თამთა ჩაჩანიძე
26.04.2022

ცნობები იმის შესახებ, რომ ენმ-ის ახალი თავმჯდომარე ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდება, თავად მარგველაშვილის პოლიტიკური წარსულისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, არადამაჯერებელია. თუმცა სავსებით მოსალოდნელია, რომ „ნაცმოძრაობა" თავის თანამოაზრეებთან ერთად დატოვოს პარტიის ახლანდელმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ - ამის შესახებ „რეზონანსს" ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა.

საყვარელიძის აზრით, მელიას ბოლოდროენდელი გააქტიურება შესაძლოა სწორედ იიმას უკავშრდება, რომ პარტიაშ აქტიურად განიხილება მისი გადაყებევის საკითხი.

„შესაძლოა ამ ხმების ირიბი გამოძახილია, რომ ბოლო ხანებში მელიაც გააქტიურდა და სააკაშვილისთვის სამედიცინო დახმარების სახით უცხოეთში გაშვებას უფრო ბეჯითად ითხოვს, ვიდრე მანამდე, როცა სრულიად გამქრალი იყო და არ ჩანდა.

„თუ მელია თანამდებობას დატოვებს, ის ახალ პოლიტიკურ პარტიაზე დაიწყებს ზრუნვას. მას პარტიაში თავის მომხრეები ჰყავს, რაც მისი თავმჯდომარედ არჩევის დროს გამოჩნდა. ალბათ ამ მომხრეებიანად ენმ-ს ახალ ვარიანტს ჩაუდგება სათავეში. ასეთ შემთხვევაში პირველობისთვის ჭიდაობა და ერთმანეთთან დაპირისპირება აღარ იქნება.

„მელია რომ წავიდეს, მემგონი ენმ-ს არაფერი დააკლება. პირიქით, პარტიის იერი ლოგიკურად უფრო გამართული იქნება. როგორც „ნაცმოძრაობიდან" ისმის, მელია ნაკლებად რადიკალურიაო და ხშირად რიგითი წევრები უკმაყოფილო არიან ხოლმე და თუკი მელია წავა, პარტია უფრო რადიკალური იქნება, შიგნიდან წინააღმდეგობრიობა აღარ შეიქმნება.

„სიმართლე გითხრათ ვერსია მარგველაშვილი ენმ-ს თავმჯომარეობაზე ნაკლებად დამაჯერებლად მეჩვენება, რადგან მახსოვს ადრინდელი მარგველაშვილი და ენმ-ს მმართველობის პერიოდში მისი შეურიგებელი ბრძოლაც. მან ჯიპას რექტორის თანამდებობაც დატოვა იმის გამო, რომ ქვეყნის მაშინდელ პოლიტიკურ ელიტასთან კომპრომისზე არ წავიდა.

„გიორგი მარგველაშვილი ასეთი მახსოვს და იგივე მარგველაშვილი ენმ-ს სათავეში ცოტა ძნელად წარმომიდგენია და ალბათ იმის სურვილი გამიჩნდება, რომ მის მიერვე უფრო მეტად იყოს განმარტებული ესა თუ ის ნაბიჯი რატომ გადადგა. ერთია მიტინგზე მისვლა, სიტყვით გამოსვლა და სტრუქტუირაში ჩართვა უკვე სხვა ნაბიჯია. მარგველაშვილის ბიოგრაფიიდან გამომდინარე, ასეთი ნაბიჯი სრულიად გაუგებარი იქნება", - განაცხადა საყვარელიძემ.

საყვარელიძისვე აზრით, თუკი მარგველაშილი ენმ-ს თავმჯდომარე მართლაც გახდა, ეს პარტიას დიდს არაფერს მოუტანს და მეორეს მხრივ, მისი თავმჯდომარეობა პარტიის წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილის უკმაყოფილებასაც გამოიწვევს.

„თუ ენმ-ს რიგითი წევრებისთვის მელია ზომიერების გამო მიუღებელი იყო, ალბათ მარგველაშვილის ტიპის პოლიტიკოსი კიდევ უფრო მიუღებელი გახდება. ის რადიკალიზმის მომხრეა, ოღონდ იმ ტიპის ნაბიჯების არა, რასაც ენმ ხშირად აკეთებს, ფიზიკური წინააღმდეგობის თვალსაზრისით, პარლამენტში შეჭრიდან დაწყებული, ბოლქომების ჩამოკიდებით დამთავრებული. ასეთი ბულინგი და ფიზიკური შეურაცხყოფა მარეგველაშვილის სტილი არაა.

„დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ ტიპის ცვლილება თუ მოხდა, ენმ-ის დიდი ნაწილისთვის მარგველაშვილის ფიგურა ისევე მიუღებელი იქნება, როგორც მელიასი. თუ ეს მოხდა, „ნაცმოძრაობისთვის" არაფერი შეიცვლება და მელიასთვის ახალი პოლიტიკური პარტიის შანსი გაჩნდება," - განაცადა საყვარელიძემ.

„რუსთავი 2"-ის მიერ სამშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხდება. არხის ცნობით, შეთავაზება მარგველაშვილმა პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო და ამ საკითხზე პარტიაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

თავად მარგველაშვილი ამ ცნობის კომენტირებისაგან თავს იკავებს. პარტიაში კი ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×