„რაკი უკრაინაში შედეგი არ აქვს, ვერაფერი თქვა და გაატარა“
თამთა ჩაჩანიძე
09.05.2022

მოლოდინი, რომ ვლადიმერ პუტინი 9 მაისის აღლუმზე მოსკოვის წითელ მოედანზე რამე მნიშვნელოვანს იტყოდა, არ გამართლდა. მან ტრადიციულად ყველაფერი დასავლეთს გადააბრალა და თქვა, რომ „რუსეთმა პრაქტიულად უპასუხა აგრესიას და ეს იყო იძულებითი". ანალიტიკოსებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ პუტინი უკრაინაში ომს გააგრძელებს, მას ისევ აქვს პროგრამა მინიმუმი და მაქსიმუმი, მაგრამ, რუსეთის მილევადი რესუსრისა და იმ დასავლური დახმარების ფონზე, რასაც უკრაინას უწევს, რუსული გეგმების განხორციელების შანსები ნულამდეა დასული.

მანამდე დასახელდა რამდენიმე ვერსია, რომელიც პუტინს შესაძლოა გამოეცხადებინა, ე.წ. სპეცოპერაციის დასრულებიდან დაწყებული, უკრაინისთვის ომის ოფიციალურად გამოცხადებითა და სრული მობილიზაციით დამთავრებული, მაგრამ, იმის გამო, რომ უკრაინაში ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწია, მან ეს უბრალოდ „გაატარა".

პუტინმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ: „საფრთხე იზრდებოდა ყოველდღიურად. რუსეთმა პროაქტიულად უპასუხა აგრესიას. ეს იყო იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, სუვერენული, ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყნის მხრიდან".

„გილოცავთ დიდი გამარჯვების დღეს! სამშობლოს დაცვა, როდესაც წყდებოდა მისი ბედი, ყოველთვის წმინდა იყო. გულწრფელი პატრიოტიზმის ასეთი გრძნობით მტერს ებრძოდნენ მოსკოვთან და ლენინგრადთან, კიევთან და მინსკთან, სტალინგრადთან და კურსკთან, სევასტოპოლთან და ხარკოვთან. ასეა ახლაც, ამ დღეებში თქვენ იბრძვით ჩვენი ხალხისთვის დონბასში, ჩვენი სამშობლოს, რუსეთის უსაფრთხოებისთვის.

„ჩვენ ვამაყობთ გამარჯვებულების დაუძლეველი, ბრწყინვალე თაობით და იმით, რომ ჩვენ მათი შთამომავლები ვართ და ჩვენი მოვალეობაა მათი ხსოვნის დაცვა, ვინც გაანადგურა ნაციზმი, ვინც მემკვიდრეობით გადმოგვცა, რომ უნდა ვიყოთ ფხიზლად და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ გლობალური ომის საშინელება არ განმეორდეს.

„ამიტომ, საერთაშორისო დონეზე არსებული ყველა უთანხმოების მიუხედავად, რუსეთი ყოველთვის გამოდიოდა თანასწორი და განუყოფელი უსაფრთხოების სისტემის მხარდაჭერით. სისტემის, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია მთელი მსოფლიო საზოგადოებისთვის."- განაცხადა მან.

პუტინმა ისევ ყველაფერი დასავლეთს გადააბრალა და აღნიშნა, რომ აგრესიას პირიქით რუსეთმა უპასუხა.

„გასული წლის დეკემბერში ჩვენ შევთავაზეთ გაგვეფორმებინა უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმება, რუსეთი მოუწოდებდა დასავლეთს სამართლიანი დიალოგისა და გონივრული კომპრომისული გადაწყვეტის ძიებისკენ ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით. ყველაფერმა ფუჭად ჩაიარა, ნატო-ს ქვეყნებმა არ მოისურვეს ჩვენი გაგონება. ეს იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში, მათ ჰქონდა სრულიად განსხვავებული გეგმები და ჩვენ ამას ვხედავდით.

„ღიად მიმდინარეობდა დონბასში მორიგი სადამსჯელო ოპერაციისთვის მზადება, ჩვენს ისტორიულ მიწებზე შეჭრა, მათ შორის, ყირიმში. კიევში საუბრობდნენ ბირთვული იარაღის შესაძლო შეძენაზე. ნატო-მ დაიწყო აქტიური სამხედრო მოცვა ჩვენს სიახლოვეს მდებარე ტერიტორიების, აქედან გამომდინარე, იქმნებოდა ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი საფრთხე, მათ შორის, უშუალოდ ჩვენს საზღვრებთან.

„ყველაფერი მეტყველებდა იმაზე, რომ შეტაკება ნეო-ნაცისტებთან, ბანდეროველებთან, ვისზეც აშშ-მ და მისმა კომპანიონებმა დადეს ფსონი, იქნებოდა გარდაუვალი. ვიმეორებ, ჩვენ ვხედავდით, როგორ ვითარდებოდა სამხედრო ინფრასტრუქტურა, როგორ დაიწყეს მუშაობა ასობით უცხოელმა მრჩეველმა, მიმდინარეობდა ყველაზე თანამედროვე იარაღის მიწოდება ნატო-ს ქვეყნებიდან, საფრთხე იზრდებოდა ყოველდღიურად. რუსეთმა პროაქტიულად უპასუხა აგრესიას. ეს იყო იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, სუვერენული, ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყნის მხრიდან", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც რუსეთის სამხედრო ტექნიკის დეფიციტზე პირდაპირ მიგვითითებს არის ის, რომ აღლუმის საჰაერო ნაწილი გაუქმდა, კრემლმა კი ამინდს დააბრალა. ასევე, ნათქვამი იყო, რომ ქალაქების ნაწილში აღლუმი სამხედრო ტექნიკის გარეშე გაიმართებოდა.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ რუსი საზოგადობისთვის, რომელიც გამარჯვების შესახებ ინფორმაციასაა მოწყურებული, პუტინმა მნიშვნელოვანი არაფერი თქვა.

„რუსული საზოგადოება, რომელიც მოწყურებულია, რომ მუდმივად გამარჯვევების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია, მათთვის პუტინმა არაფერი მნიშვნელოვანი არ თქვა. ამჯერად წარმატებები არ აქვთ და ბუნებრივია, გაუჭირდებოდა, რომ ეს დღე პომპეზურად აღენიშნა, ამით აიხსნება ის თავშეკავებულობა, რომელიც გამოჩნდა.

„პროპაგანისტული მეთოდებითაც კი არ აქვს პუტინს ისეთი, რომ მოსახლეობას შესთავაზოს, როგორც გამარჯვება. მოლოდინები იყო, რომ გაწვევას გამოაცხადებდა, ეს პუტინის მხრიდან სწორი არ იქნებოდა, რადგან ეს იქნებოდა გზავნილი, რომ რუსეთი ომში მარცხდება. თან ამას 9 მაისს თუ გამოაცხადებდა, მის რეიტინგზე იმოქმედებდა.

„თუ ომის გამოცხადება პუტინს განზრახული აქვს, შესაძლოა მოგვიანებით გააკეთოს. ბუნებრივია, ამ ყველაფერს დასავლეთს დააბრალებდა, რადგან მას აღიარება არ უნდა. რუსული საზოგადოების დაკვეთაცაა, მათ არ უნდათ აღიარონ, რომ ვინმესთან დამარცხდნენ და თუ დამარცხდებიან, მხოლოდ კოლექტიურ დასავლეთთან, ნატოსთან" - განაცხადა მან.

მისივე თქმით, პუტინის სიტყვებში ჩანდა, რომ საომარ მოქმედებებს აგრძელებს.

„ბუნებრივია, რომ, თუ სიტუაცია რუსეთისთვის ცუდი სცენარით წავიდა, ნატოს და დასავლეთს დაბრალდება. საომარ მოქმედებებს აგრძელებს, მას უბრალოდ გაგონებაც არ უნდა, რომ რაღაცა შეცვალოს, ამაში პროპაგანდისგან გამოთაყვანებული მოსახლეობის აზრიც ხელს უწყობს. ასევე, პუტინიც საკმაოდ ჯიუტია და ხელისუფლების ვერტიკალიც ასეთია, რომ შემაკავებელი მექანიზმიც არაა.

„რუსეთს უკვე სამხდერო ტექნიკაც აღარ აქვს, როგორც წინათ თავს იწონებდა, ამიტომ ესეც პრობლემა იყო, ამას ძალიან ბევრი მიმომხილველი აკვირდებოდა და ელოდებოდნენ, რომ რას გამოიყვანდა.

„უკრაინა დიდი ხანია რუსეთს მორალურ ომს უგებს. 9 მაისს უკრაინელები ყველა სცენარისთვის მზად იყვნენ, მათ შორის მობილიზაციის გამოცხადებისთვისაც. პუტინის განცხადებაში წინააღმდეგობრივი ინფორმაციებია და ჯერჯერობით ბოლომდე გაუგებარია თუ სტატეგიული ამოცანა რა არის, მხოლოდ დონბასი თუ, თუ გაუვიდათ, უკრაინას ზღვიდან მოწყვეტენ, რაც დღევანდელ სიტუაციაში წარმოუდგენელია.

„დრო რუსების სასარგებლოდ აღარ მუშაობს, რადგან ამ პერიოდში უკრაინა დასავლეთისგან მნიშვნელოვან შეიარაღებას იღებს, რომელმაც შეიძლება საომარი თეატრი სრულიად შეცვალოს, ამ დროს უკვე რა მოხდება, კაცმა არ იცის, რუსების რესურსებიც ულევი არაა და თუ უკრაინელები კონტრშეევაზე გადავიდნენ, მას მთელი დასავლეთი გვერით უდგას და აქ უკვე პროგნოზირება რთულია" - განაცხადა კაკაჩიამ.

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პუტინს აღლუმზე რუსეთის წარმატებაზე სათქმელი არაფერი ჰქონდა, ამიტომ უბრალოდ „გაატარა".

„პუტინს 9 მაისისთვის რაღაც წარმატება უნდოდა, თუნდაც მარიუპოლი ბოლომდე აეღო, დონეცკისა და ლუჰანსკის ტერიტორიები მთლიანად დაეკავა თავისი ადმინისტრაციულ საზღვრებში, რათა თავი მოეწონა. რაკი შედეგი არ აქვს, ამიტომ ვერც ვერაფერი თქვა და გაატარა.

„პუტინს 9 მაისი წარუმატებლობის შემთხვევაში არანაირად არ სჭირდებოდა, ამიტომაც ასე უღიმღამოდ ჩატარდა. რუსები თავიანთ თავს მართლმადიდებლად სთვლიან, თუმცა, ძალიან შორს არიან, ერთმორწმუნე უკრაინელებს საომარი მოქმედებები ვნების შვიდეულში განუახლა, რათა ჩემი აზრით 9 მაისისთვის მოესწრო, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდა.

„რუსებისთვის ომი უარყოფითი კონტექსტია, ომის გამოცხადება ნებისმიერ დღეს შესაძლებელია 8-შიც, 10-იც და 15-შიც, მაგრამ მაინცდამაინც ამ დღეს არა მგონია, რომ უნდა გამოეცხადებინა. ამ დღით ამის თქმა პუტინისთვის ყველაზე ცუდი იყო, რადგან გამარჯვების დღე გაქვს და ამ დროს ომს სხვას უცხადებ, ეს რუსებისთვის ამ დღის საუკეთესო გზავნილი არ იქნებოდა.

„ეს ნაბიჯი პიარულად არასწორი იქებოდა, რადგან ომის გამოცხადება მობილიზაციას, ანუ ომში ყველას წაყვანას ნიშნავს, მათ შორის მოსკოველების და პეტერბურგელების. თუ სტატისტიკას დავაკვირდებით, მოსკოველები ომში თითქმის არ იღუპებიან, მხოლოდ პროვინციიდან ღარიბი ხალხი იღუპება და ამით დიდ ქალაქებს აიბუნტებდა, მოსკოველებს და პეტერბურგელ ბიჭებს ომში წასვლა არ უნდათ.

„9 მაისს პუტინი ქვეყანაში მარცხისთვის განწირულ ნაბიჯს არ გამოიყენებდა. ის კი არა, იმასაც ნანობენ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები 24 თებერვალს დაიწყეს. წარმატებაში იმდენად დარწმუნებულები იყვნენ, რომ ომის დაწყება 23 თებერვალს მიაბეს, ეს დღე კი რუსეთში საბჭოთა ჯარისა და მამაკაცების დღედ ითვლება. პუტინი ცუდ დღეში ჩავარდა, ყოველი 23 თებერვლის აღნიშვნა მოუწევს იმით, რომ უკრაინასთან ომი დაიწყეს და წააგეს. ეს სიმბოლური დღე ცუდად დაუჯდათ."- განაცხადა მან.

ზაქარეიშვილის თქმით, პუტინი ომის გაგრძელებას აპირებს - მას პროგრამა მაქსიმუმი და მინიმუმი აქვს, თუმცა, უკრაინისთვის დასავლეთის დახმარების ფონზე, ცალსახად არცერთ გეგმას პერსპექტივა არ აქვს.

„ზოგადად სხვა დღეს შეიძლება, რომ პუტინმა უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადოს, 9 მაისს რომ გამეცხადებინა, ეს თავის ბუნებით იყო ალოგიკური. რუსეთს მინიმუმ ორი ამოცანა აქვს შესასრულებელი, ერთია ომის წინ მის მიერ „აღიარებული" ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად დონეცკისა და ლუჰანსკის „გათავისუფლება", ეს თუ უკრაინელებმა აპატიეს, რაშიც ეჭვი მეპარება, მერე უკვე შესაძლოა ოდესაზე და დნესტრისპირეთზე გავიდეს, უკრაინა აზოვისა და შავი ზღვიდან ჩაკეტოს.

„ეს დღეს რუსებისთვის ყველაზე იდეალური წარმატება იქნება, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ეს უკრაინამ აპატიოს. ბრძოლა გაგრძელდება, თუმცა, ამ წელიწადში მაინც უნდა დასრულდეს. უკრაინა იარაღით ისე უნდა გაძლიერდეს, რომ კონტრშეტევა დაიწყოს, ხერსონი გაათავისუფლოს და რუსეთის ჯარები 20 თებერვლის დონეზე გაიყვანოს, კიდევ უკეთეს შემთხვევაში დონეცკიდან და ლუჰანსკიდან ჯარები გაყაროს.

„რუსული ტექნიკა ახლა მთლიანად უკრაინაშია გადასროლილი, შეეძლოთ, რომ გამოეწვიათ, თუმცა, ამას ხარჯი უნდოდა და რა ძალა იყო, ის რომ ტექნიკის დეფიციტი ჰქონდათ, ამით აღიარეს, რომ რეალურად ომში არიან,"- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×