თეონა ვეშაგური
07.05.2022

რუსეთის შავი ზღვის ფლოტს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს - კუნძულ ზმეინისთან ფრეგატი „ადმირალი მაკაროვი" იწვის. „ადმირალი მაკაროვი" სიდიდითა და სიმძლავრით რუსების შავი ზღვის ფლოტის მეორე ხომალდია კრეისარ „მასკვას" შემდეგ, რომელიც ორიოდე კვირის წინ სწორედ ზმენისთან მიღებული დაზიანების შედეგად ჩაიძირა. ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი, ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსული ფლოტი დაუცველი აღმოჩნდა უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც მათი არაპროფესოინალიზმით არის გამოწვეული.

მისივე თქმით, იმ შემთხვევასი თუ „მასკვას" ჩაძირვის შემდეგ ბრძოლას „ადმირალი მაკაროვიც" გამოეთიშება, ეს რუსეთისთვის დიდი კატასტროფა იქნება.

ინფორმაცია გემზე გაჩენილი ხანძრის შესახებ სოციალურ ქსელში 5 მაისს გამოჩნდა. ცნობილი გახდა, რომ ცეცხლი ეკიდა შავი ზღვის ფლოტის „ბურევესტნიკის" კლასის რუსულ სარაკეტო ფრეგატს. 7 მაისს კი თურქულ მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრები, თუ როგორ იწვის ზღვაში „ადმირალი მაკაროვი". მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილისკენ სხვა რუსული გემები მიემართებიან და გემის თავზე რუსული თვითმფრინავები დაფრინავენ.

გამოცემა „დუმსკაიას" ცნობით, გემს უკრაინული „ნეპტუნის" ტიპის რაკეტა მოხვდა. ოფიციალურად ამ ინფორმაციას არც უკრაინის და არც რუსეთის ხელისუფლება ჯერჯერობით არ ადასტურებს. უკრაინული რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ნეპტუნის" მოხვედრის შედეგად გემი მნიშვნელოვნად დაზიანდა, თუმცა არ ჩაძირულა. მისი თქმით, კიდევ ერთი რუსული ხომალდი არ წავიდა იქ „სადაც საჭირო იყო", მაგრამ „საკმარისი მიიღო".

ამასთან, უკრაინის გენერალური შტაბის განახლებული მონაცემებით დაზუსტებულია, რომ რუსებმა 6 მაისის მდგომარეობით კიდევ ერთი გემი დაკარგეს.

აღსანისნავია, რომ ხომალდი 2017 წელს აშენდა და გადაეცა რუსულ სამხედრო-საზღვაო ძალებს. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ფრეგატის ტიპის ხომალდი, რომელიც შეიარაღებულია 100 მილიმეტრიანი ქვემეხით „ა190", ასევე გააჩნია „კალიბრის" ფრთოსანი რაკეტა, რომელითაც ბომბავდა უკრაინის სხვადასხვა ქალაქებს, აღჭურვილია „არბ-6000"-ის ტიპის იარაღით და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემით „შტილ-1". ხომალდის სიგრძეა 124მ და ეკიპაჟი შეადგენს 200 კაცს.

ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი გიორგი კობერიძე „რეზონსთან" ამბობს, რომ აღნიშნული გეშის დაზიანების დადასტურება რუსეთის არასწორი და გაუთვლელი მოქმედებების კიდევ ერთი მაგალითი იქნება.

„ზოგადად ძალიან დასუსტებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტი და კიდევ უფრო დასუსტდება „ადმირალ მაკაროვის" დაზიანებით, თუ დადასტურდა ეს ინფორმაცია. გარდა ამისა, ეს მიანიშნებს, რომ საჰაერო და საზღვაო დომინაცია დაკარგული აქვს რუსეთს უკრაინაში და ის მზად არ იყო ამხელა წინააღმდეგობისთვის. ამასთანავე ეს ფაქტი მიანიშნებს იმაზეც, რომ ახლა უკვე რუმინული და თურქული შავი ზღვის ფლოტი ბევრად უფრო ძლიერი და ორგანიზებულია.

„რუსეთის ფლოტში „მასკვას" ჩაძირვა და ახლა უკვე „ადმირალი მაკაროვის" დაზიანება აშკარა მაგალითია იმისა, რომ რუსული ფლოტი დაუცველი აღმოჩნდა უკრაინელების წინააღმდეგ. რაც გამოიწვია წინასწარმა მოუმზადებლობამ. მათ არ ჰქონდათ სადაზვერვო ინფორმაცია, ელოდნენ, რომ უკრაინელები არ გაუწევდნენ წინააღმდეგობას და მათ არ ჰქონდათ საკმარისი იარაღი. რაც ყველაზე მთავარია, მათი დაუცველობა გამოწვეულია მათივე არაპროფესიონალიზმით. არ იციან როგორ უნდა მართონ საზღვაო ხომალდები და რამდენ კილომეტრზე ვრცელდება უსაფრთხოების ზონა", - განაცხადა კობერიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×