თამთა ჩაჩანიძე
22.04.2022

მიუხედავად უამრავი მინუსისა, საერთო ჯამში „ქართულმა ოცნებამ" შეძლო ის, რაც წინა ხელისუფლებებმა ვერ შეძლეს. საკრიტიკო არის, მაგრამ სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნების გენერალური ხაზი შენარჩუნებულია, რაც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ამბავი ჩანს, სინამდვილეში კი დღევანდელ მსოფლიოში საკმაოდ რთული რამაა. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ხელისუფრლების მოქმედებაზე კრიტიკული ხედვები მაქვს, მაგრამ მთლად უპერსპექტივო მდგომარეობა არაა - ამის შესახებ „რეზონანსთან" ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ, პარტია „ქართული ოცნების" ათწლიანი მოღვაწეობის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ბევრი დაპირება, რაც 2012 წელს გაიცა, არ შესრულდა, თუმცა მთავარი მიმართულება, ქვეყანაში სტაბილური ვითარების თვალსაზრისით, შენარჩუნებულია.

„განსხვავებით წინა ხელისუფლებებისგან „ქართული ოცნების" მიერ არც პლიუსისკენ და არც მინუსისკენ რადიკალური გარღვევა არ ყოფილა, როცა გამსახურდიას, შევარდნაძის თუ სააკაშვილის პერიოდში კატასტროული მოვლენები ხდებოდა, ვგულისხმობ ომებს, სამოქალაქო დაპირისპირებას და ქვეყნის ნგრევის პროცესს. „ოცნებამ" თავიდანვე დაისახა მიზნად, რომ სტაბილური მდგომარეობა შეენარჩუნებინა. აქედან გამომდინარე, ეს თავისთავად მისასალმებელი და მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან ქვეყნის სტაბილურობა იმის საფუძველია, რომ მშენებლობის პროცესი აქტიური იყოს.

„ბევრი ის დაპირება, რომელიც 2012 წელს გავეცით (მათ შორის მეც როგორც „ოცნების" შემადგენელი ნაწილი), სამწუხაროდ არ შესრულდა, რომელთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამართლიანობის აღდგენა იყო. ამ გარემოებას ხელი ბევრმა ფაქტორმა შეუშალა. მათ შორის საერთაშრისო პარტნიორების დაჟინებულმა მოთხოვნამ, რომ ეს ხელისუფლება წინას დანაშაულს ზომიერად მიდგომოდა. რიგი მიზეზების გამო, „ოცნების" ხელისუფლება ამას დათანხმდა და კოჰაბიტაციის ფორმა მიიღეს, რომელიც აბსოლუტურად უგვანო სისტემად იქცა და ადამიანები, რომლებსაც კონკრეტული დანაშაული აქვთ ჩადენილი, დღეს ქუჩაშიც თავისუფლად დასეირნობენ და პოლიტიკაშიც აქტიურები არიან.

„ამან მოიტანა ის გაუცხოვება, რომელიც ჩვენსა და უკრაინას შორისაა, რადგან ამ ადამიანებმა უკრაინაში წასვლა მოახერხეს და თავს ამაყად გრძნობენ. პირველ წლებში კი საერთოდ სამარცხვიონო მდგომარეობაში ჩავარდნენ, როცა ამა თუ იმ პირის დევნის დოკუმენტი იგზავნებოდა, მაგრამ დოკუმენტის სამართლებრივად განმტკიცება არ ხდებოდა და ამიტომ ბევრი მათგანი საერთაშორისო მართლმსაჯულებას გადაურჩა, მაგალითად კეზერაშვილი. გასაგებია,რომ მაშინ ჯერ კიდევ ხელისუფლება მყარად არ იყო, და ეს შეცდომები იქნა დაშვებული, მაგრამ როცა აღმოჩნდა, რომ პოლიტიკური ნარატივია, მერე უკვე უაღრესად რთული მდგომარეობა შეიქმნა და საზოგადოების დიდი ნაწილი იმედგაცრუებული დარჩა.

„რაც შეეხება ეკონომიკურ ვითარებას, ამ მხრივ ნაბიჯები გარკვეულწილად დადებითისკენ გადაიდგა, მაგრამ ამან ის შედეგები ვერ მოიტანა, რომელსაც ხალხი ელოდა. ჩვენი დაპირების ერთ-ერთი ნაწილი ზუსტად ის იყო, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება სწრაფად მოხდებოდა და ა.შ. აქცენტი განსაკუთრებით საშუალო ფენის შექმნაზე კეთდებოდა. დღმდე სამწუხაროდ საშუალო ფენა იმ ფორმით, როგორც წარმოგვიდგენია, ვერ შედგა.

„რაც შეეხება პოლიტიკურ ცხოვრებას, პოლიტიკური ცხოვრების წესის განმსაზღვრელი მხოლოდ ორი პარტიაა. ესეც ბევრწილად ხელოვნურია და ქვეყნისთვის ცუდის გარდა არაფერი მოაქვს. „ნაცმოძრაობას" იმაზე ხმამაღლა ლაპარაკის საშუალება და უფლება მიეცა, ვიდრე იმსახურებდა. სხვა ოპოზიციური პარტიები გამოჩნდნენ, რომლებიც ერთის მხრივ ენმ-ს განუდგნენ და მეორეს მხრივ საშუალება უნდა ჰქონოდათ იმისა, რომ უფრო აქტიურები ყოფილიყვნენ, მაგრამ ამუშავდა პრინციპი - ვინც ჩვენთან არაა, ის ჩვენი მოწინააღმდეგეა და ამ პარტიებმა ენმ-ს დღის წესრიგით ცხოვრება დაიწყეს. ეს კი სერიოზული შეცდომა იყო.

„დღეს ახალგაზრდობასთან მუშაობა აბსოლუტურად მოშლილია, ჩვენი განათლების სისტემა ბოლონიის პროცესის ქვეშ შეფარებამ შეზღუდა და გააუფერულა. ქვეყანაში საერთო განათლების დონე საკმაოდ დაბალია და ისეთი არაა, როგორსაც ეს ქვეყანა იმსახურებს. ბევრი შეკითხვებია. ქვეყანაში პატრიოტიზმის დიდი დეფიციტია, სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით პროცესი პასიურია. იდეოლოგიური მუშაობის თვალსაზრისით ძალიან სუსტი მდგომარეობაა, ვგულისხმობ არა პოლიტიკურ, არამედ სახელმწიფო იდეოლოგიას. ქვეყანაში სახელმწიფო იდეოლოგიის დეფიციტია და შექმნილია ფსიქოლოგიურად მძიმე ფონი, რის გამოც ვქვეყნის განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორები იქმნება," - განაცხადა არეშიძემ.

მიიჩნევს, რომ საგარეო მიმართულებით „ოცნების" დაბალანსების პოლიტიკა სწორია.

„მიუხედავად იმისა, რომ საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ხელისუფლების მიმართ ბევრი შენიშვნაა, მაინც ვთვლი, რომ დაბალანსების პოლიტიკა სწორია, რამაც საქართველოში სტაბილური მდგომარეობა გარკვეულწილად შეინარჩუნა. თუმცა ვფიქრობ, ოკუპირებული ტერიტორიების თვალსაზრისით ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა, ვგულისხმობ ყბადაღებული რბილი ძალის პრინციპების გამოყენებას. ჩვენ რომ წლების განავლობაში კარგად გვემუშავა, ახლა ის შედეგები ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინის მოვლენების გამო დადგა.

„ნატოსა და ევროინტეგრაციის თვალსაზრისით ვთვლი, რომ ყველა ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა, სწორი იყო. ამ თვალსაზრისით ხელისუფლების კრიტიკას არ ვემხრობი. დღეს ახალი გარემოებები ჩნდება, თვითონ ნატოსა და ევროკავშირში შიგნით საკმაოდ არაჯანსაღი ვითარებაა, უკრაინის მოვლენებმა ნათლად გამოაჩინა, რომ საერთო მოწინააღმდეგის მიმართ კონსოლიდირებული მიდგომა არაა.

„ის, რასაც ხელისუფლება სამშვიდობო ინიციატივების თვალსაზრისით აკეთებს, ძალიან კარგია, მაგრამ ბევრად უფრო აქტიური უნდა იყოს. სამხრეთ კავკასიური ერთიანი პლაფორმები მსოფლიოსთვის და ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„მიუხედავად უამრავი მინუსისა, საერთო ჯამში „ქართულმა ოცნებამ" შეძლო ის, რაც წინა ხელისუფლებებმა ვერ შეძლეს. საკრიტიკო არის, მაგრამ სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნების გენერალური ხაზი შენარჩუნებულია, რაც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ამბავი ჩანს, სინამდვილეში დღევანდელ სმოფლიოში საკმაოდ რთული რამაა. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ხელისუფრლების მოქმედებაზე კრიტიკული ხედვები მაქვს, მაგრამ მთლად უპერსპექტივო მდგომარეობა არაა," - განაცხადა არეშიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×