თამთა ჩაჩანიძე
09.05.2022

ისტორიაში უკვე მეორედ „ლენდ-ლიზის" პროგრამა ძალაში შედის, კანონი აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს საშუალებას მისცემს, ყოველგვარი ბიუროკრატიისა და სენატის განხილვების გარეშე მიაწოდოს უკრაინას იმდენი სამხედრო და სხვა ტიპის დახმარება, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლის. სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ როგორც პირველმა „ლენდ-ლიზმა" მსოფლიოს ჰიტლერზე მოაგებინა, ისე მეორედ მიღებულმა კანონმაც მსოფლიოს ვლადიმერ პუტინზე უნდა გაამარჯვებინოს.

კანონზე ხელისმოწერა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 9 მაისს დაამთხვია, ანალიტიკოსთა შეფასებით კი, ეს პროგრამა პუტინის რეჟიმის კრახს გამოიწვევს.

სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ „ლენდ-ლიზი" და ზოგადად დასავლეთის დახმარება ომში გარდატეხას მოახდენს, თუმცა, ზუსტად ის იარაღი უნდა მიეწოდოს უკრაინას, რაც მეორე ფაზისთვისაა საჭირო.

„როგორც პირველმა „ლენდ-ლიზმა" მსოფლიოს ჰიტლერზე მოაგებინა, ისე მეორე „ლენდ-ლიზმა" მსოფლიოს პუტინზე უნდა მოაგებინოს. რაც შეეხება იმას თუ ომზე რა გარდატეხას მოახდენს, გააჩნია რა იარაღის მიწოდებაზე იქნება საუბარი. ამ პროგრამის დაწყებამდე აშშ-მა, ბრიტანეთმა და ნატოს წევრმა რამდენიმე ქვეყანამ ძირითადად ტანკსაწინაარმდეგო და საზენიტო საშუალებები მიაწოდეს, „ჯაველინი"„სტინგერი", მაგრამ ესენი ახლო მანძილზე მოქმედებდნენ, დაახლოებით 2-3 კილომენტრის რადიუსში, ეს ძირითადად თავდაცვითი შეიარაღებაა.

„მაგრამ, უკრაინელებს უფრო მეტი და შორსმსროლელი შეიარაღება სჭირდებათ, რადგან, რუსეთი მეორე ფაზაში აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლის სხვა ტაქტიკას იყენებს, ვიდრე პირველი „ბლიცკრიგის" ფაზის დროს. ახლა არტილერიას შორი დისტანციიდან ამუშავებს და მასთან „ჯაველინებით" ბრძოლა რთულია.

„ასევე, უკრაინის აღმოსავლეთი ჩრდილო ნაწილისგან განსხვავებით ძირითადად სტეპებია და ტყეები ნაკლებადაა, ამიტომაც, აქ ჩასაფრებები უფრო რთულია, რომელი ტაქტიკაც უკრაინელებს მანამდე ჰქონდათ და რომელმაც კიევთან გაამართლა.

„ახლა მნიშვნელობა უკვე შორსმსროლელ იარაღს აქვს, პირველ რიგში მათ შორის საარტილერიო საშუალებებს. ამ მხრივ ამერიკამ 90 ერთეული 155 მილიმენტრიანი „ემ-777" ტიპის ჰაუბიცები და 184 ათასი ჭურვი გაუგზავნა. გარდა ამისა, ავსტრალიამაც გაუგზავნა ამ ტიპის რამდნიმე ერთეული ჰაუბიცა, პლიუს კანადაც აპირებს, რომ გასდასცეს.

„ასევე, საუბარია გერმანიისა და ბრიტანეთის მიერ იმავე კალიბრის რადენიმე ათეული თვითმავალი ჰაუბიცის გადაცემაზე. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის არტილერია ნატოს სტანდარტზე გადადის, ძირითადად 155 მილიმეტრზე. აქამდე საბჭოთა სტანდარტი 152 მილიმეტრზე იყო და ამ კალიბრის ჭურვები უკვე ფაქტიურად აღარ არსებობს. ნატოს კალიბრზე გადასვლა კი ნიშნავს, რომ ალიანსი ამ ჭურვებს ყოველთვის მიაწვდის და სახარჯი მასალის ნაკლებობა აღარ ექნება.

„გარდა ამისა, უკრაინელები ამერიკული ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს „ემ 270"-ებს ელოდებიან, ასევე სხვა სერიოზულ შეიარაღებას, რომლითაც უკრაინას შეეძლება, რომ თავისი საზღვრიდან რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმები მიაყენოს, იმ სამხედრო აეროდრომებს, რომლიდანაც რუსული თვითმფრინავბები ფრინდებიან და რომლებიც უკრაინის ქალაქებს დაუნდობლად ბომბავენ.

„თუმცა, მხოლოდ იარაღის გადაცემა არაა, აქ საჭიროა ჯარის გადამზადება, ტაქტიკური მოქმედება, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება. ეს ომი საკმაო ხანს კიდევ გაგრძელდება, გარდატეხა როგორ მოხდება რამდენიმე კვირაში გამოჩნდება."- განაცხადა მან.

ალადაშვილმა იმ შესაძლო მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც რუსებმა 9 მაისის აღლუმზე მცირე სამხედრო ტექნიკა გამოიყენეს.

„ის, რომ რუსებს აღლუმზე ცოტა ტექნიკა ჰყავდათ, არ ნიშნავს, რომ მათ ტექნიკის სიმცირე აქვთ, რადგან იმდენს, რამდენიც აღლუმზე გამოჰყავთ, ყოველთვის მოაგროვებდნენ, ეს პრობლემა არაა. სიმცირე მართლა იყო, მაგრამ ეს შესაძლოა იმიტომ იყო გამოწვეული, რომ არც პუტინს და არც შოიგუს სადღესასწაულოდ საქმე არ აქვთ.

„ხოლო ის, რომ სამხედრო აღლუმის საჰაერო კომპონენტი ბოლო მომენტში გააუქმეს და ამინდს დააბრალეს, ამას შესაძლოა სხვა მიზეზი ჰქონდეს, მათ შორის იმის შიში, რომ რაიმე საჰაერო ტერორიზმი არ მომხდარიყო, ან დივერსია."- განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

საგარეო საკითხების ექსპერტების შეფასებით,"ლენდ-ლიზის" კანონის მიღება რუსეთისთვის სრული კატასტროფის ტოლფასი გადაწყვეტილებაა.

„ლენდ ლიზი" პუტინიოსთვის კი არა მთლიანად რუსეთისთვის სრული კატასტროფის ტოლი ნაბიჯია, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის სამხედრო ძალას შეუზღუდავი მომარაგების წყარო ექნება, ისეთი ეკონომიკის სახით, როგორიც აშშ-ია. ომის განვითარების იმ დინამიკის გათვალისწინებით,რაც აქამდე იყო, წარმოიდგინეთ რუსეთისთვის რა პერსპექტივებს სახავს. ეს მისთვის უმძიმესი რამაა და ძნელად წარმომიდგენია რუსეთის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ რა შეიძლება დაუპირისპიროს,"- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა „რეზონანსთან".

„ეს მართლაც „სიმბოლური დამთხვევაა". ვის და პუტინმა ძალიან კარგად იცის თუ „ლენდ ლიზი" რას ნიშნავს. ეს ყოველივე კი მხოლოდ და მხოლოდ მისი რეჟიმის კრახს დააჩქარებს, რადგან ესაა მწვანე შუქის ანთება იმ ძალიან სერიოზულ დახმარებაზე, რომელიც რუსეთს მართლა გადატეხავს. პუტინს ძალიან კარგად ესმის რა რეალობაცაა, თუმცა არ უნდა, რომ საკუთარ მოსახლეობას აუხსნას. ამიტომ შეეცდება, რომ ყველაფერი სხვანაირად დახატოს,"- განაცხადა „ჯიპას" ასოცირებულმა პროფესორმა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×