ია აბულაშვილი
25.04.2022

რა ფორმით გააგრძელებს ოპოზიცია ბრძოლას უახლოეს მომავალში, შეთანხმება ამ დრომდე მიღწეული არ არის. "ნაცმოძრაობა" ყველა პარტიას მოუწოდებს გაერთიანებისკენ, რადგან მიიჩნევს, რომ ერთობას ალტერნატივა არ აქვს და სწორედ ეს იქნება ის მთავარი გასაღები ხელისუფლების დამარცხების. მმართველი პარტიაში კი აცხადებენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" დღის წესრიგი არ იცვლება და მათი მთავარი მიზანი არეულობის გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა.

ოპოზიციის და პოზიციის შეხედულებები სამომავალო გეგმებთან დაკავშირებით "ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის" ბოლო კვლევის თანახმად კი თანხვედრაში არ არის საზოგადოების განწყობებთან, რადგან გამოკითხულთა 64%-ი მიიჩნევს, რომ მათი შეხედულებები ახლოს არცერთ პარტიასთან არ დგას.

ქვეყანაში არსებულ მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობაზე საუბრობენ ანალიტიკოსები. პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ეჭვი ეპარება, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკურ სპექტრში გადაჯგუფებები დაიწყოს, თუმცა, ფიქრობს, რომ სწორი ნაბიჯი იქნება, თუ წვრილი პარტიები "ნაცმოძარობის" მიღმა პოზიციურ ბრძოლას დაიწყებენ.

"30 წლის მანძილზე არაერთი გადაჯგუფება მომხდარა ქართულ პოლიტიკაში, იგივე შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამ ეტაპზე მოლოდინი არ მაქვს. არ ვიცი, რას გულისხმობდა "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე კეზერაშვილთან პარტნიორობაში, მაგრამ, რატომ არ შეიძლება, რომ ნიკა მელია ფიქრობდეს სხვა ალეტარნატივაზე, თუ "ნაცმოძრაობაში" საქმე ისე არ წავა, როგორც მას უნდა.

"რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, წვრილი პარტიები უნდა ჩამოყალიყდნენ, უნდათ დამოუკიდებლად მოქმედება, თუ "ნაცმოძარობასთან" ბლოკში რჩებიან. ვფიქრობ, უნდა გარისკონ, ერთად თუ არა, ორ ჯგუფად მაინც ჩამოყალიბდნენ და "ნაცმოძრაობის" მიღმა შექმნან სერიოზული ბირთვი, ეს იქნება შანსი ქვეყანაში ჩამოყალიბდეს მესამე პოლიტიკური ძალა.

"ოპოზიცია ქუჩაში 200 ათას კაცს ვერ გამოიყვანს, ამის რესურსი არ აქვს, ამიტომ პატარა პარტიებმა აქედანვე უნდა დაიწყონ მშვიდი, მეთოდური პოზიციური ბრძოლა, 2024 წლის არჩევნებში გამარჯვებისთვის"- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

ექსპერტი პეტრე მამრაძე, "რეზონანსთან" აცხადებს, რომ პარტიებს შორის კონფიგურაცია შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს მოსახლოების მხარდაჭერას პარტიების მიმართ არ გაზრდის.

"კონფიგურაციების მომსწრე ბევრჯერ ვყოფილვართ, მაგრამ შედეგი რა არის? საქართველოში პარტიები ერთმანეთთან იდეისა და იდეოლოგიის გამო არ ერთიანდება, აქ მთავარი არის ვინ რას შემოგთავზებს. როდესაც მიდის ვაჭრობა, ნებისმიერი კონფიგურაცია შეიძლება გამოჩნდეს.

"გაზრდის თუ არა ხალხის მხარდაჭერას პარტიებს შორის გადაჯგუფება, არა. ოპოზიცია რას აღარ ეცადა, რომ ხელისუფლებაში მოსულიყო, მაგრამ უშედეგოდ. ხელისუფლება შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ, დღეს ხალხში არ არის ის განწყობა, რომ ქუჩაში გამოვიდეს და თქვას, უნდა დამთავრდეს ეს "ოცნებაო"- განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე კი არ გამორიცხავს, რომ პარტიებს შორის გარკვეული მოძრაობები, ანუ გადადგილებები უახლოეს მომავლში დაიწყოს. მისი თქმით, კარგი იქნება თუ კოორდინირებული სვლა მოხდება, "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლსა" და "ევროპული საქართველოს" შორის.

"დიდი ალბათობით პარტიებს შორის გადაჯგუფებები დაიწყება და ეს იქნება პოლიტიკური პროცესის გაგრძელება, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარე მოვლნების გამო გარკვეულწილად შეჩერდა.

"არა მგონია, რომ "ნაცმოძრაობასთან" გაერთიანდეს "ლელო", მაგრამ, ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, თუ კოორდინირებული სვლა დაიწყება "ლელოს", "ევროპულ საქრთველოს" და "სტრატეგია აღმაშენებელს" შორის. ეს იქნება ყველაზე სწორი სვლა"- განაცხადა "რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×