თამთა ჩაჩანიძე
08.05.2022

ორშაბათს, 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე ტრადიციული სამხედრო აღლუმი გაიმართება. მსოფლიოს ყურადღება კი მიპყობილია იქითკენ, თუ რას იტყვის წითელ მოედანზე ვლადიმერ პუტინი. დასახელდა რამდენიმე ვერსია - ე.წ. სპეცოპერაციის დასრულებიდან დაწყებული, უკრაინისთვის ომის ოფიციალურად გამოცხადებით დამთავრებული. ანალიტიკოსთა შეფასებით, რუსეთმა ამდენი ბრძოლისა და მსხვერპლის ფასად რეალურად უკრაინის მხოლოდ ერთი ქალაქის დაკავება შეძლო და არაფერი ეზეიმება, თუმცა პუტინს ახლა რთული პერიოდი აქვს, მათ შორის ქვეყნის შიგნით და 9 მაისის აღლუმიც უფრო შიდა პიარზე გათვლილი ღონისძიება იქნება.

ამის პარალელურად, იმავე 9 მაის აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ლენდ-ლიზის კანონს ოფიციალურად მოაწერს ხელს. ეს კანონი ამერიკის პრეზიდენტს საშუალებას მიცემს, ყოველგვარი ბიუროკრატიისა და სენატის განხილვების გარეშე მიაწოდოს უკრაინას იმდენი დახმარება, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლის, რაც, ექსპერტების შეფასებით,რუსეთისთვის სრული კატასტროფის ტოლფასი გადაწყვეტილებაა.

პუტინის გეგმაზე და იმაზე, თუ რას იტყვის ის ორშაბათს წითელ მოედანზე, გარკვეულ წარმოდგენას ქმნის 8 მაისს კრემლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მილოცვის ტექსტი. მასში რუსეთის პრეზიდენტი მიმართავს აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, უზბეკეთის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო „რესპუბლიკებს", ასევე საქართველოს და უკრაინას და ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავს ულოცავს. დონბასის დეფაქტო ხელისუფლებას კი ცალკე მიმართავს, რომ ისევე როგორც 1945 წელს, ახლაც გამარჯვება მათკენ იქნება.

ტექსტში რუსეთის ლიდერი აღნიშნავს, რომ „დღეს, საერთო ვალია, არ დავუშვათ ნაციზმის აღორძინება, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობას უამრავი ტანჯვა მოუტანა". იგი ასევე მიმართავს მეორე მსოფლიო ომის უკრაინელ ვეტერანებს და აცხადებს, რომ „საერთო გამარჯვებისთვის" გაღებული მსხვერპლის დავიწყება არ შეიძლება.

„დღეს ნაციზმმა კვლავ წამოყო თავი და ცდილობს დანერგოს თავისი ბარბაროსული, არაადამიანური წესები. ჩვენი წმინდა ვალია, არ დავუშვათ მათი იდეური შთამომავლების რევანში, ვინც დამარცხდა დიდ სამამულო ომში", - წერს პუტინი მილოცვის ტექსტში.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: 9 მაისს სამხედრო აღლუმი, როგორც წესი, რუსეთის პრაქტიკულად ყველა ქალაქში იმართება, თუმცა წელს დაგეგმილიერთი ცვლილება - ქალაქების ნაწილში აღლუმი სამხედრო ტექნიკის გარეშე გაიმართება. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ რუსული სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინაში განადგურდა და რაც დარჩა, მათი უმეტესობაც ახლა უკრაინაშია გადასროლილი.

ბოლო ცნობები ფრონტიდან - რას მიაღწია რუსეთმა 9 მაისისთვის

ამის პარალელურად ფრონტის ხაზზე ხდება ის, რომ რუსეთს უკრაინაში პრაქტიკულად ომის მეორე ფაზაც ჩაუვარდა და 9 მაისსთვის რეალურად მხოლოდ ერთი ქალაქის დაკავება შეძლო, ამიტომაც ქვეყნის ტერიტორიაზე ავიაიერიშებს არ წყვეტს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა მცირე წინსვლას მიაღწიეს ქალაქ იზიუმთან მდებარე ერთ ფრონტზე, მაგრამ თავდაცვით პოზიციას იკავებენ ხარკოვთან, რადგან იქ უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება. ასევე რუსმა სამხედროებმა სოფელ შანდროგოლოვეს ჩრდილოეთით მდებარე გარეუბნები დაიკავეს. ფრონტის სხვა მონაკვეთებზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის.

გარდა ამისა, გენშტაბისვე ცნობით, რუსული ძალები კონცენტრირებულნი არიან ხარკოვის ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით, რათა უკრაინის სახელმწიფო საზღვრისკენ უკრაინელი სამხედროების შემდგომი წინსვლა აღკვეთონ.

ოკუპანტები უკრაინული ძალების მიერ ახლახანს აღებულ სოფლებს პრუდიანკასა და სლატინს ბომბავდნენ და თავიანთი თავდაცვითი პოზიციების გაძლიერებას ცდილობდნენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, უკრაინის სამხრეთ-დასავლეთში, სიტუაცია კვლავ დაძაბულია. ისინი აღნიშნავენ, რომ შეიარაღებული ფორმირებები მოლდოვის დნესტრისპირეთის პრორუსულ რეგიონში, ისევე როგორც იქ განლაგებული რუსული ჯარები, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან.

გენერალურმა შტაბმა ზმეინის კუნძულზე მომხდარი შეტაკებები დაადასტურა, რა დროსაც შაბათს, 7 მაისს, ერთი რუსული საბრძოლო ვერტმფრენი და რამდენიმე დრონი განადგურდა საზენიტო რაკეტებით. უკრაინის სამხედრო ოპერაციულმა სარდლობამ მოგვიანებით გამოაქვეყნა დრონით გადაღებული ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ზმეინის კუნძულზე რუსული ვერტმფრენის განადგურება.

რაც შეეხება მარიუპოლს, ბატალიონ „აზოვის" მებრძოლების ცნობით, რუსული ძალები ტერიტორიის დაბომბვას აგრძელებენ და ქარხნის შტურმს ცდილობენ. გარდა ამისა, მებრძოლები ვერ ადასტურებენ, მოხდა თუ არა უკლებლივ ყველა მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია აზოვსტალის ქარხნიდან.

სახის შენარჩუნების აღლუმი

ჯიპას ასოცირებული პროფესოირი და საგარეო პოლიტიკის ექსპერტი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პუტინს საერთოდაც არ ეზეიმება, თუმცა 9 მაისი მისი სახის შენარჩუნების აღლუმია. ფხალაძის შეფასებით, პუტინი უკრაინას ოფიციალურად ომს ვერ გამოუცხადებს, თუმცა აგრესიას გააგრძელებს.

„9 მაისი პუტინისთვის სახის შენარჩუნების აღლუმია. ყველანაირად შეეცდება ჩაატაროს ისე, რომ შიდა აუდიტორიის სენტიმენტებზე იყოს გათვლილი და მოსახლეობა შემდგომი ბრძოლისთვის შეაგულიანოს. სრულიად გამოვრიცხავ იმას, რომ სამხედრო ოპერაცია დასრულებულად გამოაცხადოს, რადგან, სამწუხაროდ, ეს ომი კიდევ გაიწელება.

„პროგნოზირება რთულია, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, რასაც ველოდები, ესაა აგრესიის გაძლიერება.

„იქნება თუ არა საყოველთაო მობილიზაცია, ძნელი სათქმელია. რაციონალური თვალსაზრისით პუტინს ეს არ უნდა აწყობდეს, რადგან ამის გამოცხადება ნიშნავს, რომ სპეცოპარაცია ჩავარდა. ის შიდა აუდიტორიას უკვე ეუბნება, რომ ეს ღია ომია, რაც თავისთავად ცხადია შიგნით ერთგვარ უკმაყოფილებას გამოიწვევს.

„თუმცა აუცილებლად იტყვის, რომ მსოფლიო მის წინააღმდეგაა და რუსეთმა თავი და საკუთარი ინტერესები ყველანაირად უნდა დაიცვას. ველოდები კიდევ ერთხელ აგრესიული ტალღის ზრდას. დეესკალაციას სამწუხაროდ არ ველოდები.

„რეალურად რუსეთს საკმაოდ რუთული მდგომარეობა აქვს. პუტინმა საკუთარი მოსახლეობა რაც არუნდა ატყუოს, ძალკიან კარგად იცის, რომ ყველა ის გეგმა, რაც გათვლილი იყო, ჩავარდა.

„პუტინისთვის ახლა უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყნის შიგნით მხარდაჭერა შეინარჩუნოს. მას უპირველეს ყოვლისა შიდა რევანშიზმის ეშინია, რადგან შესაძლოა პასუხი მოეთხოვოს, რუსეთში პასუხის მოთხოვნა კი ფიზიკური განადგურების საფრთხესთანაა დაკავშირებული. ამიტომაც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამის მინიმალიზაცია მოხდეს.

„პუტინს ესმის, რომ წინ კიდევ საკმაოდ რთული პერიოდი ელოდება, რადგან დასავლეთი სანქციების მოხსნას აპირებს და პირიქით, ზეწოლას გააძლიერებს. ამ რთულ პერიოდში პუტინი შეეცდება თავი იმ ლიდერად წარმოაჩინოს, რომელიც ქვეყანას რთულ პერიოდში მართავს. ეს აღლუმი უფრო შიდა პიარზე გათვლილი ღონისძიება იქნება იმისთვის, რომ ავტორიტეტი შინარჩუნოს, თორემ ნამდვილად არ ეზეიმება", - განაცხადა ფხალაძემ

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილიც „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პუტინს არანაირად არ ეზეიმება იმ პირობებში, როცა ამდენი მსხვერპლისა და ზარალის სანაცვლოდ რეალურად მხოლოდ ერთი დიდი ქალაქი - ხერსონი დაიკავა.

„რუსეთს საზეიმო არაფერი აქვს, რადგან ამდენი ხნის ბრძოლის და იმ მსხვერპლის ფასად, რომელიც რუსეთის არმიამ უკვე გაიღო, რეალურად მხოლოდ ერთი ქალაქის აღება და საკუთარი ქვეყნის უმძიმეს ეკონიმიკური მდგომარეობაში ჩაყენება შეძლო. საბოლოო შედეგი რუსეთისთვის და პუტინისთვის კატასტროფიულია.

„ბატონი პუტინი თუ კეთილგონიერებას გამოიჩენს, მან რუსეთისათვის ამ კოშმარის დასრულება სასწრაფოდ უნდა სცადოს, მაგრამ მაინც ეჭვი მეპარება, რომ იგი ამისთვის მზად იყოს. მის საქციელს ზღვარგადასული ამბიცია ეტყობა, რის გამოც იგი მზადაა, რომ რისკი გასწიოს მრავალი ათასი თავისი თანამემამულის სიცოცხლისა და რუსეთის მომალის ფასადაც კი. უკრაინის მომავალი და უკრაინელები მას საერთოდ არ ადარდებს.

„9 მაისსაც და უახლოეს პერიოდშიც პუტინისგან მხოლოდ სიტუაციის შემდგომი დაძაბვისთვის გადადგმულ ნაბიჯებს ველი", - განაცხადა მენაღარიშვილმა „რეზონანსთან".

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ პუტინმა „სპოეციალური ოპერაციის" ნაცვლად უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადოს, მენაღარიშვილი ამბობ, რომ გამორიცხული არაფერია.

„შეიძლება, რადგან მის მოქმედებას რაიმე ლოგიკური მუხრუჭი არ ეტყობა, ამიტომ 9 მაისს არაფერს გამოვრიცხავ. ძირითადი მაინც ალბათ ომის შემდგომი გაგრძელების მცდელობა იქნება", - განაცხადა მან.

ლენდ-ლიზი - სრული კატასტროფა პუტინისა და რუსეთისთვის

ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" ლენდ-ლიზის კანონზეც საუბრობს, რომლის ხელმოწერასაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სიმბოლურად ასევე 9 მაისს აპირებს.

„ლენდ-ლიზის კანონი პუტინისთვის კი არა მთლიანად რუსეთისთვის სრული კატასტროფის ტოლი ნაბიჯია, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის სამხედრო ძალას შეუზღუდავი მომარაგების წყარო ექნება ისეთი ეკონომიკის სახით, როგორიც აშშ-ია. ომის განვითარების იმ დინამიკის გათვალისწინებით, რაც აქამდე იყო, წარმოიდგინეთ ეს რუსეთისთვის რა პერსპექტივებს სახავს. ეს მისთვის უმძიმესი რამაა და ძნელად წარმომიდგენია რუსეთის დღევამდელმა ხელმძღვანელობამ რა შეიძლება ამას დაუპირისპიროს," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა „რეზონანსთან".

„ეს მართლაც სიმბოლური დამთხვევაა. ვის და პუტინმა ძალიან კარგად იცის, თუ ლენდ- ლიზი რას ნიშნავს. ეს ყოველივე კი მხოლოდ და მხოლოდ მისი რეჟიმის კრახს დააჩქარებს, რადგან ესაა მწვანე შუქის ანთება იმ ძალიან სერიოზულ დახმარებაზე, რომელიც რუსეთს მართლა გადატეხს.

„პუტინს ძალიან კარგად ესმის რა რეალობაცაა, თუმცა არ უნდა, რომ საკუთარ მოსახლეობას აუხსნას. ამიტომ შეეცდება, რომ ყველაფერი სხვანაირად დახატოს," - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×