ია აბულაშვილი
09.05.2022

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნების" მეორე ტურის შედეგები ცნობილია - გაიმარჯვა ალან გაგლოევმა, რომელსაც, ოკუპირებული ცხინვალის მედიის ცნობით, დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. "არჩევნებში" გამარჯვება უკვე მიულოცა.

8 მაისს ცხინვალში ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ე.წ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცმებით, დათვლილია ხმების 85%-ზე მეტი. ხმების 53%-ი აიღო ალან გაგლოევმა "მოქმედ პრეზიდენტს" ანატოლი ბიბილოვს "ამომრჩევლების" 41%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს ოფიციალური თბილისი. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხდებით, მსგავსი უკანონო ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს, უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სათანადოდ შეაფასოს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენტიტეტისა და ტერიტორიული მთლაინობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებებზე.

"რუსეთის ოკუპაციისა და ადგილზე ეფექტური კონტროლის პირობებში, ვერავითარ არჩევნებს ვერ ექნება რამე სამართლებრივი შედეგი, როდესაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონიდან ქართველთა ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი ჯერ კიდევ მოკლებულია საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობას, ხოლო ადგილზე მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები უხეშად ირღვევა.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე რუსეთის ეფექტური კონტროლი და პასუხისმგბელობა ადამიანის უფლებების დარღვევებზე მკაფიოდაა დადასტურებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწვეტილებაში"- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქამეთა სამინისტროს განცხადებაში.

ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება და გმობს საერთაშორიოს თანამეგობრობა. ნატო არ ცნობს არჩევნების ლეგიტიმურობას, ამის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალცრ აზიაში ნატოს სპეციალურმა წარმომადგენლებმა ხავიერ კოლომინამ.

ესტონეთის საგარეო უწყების განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ ესტონეთი არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. არჩევნებს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

პოლონეთი არ ცნობს სეპარტისტული ხელისუფლების მიერ საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატრებულ ე.წ. საპრეზიდეტო არჩევნების კანონიერებას. ამ სულისკვეთებას გამოხატავს მსოფლიოს სხვა ქვეყნებიც.

რა შეიძლება შეიცვალოს საქართველოსთვის ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზდენტო არჩევნების შემდეგ? პოლიტოლოგებს ცვლილებებთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი არ აქვთ; პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ რუსეთს ცხინვალში ე.წ. "არჩევნებისთვის" არ სცხელა.

"სანამ უკრაინაში ომია, რუსეთს არ სცხელა, რა ხდება ცხინვალის რეგიონში, გაგლოევს აირჩევდენენ თუ ბიბილოვს, მნიშვნელობა არა აქვს, არავინ არაფერს შეეკითხება. კრემლმა მშვენივრად იცის მათი წონა, ამიტომ რუსთი რასაც იტყვის, იმას გააკეთებს სეპარატისტული ხელისუფლება.

"ვნახოთ გაგრძელებს თუ არა გაგლოევი წინა ხელისუფლების მმართველობას, რომელსაც უნდოდა შეერთება რუსეთთან, მაგრამ, არა მგონია, რომ რუსეთს აწყოდეს ცხინვალის ანექსია მოახდინოს, მას სურს, რომ საქართველოზე მუდმივად ჰქონდეს ზეწოლის მექანიზმები"- განაცხადა "რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

ექსპერტი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და მას არ აღიარებს მსოფლიოში არცერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა.

"ეს არის სრულიად უკანონო არჩევნები და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას არავინ სცნობს მთელს მსოფლიოში გარდა რუსეთისა. ცხინვალის რეგიონში არის კრემლის პირდაპირი მმართველობა, დაფინანსებაც რუსეთიდან მოდის. ცხინვალის რეგიონში არსებული ე.წ. შეირაღებული ძალები ავტომატურად არიან რუსეთის არმიის მსახურები. ამიტომ რუსეთისთვის სულერთია ვის "აირჩევენ".

"ვინც არ უნდა აირჩიონ ის ზუსტად შეასრულებს კრემლის წარმომადგენლების ბრძანებებს, ადგილზეც მრავალად არიან კრემლის წარმომადგენლები და ისინი სრულად აკონტროლებენ სიტუაციას. სხვა არის რას გადაწყვეტს კრემლი.

"რამდენჯერმე გაიჟღერა, რომ ცხინვალის რეგიონში მორიგი რეფერენდუმი ჩატარდება, რომელზედაც მოსახლეობა გამოხატავს თავის ნებას შეუერთდეს ჩრდილოეთ ოსეთს და შესაბამისად, რუსეთის ფედერაციას. ამ დღეებში კიდევ გახმოვანდა რომ ეს რეფერენდუმი აუცილებლად ჩატარდება.

"მე არაერთხელ მითქვამს, რომ კრემლში ყველაფერი მზად აქვთ, რომ პუტინმა ხელი მოაწეროს შესაბამის აქტს ცხინვალის რეგიონის შესვლას რუსეთის ფედერაციაში. შეცვლიან მაშინვე კონსტიტუციას დუმაში, როგორც ეს გააკეთეს ყირიმის ანექსიის დროს, და მოხდება ცხინვალის რეგიონის ფორმალური ანექსია, ამ რეალობის წინაშეა საქართველო 2008 წლიდან.

"დიდი იმედი მაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის, ისინი დიპლომატიური გზებით ყველაფერს აკეთებენ, ამ არჩევნებს არავინ მსოფლიოში, არცერთი ქვეყანა არ აღიარებს, გარდა რუსეთისა"- განცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×