თეონა ვეშაგური
10.05.2022

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უახლოეს დღეებში გამოკვლევაზე კერძო კლინიკაში გადაიყვანენ, „ნაციონალური მოძრაობა" კი პარლამენტს ახალი ინიციატივით მიმართავს. ოპოზიციონერი დეპუტატები მზად არიან ყოფილ პრეზიდენტს თავდებში ჩაუდგნენ და მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვონ, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ „ოცნება" ამას არ დასთანხმდება. ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ენმ სააკაშვილის საკითხით მანიპულირებს პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობს.

ენმ-ს მიმართვა ღიაა პარლამენტის წევრთა ხელმოწერებისათვის. საპარალამენტო ოპოზიციის ნაწილმა უკვე გამოხატა მასზე მიერთების სურვილი.

მმართველ პარტიაში ამ ინიციატივას უსაფუძვლოდ და არარეალურად მიიჩნევენ. მათი შეფასებით, სააკაშვილის მკურნალობა საქართველოშიც შეიძლება და უცხოეთში მისი გადაყვანის საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება თავდებობას, ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ენმ-ს არ აქვს ასეთი თავდებობისთვის საჭირო რეპუტაცია და ნდობა.

იუსტიციის სამინისტრომ კი სამშაბათს ოფიციალურად შესთავაზა ექსპრეზიდენტს კლინიკა „ვივამედში" გადაყვანა.

მოგვიანებით ენმ-ში დაადასტურეს ასეთი შეთავაზების არსებობა და დააკონკრეტეს, რომ საუბარია ექსპრეზიდენტის არა სამკურნალოდ, არამედ ექსპრეზიდენტის კერძო კლინიკაში მხოლოდ ერთი დღით გამოკვლევებზე გადაყვანის შესახებ. ამის შესახებ განცხადება ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა კობა ნაყოფიამ გააკეთა, რომლის თქმითაც სააკაშვილი ამაზე თანახმაა.

„მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებს დაუდასტურა, რომ ხვალ, ზეგ და მომდევნო დღეებში მზად არის გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე. მაგრამ საუბარი იყო, რომ დღეს ვერ წავიდოდა, ვინაიდან შეხვედრა აქვს ოჯახთან“, - განუცხადა ნაყოფიამ ჟურნალისტებს სამშაბათს რუსთავის ციხეში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ.

რა უნდა ენმ-სა და ზოგადად ოპოზიციას

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ თავდებობა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის ერთ-ერთი გზაა.

„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ სააკაშვილის სიცოცხლე გადავარჩინოთ. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს და მით უმეტეს პარტიის წარმომადგენელს აქვს ის განცდა, რომ ყველა რესურსი უნდა დავხარჯოთ იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადავარჩინოთ. ამიტომ თავდებაც ერთ-ერთი საშუალებაა. მე მესმის, რომ „ქართული ოცნება", სავარაუდოდ, ამასაც იგნორირებას გაუკეთებს, როგორც ნებისმიერ ინიციატივას", - აცხადებს მამულაშვილი.

„სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე კი მიიჩნევს, რომ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის დაცვას ვინმეს თავდებობა, აქციები ან შიმშილობა არ უნდა სჭრდებოდეს.

„ასეთი აქტი და ასეთი ფორმა თუ გადაარჩენს ადამიანის სიცოცხლეს, რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ მაქვს პირადად მე, მაგრამ არ მგონია, რომ თავდებობა და ასეთი პროცედურები დაგვჭირდეს," - განაცხადა მანჯგალაძემ.

„ოცნების" პასუხი და ხელისუფლების ახალი შეთავაზება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ სააკაშვილის შემთხვევაში თავდებობის წესის გამოყენება, ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობის და დადგენილი ნორმების მიხედვით გამორიცხულია.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს.

„უცხოეთში მისი გადაყვანა არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუ რაიმე აუცილებელი და საჭირო იქნება, შესაბამისი უწყება - პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს," - ამბობს კალაძე.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი, რეპუტაცია და ნდობა უნდა გქონდეს, მათ კი არც ერთი არ გააჩნიათ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ სააკაშვილის პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, თავდებობა ოპოზიციის წევრებსაც კი გაუჭრდებათ.

„მე არ მგონია, ვინმემ შეძლოს სააკაშვილზე პასუხისმგებლობის აღება, როგორც ჩანს მასზე ჰქონდათ ვიღაცებს პასუხისმგებლობა აღებული, მაგრამ ტრაილერით მაინც შემოვიდა საქართველოში. ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას მასზე, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის პიროვნული თვისებების გამო," - განაცხადა კობახიძემ.

ამის პარალელურად ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ თბილისში, კლინიკა „ვივამედში" გადაყვანა შესთავაზა. შესაბამისი განცხადება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამშაბათს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი სახელმწიფო ვმოქმედებთ ყოველთვის ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით გაუკეთდება შეთავაზება, რომ გაყვანილ იქნეს კლინიკა „ვივამედში", სადაც მას ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა", - განაცხადა ბრეგაძემ.

მისივე ინფორმაციით, ექსპრეზიდენტი შერჩევითად იღებს როგორც საკვებს, ასევე მისთვის დანიშნულ მედიკამენტებსაც, რითაც თავადვე უქმნის საფრთხეს საკუთარ ჯანმრთელობას.

ენმ და ექსპრეზიდენტის ოჯახი ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას პოზიტიურ სიგნალად აფასებს.

რომელი მიზნის მიღწევაა უფრო რეალური

ანალიტიკოსი პაატა ზაქრეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ სერიოზულად წუხს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, არ მოსწონს „ოცნების" უმოქმედობა და მოუწოდებს „ნაციონალურ მოძრაობას" იზრუნონ შესაბამისი მკურნალობის მიღებაზე საქართველოში, რადგან გამორიცხულია მმართველი გუნდი საზღვარგარეთ მის გადაყვანას დათანხმდეს.

„დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი საზღვარგარეთ მკურნალობის შემდეგ დაბრუნდებოდა უკან, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, „ქართული ოცნება" არ გაუშვებს და ამით დასრულდება ყველაფერი. ამიტომ, თუ „ნაცმოძრაობა" მართლა დარდობს სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, სჯობს გამოიყენონ მთელი რესურსები, მათ შორის უცხოურიც, რათა მან მიიღოს შესაბამისი მკურნალობა. ამაზე შეიძლება დათანხმდეს „ოცნება", მაგრამ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი პატიმარი საზღვარგარეთ რომ გაუშვან, არ წავლენ ასეთ რისკზე.

„მთელი პრობლემა ისაა, რომ „ნაცმოძრაობა", რომელიც გულწრფელად დარდობს სააკაშვილის ჯანმრთელოაზე, პარალელურად ცდილობს დაიწეროს პოლიტიკური ქულები. ვინაიდან ისინი ცდილობენ ქულების დაწერას და სააკაშვილის გაყვანა იქნება მათი ზეიმი, რითაც გაიმყარებენ პოზიციას ამომრჩეველში, „ოცნება" არ წავა ამაზე. თუ მართლა სააკაშვილის ჯანმრთელობა ადარდებთ, სჯობს მთელი ენერგია გადაიტანონ საქართველოს რესურსებზე, რომ აქ მიიღოს შესაბამსი მკურნალობა.

„ჩართონ მთელი მსოფლიო, პრემიერ-მინისტრები და სხვა დიპლომატები, რომ მათ მოუწოდონ საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერი გააკეთონ ქართული რესურსების გამოყენებით და თუ ეს არ არის საკმარისი, ჩამოიყვანონ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები, ჩამოიტანონ საჭირო აპარატურაც. ეს უფრო რეალურია ვიდრე მუდმივი მოთხოვნები მის საზღვარგარეთ გაყვანაზე. ეს არ მოხდება და დროის გაწელვით სულ უფრო უარესდება სააკაშვილის მდგომარეობა.

„რეალურად არაფერს აკეთებს „ქართული ოცნება" მისი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. სულ პენიტენციურსა და ჩვენს რესურსებზე საუბრობენ. რა გახდა, რომ ჩამოიყვანონ უცხოეთიდან წამყვანი სპეციალიტები და შეუშვან საპატიმროში. თუ მსოფლიო დონის ექიმები ჩამოვლენ სააკაშვილის მოსანახულებლად, ის ამაზე აუცილებდად დათანხმდება. რატომ არ უნდა მიიღოს ისინი? ევროკავშირმა, რომ უზრუნველყოს 5-6 ჯანდაცვის სპეციალისტის ჩამოსვლა მის შესამოწმებლად, ძალიან გაუჭირდება „ნაცმოძრაობასა" და სააკაშვილს უარის თქმა ამ შეთავაზებაზე", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×