თეონა ვეშაგური
25.04.2022

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთს ქიმიური იარაღის გამოყენებაზე უარი არ უთქვამს. პარალელურად რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის "აზოვსტალიდან" გასასვლელ დერეფანს გახსნიდნენ, რა დროსაც ცეცხლი შეჩერებული იქნებოდა. უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებით, კი „აზოვსტალიდან" ჰუმანიტარული დერეფანი არ გაიხსნება. ირინა ვერეშჩუკი აზუსტებს, რომ საკითხზე შეთანხმება არ არსებობს.

ანალიტიკოსი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ომში არცერთი მხარის ინფორმაცია არ არის სარწმუნო, თუმცა, ახლა განსაკუთრებით არ შეიძლება რუსეთის ნდობა, რადგან უკრაინაში ოპერაცია ჩაუვარდა.

მისივე თქმით, ქიმიური იარაღის გამოყენების ალბათობა დიდია, რადგან რუსეთს სჭირდება მარიუპოლი, რათა უკრაინა მოწყვიტოს აზოვის სანაპიროს და მთლიანად აკონტროლოს ის. სხვა საშუალებებით კი ამას ვერ ახერხებს.

„ომში არცერთი მხარის ინფორმაცია არ არის სარწმუნო, მითუმეტეს კი რუსეთის, რომელმაც დიდი დანაკარგი განიცადა, ვერ იღებს მარიუპოლს და არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში.

„უნდა გავაანალიზოთ მიღებული ინფორმაციები - ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი არის დამპყრობელი, რომელმაც წამოიწყო ომი და ოპერაცია ჩაუვარდა. ახლა, ამ ფილტრში უნდა გავატაროთ მათი მხრიდან წამოსული ყველა ინფორმაცია. რუსეთს არ აინტერესებს ხალხი, ეს ნათლად გვაჩვენა ბუჩასა და სხვა ქალაქებში დატრიალებულმა უბედურებამ. ამ ჰუმანიტარულ დერეფნებზე საუბრით სხვა რამეს ცდილობს რუსეთი, დროის გაწელვას, ან რაღაც სხვას.

„თუმცა, ის, რომ პუტინმა გასცა განკარგულება არ განახორციელონ შეტევა „აზოვსტალის" დამცველებზე, ეს ნიშნავს, რომ ის რეალობაში აღმოჩნდა და მიხვდა თუ რამხელა ზიანს მიიღებს შეტვით. ისედაც დიდი რაოდენობით სამხედრო დაკარგა, ამიტომ, ახლა ცდილობს ასე არ გაგრძელდეს.

„არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც - რუსეთი თავისი სახელით ვერ გამოიყენებს ქიმიურ იარაღს. ის უარყოფს, რომ საერთოდ აქვს ეს იარაღი და თუ აქამდე სადმე გამოიყენა, ყველგან მოწინააღმდეგეს გადააბრალა. სწორედ ამიტომ, საუბრობს უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიების არსებობაზე. სავარაუდოდ, შეეცდება უკრაინა დაადანაშაულოს მსგავსი იარაღის გამოყენებაში და ამის გამო გაწიროს თავის სამხედროების ნაწილიც.

„ქიმიური იარაღის გამოყენებას თავისი ფორმა აქვს, რთულია გამოავლინო მხარე რომელმაც ის გამოიყენა, განსხვავებით ბირთული იარაღისგან. უკრაინას ნამდვილად არ აქვს ბირთვული იარაღი, ამიტომ რუსეთი ამას ვერ დააბრალებს.

„არ არის გამორიცხული მარიუპოლის აღება რუსეთმა ქიმიური იარაღის საშუალებით შეძლოს. მაგრამ, ეს იქნება ახალი ისტორიის დასაწყისი, რადგან, მთელი მსოფლიო აუმხედრდება რუსეთს, ისინი მიხვდებიან თუ რამდენად საშიში და ბოროტია რუსეთი და კიდევ უფრო ჩაერთვებიან მის წინაამდეგ ბრძოლაში. თუ ქიმიური იარაღის გამოყენებამდე რუსეთს უკრაინა ამარცხებს, მისი გამოყენების შემდეგ მთელი მსოფლიო დაამარცხებს მას.

„სხვანაირად მარიუპოლის აღება რთულია, საკმაოდ კარგად არიან გამაგრებულნი უკრაინელები და არავინ იცის კიდევ რამდენხანს შეძლებენ მტრის მოგერიებას.

„ახლა მაკრონმაც გაიმარჯვა არჩევნებში და უფრო თამამი და პრინციპული იქნება ბრიტანეთთან და ამერიკასთან ერთად. უამრავი პოზიციაა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული და კიდევ უფრო სუსტდება პოლიტიკურად.

„ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ მარიუპოლს აიღებს, დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან. მას სჭირდება მარიუპოლი, რათა მთლიანად გააკონტროლოს აზოვის სანაპირო და თუ ამას ქიმიური იარაღის საშუალებით გააკეთებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ვეღარ გადავა სხვა ტერიტორიებზე, იგივე ნიკოლაევში და ნიკოლაევიდან ოდესაში. შეიძლება ეს იყოს ამ ომის დასასრული და რუსეთს მოუწიოს ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას.

„მე მაინც მგონია, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება დაასამარებს რუსეთს. მისი გამოყენება არ არის მხოლოდ მარიუპოლის აღების ფასი, ეს იქნება რუსეთის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის საფასურიც. ყველა გამოსავლით რუსეთი მარცხდება, არანაირი შანსი არ აქვს მას. ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო პუტინმა თავისი სახელმწიფო. უბრალოდ, გამაოგნებელია, როგორ უნდა გძულდეს შენი ქვეყანა, რომ აქამდე მიიყვანო", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, არსებობს რისკი, რომ რუსეთი ქიმიური იარაღით შეტევას განახორციელებს „აზოვსტალის" ქარხანაზე.

„აზოვსტალის" ქარხანაში უკრაინელი დამცველებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების გეგმებზე რუსეთს უარი არ უთქვამს.

„საკუთარ სამხედრო მოსამსახურეებს შორის დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით, რუსეთის ფედერაციამ, შესაძლოა, „აზოვსტალში" მყოფი ადამიანების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენოს,"- აცხადებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში.

გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის "აზოვსტალიდან" გასასვლელ დერეფანს გახსნიდნენ, რა დროსაც ცეცხლი შეჩერებული იქნებოდა. აღნიშნული ფაქტი უარყო უკრაინის ვიცე-პრემიერიმა, ირინა ვერეშჩუკი აზუსტებს, რომ საკითხზე შეთანხმება არ არსებობს.

"ჩვენ მივმართეთ გაერო-ს გენერალურ მდივანს, იყოს ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის ინიციატორი და გარანტორი. საუბარია დერეფანზე მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, რომლებიც "აზოვსტალში" რჩებიან.

„კერძოდ, ჩვენ ვითხოვთ, რომ ჰუმანიტარულ კოლონაში იყვნენ გაერო-ს და წითელი ჯვრის წარმომადგენლები. იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებები გაერო-ს გენერალურ მდივანსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის ეფექტური იქნება," - განაცხადა უკრაინის ვიცე პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×