თეონა ვეშაგური
14.05.2022

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ომის პირველი ფაზის დასასრულს, რუსეთი იძულებული გახდა უარი ეთქვა კიევის აღების მცდელობაზე და ჯარები გაიყვანა კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებიდან. ახლა, როგორც ჩანს, იგივე ხდება უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვთან. სხვადასხვა წყაროების ცნობით, რუსები ხარკოვის ოლქსაც ტოვებენ, უკრაინის არმია კი თანდათან უახლოვდება სახელმწიფო საზღვარს.

ანალიტიკოსთა შეფასებით, კიევის შემთხვევისაგან განსხვავებით, ამჯერად რუსების უკანდახევის მიზეზი უკრაინელთა წარმატებული შეტევაა, რიმელთაც ფრონტის ამ მონაკვეთზე მტერს ბოლო 2 დღეში დაახლოებით 50-60 კმ-ით უკან დაახევინეს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის სარდლობას ომის მეორე ფაზის მთავარ მიზნად დასახული ჰქონდა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების და ასევე სამხრეთ უკრაინის დაკავება. შესაბამისად, ბოლო რამდენიმე კვირაა რუსული არმია მასირებულ იერიშებსა და სარაკეტო დარტყმებს სწორედ დონბასსა და ნიკოლაევი-ოდესის მიმართულებაზე ახორციელებს. რაც შეეხება ხარკოვს, ამ მიმართულებით რუსებს აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ უწარმოებიათ.

ამას ადასტურებს უკრაინის არმიის გენშტაბის მიერ შაბათს გავრცელებული განცხადებაც:

„ხარკოვის მიმართულებით მტერს აქტიური ბრძოლები არ ჩაუტარებია. მათი ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო საკუთარი ჯარების ქალაქ ხარკოვიდან გაყვანის უზრუნველყოფაზე, ოკუპირებული პოზიციებისა და მიწოდების მარშრუტების შენარჩუნებაზე", - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

ხარკოვის ოლქის გუბერნატორის ოლეგ სინეგუბოვის ცნობით კი, გათავისუფლებულ სოფლებსა და ქალაქებში მოსახლეობა ბრუნდება, თუმცა სიტუაცია ჯერ კიდევ საშიშია.

„რუსები ქალაქს არ უტევენ, მაგრამ მათი სამიზნე ოლქის სხვადასხვა დასახლებებია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მოდუნება ჯერ ადრეა. მოვუწოდებ ყველას, ადეკვატური რეაგირება მოახდინონ განგაშზე და ქუჩებში გამოსვლისგან თავი შეიკავონ," - განაცხადა გუბერნატორმა.

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებულ კონფლიქტის უახლეს შეფასებაში კი პირდაპირ აღნიშნულია, ქალაქ ხარკოვისთვის ბრძოლა უკრაინის სასარგებლოდ დასრულდა.

„უკრაინულმა ძალებმა ხელი შეუშალეს რუსულ ჯარებს ალყაში მოქცევაში, რომ აღარაფერი ვთქვათ ხარკოვის ხელში ჩაგდებაში და შემდეგ განდევნეს ისინი ქალაქის შემოგარენიდან, როგორც ეს გაუკეთეს რუსეთის ჯარებს, რომლებიც ცდილობდნენ კიევის დაკავებას," - აცხადებენ „ომის შემსწავლელ ინსტიტუტში".

მათივე შეფასებით, რუსულმა ქვედანაყოფებმა ხელი აიღეს მცდელობაზე დაეკავებინათ ტერიტორიები უკრაინულთა მხრიდან შეტევის ფონზე.

ორგანიზებული უკან დახევა, თუ გაქცევა ბრძოლის ველიდან

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსებმა კი არ გაიყვანეს თავისი ნაწილები ხარკოვის მისადგომებიდან, არამედ ისინი გააძევეს უკრაინელებმა და დაახევინეს უკან.

„რუსებს ჩაუვარდათ გეგმა აეღოთ კიევი ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც მოუწიათ კიევის შემოგარენის დატოვება ომის პირველი ფაზის დროს. მათ ვერ გათვალეს თავისი ძალების კონცენტრაცია და პრიორიტეტი აიღეს დონბასისა და სამხრეთ უკრაინის ტერიტორიების დაკავებაზე. მათ ასევე, გაუჭირდათ აეღოთ ხარკოვი და პირიქით, უკრაინელები გადავიდნენ კონტრშეტევაზე, რის შედეგადაც გაათავისუფლეს რუსების მიერ დაკავებული ტერიტორიები და მეტიც, 50-60 კილომეტრით წაიწივნენ წინ.

„ალბათ, ხვალ-ზეგ უკრაინელები დაიწყებენ სერიოზულ კონტრშეტევას, რომლის მთავარი იდეაც არის, რომ საბოლოოდ გავიდნენ რუსეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვართან.

„თუმცა, თავის მხრივ რუსეთი კვლავ გააგრძელებს ომის მეორე ფაზას და ის კიდევ საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება. რუსებმა კი არ გაიყვანეს სამხედრო ქვედანაყოფები ხარკოვის მისადგომებიდან, არამედ ისინი გააძევეს უკრაინელებმა და დაახევინეს უკან. ახლა ისინი იკავებენ ხარკოვის ოლქის დახლოებით 10% -ს, უკრაინელები კი ცდილობენ განდევნონ ამ ტერიტორიიდანაც.

„რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ცდილობდნენ რუსები აქტიური შეტევები განეხორციელებინათ უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქზე, ამის მიზეზი ის არის, რომ რუსებს არ ყოფნით ამისთვის შესაბამისი ძალები. ისინი ვერ მოახდენდნენ შესაბამის სისტემურ თავდასხმებს ხარკოვზე", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

კითხვაზე, რა გავლენას მოახდენს ომის მსვლელობაზე რუსული ჯარების გასვლა ხარკოვის მიმდებარე ტერიტორიებიდან, ანალიტიკოსის პასუხია, რომ ამას დრო გვაჩვენევს.

„არ ვიცი, ამას დრო გვაჩვენებს. ხარკოვისა და კიევის დაცვა და ის წარმატებული ოპერაციები, რომლებიც განახორციელეს უკრაინელებმა, უკვე იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ამ ომში სიტუაცია გათანაბრდა, ძალთა ბალანსი კი თანდათან იხრება უკრაინის სასარგებლოდ", - განაცხადა მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×