“ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გაგრძელდება მანამ, ვიდრე საბოლოო წარმატებას არ ვიხილავთ”
თეონა ვეშაგური
25.04.2022

უკრაინის ომის მეორე თვე - საომარი მოქმედებები გრძელდება. ამის პარალელურად ცივილიზებული სამყარი უკრაინის მხარდაჭერას ცდილობს. ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი კიევში იმყოფებოდნენ - აშშ-ის სახელმწიფო და თავდაცვის მდივნები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდნენ.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინისათვის, მეტი ფინანსური და სამხედრო დახმარების მისაღებად. მისივე თქმით, შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო გამკაცრდება სანქციები რუსეთს წინააღმდეგ.

„აღნიშნული ვიზიტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია დასავლეთის მხრიდან, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ერთდროულად ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო და თავდაცვის მდივანი, რაც მათი მხარდაჭერის ნათელი მაგალითია. რა თქმა უნდა, როგორც დიპლომატიური ისე სამხედრო თვალსაზრისით.

„ასევე ვიცით, რომ ვიზიტის ძირითადი ნაწილი არ გახმოვანებულა, თუმცა, მანამდეც ითქვა, რომ აშშ სხვადასხვა ტიპის შეიარაღებას მიაწვდის უკრაინას. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ვიზიტი უკრაინისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან მას შეიარაღებასთან ერთად დიდი ფინანსური დახმარებაც გადაეცემა.

„ამასთან, აუცილებლად იქნებოდა საუბარი სანქციების გამკაცრებაზეც, ამ დროისთვის, ამ მხრივ ბოლო ნაბიჯი ის იყო, რომ რუსულ გემებს ეკრძალებათ შესვლა ამერიკულ პორტებში. ეტაპობრივად კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება სანქციები რუსეთის წინააღმდეგ", - განაცხადა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

როიტერსი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ დასავლელმა პარტნიორებმა პირობა დადეს და ზელენსკის მთავრობისა და რეგიონის ქვეყნებისთვის, სადაც რუსეთის შეჭრამ მოსკოვის შემდგომი აგრესიის შიში გააჩინა, აშშ დამატებით 713 მილიონი დოლარის ოდენობის ახალ დახმარებას გამოყოფს.

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის მაღალჩინოსანთა უკრაინაში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შეერთებულ შტატებს უპრეცედენტო დახმარებისთვის მადლობას უხდის.

„აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების დელეგაციის ვიზიტი უკრაინისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში, ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია. მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს უპრეცედენტო დახმარებისთვის!"- წერს ზელენსკი.

მისივე თქმით, შეხვედრისას განიხილეს უკრაინისთვის თავდაცვის სფეროში დახმარების აღმოჩენის, ფინანსური მხარდაჭერისა და უსაფრთხოების გარანტიის საკითხები, ასევე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გაძლიერება.

აშშ-ის ლიდერებმა უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, პოლონეთში უკრაინის საზღვართან ახლოს პრესკონფერენცია გამართეს და ვიზიტის შედეგები შეაჯამეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის გუნდთან შეხვედრა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

„ეს იყო ჩვენი ვიზიტის მთელი აქცენტი. გვინდოდა ფოკუსირება მოგვეხდინა სამუშაოზე, რომელიც უნდა შესრულდეს იმ გეგმის განხორციელებისას, რომელიც გვაქვს და ასევე, განგვეხილა, როგორ მივიწევთ წინ ყველა ამ სხვადასხვა ძალისხმევის მიმართულებით", - განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს პოლონეთში, უკრაინის საზღვართან.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად, თუ რა ნახეს მათ დედაქალაქისკენ მიმავალ გზაზე, ბლინკენმა განაცხადა, რომ სამხრეთ-დასავლეთ პოლონეთიდან კიევში მატარებლით ჩავიდნენ.

„ასე რომ, ბევრი ვერაფერი ვნახეთ მატარებლის ფანჯრიდან. კიევში პირდაპირ პრეზიდენტის სასახლეში წავედით. რიგით უკრაინელებთან საუბრის დიდი შესაძლებლობა არ იყო.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვნახეთ ხალხი კიევის ქუჩებში - მტკიცებულება იმისა, რომ ბრძოლა კიევისთვის მოგებულია", - აღნიშნა ბლინკენმა.

მან, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ კიევში არსებული სიტუაცია მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რაც უკრაინის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში ხდება.

„ეს სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რაც ხდება უკრაინის სხვა ნაწილებში, სამხრეთსა და აღმოსავლეთში, სადაც რუსული სისასტიკე ყოველდღე საშინელებებს მართებს ადამიანებს", - აღნიშნა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკელი დიპლომატები უკრაინაში მომავალი კვირიდან დაბრუნდებიან.

„ისინი დაიწყებენ პროცესის განხილვას, თუ როგორ გავხსნით ხელახლა საელჩოს კიევში, ვფიქრობ, ეს მოხდება რამდენიმე კვირაში. ჩვენ ამას ფრთხილად ვაკეთებთ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი პერსონალის უსაფრთხოების გათვალისწინებით," - აღნიშნა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პოლონეთ-უკრაინის საზღვართან გამართულ პრესკონფერენციაზე, ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მარცხდება და უკრაინა წარმატებას აღწევს.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობდა საკუთარი სამხედრო და ეკონომიკური ძალა დაემტკიცებინა, მაგრამ მსოფლიო საპირისპიროს ხედავს.

ბლინკელი ხაზს უსვამს, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას ბოლომდე, საბოლოო წარმატების მიღწევამდე გააგრძელებს.

"ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მომავალშიც გაგრძელდება. ის გაგრძელდება მანამ, ვიდრე საბოლოო წარმატებას არ ვიხილავთ", - აღნიშნა ბლინკენმა.

რაც შეეხება აშშ-ის თავდაცვის მდივანის, ლოიდ ოსტინის განცხადებას. მისი თქმით, უკრაინის საჭიროებები იცვლება ბრძოლის ბუნების განვითარებასთან ერთად, რისი მიზეზიც, ნაწილობრივ, აქცენტის ქვეყნის აღმოსავლეთით გადატანაა.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინას ისეთი სახის მხარდაჭერა, არტილერია და საბრძოლო მასალა მივაწოდოთ, რომლებიც ეფექტური იქნება ბრძოლის ამ ეტაპზე. ბრძოლის ამ ეტაპზე, უკრაინელებს სჭირდებათ შორ მანძილზე ცეცხლი.

„ნახეთ, რას ვაკეთებთ აქ პრეზიდენტის მიერ 800 მილიონი დოლარის ავტორიზაციის შედეგად, რომელიც საშუალებას გვაძლევს მივაწოდოთ 155 ჰაუბიცა, ასობით ათასი საარტილერიო ჭურვი,"- აღნიშნა ოსტინმა.

მისი თქმით, დაინახა "მინიშნებები", რომ ბევრი ქვეყანა აპირებს უკრაინას დამატებითი საბრძოლო მასალა და ჰაუბიცები მიაწოდოს.

ამერიკელი პოლიტიკოსები თავდაპირველად პოლონეთში ჩავიდნენ, უკრაინაში კი სახმელეთო გზით გადავიდნენ. ბლინკენმა და ოსტინმა კიევი იგივე გზით უკვე დატოვეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×