ელზა პაპოშვილი
09.05.2022

უკრაინის ომიდან თითქმის 2 თვენახევარი გავიდა და 9 მაისის მონაცემებით სიტუაცია ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში კვალვ მძიმეა. ლუგანსკის ოლქის სოფელ ბელოგოროვკაში სკოლის შენობის აფეთქებას, რომელსაც 90 მშვიდობიანი მოსახლე აფარებდა თავს, 60-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანგრევებიდან 30 პირის ამოყვანა მოხერხდა. ამ ეტაპზე დადასტურებულია 2 მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი. თუმცა, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნება.

ლუგანსკის ოლქის სოფელ პრივოლიეში "გრადის" სისტემების გამოყენებას, 2 მცირეწლოვანი, 11 და 14 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. კიდევ ორმა ბავშვმა მძიმე დაზიანება მიიღო.

ღამის განმავლობაში ცეცხლი გახსნეს ქალაქ ოდესის მიმართულებით. რაკეტების განეიტრალება საჰაერო თავდაცვის სისტემამ შეძლო. ზარალის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

გვიან ღამითვე საპასუხო იერიში ოკუპანტების პოზიციებზე უკრაინელმა სამხედროებმა მიიტანეს. კუნძულ ზმეინიზე ავიაციამ და უპილოტო საფრენმა აპარატებმა ოკუპანტების პოზიციები გაანადგურეს.

სიფრთხილისკენ მოუწოდებენ დმიტროვკას მოსახლეობასაც. სოფელი, რომელიც ბოროდიანკასთან ახლოს მდებარეობს, ოკუპანტებმა ერთი თვის წინ დაიკავეს. მისი გათავისუფლება მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მოხერხდა. ადგილობრივების თქმით, ოკუპანტებმა დასახლება მიწასთან გაასწორეს.

ოკუპანტები გაანადგურებენ ხერსონსაც, თუ ადგილობრივები ოლქის ე.წ. დამოუკიდებლობას მხარს არ დაუჭერენ. ოკუპანტების ამ გეგმებზე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლები საუბრობენ, მაგრამ, ამბობენ, რომ დათმობაზე წასვლას და საკუთარი სამშობლოთი ვაჭრობას არ აპირებენ.

რუსული ოკუპაცია სამხედრო ექსპერტების გათვლებით საკმაოდ ძვირი ჯდება. გამოცემა "სოფრეპის" მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ რუსეთის ხელმძღვნელობა

დღეში 900 მილიონს ხარჯავს. თანხაში შედის ოკუპანტების ხელფასი, შეიარაღებით უზრუნველყოფა, ასევე განადგურებული ტექნიკის ჩანაცვლება, ან შეკეთება.  

თადარიგის  პოლკოვნიკი და საქართველოს მე-4 პრეზიდენტის მრჩეველი აკია ბარბაქაძე ამბობს, რომ პუტინს ომის მეორე ფაზაც უვარდება, ამიტომ სტრატეგიული ბობდამშენებით ბომბავს და უკრაინის გასანადგურებლად ყველა იმ ხერხს იყენებს, რაც ხელთ გააჩნია. 

ბარბაქაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ის მხოლოდ ატომურ ქობინებს და ბიოლოგიურ იარაღს არ იყენებს, დანარჩენს ქიმიური იარაღის ჩართვლით, ყველაფერს ისვრის. მიუხედავად ამისა, აზოვის ბატალიონი და ქარხანა „აზოვსტალი“ ამაყად დგას და რუსებს არ ნებდება. ეს დანაყოფი უკრაინის სიმბოლოდ იქცა, რომელიც სხვა ჯარისკაცებს ბრძოლის უნარს უათმაგებს. 

„აზოვის მებრძოლები ამბობენ, რომ უკანასკნელ ვაზნამდე და ამოსუნთქვამდე იბრძოლებენ. ეს სამშობლოსთვის თავგანწირვის უმაღლესი მაგალითია. აზოვის პოლკი  რუსეთის არმიის უსუსურობას აჩვენებს. ამიტომ არის პუტინი გაგიჟებული და მათ წინააღმდეგ ყველა იარაღს იყენებს. მარიუპოლის დაკავებას უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. სანამ აზოვის პოლკი ზურგში იარსებებს, რუსეთი ოპერატიულად მარიუპოლს ვერ აკონტროლებს და ფლობს. რა თქმა უნდა, აზოვის პოლკის მეომრების სიცოცხლე უკრაინელებისთვის და მათი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია. 

„ეს ხალხი ქვეყნისთვის საჭირო და მნიშვნელოვანია - ეს ბრძოლა დღეს და ხვალ არ დასრულდება, არც ერთ თვეში. დროში კიდევ უფრო გაიჭიმება. ჩვენ დავინახეთ, რომ ომის მეორე ფაზა ახალი ტერიტორიების დაკავება არ იყო. მეორე ფაზის ამოცანაა ახლა მესამე სტადიის მომზადება და მასზე გადასვლა. ეს კი რუსეთში პუტინის მხრიდან საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება იქნება. ეს ნიშნავს, რომ პუტინი ამ ომის სამამულო ომში აყვანას ცდილობს. მას სპეცოპერაცია აღარ ერქმება. რუსეთი სახელმწიფო ომის რელსებზე გადავა. ეს კი პუტინის სახელმწიფო რესურსების მობილიზების სრულ საშუალებას მისცემს“, - აცხადებს აკია ბარბაქაძე.      

„რონდელის ფონდის“ მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი კი  „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ რუსეთი ახლა განწირულ მდგომარეობაშია, რადგანაც ომის მეორე ფაზასაც აგებს. ამიტომ განწირული ადამიანის ქმედებები უკვე ლოგიკას აღარ შეესაბამება. ისეთი სოფლების და ქალაქების დაბომბვაზე გადავიდა, რომელიც სამხედრო თვალსაზრისით არანაირ  სტრატეგიულ დანიშნულებას არ ატარებს. ამიტომაც ბატიაშვილი ფიქრობს, რომ ომის წაგებით გამწარებულმა პუტინმა უბრალოდ შურისძიება ყველაზე და ყველაფერზე გადაწყვიტა. 

„საქმე ომის მეორე ფაზის დასასრულისკენ მიდის. რუსეთის შეტევა მეორე ეტაპზეც გაიჭედა, ამიტომ უკვე შეტევის მესამე ეტაპს უნდა ველოდოთ. მეორე შეტევის შემდეგ უკვე ისევ პასუხი იქნება და რუსეთი ჯარის გადაჯგუფებას დაიწყებს. პუტინი როგორც ცოცხალი ასევე სმხედრო ტექნიკის მობილიზებას შეეცდება. 

„სწორედ ამას უკავშირდება უკრაინის მხრიდან კი ველოდებით იმას, რომ დასვლეთიდან წამოსული იარაღი, განსაკუთრებით საარტილერიო დანადგარები, რომელიც ახლა უკრაინას სიტუაციის გარდატეხისთვის სჭირდება, საბრძოლო მწყობრში ჩადგება. ეს უკრაინელებს კონტრშეტევის საშუალებას მისცემს. 

„აქ ჩვენ დავინახავთ, მე-20 საუკუნის საბჭოთა მანქანის და 21-ე საუკუნის დასავლეთის სამხედრო სამრეწველო მიღწევების დაპრისპირებას. ადვილი მისახვედრია ეს ყველაფერი ვისი გამარჯვებით დასრულდება. მძიმე ბრძოლები იქნება და მსხვერპლი კიდევ უფრო  მეტი იქნება. არავითარი ნიშანი არ არსებობს იმის, რომ რუსეთი სამხედრო ინტერვეციის შეწყვეტას აპირებს. ამიტომ, შემდეგ პერიოდში ესკალაციას კიდევ უნდა ველოდოთ“,-ამბობს ბატიაშვილი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×