.

„რვა თვე გავიდა და მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად არავინ აღიარა, არცერთმა დასავლურმა ინსტიტუტმა. მხოლოდ სააკაშვილის ლობისტებისგანაა ეს გზავნილი, რომ თითქოს პოლიტპატიმარია, იგივე იქნება ნიკა გვარამიაზეც," - განაცხადა გია აბაშიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×